გახსოვთ გასულ არჩევნებზე ადამიანები, რომლებიც სხვების პირადობის მოწმობებით ან პასპორტში მოთავსებული სხვისი პირადი ნომრებით აძლევდნენ ხმას? ერთ შემთხვევაში კაცი ქალის ID ბარათითაც კი მივიდა. ასეთი ფაქტები მაშინ დამკვირვებლებმა და უბანზე მყოფმა ჟურნალისტებმა ფოტო- და ვიდეომასალებით გაასაჯაროვეს.
მომდევნო არჩევნებში მსგავს ფაქტებს ვეღარ ნახავთ. არა იმიტომ, რომ ისინი აღარ იქნება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც ამომრჩევლების მონაცემების ფოტო/ვიდეო გადაღებას და შესაბამისად, მათ შორის, ასეთი ფაქტების გასაჯაროებას კრძალავს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცვლილებები სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ – ორგანიზაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ცესკოს ცვლილებები გააკრიტიკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც 10 აპრილს „ქართული ოცნების“ შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში ცესკოს მოუწოდა, გააუქმოს 3 აპრილს შეტანილი ცვლილებები.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო გადაწყვეტილებით, არსებითად შეზღუდოს დამკვირვებლების უფლებები კენჭისყრის დღეს და მათი შესაძლებლობა – აწარმოონ საარჩევნო პროცესის ეფექტიანი მონიტორინგი. ის მოუწოდებს, რომ გააუქმონ ეს შეზღუდვები, რომლებიც ნებისმიერი მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურობასა და საზოგადოების მხრიდან მის ნდობაზე მოახდენს გავლენას“, – ნათქვამია PACE-ის რეზოლუციაში.
რა შეიცვალა 3 აპრილს?
3 აპრილს ცესკომ ელექტრონული კენჭისყრის წესების შესახებ მიღებულ დადგენილებაში („კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ”) რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ცვლილებებით შეიზღუდა დამკვირვებლების უფლება, მოითხოვონ ამომრჩევლებისგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება, შეაფერხონ ისინი და გადაიღონ ფოტო/ვიდეომასალები, რომლებშიც გამოჩნდება ამომრჩევლის მონაცემები.
კერძოდ, ცვლილებებით:
კენჭისყრის ჩატარებისას… კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:
- კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
ვინ და რატომ აპროტესტებს ამ ცვლილებას?
„ამით ადასტურებენ, რაც გააკეთეს წინა არჩევნების დროს. ჩვენ ხომ ძალიან ბევრი მტკიცებულება გვქონდა, მათ შორის, ფოტო/ვიდეომასალები. კარუსელებზე ვისაუბრეთ ყველაზე ბევრი და ახლა უნდათ, რომ ვეღარ აღმოვაჩინოთ. ეს არის პირდაპირი გამოძახილი და იმის მტკიცებულება, რომ [კარუსელები] აკეთეს“, – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე „პუბლიკასთან“.
ნინო დოლიძის თქმით, ახალი ცვლილებებით მნიშვნელოვნად გართულდება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მუშაობა. მაგალითად, ის შიშობს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლოა, შეეზღუდოთ უბანზე სხვადასხვა ადგილას ყოფნა იმ მოტივით, თითქოს ისინი ხელს უშლიან ამომრჩევლების გადაადგილებას, ამის გამო კი შესაძლოა, ვერ მოახერხონ დაკვირვება ყველა პროცესზე, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატებზე.
„რაც შეეხება მეორე შეზღუდვას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენების მოთხოვნის აკრძალვას, ეს კიდევ უფრო პრობლემურია. თქვენ იცით, რომ წინა არჩევნების დროს არაერთი სავარაუდო კარუსელი ვნახეთ, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, სხვისი პირადობის გამოყენება. გვქონდა შემთხვევა, როცა ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქალს საკუთარ ადგილას ხმა მიცემული დახვდა, რაც სხვის ნაცვლად ხმის მიცემას გულისხმობს ხომ?!
