დედოფლისწყაროში, ჭაჭუნის აღკვეთილის ზამთრის საძოვრებზე ფერმერებს ცხვრის გამოსაკვებად სულ უფრო მეტი დამატებითი საკვები სჭირდებათ. კლიმატის ცვლილება და ჭარბი ძოვება საძოვრების დეგრადაციის მთავარი მიზეზია, ამბობენ ადგილზე მომუშავე სპეციალისტები. მიიჩნევენ, რომ აქ არსებულ ბუნებრივ გარემოს გაუდაბნოებისგან საძოვრებზე ცხვრის რაოდენობის კონტროლი და როტაციული, ანუ მონაცვლეობითი ძოვება დაიცავს.
თებერვალი მეცხვარეებისთვის რთული დროა. თვის ბოლოდან ფარაში დოლი იწყება. ასე ცხვრის მშობიარობის პერიოდს ეძახიან. დედალ ცხვარს დღე და ღამე ყურადღება სჭირდება, მეცხვარეები მშობიარობის დროს მათ გვერდით უნდა იყვნენ, რომ ახალდაბადებული ბატკანი არ გაიგუდოს და დედას მალევე მიეკედლოს.
6 საათია. ჭაჭუნის აღკვეთილში სუსხიანი და ნისლიანი დილა თენდება. ერთ-ერთ ფერმასთან ძაღლები გამალებით იწყებენ ყეფას. მეცხვარეები უკვე ფეხზე არიან. ადრიანი საუზმის შემდეგ, მწყემსებმა ფარა საძოვარზე უნდა გარეკონ. ნაწილი სადგომზე რჩება, მშობიარეების მოსავლელად.
„წამოდით, ტყუპები გაჩვენოთ“, – გვეძახის ერთ-ერთი მწყემსი, გია ჯავახიშვილი და სანამ ფერმაში შეგვიყვანს, გზაში კიდევ ერთ დედალ ცხვარს ამშობიარებს.
ჭაჭუნის აღკვეთილი დედოფლისწყაროს მუნიციპალური ცენტრიდან 50 კმ-ის მოშორებითაა, მდინარე ივრის ჭალების გაყოლებაზე. 5032 ჰა მიწის ფართობი დაცული ტერიტორიებია. აქვეა გაფანტული 35-მდე ფერმა, სადაც ათეულობით წლებია, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ფერმერები ყოველწლიურად, 50 000 ცხვარს აზამთრებინებენ. მეცხვარეები ნოემბრის ბოლოს ჩამოდიან და მაისიდან უკვე, ზაფხულის საძოვრებზე, მთაში ინაცვლებენ.
გიორგი ჯავახიშვილი ახალგაზრდა ფერმერია საგარეჯოდან. სოფელ კაკაბეთში ცხოვრობს. პირველად ცხვარში მამამ რომ წაიყვანა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მამამისი, თეიმურაზი, მეტსახელად ოსია, ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მეცხვარეა აქ. 25 წელზე მეტია ოჯახი ამ ბიზნესშია. ჯავახიშვილებს 3000-მდე სული ცხვარი 650 ჰა ფართობის საძოვარზე ჰყავს გადანაწილებული. ორი დიდი ფერმა აქვთ. ერთი აღკვეთილის დასაწყისში, მეორე კი – მდინარე ივრის ჭალებთან ახლოს.
როდესაც გიორგის ვეკითხები, უნდა თუ არა, ოჯახური ტრადიცია მისმა შემდეგმა თაობამაც გააგრძელოს, კატეგორიულად მპასუხობს, რომ თავის შვილებს იმავეს არ ურჩევს: „მირჩევნია, სხვა საქმეს მოჰკიდონ ხელი. მძიმე შრომაა, თან წლიდან წლამდე აქ ბალახიც აღარაა და ცხვრის გამოკვება ძვირი გვიჯდება“.
წელს გიორგიმ ბალახის სიმცირის გამო, 10 000 ლარის ღირებულების ქერი უკვე იყიდა და ამბობს, რომ მაისამდე ერთი ამდენი კიდევ დასჭირდება: „შარშან 20 ათასი დამიჯდა, რომ ცხვარი კარგად გამომეკვება. ბალახი აღარაა, ყოველ წელს წინაზე უარესი მდგომარეობა გვხვდება“.
