რას ჰყვებიან დირექტორები მათ სკოლებში მიმდინარე სპეცპროექტების შესახებ

პუბლიკა

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დირექტორები რამდენიმე თვის წინ გამოვლინდნენ.

კონკურსის გამარჯვებულმა სამმა დირექტორმა თავიანთ სკოლებში სპეცპროექტების განსახორციელებლად მცირე დაფინანსება მიიღეს.

რეგიონებში მდებარე სამ სხვადასხვა საჯარო სკოლაში აღნიშნული პროექტების რეალიზება უკვე დაიწყეს. როგორც დირექტორები ამბობენ, ამ პროექტების მთავარი ღირებულება და მნიშვნელობა ისაა, რომ ისინი მიმართულია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ; სასკოლო საზოგადოებაში იმგვარი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლებს დაეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და საინტერესო გახდეს.

კონკურსის გრანპრის მფლობელი ქალაქ საჩხერის, ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ლიკა გომართელი გახდა.

პროექტი, რომელიც მათ სკოლაში ხორციელდება, მიზნად ისახავს სკოლაში STEM განათლების ჰაბის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით კლუბურ მუშაობას, არაფორმალური განათლების გაძლიერებას, მასწავლებლების გადამზადებასა და მოსწავლეებისთვის პროექტის შემაჯამებელი კონკურსების გამოცხადებას.

ლიკა გომართელი ამბობს, რომ სკოლამ უკვე შეიძინა საბუნებისმეტყველო მიმართულებების რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია, რომელსაც სკოლაში აქტიურად იყენებენ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.

სკოლაში კლუბური მუშაობა, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, ყველა საფეხურის მოსწავლისთვისაა ხელმისაწვდომი. კლუბურ საქმიანობას სკოლის 4 პედაგოგი ხელმძღვანელობს.

ლიკა გომართელი ამბობს, რომ კლუბები სწორედ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.

„წინასწარ გვქონდა კვლევა ჩატარებული. სანამ გრანტის დახარჯვას დავიწყებდით, გამოვიკვლიეთ მოსწავლეების ინტერესი. სკოლის მისიაში გვიწერია STEM მიმართულებების გაძლიერება ჩვენი სასკოლო განათლების ერთ-ერთ მიზნად. ამასთანავე, ვინაიდან მოსწავლეთა დიდი ინტერესი იყო საბაზო-საშუალო საფეხურზე, გადავწყვიტეთ სკოლაში STEM მიმართულებით მუშაობის გაძლიერება“, – ამბობს ლიკა გომართელი და ჰყვება რომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლაში STEM მიმართულების საგნებზე მოსწავლეების ინტერესი. რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები მოსწავლეებს ეხმარება, უშუალოდ დააკვირდნენ ქიმიურ ცდებს. კლუბის ჩამოყალიბებიდან დღემდე მასში გაწევრების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

როგორც ლიკა გომართელი ფიქრობს, პროექტი იმგვარ კომპეტენციებსა და უნარებს ავითარებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლა-სწავლების ხარისხს. მეორე მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს STEM  საგნების ხარისხიანად სწავლების მნიშვნელობაზე და მიიჩნევს, რომ მოსწავლეების საფუძვლიანი ზოგადი განათლება ამ მიმართულებით ღირებული გამოცდილება და ცოდნა იქნება მათთვის სკოლის დასრულების შემდგომ სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გასაგრძელებლად.

„ის, რაც სკოლაში ჩამოვაყალიბეთ – STEM აკადემია ზუსტად ამას ემსახურება, რომ მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ კვლევითი პროექტებით, ინჟინერიით, ტექნოლოგიებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით – ქიმია-ფიზიკა, ბიოლოგიით, რადგან ჩვენ ამაში ვხედავთ  მომავალს.“

კონკურსში სპეციალური პრიზი მიიღო გელა მაჭარაშვილმა – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა.

სკოლაში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით – „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“.

„ახლა საშუალება გვეძლევა, ამ პროექტის თანხით, ჩვენი სასკოლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება უკეთესად რეალიზდეს და კიდევ უფრო განმტკიცდეს. ჩვენ გვქონდა პროექტის ელემენტების დანერგვის გამოცდილება. ეს არის ქართულ-გერმანული გამოცდილება; ეს არის პირველ რიგში მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის პრაქტიკის განვითარება და მისი მიზანია ბავშვებში სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა. შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სააზროვნო უნარების განვითარებას – ეს არის პროექტის მთავარი მიზანი.“ – ამბობს გელა მაჭარაშვილი და განმარტავს, რომ ამგვარი მიდგომის მიხედვით, თითოეული მოსწავლე მიიჩნევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ, ანუ როგორც აკადემიურად ჩამორჩენილი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე განიხილება, როგორც ინდივიდუალური საჭიროებების მქონე, რაც ნიშნავს, რომ სკოლის პედაგოგები ითვალისწინებენ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიზნად ისახავენ მათ მხარდაჭერას, რათა მოსწავლემ აღმოაჩინოს თავისი თავი და ამ აღმოჩენის გზაზე დაეხმაროს პედაგოგი, ე.წ. ქოუჩი. ამ მიზნით სკოლაში პედაგოგები უკვე გადაამზადეს. მისივე განმარტებით, ამგვარი „ქოუჩინგი“ ხორციელდება დაწყებითი საფეხურიდან მე-9 კლასის ჩათვლით და მომავალში უფრო მაღალ კლასებშიც დაინერგება.

პროექტის აღწერისას გელა მაჭარაშვილი რამდენიმე ამოცანაზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა მოსწავლეებში სოციალური და სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების მიზნით სკოლაში შრომითი და პროფესიული საქმიანობის ელემენტების დანერგვა.

„ეს ელემენტები სკოლაში ადრეულ ეტაპზეც გვქონდა. ახლა საშუალება მოგვეცა და პროექტის დაფინანსებით უკვე წინა თვეში შევიძინეთ მცირე მექანიზაცია – ტრაქტორები, მათი აგრეგატები, მისაბმელები, კულტივატორების აგრეგატები, სათიბი, სახნავი მოწყობილობა.  სკოლას აქვს ნაკვეთი სამეურნეო საქმიანობისათვის და ვაპირებთ, მოვაწყოთ მცირე მეურნეობა, რათა ჩვენს მოსწავლეებს განუვითარდეთ უნარ-ჩვევები, რომლებიც დაკავშირებულია ასევე სასკოლო უნარ-ჩვევებთან, მიბმულია სხვადასხვა აკადემიურ საქმიანობასთან. მაგალითად, მოსწავლე ანგარიშობს და სწავლობს, როგორ დათვალოს ბიუჯეტი, რა თანხა სჭირდება კონკრეტული რაოდენობის სიმინდის, ლობიოს მოსაყვანად. ანგარიშობს შესაძლო მოგება-ზარალს და ა.შ.“, – ამბობს გელა მაჭარაშვილი და განმარტავს, რომ სამუშაოებში მოსწავლეები გაზაფხულზევე ჩაებმებიან, ზაფხულში კი შრომის სემესტრი ექნებათ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი უახლოესი გეგმა ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის მოწყობაა, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლეებში ლიტერატურის სიყვარული წაახალისოს.

„ეს პროექტი არის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და არ ამოიწურება იმით, რომ მატერიალური კუთხით რაღაც შევიძინეთ. ამ პროექტის მთავარი მიზანი სკოლის თვითშეფასების განვითარებისკენაა მიმართული. ჩვენთან ინერგება პრინციპები, მიდგომები, რომლებიც გვასწავლის თვითშეფასებას, რომ შემდგომში შესაბამისად განვვითარდეთ. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, კეთდებოდა და კეთდება კვლევების საფუძველზე და ხელს უწყობს მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას.“

„მომავლის სკოლა“  – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარცხანაყანევის, მამია ფანცულაიას სახელობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ვარდენ ნიქაბაძე თავის სკოლაში ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური კლუბის შექმნას, რაც გულისხმობს სკოლის შესაფერის ტექნოლოგიურ აღჭურვასაც. ამ ეტაპზე უსადენო ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სკოლის მთელ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ვარდენ ნიქაბაძე ჰყვება, რომ ამ ეტაპზე სკოლამ უკვე შეიძინა ორი ინტერაქტიული დაფა, რომელსაც მასწავლებლები აქტიურად იყენებენ სასწავლო მიზნებისთვის.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სკოლას საჩუქრად გადასცა დრონები, რამაც საშუალება მისცა მათ, სკოლაში ჩამოეყალიბებინათ საინჟინრო კლუბი, რომლის წევრი მოსწავლეები შაბათობით ღია სივრცეში იკრიბებიან და დრონების მეშვეობით საინჟინრო პროგრამირების საფუძვლებს სწავლობენ.

„პარალელურად შეხვედრები გვაქვს დისტანციურად, რომლის დროსაც თეორიულ ნაწილს ვსწავლობთ. მე უშუალოდ ვარ ჩართული კლუბის საქმიანობაში. გვეხმარება სკოლის IT პედაგოგი და, აგრეთვე, ერთ-ერთი მე-12 კლასელი, რომელიც ჩემთან ერთად უძღვება კლუბის საქმიანობას. ის დამოუკიდებლადაც მართავს შეხვედრებს მოსწავლეებთან და ასწავლის სხვადასხვა სირთულის კოდირებას.  ჯერჯერობით, ვმუშაობთ ბლოკური პროგრამირებით, ანუ ეს არის პროგრამირების შედარებით მარტივი საფეხური მოსწავლეებისთვის“, – ჰყვება ვარდენ ნიქაბაძე და ამბობს, რომ პროგრამირების ამ გზით სწავლებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისივე თქმით, კლუბში მოქმედებს პრინციპი, რომ არც ერთი მოსწავლე არ ჩამორჩეს, ამიტომ ვინც შედარებით მალე აითვისებს სასწავლო მასალას, საკითხის უკეთ გარკვევაში სხვებს ეხმარება. კლუბში ახლა 36 მოსწავლეა გაერთიანებული.

ვარდენ ნიქაბაძე ჰყვება, რომ პანდემიის გამო სკოლა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს – კვირაში 2 დღეს მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ. ამდენად, პროექტი დამატებითი შესაძლებლობა იყო სკოლისთვის, რომ ამგვარი სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო ყოფილიყო. ამის მაგალითად კი ინტერაქტიული დაფები მოაქვს, რომელთა საშუალებითაც პედაგოგები გასული სემესტრების განმავლობაში ონლაინსწავლებისას მიღებულ გამოცდილებას წარმატებით იყენებენ საკლასო ოთახებშიც მოსწავლეებთან მუშაობისას.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს მართავს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.