9 ივლისს, დღის 3 საათზე ლუკა კინწურაშვილი მუხიანის ტერიტორიაზე გაჩერებასთან იდგა. მოულოდნელად შავ ტანსაცმელში გამოწყობილი სამი პირი დაადგა თავს და პირადობის წარდგენა მოსთხოვა.
„ვინტერესდები, ვინ არიან, იმიტომ, რომ ჩემთვის უბრალოდ ხულიგნებს ჰგვანან” – ლუკამ მათ ვინაობის დამადასტურებელი საბუთები სთხოვა. ლუკას მოთხოვნის შემდეგ სამი პოლიციელიდან ერთ-ერთმა სამსახურებრივი მოწმობა აჩვენა, რის შემდეგაც ლუკა შსს-ს თანამშრომლების მოთხოვნას დაემორჩილა და ID ბარათი გაუწოდა.
„ვინაიდან უხეში ტონით მესაუბრებოდნენ თავიდანვე და არც მიზეზი უთქვამთ, რის საფუძველზე ხდებოდა ჩემი უმიზეზოდ გადამოწმება, საჭიროდ მივიჩნიე, ვიდეო გადამეღო. ვიდეოს გადაღებისას ტელეფონზე მწვდა – მეორე პოლიციელმა უთხრა, რომ დაენებებინა თავი. არ ვთმობდი ტელეფონს”, – ამის შემდეგ ლუკა ჩასვეს დაბურულმინიან მანქანაში, სადაც, მისი თქმით, პოლიციელები აყენებდნენ შეურაცხყოფას და უკანონოდ გაჩხრიკეს მისი ჩანთაც.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ოჯახის წევრებსა და ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს. ცდილობდნენ მისი ნდობის მოპოვებას და ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ. მოგვიანებით, მოტყუებით წააშლევინეს პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეო.
„შევყავარ პოლიციის უფროსის ოთახში და ძალიან ზრდილობიანად და საყვარლად მიყვება ის მონსტრი თავის ცხოვრების ისტორიებს და მეუბნება, წაშალე ვიდეო და გაგიშვებთო ან კაპეზეზე გადაგიყვანთო აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ ვყოფილვარ, ძაღლიც ცუდად მყავდა 4 დღე გადასხმებს ვუკეთებდი და დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი ვიდეოების წაშლას იმ პირობით, რომ გამიშვებდნენ და კაპეზეზე არ გადამიყვანდნენ. მომხსნეს ბორკილები, მომცეს ტელეფონი, წავშალე ვიდეო და დაადეთ ბორკილები გადაიყვანეთ კაპეზეზეო”, – წერს ლუკა.
ამის შემდეგ ის კაპეზეზე გადაიყვანეს, რომელიც 11 ივლისს დატოვა.
22 ივლისს საქალაქო სასამართლოში ლუკა კინწურაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ ლუკა კინწურაშვილი ნაწილობრივ გაამართლა, დაადგინა, რომ პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტი არ ყოფილა, შესაბამისად, უსაფუძვლოდ იყო დაკავებული და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა, პოლიციელებისთვის „თავხედის“ წოდების გამო.
გიყვებით, რა მოხდა სასამართლო პროცესზე და რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა.
რა ითქვა სასამართლო სხდომაზე?
ლუკა კინწურაშვილის წინააღმდეგ ოქმი 11 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს – მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ ტიპის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან მის მიმართ სხვა ტიპის შეურაცხმყოფელ ქმედებას ედავებოდნენ, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 3 000 ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღემდე.
პროცესში მონაწილე 4 პოლიციელიდან 22 ივლისს სასამართლო სხდომაზე მოწმედ მხოლოდ 2 დაიკითხა. მათი მტკიცებით, ლუკა კინწურაშვილი იმიტომ დააკავეს, რომ არ მიეცათ მისი იდენტიფიცირების საშუალება, თუმცა არცერთ მათგანს არ უარუყვია, რომ ლუკამ პირადობა მათ ნამდვილად წარუდგინა, შესაბამისად, დაკავების მომენტის დროს მისი ვინაობა სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილი იყო.
ლუკა ამბობს, რომ როგორც კი ერთ-ერთმა პოლიციელმა სამსახურებრივი მოწმობა აჩვენა და შეძლო მათი იდენტიფიცირება, ID ბარათი წინააღმდეგობის გარეშე წარუდგინა.