ამიტომ ამის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზა დამკვირვებლის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმებაა – როდესაც უბანზე შემოდის მოქალაქე, უნდა შევხედოთ, ნამდვილად ის არის თუ არ არის. თუ ჩვენ ამის უფლება არ მოგვცეს, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლოა კარუსელების განვითარების მცდელობა იყოს, რაც, რა თქმა უნდა, არჩევნების გაყალბების პირდაპირ სქემაა და თქვენ იცით, რომ კარუსელი პირდაპირ მოქმედებს არჩევნების შედეგების ცვლილებაზე.
და ბოლო – ეს არის ფოტო/ვიდეოგადაღება ვერიფიკაციის პროცესზე. ბიულეტენზე ფოტოს გადაღება ჩვენ ისედაც არც გვაინტერესებს და ბიულეტენზე ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა ეს, რა თქმა უნდა, ხმის მიცემის ფარულობის ნაწილია, მაგრამ ზოგადად პროცესის გადაღება შესაძლოა, იმიტომ იყოს საჭირო, რომ აქ დავინახოთ პრობლემა, ის, რომ სხვის ნაცვლად სხვა აძლევს ხმას, ან სხვისი პირადობის მოწმობით არის შემოსული. ჩვენ ამ პროცესის გადაღება მტკიცებულებისთვის გვჭირდება“, – ამბობს ნინო დოლიძე.
რა პასუხი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას?
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება არ სცდება კანონს და პირიქით, სწორედ კანონმდებლობის შესაბამისად აზუსტებს წესებს.
სანტურიანის განმარტებით, ის შეზღუდვები, რომლებიც 3 აპრილის ცვლილებით ამოქმედდა, მიმართულია პერსონალური მონაცემების და ამომრჩევლის შეუფერხებელი გადაადგილების დასაცავად. დამკვირვებლებს კი მუშაობა არ ეზღუდებათ.
„მე ვფიქრობ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით, რა რეგულაციები და სამართლებრივი სივრცეც არსებობდა ქვეყანაში, ეს ჩართულმა მხარეებმაც დიდი ხანია იციან. საარჩევნო კოდექსში, ჯერ კიდევ 2018 წელს განხორციელდა ცვლილება, მერვე მუხლის 25-ე პუნქტში, სადაც დაიწერა ნათლად, რომ იკრძალება ისეთი ინფორმაციის დამუშავება, რომელიც ამ კანონის, საარჩევნო კოდექსის, თანახმად საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ თუკი საარჩევნო კოდექსი არ უშვებს რაიმე ტიპის ინფორმაციის დამუშავებას, ის არც უნდა დამუშავდეს…
…რაც შეეხება ამომრჩევლის შეფერხების აკრძალვას, კანონის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული – კენჭისყრის დღეს იკრძალება ამომრჩევლის ფიზიკური შეფერხება, მათ შორის, კენჭისყრის შენობაში. რა დაარღვია ცესკომ იმით, რომ ეს გადმოიტანა და დადგენილებაში ასახა?!
სარჩელში დაწერეს შეფერხებაზე, რომ ამით ჩვენ კანონს გავცდით, როცა ერთი ერთშია გადმოტანილი, რაც საარჩევნო კოდექსშია. ასე რომ, ეს ყველაფერი დაზუსტდა და მოხდა მათი თავმოყრა იმ დადგენილებაში, რომელიც ელექტრონული წესით კენჭისყრას არეგულირებს“, – ამბობს გიორგი სანტურიანი „პუბლიკასთან“.
ცესკო PACE-ის კრიტიკასაც გამოეხმაურა საჯარო წერილით და იმავე არგუმენტებით.
რა მიზანს ისახავს ცვლილება ფოტო/ვიდეოგადაღების აკრძალვაზე?
ცესკო მიიჩნევს, რომ ახალი ცვლილებებით აზუსტებს საარჩევნო კოდექსში მანამდე არსებულ რეგულაციებს.
