რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და როგორ მოხდება მაჟორიტარების არჩევა

სალომე გორგოძე

8 დეკემბერს ხალისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გახდა ცნობილი, ხელისუფლება გუნდში მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს, საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე.

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების იდეა გერმანული პრინციპების საფუძველზე შედგენილი კანონპროექტის ნაწილია, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წარუდგინა და პარლამენტშია დარეგისტრირებული.

რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და როგორ მოხდება მაჟორიტარების არჩევა?

დღესდღეობით ქვეყანაში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს: 150 დეპუტატიდან 77 პარტიული სიიდანაა არჩეული, 73 კი მაჟორიტარია. ქვეყანა დაყოფილია 73 მაჟორიტარულ ოლქად, სადაც თითოეული ირჩევს თითო მაჟორიტარ დეპუტატს.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანა დაიყოფა 10 მაჟორიტარულ ოლქად. მათ შორის 2 ექვსმანდატიან, 3 შვიდმანდატიან და 5 რვამანდატიან ოლქებად. ჯამში კი მაჟორიტარების რაოდენობა ისევ 73 იქნება. (მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან)

დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ პარტიას შეუძლია თითოეულ ოლქში მაქსიმუმ იმდენი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს, რამდენმანდატიანიც არის ოლქი (მაგალითად, ექვსმანდატიან ოლქში პარტიას შუძლია წარადგინოს მაქსიმუმ 6 კანდიდატი ან ნაკლები).

მისივე განმარტებით, ამომრჩეველს ბიულეტენზე მხოლოდ ერთი კანდიდატის ამორჩევა შეეძლება. საბოლოოდ კი საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი აირჩევა, რამდენმანდატიანიც არის ოლქი (მაგალითად, ექვსმანდატიან ოლქში შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე 6 კანდიდატი).

რით იქნება განსხვავებული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები დღეს არსებული მოდელისგან?

დავით უსუფაშვილი მეტი თვალსაჩინოებისთვის კახეთს განიხილავს, სადაც დღეს 6 ერთმანდატიანი ოლქია.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, როდესაც ერთმანდატიანი ოლქები გაერთიანდება, სადაც მაგალითად 6 მანდატი თამაშდება, პარტიას, რომელსაც ყველა მანდატის წაღებაზე აქვს პრეტენზია, წარადგენს მაქსმიმალური რაოდენობის კანდიდატებს – ამ შემთხვევაში 6 კანდიდატს. მისივე თქმით, ჯამში მიღებული ხმების რაოდენობას კი გადაანაწილებს თანაბრად, რათა მის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მეტი ხმა მიიღონ, ამით კი უზრუნველყოს მათი გამარჯვება. მაგალითისთვის მეორე პარტიამ, რომელმაც იცის, რომ პირველ პარტიასთან შედარებით ორჯერ ნაკლები ხმა აქვს ჯამურად ამ ოლქში, დაასახელებს არა მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატებს, არამედ უფრო მცირეს. მაგალითად წარადგენს 2 კანდიდატს, ჯამურად მიღებულ ხმებს კი თანაბრად გადაუნაწილებს ამ ორ კანდიდატს. შესაბამისად, საბოლოოდ, უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნული პარტიის კანდიდატები იღებენ უფრო მეტ ხმას, ვიდრე პირველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები.

(თუკი X პარტიამ ჯამურად მიიღო 10 000 ხმა, წარადგინა კანდიდატების მაქსიმალური ოდენობა, მაგალითად 6, იმიტომ, რომ სურს მაქსიმალური მაჟორიტარები გაიყვანოს, უსუფაშვილი ამბობს, რომ მოუწევს მიღებული ხმები თანაბრად გადაანაწილოს თავის კანდიდატებზე. ამ შემთხვევაში თითოეულს ხვდება დაახლოებით 1 666 ხმა. პარტია Y, რომელსაც ჯამში 5 000 ხმა აქვს და წარადგინა კანდიდატების შედარებით მცირე რაოდენობა, მაგალითად 2,  ამ ხმებს თანაბრად უნაწილებს ამ ორ კანდიდატს, თითოეულს ხვდება 2 500 ხმა.)

უსუფაშვილს მეტი თვალსაჩინოებისთვის მაგალითად 2016 წლის არჩევნები მოჰყავს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ 73 ოლქიდან 71 მანდატი მიიღო.

„მაგალითად, კახეთის 6-მანდატიან ოლქში „ოცნებამ“ რომ ისევ ყველა მანდატი წაიღოს, შეთავაზებული მოდელის მიხედვით იძულებულია, კახეთში აღებული ხმების ჯამი გაყოს წარგენილი კანდიდატების რაოდენობაზე. მე, ვისაც არ მინდა კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა წარვადგინო, მაკმაყოფილებს 1 ან 2 კანდიდატი და მთელი ჩვენი ხმები ამ 1 ან 2 ადამიანთან მივა. ასე მეტი შანსი აქვს მიღებული ხმების რაოდენობით უფრო წინ აღმოჩნდეს ჩემი კანდიდატი, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატი.

ანუ ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მეტი მანდატი უნდა, იძულებულია მეტი კანდიდატიც დაასახელოს. შესაბამისად მიღებული ხმებიც მათზე უნდა გადაანაწილოს. მე ცოტა კანდიდატის დასახელებით ჩემი მხარდამჭერების ხმების კონსოლიდირებას ვახდენ ამ 1 ან 2 კანდიდატის გარშემო. გამარჯვებული კი ისაა, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. რამდენმანდატიანიც არის ოლქი, იმდენი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გავა“,- განმარტავს უსუფაშვილი

*********

გუშინ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრისას „ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან. საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე“ და ამიტომ საჭიროა გუნდში კონსულტაციის გავლა. მისივე თქმით, დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება მომდევნო შეხვედრა, სადაც გუნდს ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დავით უსუფაშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტავს, რომ ეს არ არის ახალი იდეა და აღნიშნული მოდელი  ოპოზიციის მიერ გერმანული პრინციპების საფუძველზე შედგენილი კანონპროექტის ნაწილია.

„როცა ჩვენ ადაპტირებულ მოდელზე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით გერმანული მოდელის პროპორციულ ნაწილზეც და მაჟორიტარულ ნაწილზეც, სადაც ჩვენ შევთავაზეთ სწორედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების იდეა. ეს პარლამენტში დარეგისტრირებულია და ყველამ ყველაფერი იცის. ვინაიდან ხელისუფლება არანაირ სისტემაზე არსობრივ საუბარში არ შემოდიოდა და ამბობდა რომ არაკონსტიტუციურია ჩვენი წინადადება, მაშინ დაისვა კითხვა საერთაშორისო წრეებიდან, რომ ამ ტექსტში ხომ არის საუბარი პროპორციულზეც და მაჟორიტარულზეც, მაჟორიტარულზე რას იტყვით? მაჟორიტარულზე ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის დროს ითქვა ხელისუფლების მხრიდან, რომ პრობლემას ვერ ხედავენ. მერე საკითხი ასე დაისვა – თუ პროექტში ორი კომპონენტია და ერთ კომპონენტზე მზად ხართ საუბრისთვის, მაშინ ვისაუბროთ ამაზე. გუშინდელი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ ითხოვა დრო ჩამოყალიბებისთვის“,- განმარტავს უსუფაშვილი.

დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობას პარტია მომდევნო დღეებში გააგრძელებს და სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე  „გარკვეული გადაწყვეტილების კონტურები“ გამოჩნდება.