გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა.
ვის ეკისრება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა? რა მასშტაბის დეფექტები გამოვლინდა? ჰქონდა თუ არა რაიმე ბერკეტი სააგენტოს, პროექტირების ეტაპზევე დაეზღვია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამ ხარვეზებისგან?
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციისას გამოვლენილი ხარვეზებია აღწერილი და დაფიქსირებულია მათი პოზიცია, რომ მომხდარზე პასუხიმგებლობა შემსრულებელს ეკისრება. „პუბლიკა“ ასევე ესაუბრა არქიტექტორ-რესტავრატორს გოგოთურ მისრიაშვილსაც, რომელიც სააგენტოს როლსა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
გადახურვებზე იდენტიფიცირებული ხარვეზები
როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო მოყენებული დაბალი ხარისხისაა და არ არის გათვალისწინებული – კირ-დუღაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის.
მათი თქმით, აღნიშნული კრამიტი გამოყენებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2018-2019 წლებში დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვას. ასევე აშშ-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში – საკურთხევლის გადასახურად.
„ცნობილია, რომ კრამიტის დამზადებამდე, შემსრულებელმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დამკვეთთან შეთანხმდა კრამიტის კონკრეტული მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია. აღნიშნულ პროცესში, სამწუხაროდ, ეროვნული სააგენტო არ ყოფილა ჩართული. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებილის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ეროვნულ სააგენტოს. ცვლილების მიზეზად კი დასახელდა პროექტის მოკლე ვადები და აღინიშნა, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალის მაღალი ხარისხი.
2020 წლის თებერვალში სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული საველე მისიის შედეგად ეროვნულმა სააგენტომ გადახურვებთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება მოახდინა და შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები განსაზღვრა.
დაფიქსირებული ხარვეზები უკავშირდებოდა „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ 2016 წელს შესრულებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დასავლეთის მკლავის გადახურვის მოწყობის სამუშაოებს და 2018-19 წლებში შესრულებულ ტაძრის ეკვდერების გადახურვას, შესაბამისად, მათი აღმოფხვრა სამუშაოების განმახორციელებელს – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ დაეკისრა.
სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, მოითხოვა აღნიშნულ კრამიტთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება. მათი თქმით, ამ ეტაპზე შემსრულებლის მიერ დამზადებული სანიმუშო კრამიტები, სრულფასოვან ექსპერტიზას გადის.
მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაფიქსირებული ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სადაც გადახურვებზე არსებული დეფექტები, სავარაუდოდ, კირის ამორტიზებულ შევსებებს უკავშირდება, განსაკუთრებით გადახურვებისა და კედლის შეპირაპირების (დეტალების შეერთება/შეწებება) ადგილებში.
დიდი ალბათობით, შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის, კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები. ტაძრის ზედა ნაწილებზე (გუმბათი, მკლავები, მკლავთაშორისი სივრცეები), სადაც გადახურვები აშშ-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოეწყო, კრამიტის დაზიანება არ ფიქსირდება.
კედლის მხატვრობის დაზიანება
სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კედლის მხატვრობის შემდეგი დაზიანებები:
„- ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სავარაუდოდ, გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად, ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები.
-ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერზე, სადაც კონცენტრირებულია დაზიანებული კრამიტები, დაფიქსირდა წყლის შედარებით მცირე რაოდენობის ინფილტრაცია, რის შედეგადაც სეგმენტურად დასველდა ეკვდერში არსებული კედლის მხატვრობის ნაწილი, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა თეთრი ნადები – სავარაუდოდ მარილი.”
სააგენტოში აცხადებენ, რომ მოზაიკის დაზიანებისა ან/და მისი ფრაგმენტების დაკარგვა არ დადასტურებულა.
ხარვეზების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა – სააგენტო
შეიძლებოდა თუ არა ხარვეზებისგან თავის დაზღვევა პროექტირების ეტაპზე? სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელი იყო.
„პროექტის განხორციელებისა და დასრულების მომენტისთვის ვერ იქნებოდა გათვლილი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვებზე 2020 წელს გამოვლენილი ხარვეზები, რადგან ის დაკავშირებულია შესრულების ხარვეზებთან და მათი გამოვლენა საჭიროებს დროს. სწორედ ამ მიზნითაა განსაზღვრული პროექტის ფარგლებში საგარანტიო ვადა, რაც მისი დასრულების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის სამართლებრივ ბერკეტს ქმნის“, -ამბობენ სააგენტოში.
ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვდრეობის ძეგლზე ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე? – სააგენტოს პოზიცია
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული წერილიდან ირკვევა, კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მთელ პასუხისმგებლობას შემსრულებელს, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ აკისრებს.
მათი თქმით, ხარვეზები, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული.
არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილის მოსაზრება გელათის კომპლესში განვითარებულ მოვლენებზე
როგორც „პუბლიკას“ გოგოთურ მისრიაშვილი ეუბნება, სარეაბილიტაციო პროცესში დაშვებული შეცდომების გამო სავალალო სურათი მივიღეთ.
„გელათის არქიტეტქტურულ კომპლექსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ამავე დროს, მხატვრული ღირებულებით იგი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. გელათის კომპლექსი უნიკალურია, მასში თავმოყრილია – არქიტექტურა, მრავალშრიანი მონუმენტური კედლის მხატვრობა და მოზაიკა. მოკლედ, ის ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო საგანძურია. ახლად გაწყობილი კრამიტის საბურველი ვერ აღმოჩნდა ხარისხიანი, რაც კედლის მხატვრობისა და მოზაიკის დაზიანების მიზეზი გახდა. სამწუხაროდ, სავალალო სურათიც მივიღეთ.