ISFED-ის პოზიციაა, რომ დამკვირვებლებს პერსონალური მონაცემების დამუშავების ინტერესი არ გააჩნიათ. საარჩევნო პროცესზე ეფექტიანი დაკვირვებისა და დარღვევების გამოვლენისთვის მათთვის მნიშვნელოვანია, არ შეეზღუდოთ ფოტო/ვიდეოგადაღება.
„ჩვენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გვაინტერესებს პერსონალური მონაცემები, არამედ გვჭირდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება და ჩვენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებაზე დაკვირვების შესაძლებლობა გარანტირებული გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობით.
როცა საარჩევნო დავებით ადმინისტრაციაში თუ სასამართლოში მივდივართ, სულ ამას გვეუბნებიან – აბა სად არის მტკიცებულება?! მტკიცებულებებს გვთხოვენ და ამის შეზღუდვა დამკვირვებლებისთვის იმ არგუმენტით, რომ თითქოს პერსონალური მონაცემები ირღვევა, აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი და საკმარისი. ეს უფლება გვჭირდება მტკიცებულებების შესაგროვებლად.
ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ისედაც არ შეიძლება. საარჩევნო კოდექსი არის უპირატესი, ვიდრე ცესკოს დადგენილება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკომ უკანონოდ, თავისი კანონქვემდებარე აქტით შეცვალა უფრო უპირატესი კანონმდებლობით დადგენილი წესი“, – ამბობს ნინო დოლიძე „პუბლიკასთან“.
როგორ უნდა იმუშაონ დამკვირვებლებმა ახალი რეგულაციებით?
როგორ უნდა შეაგროვონ დამკვირვებლებმა მტკიცებულებები, თუკი საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წევრი მოქალაქეებს სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის საშუალებას მისცემს? ამ შეკითხვაზე გიორგი სანტურიანის პასუხია, რომ მის კომპეტენციას სცდება ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ დამკვირვებლებმა, თუმცა მათ კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრის დაწერის უფლება ექნებათ.
„ჩემი პასუხია, რომ მათ უნდა იმოქმედონ საარჩევნო კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული კანონმდებლობა საჩივრის დაწერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შეუძლიათ მათი დაკვირვებიდან გამომდინარე, თუ სადმე დარღვევას დააფიქსირებენ, ასახონ საჩივარში.
მოქმედების სტანდარტები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კანონმდებლობითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით და უნდა იმოქმედონ ამ ყველაფრის დაცვით.
ცესკოს არაფერი შეუზღუდავს და ეს მრავალწლიანი პრაქტიკით შეიძლება დადასტურდეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები რა საჩივრებსაც წარადგენდნენ საარჩევნო ადმინისტრაციაში“, – ამბობს გიორგი სანტურიანი.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ აშკარაა, ცესკო წინა არჩევნების გამოცდილებით, დამკვირვებლებს გაყალბების მტკიცებულებების შეგროვებას უზღუდავს.
„ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, რომ პასპორტში ჰქონდათ ჩადებული სხვისი პირადი ნომრის ფურცელი. ამას თუ დავინახავთ, ამისი გადაღება ხომ გვინდა მტკიცებულებად?! ამის გადაღებას გვიკრძალავენ. მერე მიდი და ამტკიცე. ისედაც არ იღებდნენ გადაწყვეტილებას, როცა მტკიცებულება გვქონდა და მერე მით უმეტეს აღარ მიიღებენ, როცა მტკიცებულება საერთოდ აღარ იქნება.
ამ არჩევნებზე ცესკოსა და „ოცნების“ ნარატივი იყო, რომ ერთი მტკიცებულებაც არ აქვთო, მაშინ, როცა ჩვენი საჩივრების გარდა, სოციალური ქსელებიც კი სავსე იყო ამ ფოტო/ვიდეომასალებით. ამაზე ამტკიცებდნენ არ არის მტკიცებულებაო და წარმოიდგინეთ, შემდეგ რა იქნება. სწორედ რომ ბევრი მტკიცებულება იყო, ამიტომ უნდათ ამის აკრძალვა“, – ამბობს ნინო დოლიძე.