რეაბილიტაციის დასრულებამდე ხელოვნების მუზეუმიდან ოქროს ფონდის ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ნულ სართულზე გადაიტანეს. ეს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას რამდენიმე კვირის წინ ამცნო.
ოქროს ფონდის ნაწილის ევაკუაცია ზუსტად იმ გეგმით განხორციელდა, რომელიც სამინისტროში ჯერ კიდევ თეა წულუკიანის მისვლამდე არსებობდა, ეს ის გეგმაა, რომელიც ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძისა და მასთან ერთად გათავისუფლებული სხვა თანამშრომლების მონაწილეობით შემუშავდა. როგორც აღმოჩნდა, ოქროს ფონდის ევაკუაციის შესახებ მათ მიერ შემუშავებული გეგმა უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზა იყო.
ხელოვნების მუზეუმიდან ფონდების გატანის დაწყების შემდეგ გამოჩნდა, რომ ახალმა მენეჯმენტმა ძველი გეგმიდან გაითვალისწინა რიგი საკითხები და პრიორიტეტული კოლექციიდან, ოქროს ფონდის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადაიტანა, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს დანარჩენი კოლექციების ბედის გამო.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსის ფოტოები გაავრცელა, სადაც ხელოვნების მუზეუმის ახალი ადმინისტრაცია კოლექციების ნაწილის გადატანას გეგმავს. საუბარია ქურთიშვილის პროექტით აშენებულ ექვსსართულიან კორპუსზე.
ფოტოებზე ნესტიანი და ლაქებიანი კედლები ჩანს. აქა-იქ ბათქაშია ჩამოცვენილი. ამ შენობაში კოსმეტიკური რემონტი წულუკიანის უწყებამ ახლახანს დაასრულა – კიკნაძე და სხვა სპეციალისტები საგანგაშოდ აფასებენ მუზეუმის გადაწყვეტილებას და ექსპონატების ამ შენობაში გადატანას ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ შენობას სჭირდება საფუძვლიანი რეაბილიტაცია, სხვა შემთხვევაში კედლები კვლავ დანესტიანდება და ექსპონატებიც დაზიანდება.
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ამბობს, რომ დღეს პროცესი მიდის მცდარი გზით, როცა ქურთიშვილის შენობის ნაწილ-ნაწილ გარემონტება იგეგმება. მათი გეგმის მიხედვით კი, რეაბილიტაციისთვის ქურთიშვილისა და ისტორიული შენობის აბსოლუტურად დაცლა იყო დაგეგმილი.
როგორი იყო გეგმა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ყველაზე მდიდარია კოლექციებით, ოქროს ფონდის გარდა, მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური ექსპონატები, ქართული და ევროპული მხატვრობის ნიმუშები, მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები, ქვისა და ხის ფონდი, გრაფიკის ფონდი, ფოტოანაბეჭდებისა და ნეგატივების ფონდი, აღმოსავლეთ ქვეყნების ხელოვნების ფონდი, არქიტექტურული ნახაზები, ნაქარგობა და ა.შ.
ხელოვნების მუზეუმის შენობა შედგება 3 კორპუსისგან. მათგან ყველაზე ძველი და მთავარი შენობა პუშკინის სკვერშია (N1 შენობა). ის მეცენატ იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით აშენდა. 1840 წლიდან კი მოქმედებდა, როგორც სასულიერო სემინარია.
მუზეუმის მეორე კორპუსი – ეს არის 1980-იან წლებში აშენებული ნაგებობა.
ხოლო მესამე კორპუსი – ახალი სივრცეა. ამ კორპუსში, მუზეუმის ძველი შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ეროვნული მუზეუმის ძველი გუნდი კოლექციების ნაწილის გადატანას გეგმავდა. ექსპონატების განსათავსებლად მომზადებული იყო 3500 კვ.მ ფართი.
