ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ 15 მაისს მიიღო გადაწყვეტილება შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სკოლაში მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად მომზადებული დასკვნა. დასკვნის მიხედვით, სკოლას კანონმდებლობით დადგენილი სამი სტანდარტიდან – საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი – ხარვეზები ძირითადად პირველის ფარგლებში დაუდგინდა.
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული ხარვეზები არ უნდა გამხდარიყო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. საბჭოს გადაწყვეტილება კი მათი შეფასებით, დაუსაბურთებელი და არაობიექტური იყო. მათი თქმით, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდა ისეთი ხარვეზები, რომელთა შემთხვევაშიც საბჭო სხვა დაწესებულებების მიმართ მხოლოდ რეკომენდაციითა და გამოსწორების ვადის მიცემით შემოიფარგლებოდა.
სკოლის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების მიუხედავად, სააპელაციო საბჭომ 25 აგვისტოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ძალაში დატოვა. სკოლა სამართლებრივი დავის გაგრძელებას სასამართლოშიც აპირებს.
განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა (სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია) საბჭოს გადაწყვეტილება რეპრესიულ მექანიზმად შეაფასეს. ისინი ფიქრობენ, რომ ავტორიზაციის შეჩერება 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელებაა, როცა, ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სკოლა-ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
რა ხარვეზები დაადგინა მონიტორინგის ჯგუფმა და რა კითხვები აქვს სკოლას
საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, ხარვეზებად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოებები: სასკოლო სასწავლო გეგმა, როგორც დოკუმენტი არ იყო ერთიანი; სასკოლო სასწავლო გეგმაში საათობრივი ბადე არ განსაზღვრავდა მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური ჯამური საათების ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით;
მითითებული იყო, რომ სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის იდენტიფიცირების მექანიზმები და პირველადი მართვის სტრატეგიები, რითაც დაირღვა ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიკაციის წესები.
გარდა ამისა, ხარვეზად იქნა მიჩნეული ის, რომ მშობელს უფლება ჰქონდა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, დასწრებოდა გაკვეთილებს, რითაც მათი განმარტებით, დაირღვა სასწავლო გეგმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი.
ასევე, მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება დადგენილი წესით არ ეგზავნებოდა მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
აქვე, ექსპერტთა შეფასებით, ხარვეზად არის მიჩნეული, რომ სკოლის ყველა სართულზე არ იყო მოწყობილი ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის. სკოლაში არსებულ ყველა ხელსაბანში უზრუნველყოფილი არ იყო ხელის გასამშრალებლისა (ელექტროსაშრობი ან ქაღალდის პირსახოცის დისპენსერი) და ნარჩენების კალათის (უკონტაქტო) ხელმისაწვდომობა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არ იყო შესაბამისად მოწყობილი სველი წერტილი, არ იყო დაცული სველ წერტილში შესასვლელი მინიმალური ზომები. გამოკრული საევაკუაციო გეგმები შესაბამისობაში არ მოდიოდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან და მოშლილი კიბის ქვემოთ არ იყო მოწყობილი სათავსო. დაწესებულებაში არ ხდებოდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი.
სკოლის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით არაპროპორციული ზომა იყო. მით უმეტეს იმის გათვალიწინებით, რომ ამ ხარვეზების გარკვეული ნაწილი იმდენად ელემენტარული იყო, რომ მათი გამოსწორება საბჭოს სხდომამდე გახდა შესაძლებელი.
სკოლის დირექტორი ნანა ყანჩაველი გვიყვება, რომ სკოლამ მონიტორინგის ექსპერტთა დასკვნა 9 მარტს მიიღო. დასკვნის გაცნობის შემდეგ კი ცენტრს წარუდგინა ვრცელი წერილი, სადაც ასახული იყო სკოლის პოზიცია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით და მიწოდებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლამ გაითვალისწინა რეკომენდაციები, გამოასწორა ხარვეზების ნაწილი და ამის შესახებ შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალაც წარმოადგინა.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
„თუკი რაიმე რჩებოდა ისეთი, რაც სკოლამ ვერ გამოასწორა, მაშინ ეს სხდომის პერიოდში შენიშვნის სახით უნდა განხილულიყო. თუმცა, ჩვენ არ მოგვეცა ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რისი თქმის საშუალებაც მოგვეცა სხდომის დროს, ჩვენი წინადადებები არ იყო უარყოფილი. თუმცა როდესაც დასკვნა გამოიტანეს, აღმოჩნდა, რომ საბჭოს თავმჯდომარე და ყველა წევრი ეთანხმებოდა მონიტორინგის ექსპერტის დასკვნას. მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო ჩვენი პოზიცია, სადაც ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ ყველა ხარვეზი იყო გამოსწორებული და არაფერი იყო ისეთი, რაც გრძელვადიან გამოსასწორებელ ვადას მოითხოვდა, – ამბობს ნანა ყანჩაველი და განმარტავს, – ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი ტიპის დარღვევები, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა, ან უკვე არ გვქონდა გამოსწორებული. თუკი სხვებს მიეცათ გამოსწორების ვადა და საშუალება, რატომ არ მოგვეცა ის ჩვენ? კითხვებს ბადებს ისიც რომ, დღის წესრიგში არც კი დამდგარა საკითხი, ჩვენთვის გამოსასწორებელი ვადის მიცემის თაობაზე. ძალიან დიდ იმედს ვამყარებდით სააპელაციო საბჭოზე. ველოდებოდით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იქნებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სააპელაციო საბჭოს სხდომა ავტორიზაციის საბჭოს გადამღერება იყო. სრული უსამართლობა და უკანონობა განხორციელდა ორივე საბჭოს მხრიდან. მე მქონდა კითხვა – ნუთუ იმის გამო, რომ საკეტია შესაკეთებელი, ჩვენ ბავშვებს ღირებულებებს ვერ ვუყალიბებთ და მათთვის საშიში ვართ?