დედოფლისწყარო მშრალი კლიმატით გამოირჩევა. წლიური ნალექები 400 მმ-ზე დაბლა ჩამოდის და გვალვიანი დღეებიც საშუალოდ, 20 დღით გაიზარდა. ნიადაგი იფიტება და იკარგება აღკვეთილისთვის დამახასიათებელი უნიკალური საფარი.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ, საქართველოში ცხვრის რაოდენობა 40%-ითაა შემცირებული და ამას 2018 წლის საქსტატის მონაცემები გვეუბნება, საძოვრების დატვირთვა საგრძნობლად გაიზარდა. ცხვრის რაოდენობის შემცირების მიუხედავად, მეცხვარეებმა პირუტყვი მხოლოდ საქართველოში, მცირე ტერიტორიებზე გადაანაწილეს. ამას ისიც ემატება, რომ საძოვრების დიდი ნაწილი სახელმწიფოს იჯარით აქვს გაცემული პირებზე, ვინც შემდეგ მიწას სხვა ფერმერებზე გაცილებით მაღალ ფასად აქირავებენ. ამ მიზეზის გამო, ხშირად, ფერმერები ცდილობენ, დაზოგონ ქირაში გადასახდელი თანხები – იქირაონ ნაკლები ფართობის მიწა და აძოვონ იმაზე მეტი ცხვარი, ვიდრე დასაშვებია.
2019 წელს ჭაჭუნის აღკვეთილში საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – „საბუკომ“ ნიადაგისა და მცენარეული საფარის შესასწავლად, საპილოტედ, 750 ჰა ფართობის ტერიტორიაზე კვლევები ჩაატარა. ეს კვლევა ნაწილი იყო მიმდინარე პროექტისა, რომელიც აღკვეთილის ივრის ჭალების დაცვასა და აღდგენას ისახავს მიზნად.
კვლევიდან ვიგებთ, რომ ტერიტორიის 26% უმნიშვნელოდ დეგრადირებული იყო, 25% საშუალოდ, 20% – ძლიერ, 18% – მნიშვნელოვნად, ნიადაგის 11% კი – სრულიად უსიცოცხლო. კლასიფიკაციაში ვერ მოხვდა ნიადაგი, რომელიც დეგრადირებული არაა, რადგან მკვლევრებმა ასეთ მიწის საფარს ვერ მიაგნეს.
საბჭოთა წლებში, დადგენილი იყო საძოვრის დატვირთვის ნორმები და 1 ჰა ფართობზე 2-3 ზრდასრული ცხვრის ძოვებას ითვალისწინებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც საქართველოში მცხოვრებმა მეცხვარეებმა ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე წვდომა დაკარგეს, ფარები მთლიანად დედოფლისწყაროს საძოვრებზე გადანაწილდა. შესაბამისად, გაიზარდა ნიადაგზე ზეწოლაც და 2007 წელს, მაგალითად, როდესაც ტრადიციული გამოყენების ზონებისა და დაცული ტერიტორიებისთვის ძოვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემუშავდა, თითოეულ ჰექტარზე მაქსიმუმ 2 ცხვარს უნდა ეძოვა. თუმცა, მცირე ფართობის საძოვრებზე, გადაჭარბებული რაოდენობის ცხვრის ძოვება ჭაჭუნაში დღეს, მიღებული პრაქტიკაა და როგორც „საბუკოს“ წარმომადგენლები ამბობენ, ზოგჯერ, ერთ ჰექტარზე 5-6- ცხვარიც იკვებება.