ხელოვნების მუზეუმის III კორპუსი – ეროვნული მუზეუმის ძველი გუნდის მიერ მომზადებული ახალი სივრცე კოლექციების დროებით განსათავსებლად
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ამბობს, რომ დღეს პროცესი მიდის მცდარი გზით, რადგან ქურთიშვილის შენობის ნაწილ-ნაწილ გარემონტება იგეგმება. ძველი გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციოდ დაგეგმილი იყო ქურთიშვილისა და ისტორიული შენობის აბსოლუტურად დაცლა.
„ორივე შენობის სრულფასოვანი რეაბილიტაციით შემდეგი 50 წლის განმავლობაში ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მხოლოდ მისი კოსმეტიკური რემონტი მოუწევთ“, – თქვა მან.
თუმცა, ახლა ცხადი გახდა, რომ შენობის ნაწილ-ნაწილ გარემონტება შედეგის მომტანი არაა და 1 წლის ჩატარებული კოსმეტიკური რემონტი უკვე დაზიანდა, რასაც გავრცელებული ფოტოები ადასტურებს.
„მათი გეგმა გულისხმობს, ქურთიშვილის შენობაში (მეორე კორპუსი) ერთი დარბაზიდან მეორეში კოლექციების გადატანას, დაცლილი დარბაზის გარემონტებას და ა.შ. ამ კონცეფციას ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ეს მოიტანდა იმას, რაც მანამდე ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში, როცა ასე ნაწილ-ნაწილ კედლებს ღებავდნენ და ერთიანი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
„1973 წელს შალვა ამირანაშვილი წერდა, რომ შენობა (პირველი კორპუსი) არის ავარიული და სთხოვდა ედუარდ შევარდნაძეს, რომ გამოეყოთ თანხა ამირანაშვილის მუზეუმის სრულფასოვანი რემონტისთვის. ამდენი წლის პრობლემის მოგვარება კოსმეტიკური რემონტით არ ხდება. ამიტომ წავედით ჩვენ ყველაზე რთული და ყველაზე გრძელვადიანი შედეგის მომტანი გეგმით. რაც გულისხმობდა ამ ორი შენობის (ქურთიშვილისა და მთავარი, ისტორიული შენობის) აბსოლუტურად დაცლასა და მათ სრულ რეაბილიტაციას“, – თქვა ეკა კიკნაძემ.
კიკნაძის განცხადებით, ქურთიშვილის შენობაზე (N2 კორპუსი) ჩატარებული კონსტრუქციული კვლევის მიხედვით, მასში გამოყენებულია სილიკატური აგური და ამ შენობაში კოსმეტიკური რემონტის ჩატარება სწორი არაა.
„ცხადია, რომ ოქროს ფონდის გარდა, (რომელიც ჯანაშიაში გადაიტანეს) ხელოვნების მუზეუმის დანარჩენი კოლექციები საფრთხეშია. როგორც ცნობილია, ქაღალდის კოლექციები სწორედ მეორე კორპუსში უნდა გადაიტანონ, სადაც ორი სართული უკვე გარემონტდა და დაზიანებაც მოასწრო. მკითხველი რომ დაფიქრდეს – სადაც ადმინისტრაციამ ასე გადაჭრა იმ 2 სართულის მომზადების ამოცანა, როგორ გადაჭრის 2 უზარმაზარი შენობის რეაბილიტაციის ამოცანას?
ჩვენი, ამ სფეროს წარმომადგენლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ მივაწვდინოთ ხმა წულუკიანს კი არა (იმიტომ, რომ ამას აზრი არ აქვს), საქართველოს მთავრობას, რომ ამ საკითხით სპეციალურად დაინტერესდნენ“, – თქვა მან.
ფოტოების გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „მთავარი“ დაუკავშირდა გია მარსაგიშვილს, რომელიც ახლა ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, ახალბედაშვილის მოადგილეა. მარსაგიშვილის თქმით, მუზეუმის მეორე კორპუსის ნულ სართულზე წყალი, სავარაუდოდ, ქუჩიდან ჩავიდა, სადაც მცენარეების დასარგავად ორმოები გაითხარა.