„რისთვის უნდა შევწინააღმდეგებოდი პოლიციის თანამშრომლებს ჩემი გადამოწმებისთვის, ვერ ვხვდები, როცა კანონსაწინააღმდეგო არც არაფერი მქონია და არც დრო არ მქონდა იმისთვის, რომ მათთან რაიმე კომუნიკაცია დამემყარებინა”.
ლუკას განმარტებით, ადგილზე მისი მხრიდან ერთადერთი გადაცდომა ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციელმა დაშინების მიზნით მუცელზე ხელი მაგრად მოუჭირა, თავხედი უწოდა.
„მე ერთ-ერთ თანამშრომელს ვუწოდე თავხედი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან ჩემ მიმართ განახორციელა დომინანტური ქმედება და მუცელზე, მარცხენა მხარეს ხელი მომიჭირა. მე შემეშინდა, ავღელდი და მას მივმართე თავხედად. ეს იყო ჩემი მხრიდან ერთადერთი გადაცდომა. დანარჩენი, მათ არ შევწინააღმდეგებივარ, არც ჩემი მანქანაში ჩატენის პროცესში.
ერთადერთი, როცა მანქანა გააჩერეს გზაზე და უკანონო ჩხრეკა განახორციელეს ჩემ მიმართ მანქანაში – ჯიბეებში ჩამიყვეს ხელები და ჩანთა გაჩხრიკეს – ვითხოვდი, გამვლელი გაეჩერებინათ და გამვლელის თანდასწრებით მომხდარიყო ჩემი ჩხრეკა. დაბურულ მანქანაში როცა ჩემი ჩხრეკა და უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა მიმდინარეობდა, მაშინ ვითხოვდი მე, რომ გადავეყვანე პოლიციის განყოფილებაში. არ შევწინააღმდეგებივარ პოლიციელებს, ვარ 65 კილო და ოთხ 2-მეტრიან ადამიანს ფიზიკურად ვერ შევეწინააღმდეგებოდი”.
სასამართლო სხდომაზე გიორგი მელიქიძემ, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მესამე სამმართველოში უმცროსი დეტექტივია, დაადასტურა, რომ ლუკა კინწურაშვილმა მათ ნამდვილად წარუდგინა ID ბარათი, თუმცა, მისი მტკიცებით, ის ბრალდებულს ხელში ეჭირა და „შორი მანძილის” გამო მისთვის აღქმადი არ იყო.
მოწმე გიორგი მელიქიძე: მოკლედ, 2024 წლის 9 ივლისს მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად მუხიანის ტერიტორიაზე გადავადგილდებოდი, სადაც შევამჩნიე პიროვნება, დავინახე.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: სად იდგა ეს პიროვნება?
მოწმე მელიქიძე: მოძრაობდა კორპუსის მიმდებარედ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: გზაზე იყო?
მოწმე გიორგი მელიქიძე: არა, ტროტუარზე. მივედით პიროვნებასთან, წარვუდგინეთ ჩვენი სამსახურებრივი მოწმობები, ავუხსენით, რომ ვიყავით პოლიციელები. ვეუბნებით, რომ იდენტიფიცირების მიზნით, მისი პირადობის მოწმობა გვჭირდებოდა, რის შედეგადაც აღელდა. „ანუ რაში გჭირდებათ ჩემი მოწმობა?”. სიმშვიდისკენ მოვუწოდებდით, რა თქმა უნდა. მერე ამოიღო, ხელში დაიჭირა ცოტა მოშორებით, ჩემთვის არ იყო აღსაქმელი, რა ეწერა იქ. არ მოგვცა იდენტიფიცირების საშუალება, რის შედეგად მოხდა პიროვნების დაკავება.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: იდენტიფიცირების გამო?
მოწმე გიორგი მელიქიძე: დიახ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: სხვა რაიმე?
მოწმე გიორგი მელიქიძე: ანუ, იდენტიფიცირების გამო – არ მოგვცა საშუალება და პირადი დათვალიერების, გარე დათვალიერების უფლება არ მოგვცა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: თქვენ ვისთან ერთად იყავით?