ამასთან, საქმეს ცხვრის დასაწყურებლად მდინარე იორზე გადარეკვაც ართულებს. ფერმების უმეტესობის ინფრაქტრუქტურა მოუწესრიგებელია, უმეტესობას ადგილზე არც დასაწყურებელი პუნქტები აქვს. ამიტომ, ცხვარი დღეში მინიმუმ ერთხელ, მდინარეზე ჩაჰყავთ. ამისთვის კი, ზოგი ფარა დღეში დაახლოებით, 3-4 კილომეტრსაც კი გადის და გზად მიწის საფარის დაზიანების გარდა, ჭალის ტყესაც ანადგურებს. ივრის ჭალები დაცული ტერიტორიებია და ცხვრის ძოვება დაცული კანონითაა აკრძალული და შესაბამისი ადმინისტრაციული წესით ისჯება. თუმცა, ეს თანხა იმდენად მიზერულია(ცხვრის ფარაზე 50 ლარი), ხანდახან, ფერმის მეპატრონეებს უღირთ გადაიხადონ, სამაგიეროდ კი, ჭალის ტყეში არსებული ბალახით ცხვარი გამოკვებონ.
ამიტომ, „საბუკოს” პოლიტიკის მენეჯერი, თინათინ არველაძე ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასეთ დროს, თავად მეცხვარესაც გააზრებული ჰქონდეთ, რა საფრთხეებს უქმნის ძოვება ბიომრავალფეროვნებას, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი და ეფექტური ბერკეტები, რომ მეცხვარემ ჭალაში პირუტყვი არ შეიყვანოს.
სწორედ ამიტომ, როდესაც „საბუკომ“ 2019 წელს კვლევები დაიწყო და აღმოჩნდა, რომ შესწავლილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ეროზირებულია, გადაწყვიტა, გაუდაბნოებასთან ბრძოლის ერთ-ერთი, ბევრ ქვეყანაში ეფექტურად მიჩნეული გზა აერჩია და საძოვრების მეპატრონეებთან როტაციული ძოვების სისტემა დაენერგა.
რა არის როტაციული ძოვება? – ეს ნიშნავს საძოვრის გარკვეული დროით დასვენებას და მონაცვლეობით ძოვებას, რათა ნიადაგმა შეძლოს, ბუნებრივი პროცესების აღდგენა და განახლება. საფარის აღდგენის პერიოდები და ზრდის ტემპები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: სეზონი, კლიმატი, მცენარეული საფარი, პირუტყვის კვების რაციონი და ჰექტარზე მაქსიმალური სულადობის ლიმიტი. ამიტომ, მიწის მფლობელებმა და მწყემსებმა უნდა დააბალანსონ ძოვებისა და აღდგენის პერიოდები.
მარინუს გებჰარდტი „საბუკოს“ რესურსების მენეჯერია. 2019-2020 წლებში, ზამთრის ორი სეზონი ჭაჭუნის აღკვეთილში, მეცხვარეებთან გაატარა. ნდობის მოპოვებას დრო დასჭირდა, თუმცა, მიხსნის, რომ ზოგადად, ასეთი საქმიანობა ორმხრივ ინტერესზე უნდა იყოს დაფუძნებული. სანამ ეს ინტერესი არ გაჩნდება, იქამდე რთულია კომუნიკაცია:„პირველად, მათ არეალში მარტომ დავიწყე მუშაობა. მინდოდა, მეცხვარეებს დაენახათ, რას ვაკეთებდი და შეკითხვები დაესვათ. შეკითხვების მერე, დაინტერესდნენ, რის გაკეთებას ვაპირებდით. ამ პროცესის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ნდობის მოპოვებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მიღწევადია, უბრალოდ, მოცდა და მოთმინებაა საჭირო“.
მოცდისა და ორთვიანი საველე მუშაობის შემდეგ, „საბუკომ“ ჭაჭუნის აღკვეთილის რუკა შეიმუშავა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საძოვრების მართვის რეკომენდაციები წარუდგინა. სხვადასხვა ლოკაციური პრობლემის მოსაგვარებლად, უშუალოდ ფერმერებთან დასაწყურებელი ჭები მოაწყვეს, ივრის ჭალებთან კი, სადაც დასაწყურებლად ჩასული ფარა ხშირად შედიოდა და იქ არსებულ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნიდა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით სპეციალური მისასვლელი ჯებირები გააკეთეს. პარალელურად, მარინუსის დახმარებით, დაიწყეს თანამშრომლობა მეცხვარე თეიმურაზ ჯავახიშვილთან და მის შვილთან, გიორგისთან.
მამა-შვილი ჭაჭუნაში ორ ფერმას პატრონობს და 3000-სულიანი ფარა დაახლოებით, 630 ჰა მიწის ფართობზე ჰყავს. ფერმები ერთმანეთისგან მოშორებითაა, მათ შუაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მფლობელობაში არსებული ტერიტორიაა. წლებია, ამ საძოვარს ჯავახიშვილები იყენებდნენ, რადგან ის სტრატეგიულად ახლოსაა მათ მიწებთან. ამიტომ, როდესაც „საბუკომ” როტაციული ძოვების დასანერგად ფერმერთან მუშაობა დაიწყო, ორიენტირი როგორც ჯავახიშვილების, ასევე იქვე მდებარე, სააგენტოს მფლობელობაში არსებულ საძოვარზეც აიღო. მთლიანობაში, დაახლოებით 1400 ჰა-ზე 2019 წელს მონაცვლეობითი, ანუ როტაციული ძოვების პროცესი დაიწყო.
პარალელურად, „საბუკომ”მიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სთხოვა, მათ მფლობელობაში არსებული საძოვარი ფერმერ თეიმურაზ ჯავახიშილისთვის გადაეცათ:
„რეკომენდირებული იყო, ეს მიწა იჯარით მიეცათ ახლოს მყოფ ფერმერისთვის, რომელიც გააერთიანებდა თავის ფერმასთან და მეტ ტერიტორიაზე მოუწევდა ცხვრის ძოვება. ასე, მეცხვარისთვის მომგებიანი იქნებოდა და არც ჩვენს დაწყებულ საქმეს შეაფერხებდა“, – ამბობს „საბუკოს“ „ივრის ჭალების ტყეების აღდგენის პროექტის მენეჯერი“, ალექს მიქელაძე.
თუმცა, სულ ახლახან, 2021 წლის თებერვალში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 750 ჰა ფართობის აღნიშნული საძოვარი ორ სხვა, ადგილობრივ პირზე 5-წლიანი იჯარით გაიცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, ვის გადასცეს მიწა. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ სააგენტოს მიმართავს კონკრეტული თვითმართველობა და წარუდგენს ადგილობრივი პირის შესახებ ინფორმაციას. ეს პირი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას, მათ შორის, უნდა ჰყავდეს საკუთარი პირუტყვი და უნდა ჰქონდეს საძოვრების გამოყენების გეგმა. ეს გეგმა გულისხმობს გარემოსდაცვით ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: ცხვრის რაოდენობის განსაზღვრა 1 ჰა მიწის ფართობზე; ძოვების შეზღუდვა ისეთ სივრცეებში, სადაც ნიადაგი ეროზირებულია; ასევე, მონაცვლეობით ძოვების დანერგვა და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერები გეგმას არ გაჰყვებიან, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შემდეგ, სააგენტოს რჩება უფლება, მეიჯარეებს ხელშეკრულება გაუუქმოს და მიწა ჩამოართვას.
თუმცა, კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა, აღნიშნული საძოვარი იმ პირისთვის გადაეცათ, ვის გვერდითაც იყო აღნიშნული მიწა და სადაც ამ ფერმერს უკვე დანერგილი ჰქონდა როტაციული ძოვება, დეკანოიძე ამბობს, რომ კანონი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ავალებს, თვითმმართველობის რესურსებით თავად იქ დარეგისტრირებულმა პირმა ისარგებლოს. სააგენტო კი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს:
„სამართლიან პრინციპს რომ გავყვეთ, სააგენტოს ამოსავალი წერტილია პირველ ყოვლისა, გარემოსდაცვითი, სოციალური და შემდეგ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება. სოციალურს თუ განვიხილავთ, პირი, რომელსაც მიწა იჯარით გადაეცემა, უნდა იყოს ადგილობრივი და სწორედ, ადგილობრივმა უნდა მიიღოს ამისგან ბენეფიტები. ჩემი აზრით, „საბუკომ“ ცოტათი იჩქარა და არ გაითვალისწინა ეს ფაქტორები, როცა მიწის გადაცემა სხვა პირისთვის, ამ შემთხვევაში კი, საგარეჯოში მცხოვრებისთვის ითხოვა“.