“
სკოლის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სკოლამ ავტორიზაცია 2017 წელს გაიარა და 2023 წლამდე მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება. ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე სკოლებში დაგეგმილი მონიტორინგი ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა დირექტორის განმარტებით, კითხვებს ბადებს ის გარემოება, რომ თებერვალში, ჩვეულებრივი პრაქტიკისგან განსხვავებით, წინასწარ გაფრთხილების გარეშე, ექსპერტთა ჯგუფი სკოლაში მივიდა და წარადგინა ბრძანება მონიტორინგის ჩატარების შესახებ. სკოლის ადვიკატის განმარტებით კი, ჩვეულებრივ მსგავსი მონიტორინგები რეკომენდაციებით შემოიფარგლება და მათი დასკვნა მხოლოდ ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში სრულდება სკოლსითვის ავტორიზაციის შეწყვეტით, თუკი იკვეთება დანაშაულის ნიშნები.
ის, რომ გადაწყვეტილება არ იყო არსებული ხარვეზებისა თანაზომიერი, მოწმობს თავად საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აქამდე არსებული პრატქიკაც, – ამბობს სკოლის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი და განმარტავს, რომ სკოლის ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეცნენ 2018, 2019 და 2020 წლების საბჭოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის ზუსტად იმ პერიოდის გადაწყვეტილებებს, როდესაც ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი განიხილებოდა (აპრილი, მაისი) და აღმოჩნდა, რომ, როდესაც ექსპერტთა დასკვნაში იკითხებოდა იმავე ტიპის და უფრო მძიმე ხარვეზებიც კი, როგორიც ლიცეუმს დაუდგინდა, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ სკოლებისთვის მიეცათ შანსი – 60-დღიანი ვადა და სარეკომენდაციო სახის შენიშვნები, რომლებიც აღნიშნულ ვადაში უნდა გამოესწორებინათ.
ამის დასადასტურებლად ადვოკატს მოჰყავს საბჭოს გადაწყვეტილებების უახლესი პრაქტიკა რამდენიმე სკოლის შემთხვევაში – ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს აპრილსა და მარტში მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო საბჭოსათვის მომზადებულ საჩივარში განხილული იყო კონკრეტული სკოლების შემთხვევები, მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებები: სპს „ცისიერ დიღმელაშვილის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი“, შპს თამარისი და შპს „პოლიგლოტი“.
„ანუ ავტორიზაციის საბჭომ ძალიან ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპი დაარღვია. ეს არის პროპორციულობის პრინციპი, თანასწორობის პრინციპი. არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს ზიანის მომტანი რომელიმე მხარისათვის, ამ გადაწყვეტილებით მიღებული სიკეთე უნდა აღემატებოდეს იმას, რა ზიანიც შეიძლება მიადგეს.
სკოლა, რომელიც 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს, ბოლო ავტორიზაცია 2017 წელს გაიარა. ავტორიზაციის საბჭომ ჩათვალა, რომ სკოლას საგანმანათლებლო საქმიანობა 2023 წლამდე უპრობლომოდ შეეძლო ეწარმოებინა. სკოლას, რომელსაც თვით ექსპერტებმაც აღნიშნეს, რომ გამართული ჰქონდათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსების კომპონენტი, რატომღაც ჩათვალეს, რომ არ ჰქონდა რესურსი იმისთვის, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა გაეგრძელებინა“.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე. მისი განმარტებით, ავტორიზაციის საკითხის განხილვისას, მიღებული პრაქტიკაა ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომებზე ექსპერტების მიერ ხდება სკოლის საუკეთესო პრაქტიკისა და (მაგ. შპს „სადუნი“ – ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 27 მარტის ოქმი) ძლიერი მხარეების (მაგ. შპს „მარიოტა“- ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 7 ივნისის ოქმი) აღნიშვნა. მისი განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი სკოლის დადებით მხარეებზე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის საუკეთესო პრაქტიკა ასახულია დასკვნაში და ამავე დასკვნით, ავტორიზაციის სამი ძირითადი სტანდარტიდან – ორი დაკმაყოფილებულადაა მიჩნეული.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრს, რათა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარესთან ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კითხვები დაესვა, თუმცა ცენტრში მასთან არ დაგვაკავშირეს და მიგვითითეს, რომ კითხვებზე პასუხები და განმარტებები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საბჭოს დასკვნაში იყო მოცემული.