მოწმე გიორგი მელიქიძე: მე ჩემს კოლეგებთან ერთად, უმცროსი დეტექტივი თორნიკე წაქაძე და უფროსი დეტექტივი მიხეილ მაჭარაშვილი.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: თქვენ ბრძანეთ, რომ ხელში ამოიღო და გვაჩვენაო, რატომ ვერ შეხედეთ?
მოწმე გიორგი მელიქიძე: შორი მანძილი იყო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: ახლოს მისულიყავი..
მოწმე გიორგი მელიქიძე: ხელით უნდა გამომერთმია მისთვის, რომ წამეკითხა კარგად და უკან-უკან იწეოდა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: ანუ, თქვენ მიიწევდით, ეუბნებოდით და არ გაძლევდათ? არ გადმოგცათ?
მოწმე გიორგი მელიქიძე: რამდენიმე თხოვნის შემდეგ, კი.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: რამდენიმე თხოვნის შემდეგ გადმოგცათ, თავდაპირველად არ გადმოგცათ. აბა, რატომ დააკავეთ მაშინ, თუ გადმოგცათ?
მოწმე გიორგი მელიქიძე: ანუ, სანამ იდენტიფიცირებას მოვახდენდით, მანამდე ვეკითხებოდი კიდევ, პოლიციასთან თუ გქონია მანამდე შეხება? „რა თქვენი საქმეა, მე პოლიციას არ ვენდობი, თავხედები ხართ” და ა.შ. ფრაზები იყო ჩვენს მიმართ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: თავხედის გარდა სხვა სიტყვა ხომ არ გამოუყენებია?
მოწმე გიორგი მელიქიძე: არა, სხვა მეტი არ გამოუყენებია.
გიორგი მელიქიძე ამტკიცებდა იმასაც, რომ მართალია, ლუკა კინწურაშვილს, ხელში ტელეფონი ეჭირა, არ იცის, იღებდა თუ არა ის მათ შორის კომუნიკაციას. მისივე თქმით, ტელეფონი ჩამოართვეს, მაგრამ ვიდეო არ უნახავს.
თუმცა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების წარდგენა სწორედ იმიტომ ვერ შეძლო, რომ ლუკას ტელეფონიდან ფაქტის ამსახველი კადრები მოტყუებით წააშლევინეს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: ანუ, რატომ დააკავეთ, კიდევ ერთხელ რომ მითხრათ…
მოწმე გიორგი მელიქიძე: 173-ე მუხლით.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: ეგ გავიგე, მაგრამ 173-ს აქვს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმორჩილებლობა..
მოწმე გიორგი მელიქიძე: პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: იდენტიფიცირებაზე უარის თქმის გამო და სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მხოლოდ ის, რომ თავხედები ხართ… ეს იყო?
მოწმე გიორგი მელიქიძე: დიახ.
ადვოკატ, მარიამ პატარიძის კითხვაზე, მოხდა თუ არა ადგილზე პოლიციელების მიერ ლუკა კინწურაშვილის იდენტიფიცირება, გიორგი მელიქიძემ თქვა:
„ანუ საბუთის მეშვეობით კი, მაგრამ დანარჩენი ინფორმაცია – ვინ იყო, რას წარმოადგენდა, აქამდე რა ჰქონდა… არა”.
ის ადასტურებს იმასაც, რომ მოგვიანებით ადგილზე მისულ მეოთხე პოლიციელს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავდა ბრალდებული, რადგან მისვლისთანავე მას სახელით მიმართა. გიორგი მელიქიძის თქმით, პირველი კომუნიკაციიდან ლუკა კინწურაშვილმა პირადობა მათ, დაახლოებით, 3-4 წუთში მიაწოდა. განსხვავებული დრო დაასახელა მეორე მოწმე პოლიციელმა, თორნიკე წაქაძემ.
მოწმე თორნიკე წაქაძე: ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, როცა შევნიშნეთ პიროვნება და გადამოწმების, მისი იდენტიფიცირების მიზნით, შევაჩერეთ. ამ პიროვნების შეჩერებისთანავე, მას წარედგინა სამსახურებრივი მოწმობები ჩემგან და ჩემი თანამშრომლობების მხრიდანაც, გავაცანით ჩვენი თავი მას და ვთხოვეთ მას თავისი პირადობის მოწმობა, რაზეც მან უარი განაცხადა – ეს პიროვნება არ იყო ჩვენთვის აღქმადი, ვერ მოვახდინეთ მისი იდენტიფიცირება. შემდეგ ეს პიროვნება განერვიულდა, გახდა ნერვიული, დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: კერძოდ, რა გითხრათ?