თინათინ არველაძე, „საბუკოს“ პოლიტიკის მენეჯერია. ფიქრობს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო გადაწყვეტილების მიღების დროს, მხოლოდ ფორმალურ, ბიუროკრატიულ პროცესს გაჰყვა და არ გაითვალისწინა უფრო ფართო შინაარსი, მათ შორის კითხვა, თუ რამდენად სწორად გაგრძელდება ამ საძოვრის მართვა ახალი მეპატრონეების პირობებში.
„ფერმერი თეიმურაზ ჯავახიშვილი ათწლეულებია ჭაჭუნაში საქმიანობს და მხოლოდ იმიტომ, რომ დედოფლისწყაროში არაა დარეგისტრირებული, დაკარგა შესაძლებლობა, ეს საძოვარი იჯარით აეღო. სწორედ ესაა ჩემთვის პრობლემური საკითხი, რომ სააგენტო მიჰყვება მშრალად კანონს და ამ შემთხვევაში, არ გაითვალისწინა ფართო კონტექსტი. სააგენტოს შეეძლო ეთქვა, ეს საძოვარი ერთი ფერმერის ორ საძოვარს შორისაა მოქცეული და მისთვის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა მისი გამოყენება”.
შესაბამისად, არველაძე ამბობს, რომ ასეთ დროს სააგენტომ მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინონ რისკები, რამდენად შეძლებენ პოტენციური მეიჯარეები მიწის მდგრად გამოყენებას:
„მეორე კითხვა კი მონიტორინგის პროცესის მიმართ დაისმის. ჭაჭუნის აღკვეთილში ხშირია შემთხვევები, როცა მეიჯარე მიწას სხვა პირზე უფრო ძვირად აქირავებს და რეალურად, თვითონ მას პირუტყვი არც ჰყავს. პირი, რომელიც ქირაობს ნაკლებადაა დაინტერესებული, იზრუნოს საძოვრის მდგომარეობაზე. მესამე პირს, როგორც წესი, ნაკლებად აქვს იმის აღქმა, რომ მიწას უნდა მოუაროს. ამიტომ, მე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, როგორ შეიძლება ამ პროცესის სწორი მართვა”.
ამ სამართლებრივი პროცესების პარალელურად, თავისი წუხილები აქვს მეცხვარე გიორგი ჯავახიშვილს, რომელიც ასევე, იმედოვნებდა, რომ ზემონახსენები საძოვარი მათ ოჯახს გადაეცემოდა და მეტ ტერიტორიაზე ცხვრის დაპურებაც ასეთი რთული აღარ იქნებოდა:
„ჩვენ როტაციულ ძოვებას დავთანხმდით და ამას შარშან, შარშანწინ პატიოსნად ვასრულებდით. დიდი ტერიტორია იყო და არ ჭირდა. მაგრამ ახლა 650 ჰა-ზე შეუძლებელი იქნება. ბალახი ისედაც არაა. ცხვარს ხომ არ დავხოცავ“.
ქერისა და თივის ყიდვა, როგორც თვითონ ამბობს, ამ ბიზნესს წამგებიანს ხდის. ამის პარალელურად, მეცხვარეები „საბუკოს“ მიერ ჩატარებულ სოციო-ეკონომიკურ კვლევებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ პროდუქტის რეალიზების პრობლემებზე.
თეიმურაზი და სხვა ფერმერები მაისიდან ნინოწმინდაში ინაცვლებენ, სადაც ხაჭოს, ყველსა და მაწონს ამზადებენ. თუმცა, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ეს პროდუქცია ძირითადად, პირადი მოხმარებისთვისაა და არ გულისხმობს სასურსათო მაღაზიებში ან ფერმერთა ბაზრებზე გაყიდვას. რძის წარმოება ძვირი უჯდებათ და ამ რესურსების მოძიებას ვერც ბანკებიდან, კრედიტის აღების გზით ახერხებენ, რადგან ერთი მხრივ, მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, მეორე მხრივ, ბანკისთვის უჭირთ თავიანთი სანდოობის დამტკიცება.
მეცხვარეების დიდი ნაწილი ასევე, თავს იკავებს ცხვრის პარსვისგან: „1 კგ-ის მოპოვებაზე 1 ლარი იხარჯება, როდესაც მატყლის გაყიდვა მხოლოდ 30 თეთრადაა შესაძლებელი“.
გიორგი ჯავახიშვილთან დოლის დაწყებამდე საშუალოდ, 13 მწყემსი მუშაობს. თებერვლის ბოლოდან კი ეს რაოდენობა იმატებს, რადგან ცხვრის მშობიარობა მეტ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. მწყემსებს დაახლოებით 1000 ლარს უხდიან.
ალექს მიქელაძე, „საბუკოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალმა, 2021 წელს განხორციელებულმა კვლევამ ისიც დაანახათ, რომ ზოგიერთი მწყემსი მთელ სეზონზეც აღარ რჩება და არ უღირს ეს ანაზღაურება. ამიტომ, ფერმერებს მეტი წვალება და მწყემსების თავიდან მოძიება უწევთ.
საბოლოოდ, კი მეცხვარეების უმრავლესობა გასაყიდად ცოცხალ სულ ცხვარს მოიაზრებს, რომლის ღირებულება 190 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს. ცხვარი ძირითადად, ნინოწმინდის ადგილობრივ ბაზარზე, ირანელებზე იყიდება და რეალიზაცია რთულია, რადგან გაყიდვები ძირითადად, მყიდველთა შეზღუდულ რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ამას ხელს ისიც უშლის, რომ გაყიდვების პროცესი ქაოსურია და არ გულისხმობს პროდუქტის კოლექტიური შეძენის პრაქტიკას: „ამ ხარჯების გათვალისწინებით, ერთი ცხვრის შენახვა აქამდე საშუალოდ 80 ლარი თუ გვიჯდებოდა, ახლა, როცა ბალახის სიმწირის გამო, დამატებით თივასა და ქერს ვყიდულობთ, რა თქმა უნდა, ძალიან იზრდება ხარჯები და მოგებაც ნაკლებია“, – ამბობს გიორგი ჯავახიშვილი.
მიუხედავად გიორგის პესიმისტური დამოკიდებულებისა, „საბუკოს“ კვლევებმა ერთი მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა, – მეუბნება ალექს მიქელაძე და განმარტავს, თავდაპირველად, როცა ფერმერებთან მუშაობა დაიწყეს, ყველა უარყოფდა ცხვრის რაოდენობის სწორად განსაზღვრის საჭიროებას და ხანდახან ამ რაოდენობის ლიმიტირებასაც; ამას არ უკავშირებდნენ რესურსების ნაკლებობას და რეალურად, არც ჰქონდათ ეს ფინანსური საკითხები ერთიან სისტემაში დანახული:
„ჩვენი კვლევების შემდეგ, მათ დაინახეს, რაში რამდენი ეხარჯებათ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ მეტად ეფექტურად დაგვაფიქრებს, როგორც გარემოსდაცვით ნაწილზე, ასევე მეცხვარეებისვე სოციო-ეკონომიკურ მომავალზე. ცხვრის რაოდენობის შემცირება ერთი მხრივ, ცუდად ჟღერს თავად ფერმერებისთვის, თუმცა, შესაძლოა, ამან მეტი მოგება მოუტანოს ფერმერებს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროდუქტის რეალიზების კუთხით სწორი მიდგომები შემუშავდება “.
სტატია მომზადდა მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ლისბეტ რაუსინგისა და პიტერ ბოლდვინის საქველმოქმედო ფონდი არკადიას დახმარებით ხორციელდება საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, საბუკოს მიერ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და Birdlife International-ის თანამშრომლობით.