როგორ შეაფასეს სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება დარგის სპეციალისტებმა
როდესაც სკოლა 10 წლის განმავლობაში ვითარდება და ერთი შეხვედრის საფუძველზე იხურება, აჩვენებს იმას, რომ საერთოდ პატივს არ სცემ ადამიანების ამდენწლიან შრომას, – ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, – „რას ეუბნება ეს სხვა სკოლებს? – ეუბნება, რომ მთავარია ჩააწყო, მთავარია საბუთები გქონდეს, მთავარია პოლიტიკური პრობლემა არ შექმნა და არა იმას, რომ იმუშავე შენს განვითარებაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი კერძო სკოლა. ეს იყო სკოლა, სადაც სიხარულით მიდიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სადაც კარგად სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, რაც იშვიათია სხვა კერძო სკოლების შემთხვევაში და ა.შ. ამასაც არ ითვალისწინებ, არც შინაარსობრივ პროცესებს აკვირდები ,მხოლოდ იმას უყურებ, საპირფარეშოს კარს საკეტი აქვს თუ არა“.
სიმონ ჯანაშია პრობლემურად მიიჩნევს იმას, რომ აღნიშნული პროცესი ყურადღების მიღმა ტოვებს სკოლის უნიკალურობას, რომ სკოლებში შესაძლოა იყოს განსხვავებული პრაქტიკა, რომელსაც სჭირდება ჩაღრმავებული კვლევა, რომ გაიგო, რატომ აირჩიეს ეს პრაქტიკა და არა სხვა: „დასკვნა აღწერს, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, მაგრამ არ არის პასუხი კითხვაზე – რატომ აკეთებენ ასე და არა სხვაგვარად? მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ძირითადი, რაც სკოლის მუშაობის გული და ღერძია – სასწავლო პროცესი, ეგ არავის ადარდებს, საერთოდ არ აინტერესებთ, როგორ ხდება სასწავლო პროცესის ორგანიზება. მაგალითად, სწავლობენ თუ არა ბავშვები, უხარიათ თუ არა სკოლაში მოსვლა, რა გზებს მიმართავენ მასწავლებლები იმისთვის, რომ მოსწავლეების მოტივაცია უზრუნველყონ – ეს საერთოდ არ არის აღწერილი. სამაგიეროდ კითხულობენ – არის თუ არა ქაღალდი, რომელიც აღწერს სასწავლო გეგმებს; რა წერია ამ ქაღალდზე. ასეთი დონის შემოწმება ხდება სკოლებში, ეს ცალკე პრობლემაა“.
ჯანაშია მიიჩნევს, რომ რუსთავის სკოლის შემთხვევა შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ამავე ქსელის სხვა სკოლებისთვის (შაჰინის სკოლა და დემირელის კოლეჯის) ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევების გაგრძელება. ის ფიქრობს, რომ 2017 წლიდან სკოლებისთვის ავტორიზაციის გაუქმების პროცესი ლოგიკურად ებმის ერთმანეთს. ის საბჭოს წევრების პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ:
„რაც არ უნდა ილაპარაკონ გადაწყვეტილების მიმღებებმა, რომ ისინი ამ პროცესში არ ყოფილან ჩართული, როგორც ამ ქსელის განადგურების მონაწილეები, მიუხედავად იმისა, იღებენ ისინი დავალებებს თუ არ იღებენ, მათ გადაწყვეტილებები მიიღეს სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავენ, რომ სკოლის დირექტორს აპატიმრებენ. როცა ხედავ სკოლას, რომელსაც ამ პროცესში დახმარება სჭირდება, მაგრამ განზე დგები, შენ გამოდიხარ სისტემის ჭანჭიკი“.
საბჭოს გადაწყვეტილება რეპრესიულ მექანიზმად შეაფასეს განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ერთობლივი განცხადება 16 ივნისს გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპერტთა დასკვნაში ჩამოყალიბებული ხარვეზების ჩამონათვალი გამოსწორებადია და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სკოლა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და არ შეიძლება იქცეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძვლად. ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტთა დასკვნაში მითითებული ხარვეზები კანონმდებლობის არაადეკვატურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. სკოლა ვერ შეძლებდა ხარვეზების გამოსწორებას სურვილის შემთხვევაშიც, რადგან ავტორიზაციის გაუქმების პროცესი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა. აქვე ნათქვამი იყო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს არაერთი სკოლისთვის აქვს მინიჭებული ან გაგრძელებული ავტორიზაცია, მსგავსი და კიდევ უფრო პრობლემური ხარვეზების პირობებში.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერება 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელებაა.
მათი განმარტებით, შაჰინისა და დემირელის სკოლებთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამჟამად კი შოთა რუსთაველი სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა შექმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოები არ წარმოადგენენ განათლების ხარისხზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, არამედ ქმნიან სახელმწიფოს ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტს. შესაბამისად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ამოცანად ესახებათ ამ სადამსჯელო ინსტიტუციის შეცვლა და მისი ჩანაცვლება განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტით.