საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მქონე უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%) – „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ერთწლიანი მედიამონიტორინგის მიგნებები აჩვენებს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირება სისტემური პრობლემაა.
როგორც ეკატერინე ბასილაია, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, კვლევის მიგნებები ცალსახად მიუთითებს შესაბამისი უწყებების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე.
„ამგვარად ხდება მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის – მაკონტროლებელი ფუნქციის შეზღუდვა. უფრო მეტიც, ხდება ყველა იმ მექანიზმების ხელყოფა, რომლებიც საშუალებას აძლევს როგორც მოქალაქეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს დასვან შეკითხვები მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მისამართით. ცალსახად ხდება ხელყოფა მედიის მნიშვნელოვანი ფუნქციისა, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება“,- ამბობს ეკატერინე ბასილაია.
სამთავრობო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ცენტრის მიერ 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა.
ამასთან, ამ პერიოდში მოხდა ერთი მხრივ მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება; მეორე მხრივ საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი.
მონიტორინგის განმავლობაში ცენტრმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა.
ამ პერიოდში პროექტში საჯარო დაწესებულებებსა და სამთავრობო უწყებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863 წერილი შეგროვდა და დამუშავდა.
როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, წერილების საერთო რაოდენობიდან 1099 წერილზე ჟურნალისტებმა პასუხი მიიღეს, თუმცა თითქმის ერთი მესამედი, 341 (31%) – კანონით დადგენილი ვადების დარღვევით. რაც კვლევის ავტორთა შეფასებით, ნათლად მიანიშნებს მმართველობითი ინსტიტუტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხელშეწყობის დაბალ ხარისხზე.
როგორც ეკატერინე ბასილაია განმარტავს, მედიის მუშაობისას მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ისიც, რომ დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში კარგავს რელევანტურობას.
„გამოდის, რომ დაკარგულია ის თემები, რომლებთან დაკავშირებითაც მედიას კრიტიკული შეკითხვები ჰქონდა, ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მიიღო ან ნაწილობრივ მიიღო. შედეგად, ის თემები, რომელთა შესახებაც მედიას სურდა ემუშავა, შეესრულებინა მაკონტროლებლის ფუნქცია, ყოფილიყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი, მედიამ ეს ფუნქცია ვერ შეასრულა“.
საინტერესოა თავად თემატიკა, თუ რა შინაარსის შეკითხვებზე ხდებოდა ინფორმაციის გამოთხოვა.
კვლევის თანახმად, საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი – 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე.
მეორე თემა, რომელიც დომინირებდა – მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა და საერთო მონაცემების 20%-ს შეადგენდა. უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.
ეკატერინე ბასილაია ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობაზე.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა არის არჩევნების წინა პერიოდი და გვაქვს ასეთი კრიტიკული სურათი, როცა საზოგადოებისთვის ამდენად მნიშვნელოვან თემატიკაზე უბრალოდ ვერ მომზადდა ჟურნალისტური მასალა, იმიტომ, რომ მედიამ ვერ მიიღო საჯარო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.
ამგვარი დამოკიდებულებით უგულებელყოფილია დემოკრატიულ სახელმწიფოში ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი – ხელისუფლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მედიის მხრიდან მოქალაქეების ინფორმირება.“
საგულისხმოა, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მიღების წესს, ადმინისტრაციულ უწყებების ვალდებულებაა, უზრუნველყონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დროული და ჯეროვანი მიწოდება.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მთლიანობაში ცენტრალური და ადგილობრივი უწყებები ინსტიტუტებში შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცა სრულყოფილი პასუხი.
ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე პასუხობენ დაგვიანებით.
ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს (19%); ადგილობრივ უწყებებში უპასუხოდ რჩება მოთხოვნათა 38%, ხოლო ვადაგადაცილებით ბრუნდება – 20%; ადგილობრივი უწყებების მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილი პასუხი 28%-ს გაეცა.
როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნები ხაზს უსვამს გადაუდებელ აუცილებლობას, გაუმჯობესდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ, მედიისა და მოქალაქეების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ინფორმაციის არმიწოდება სერიოზული შეშფოთების საფუძველია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით.
ვინაიდან, მათი შეფასებით, ანგარიშვალდებულების პრინციპის უგულებელყოფა ზღუდავს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების შესაძლებლობას, აკონტროლონ ხელისუფლების საქმიანობა.
უფრო მეტიც, „გამჭვირვალობის ნაკლებობამ შეიძლება შექმნას ნოყიერი ნიადაგი კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.“ ყოველივე ეს კი ერთი მხრივ არღვევს კანონმდებლობას, ასევე მოქალაქეთა და მედიის უფლებებს; მეორე მხრივ კი აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.