„ქუჩაში მცენარეების დასარგავად ორმოებია გათხრილი და რემონტის დროს ერთ-ერთი ორმოდან წყალი იქიდან ჩავიდა. კი, ეს რემონტის დროს მოხდა. სხვას ვერ გეტყვით. შეიძლება ქვის ფონდი და ნახაზების ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა გადავიდეს იქ. ძირითადად იქ თანამშრომლების სამუშაო ადგილებია“, – თქვა მარსაგიშვილმა.
სხვა განმარტება მუზეუმს გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია და არც ისაა ცნობილი, ოქროს ფონდის გარდა, სხვა კოლექციებს სად და როგორ გადაიტანენ რეაბილიტაციის პროცესში.
რა ხდებოდა ეროვნული მუზეუმის ძველი გუნდის მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმის დაწუნებამდე
როგორც „პუბლიკასთან“ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე იხსენებს, ჯანაშიას მუზეუმში ექსპონატების ევაკუაციის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გია მარსაგიშვილი იყო, რომელიც ახლა ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელის, ნიკა ახალბედაშვილის მოადგილე და ოქროს ფონდის ხელმძღვანელია. ის და მისი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა ეროვნული მუზეუმის გუნდს. როგორც კიკნაძე იხსენებს, მარსაგიშვილი მიიჩნევდა, რომ შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის კორპუსებს რეაბილიტაცია არ სჭირდებოდა, საკმარისი იყო კოსმეტიკური რემონტი. მისი აზრით, ექსპონატებს ხელოვნების მუზეუმი არ უნდა დაეტოვებინათ. კიკნაძე და ეროვნული მუზეუმის მაშინდელი ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ მარსაგიშვილის ხედვა თანხმობაში არ მოდიოდა ექსპონატების გადარჩენისა და მუზეუმის განახლების ინტერესთან.
„წელიწადზე მეტი დაიკარგა. საბოლოოდ, კიდევ კარგი, წულუკიანმა მიიღო პირველი სწორი გადაწყვეტილება და ოქროს ფონდის ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადადის. რატომ? იმიტომ, რომ უკეთესი სივრცე საქართველოში არ არსებობს. ამ სივრცეში შექმნილია შესაბამისი კლიმატური პირობები, ხოლო ოქროს ფონდის კოლექცია პრიორიტეტული კოლექციაა“, – თქვა მან.
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი მიმდინარე პროცესის გაპროტესტების შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს და ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. კიკნაძე ჯერ კიდევ მუზეუმში მუშაობდა, როდესაც ახალი გეგმა მოითხოვა.
ახალი გეგმის მიხედვით, ფოტოანაბეჭდებისა და ნეგატივების ფონდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა გადატანილიყო, რამაც პარადოქსული სიტუაცია შექმნა. ბიბლიოთეკა არც ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია და მით უმეტესს არც ხელოვნების მუზეუმის ნაწილია. ეროვნული მუზეუმის ძველი გეგმის მიხედვით, ექსპონატები მხოლოდ ეროვნული მუზეუმის საკუთრებაში არსებულ შენობებში უნდა გადანაწილებულიყო და არა სხვა უწყებაში/ინსტიტუტში. ფოტოანაბეჭდებისა და ნეგატივების ფონდის ხელმძღვანელი შალვა ლეჟავა თავიდანვე შეეწინააღმდეგა ახალი მენეჯმენტის გეგმას, რომ აღნიშნული ფონდის ექსპონატები ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადატანილიყო. 5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მუზეუმის ხელმძღვანელმა ახალბედაშვილმა ლეჟავა მუზეუმიდან გაათავისუფლა.
აქცია მუზეუმთან
ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია 1 ივნისს დაიწყო, რასაც „ანჩისხატის დაცვის საზოგადოების“ მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ეს არის ჯგუფი, რომლის წევრებიც წლებია ხელოვნების მუზეუმთან მორიგეობით დგანან და იქ სამლოცველო აქვთ მოწყობილი. ამ ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ ანჩისხატი და სხვა ხატები საპატრიარქოს გადაეცეს.