მოწმე თორნიკე წაქაძე: თავხედო და მსგავსი რაღაცები.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: როცა პირადობა მოსთხოვეთ, რა გიპასუხათ, არ გვაქვს პირადობა, გვაქვს და არ მოგვცემო?
მოწმე თორნიკე წაქაძე: შორიდან გვაჩვენა პირადობა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: გადმოცემით არ გადმოგცათ?
მოწმე თორნიკე წაქაძე: არ გადმოგვცა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: დაკავებამდეც არ გადმოუცია შემდეგ?
მოწმე თორნიკე წაქაძე: რამდენიმე თხოვნის შემდეგ გადმოგვცა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: ანუ დაკავებამდე გადმოგცათ ეს, რამდენიმე თხოვნის შემდეგ, ასეა?
მოწმე თორნიკე წაქაძე: დიახ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: მაშინ, რატომ დააკავეთ?
მოწმე თორნიკე წაქაძე: იმიტომ, რომ არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას..
მოსამართლე კობა ჩაგუნავა: პირველივეს?
მოწმე თორნიკე წაქაძე: დიახ.
ადვოკატი მარიამ პატარიძე: დაახლოებით რამდენ წუთში გაჩვენათ პირადობის მოწმობა თქვენი მოთხოვნიდან? მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პოლიციის თანამშრომლები იყავით?
მოწმე თორნიკე წაქაძე: დრო არ მახსოვს ზუსტად… ალბათ, 15 წუთში, 20 წუთში.
პროცესზე ბრალდების მხარეს არ ჰქონია კითხვები მოწმეების მიმართ – მათი პოზიციით, პოლიციელებს დასჭირდათ „გარკვეული დრო” პირის იდენტიფიცირებისათვის და პოლიციის თანამშრომლებმა „მათი ძალისხმევის შედეგად, ფაქტობრივად, თხოვნა-მუდარისა და დარწმუნების შემდეგ მოიპოვეს პირადობის მოწმობა და მოახდინეს პირის იდენტიფიკაცია”.
„ამასთან, მოგახსენებთ, ბატონო მოსამართლე, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. ჩვენ ნამდვილად ვთანხმდებით იმაზე, რომ თავხედს რომ გეძახის ადამიანი, ამას გამოხატვის თავისუფლებაში ვერ გავიყვანთ და პირადი შეურაცხყოფაა”, – განაცხადა ბრალდების მხარემ.
მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო, ლუკა კინწურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და პოლიციელებისთვის „თავხედის” წოდების გამო სიტყვიერი შენიშვნა მისცა. ამასთან, მან განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტი არ მომხდარა, შესაბამისად, ამ ნაწილში ლუკა გამართლდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ლუკამ პოლიციელებს თავისი პირადობა წარუდგინა, მისი იდენტიფიკაციისთვის დაკავების საფუძველი აღარ არსებობდა. მოსამართლის თქმით, სამართალდამცავებს დაკავების უფლება კანონის შესაბამისად მაშინ ექნებოდათ, თუ ის პირადობას საერთოდ არ წარუდგენდა ან წარუდგენდა, მაგრამ არ მისცემდა ჩახედვის შესაძლებლობას.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აღნიშნა ისიც, რომ ლუკა კინწურაშვილს ჰქონდა არა მხოლოდ კითხვის დასმის უფლება, თუ რატომ ახდენდნენ მის იდენტიფიცირებას, არამედ ვიდეოგადაღებისა და კომუნიკაციის სრულად აღბეჭდვის უფლებაც.
„აქვს თუ არა კითხვის უფლება მხარეს? აქვს, რა თქმა უნდა. რატომ მაჩერებთ, რატომ ახდენთ ჩემს იდენტიფიცირებას? – მეც ვკითხავ ამას, ყველა ჰკითხავს ამას. აქვს თუ არა გადაღების უფლება? აქვს. ყველას აქვს უფლება გადაიღოს, იმიტომ, რომ პოლიციის საქმიანობა არ არის ფარული”.