მსგავსი ტიპის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გადასახური მასალის ლაბორატორიული დატესტვისა და კადრის სპეცმომზადების გვერდის ავლით, სულ მცირე გულგრილობაა სახელმწიფოს მხრიდან. მით უმეტეს, შემსრულებელ კომპანიაზე ძეგლზე გამოსაყენებელ რაიმე მასალასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმებით ნებართვის გაცემა (მაგრამ საქმის ამგვარი შეთანხმება ხომ ჩვენებური წესია – უნიკალური ,,არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში“ შესაყვანი).
სავარაუდოდ, კრამიტის გადახურვისა და სხვა საჭირო სარესტავრაციო ღონისძიებები პროექტირების დროს დამუშავდებოდა, მაგრამ რამდენად სრულყოფილად? “, – აცხადებს ის.
მისრიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტირების ეტაპზე უნდა მომხდარიყო კრამიტის ფორმისა და ზომის დადგენა და უნდა მოძებნილიყო საერთაშორისო ლიცენზიის მქონე რამდენიმე კერამიკული კომპანია.
„პროექტირების ეტაპზე, კვლევითი სამუშაოების პარალელურად უნდა მომხდარიყო, არქეოლოგიურ არტეფაქტებზე დაყრდნობით კრამიტის ფორმისა და ზომის დადგენა-შეჯერება; საჭირო იყო საერთაშორისო ლიცენზიისა და გამოცდილების მქონე რამდენიმე კერამიკული კომპანიის მოძიება, და სატესტო ერთეული კრამიტების შეკვეთა. ამის შემდეგ, სხვადასხვა კომპანიის მიერ დამზადებული კრამიტის ვიზუალური დათვალიერება და ლაბორატორიული შემოწმება ძეგლთა დაცვის სააგენტოს საბჭოზე მოწვეულ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად. შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპეციალისტებს და საბჭოს უნდა შეერჩია მათ შორის საუკეთესო (მოჭიქული კრამიტის ვიზუალისა და სიმტკიცის მიხედვით). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა სერიული შეკვეთა მოჭიქული კრამიტის, რომელსაც აუცილებლად მოყვებოდა გარანტიები დამამზადებელი კომპანიის მხრიდან. ასეთი თანმიმდევრული მიდგომაა საჭირო, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ამგვარი ღირებული არქიტექტურის და ინტერიერის გადახურვას (იუნესკოს მსოფლიო ნუსხაში მყოფ ძეგლს!)“, – აცხადებს მისრიაშვილი.
მისი თქმით, მცირე შეცდომა კრამიტის დაგების დროს იწვევს ფატალურ შედეგებს, ამიტომ მნიშვნელოვანია სამუშაოების პროცესში ჩართული ადამიანების კვალიფიციურობა.
„მეორე საკითხია, რამდენად მომზადებული კადრით შეუდგები სპეციფიკურ და სკრუპულოზურად შესასრულებელ სამუშაოს. მცირედი შეცდომა და დაუდევრობა კრამიტის დაგებისას იწვევს ფატალურ შედეგებს (როცა კედლის მხატვრობა და მოზაიკაა, დაზიანების ხარისხი მძიმდება), მით უმეტეს, როდესაც საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში არ ექცევა ყურადღება საცრემლე და წყალამრიდ სისტემებს. ძეგლის ღირებულებიდან გამომდინარე, გადახურვის სამუშაოების დასაწყისშივე უნდა მოწვეულიყო კრამიტის მოწყობაში დახელოვნებული უცხოელი სპეციალისტები, რათა მათ ქართულ მხარესთან ერთად ჩაეტარებინათ ვორქშოპი, ადგილობრივი კადრის მომზადება-დახელოვნებისთვის. მეტი საჯაროობაა საჭირო როგორც საერთაშორისო თანამშრომლობით, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც გაჟღერებულა სპეციალისტებისგან, როდესაც ადგილობრი წარმოების კრამიტი ვერ უძლებს ატმოსფერულ ზემოქმედებას და ტემპერატურულ ცვლილებს და პირველივე ყინვებზე იწყებს შლას.
სამწუხაროდ, ადგილობრივი წარმოების კერამიკული საბურველი ხშირ შემთხვევაში ვერ ამართლებს და არის დაბალი ხარისხის. სავარაუდოდ, გელათის ეკლესიისთვის ფულის დაზოგვის მიზნით მოხდა უხარისხო კრამიტის შერჩევა და სააგენტოს მიერ ზეპირსიტყვიერად გაიცა მის გამოყენებაზე ნებართვა, თითქოს მსგავსი უნიკალური ძეგლები სხვაც ბევრი გვქონდეს“, – აცხადებს არქიტექტორ-რესტავრატორი.
არქიტექტორ-რესტავრატორი აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ დასრულებისთანავე არ დაიწყო რეგულარული მონიტორინგი ძეგლზე.
„სამუშაოს დასრულებისთანავე არ მოხდა რეგულარული მონიტორინგი ძეგლთა დაცვის უწყებიდან, რომელმაც ჩაიბარა აღნიშნული უხარისხოდ შესრულებული სამუშაო. დაკვირვებისა და ზედამხედველობის გარეშე დარჩენილი ძეგლის შემდგომ პრობლემებზე არ მოხდა დროული რეაგირება, ვიდრე თვალხილულად, შეუიარაღებელი თვალით არ გამოაშკარავდა მხატვრობისა და მოზაიკის დაზიანება. ვშიშობ, ეს ხმაური დაგვიანებული არ იყოს“, – ამბობს ის.