რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების სისტემა და როგორ გვეხმარება სტიქიასთან ბრძოლაში

პუბლიკა

შოვში მომხდარი სტიქიიდან მეექვსე დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას ემსხვერპლა 21 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 12 დაკარგულს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასებით, ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექებს წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებსა და ღვარცოფს.

ადრეული გაფრთხილების სისტემა, როგორც მოსალოდნელი სტიქიის პროგნოზის ინსტრუმენტი, ბუბისწყლის ხეობაში არ არსებობდა. მომხდარის ფონზე სულ უფრო გააქტიურდა მსჯელობა რისკის შემცველ ზონებში ადრეული გაფრთხილების სისტემების არსებობის საჭიროებაზე, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებულ სავალალო შედეგებს მეტად დააზღვევს.

რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების სისტემა? როგორ მუშაობს ის? რა გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ ქვეყანაში? სამომავლოდ რა გეგმები აქვს ქვეყანას მის გამართვასთან დაკავშირებით რისკის შემცველ ხეობებში?

ჰიდროლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ლაშა სუხიშვილი განმარტავს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა კომპლექსური ინფრასტრუქტურაა, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, როგორც შესაბამისი აპარატურის გამართვას, ისეთის, როგორიცაა სენსორების მონტაჟი, მეტეოსადგური, ჰიდროლოგიური სადგური, მიწისქვეშა წყლების ბრუნვის მონიტორინგის სადგურები და ა.შ., მეორე მხრივ, ითვალისწინებს ხეობის ძალიან დეტალურ შესწავლას, საველე-ლაბორატორიული კვლევების ერთობლიობას ისეთი ინფორმაციის დამუშავებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ხეობაში ფერდების მდგომარეობა, ნიადაგის მდგომარეობა და ა.შ.

„როცა ხელთ გვაქვს ეს პირველი ნაწილი – საველე კვლევები და მეორე ნაწილი – აპარატურის მონაცემები, შემდეგ უკვე რეალურ დროში მონიტორინგის ფარგლებში განისაზღვრება ხოლმე ხომ არ უახლოვდება არსებული პარამეტრები რაიმე კრიტიკულ ზღვარს.

მაგალითად, წვიმის დროს, ხომ არ უახლოვდება ამ ხეობის პარამეტრები რაიმე კრიტიკულ ზღვარს, თუ უახლოვდება ამ დროს გაიცემა ხოლმე გაფრთხილება, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და ამ ზონის ქვედა ნაწილში მიიღება შესაბამისი ზომები – იქნება ეს ევაკუაცია, მოსახლეობის გაფრთხილება თუ სხვა“.

სუხიშვილი განმარტავს, რომ პროგნოზი არ არის 100%-იანი და შესაძლოა არ გაამართლოს, „ამიტომ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ხშირად ცრუ განგაში არ იყოს გაცემული“. მისივე თქმით, ადრეული გაფრთხილების სისტემა მხოლოდ გარემოს კვლევისა და მონიტორინგის სენსირებით არ შემოიფარგლება, მასში ჩართულია სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებიც – ადგილობრივი თვითმმართველობა, სამაშველო სამსახური, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ და ამ კოორდინირებული მუშაობის შედეგია საბოლოო ჯამში რისკების დაზღვევა.

ლაშა სუხიშვილი განმარტავს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის განთავსებისთვის შესაბამისი ადგილების შერჩევა პირველ რიგში განპირობებულია რისკის შეფასებით – მეწყრის წარმოქმნის შემთხვევაში რამდენად დიდია საფრთხე მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის და ა.შ. ის ამბობს, რომ ბევრი კრიტერიუმის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება და პრიორიტეტული არჩევანის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ ხეობაზე.

თუ რამდენი ხნით ადრე აგზავნის სიგნალს ადრეული გაფრთხილების სისტემა კონკრეტულ ხეობებში, ინდივიდუალური დათვლის საკითხია. როგორც სუხიშვილი განმარტავს, სასიგნალო სისტემა სტიქიის შემდეგ აფიქსირებს რეალურ დროში განგაშის შეტყობინებას. ის განმარტავს, რომ სტიქიის მოხდენის შემდეგაც მნიშვნელოვანია სიგნალის დაფიქსირება, რადგან სანამ საფრთხე მოსახლეობამდე მიაღწევს, ევაკუაციისთვის მოსახლეობას რამდენიმე წუთი ან საათი შეიძლება ჰქონდეს. წინასწარი მოდელირების მეშვეობით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, სად არის საევაკუაციო გზები და სად ნახოს თავშესაფარი.

შეიცვლებოდა თუ არა რამე შედეგების თვალსაზრისით, ბუბისწყლის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ყოფილიყო? როგორც სუხიშვილი განმარტავს, ვინაიდან ადრეული შეტყობინების სისტემა პროგნოზის გასაკეთებელი ინსტრუმენტია, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა 100%-ით ვერ გაამართლოს. თუმცა, როცა გაქვს პროგნოზი, მეტად ინფორმირებული ხარ შესაძლო საფრთხეებზე.

ამალი-დევდორაკის ხეობა – პირველი ხეობა, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა

2016 წელს ამალი-დევდორაკის ხეობა იყო პირველი ხეობა, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა.

როგორც მაშინდელმა გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თამარ ბაგრატიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა, ეს იყო ყველაზე მაღალი რისკის ზონა, სადაც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მომხდარა მძლავრი სტიქიური პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არამხოლოდ მყინვარის დაშლას, არამედ ღვარცოფული მოვლენების განვითარებასაც.

„ადრეული შეტყობინების სიგნალი მოვა არამარტო გარემოს ეროვნულ სააგენტოში, არამედ პარალელურ რეჟიმში მივა სასაზღვრო პოლიციაში, ასევე მივა პატრულთან. ეს კომუნიკაცია ისეა აწყობილი, რომ არცერთი ინსტიტუცია, პასუხისმგებელი პირი, დროს არ დაკარგავს იმისათვის, რომ შემდეგ სამინისტროსთან მიდიოდეს კომუნიკაცია, ეს ყველაფერი მივა პარალელურ რეჟიმში.

უკვე შემუშავებულია ევაკუაციის გეგმა, სპეციალური ადგილებია შერჩეული, სადაც უნდა გადაიყვანონ ის ადამიანები, რომლებიც ამ რისკის ზონაში იმყოფებიან. ასევე გადაიკეტება შესასვლელი გზები რისკის ზონაში. გამაფრთხილებელი შეტყობინების მიღებისთვის დაახლოებით საუბარია 7 წუთზე, ეს აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს ევაკუაციის ამ გეგმის განსახორციელებლად“, – განმარტა მაშინ ბაგრატიამ.

2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამა წარადგინა და ოფიციალურად გახსნა პროქტი, რომელიც მიზნად ისახავდა „ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რათა უკეთ შეგვძლებოდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება“.

„ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა. კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას. შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი მოვლენებით, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის, მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი“, – განაცხადა მაშინ ბახტაძემ.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენდა და პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებული იყო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი – 27 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობის წვლილი – 38 მილიონი აშშ დოლარი და შვეიცარიის მთავრობის გრანტი – 5 მილიონი აშშ დოლარი.

რა გეგმა აქვს მთავრობას ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით

პარტია „ქართული ოცნების“ 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პრიორიტეტულ საქმიანობებს შეეხება, ნათქვამია, რომ „სტიქიურად აქტიურ ყველა ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა”.

სტიქიის შემდგომ, 7 აგვისტოს, გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს წინ უნდა უძღოდეს ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟი.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა და „ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი“. მისივე თქმით,  მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომლებიც საფრთხის შემცველი ტერიტორიების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვცემენ.

„ეს პროცესი თანმიმდევრულია. ანუ, მონიტორინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა ექსპერტებს უნდა მისცეს ანალიზის საშუალება, სად არის მიზანშეწონილი  შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება – სადღაც ეს შეიძლება იყოს ეფექტური, სადღაც შეიძლება არ იყოს, დროისა და მონაკვეთის სიმცირის გათვალისწინებით.

ამიტომ  ეს პროცესი ჩვენმა ხელისუფლებამ დავიწყეთ ძალიან აქტიურად და ძალიან მალე, ვფიქრობ, უკვე მთელი ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის ქსელით. გვექნება სრული ინფორმაცია და უკვე ექსპერტების შეფასების შესაბამისად პირველ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი განხორციელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობას, მინისტრის თქმით, ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, შესაბამისად, ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში იქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები, ვინაიდან ერთ-ერთი კრიტერიუმის შესაბამისად, 100 წლის განმავლობაში ამ მდინარეზე არ ფიქსირდებოდა რაიმე ღვარცოფული  ან კატასტროფული მოვლენა.