პროტესტი გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში. ადგილზე იმყოფებოდა ნინო მიქიაშვილი, რომელიც მუზეუმის საკითხებთან დაკავშირებით აქტიურობს. ის ოქროს ფონდის ჯანაშიას მუზეუმში გადატანის წინააღმდეგია და სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას უწუნებს.
მიქიაშვილი წლების განმავლობაში პერიოდულად საკუთარ facebook-გვერდზე ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას „მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებზე“, რაც არასდროს დადასტურებულა. მოითხოვდა ხელოვნების მუზეუმის გამოყოფას ეროვნული მუზეუმის გაერთიანებიდან. აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მიქიაშვილი თეა წულუკიანთან ერთად შეხვედრებსა და ღონისძიებებზეც ჩნდებოდა.
„ეს არის მორწმუნეთა ჯგუფი, რომელთა ნაწილსაც დარწმუნებული ვარ სჯერა, რომ ანჩისხატის ტაძარში გადასვლის შემდეგ იბერია გაბრწყინდება. თუმცა, მათი ნაწილი არის გარკვეული ინტერესების მატარებელი. ანჩისხატი რომელიმე რელიგიური ჯგუფის საკუთრება არაა და მას რომელიმე ჯგუფის ან ადამიანის ინტერესი არ უნდა შეეხოს. ის არის ქართული კულტურის მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანი. მასზე ზრუნვა არის პრიორიტეტული. უნდა იყოს ის მუზეუმში? – დიახ! მუზეუმში ნივთის წარმოდგენა ნიშნავს ნივთის ჩვენებას, არა მარტო შინაარსობრივად, არამედ მხატვრულ ისტორიულ კონტექსტში. ანჩისხატის გვერდით წარმოდგენილი უნდა იყოს მანამდე და მის შემდეგ შექმნილი არტეფაქტები, ჩვენ ისინი გვაჩვენებენ განვითარების, ევოლუციის ხაზს“, – გვითხრა ეკა კიკნაძემ.
ოქროს ფონდის ევაკუაციის პროცესს გამოეხმაურა მინისტრი წულუკიანიც. მისი თქმით, ოქროს ფონდის გადასატანად მომზადდა ორი სივრცე და ერთ-ერთი სამინისტროს ჩამოყალიბებამდე უკვე მზად იყო, თუმცა მას „გარკვეული ინფრასტრუქტურული ცვლილებები“ დასჭირდა.
წულუკიანის ჯანაშიას მუზეუმის ნულ სართულს გულისხმობს, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში მომზადდა.
მისი თქმით, თავის დროზე მუზეუმიდან ფონდის გატანის მოწინააღმდეგე იყო ოქროს ფონდის კურატორი ელენე კავლელაშვილი და მისი ჯგუფი, რადგან მაშინ „იყო სხვა კონტექსტი, ახლა არის სხვა კონტექსტი, არ ავხსნი, თუ რას ნიშნავს ეს სხვა, ჩართეთ ოპოზიციური არხები და ნახავთ, რას ნიშნავს სხვა კონტექსტი“, – განაცხადა წულუკიანმა.
„როდესაც სხვა კონტექსტში საგანძური შედის ამ სივრცეში მასზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ, დაწყებული მინისტრიდან დასრულებული რიგითი მცველით. ეს პასუხისმგებლობები ბოლომდე გვაქვს გათავისებული. არანაირი ნიშანწყალი იმისა, რომ შეიძლება რომელიმე ექსპონატი დაზიანდეს, არ არსებობს. მათ შორის ტრანსპორტირებისას, თუ ის მოქალაქეები, რომლებიც გარეთ აპროტესტებენ, კანონმორჩილების პოზიციას აირჩევენ. უცნაურია, როცა ამბობ, რომ ექსპონატის ინტერესიდან აწყობ აქციას, როცა ექსპონატი ჩაბრძანებულია ტრანსპორტში და ამ ტრანსპორტს თავს დაესხმები და ჩაუმტვრევ შუშებს. მე მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო თქვენს გულწრფელობაში“.
მისი თქმით, ფონდის ევაკუაციას რამდენიმე თვე დასჭირდება და მისი გეგმა შეთანხმებულია საპატრიარქოსთან.