„50 წლის ასაკში ვმუშაობ იმისთვის, რომ 15-საათიანი მონური მუშაობის შემდეგ 45 ლარი გამოვიმუშაო, რომელიც მაღაზიაში ერთი შესვლისთვისაც არაა საკმარისი”.
„მივედი სტაჟირებაზე და დამლაგებლის საქმეც მე მაკეთებინეს. პირველივე დღეს თავიანთი ბინძური თაროები მახეხინეს და მაწმენდინეს”.
„ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა, დამლაგებელი, კონსულტანტი, მოლარე – ყველა ფუნქცია უნდა შეითავსო, ნორმალურად ვერ დაჯდები, სულ ფეხზე უნდა იყო. გაპროტესტების უფლება არ გაქვს. პასუხი ყველგან ერთია – „არ გინდა, წადი”.
„მეც მქონდა ერთ კომპანიაში მუშაობის „ბედნიერება” და იმ დღესვე წამოვედი. 24-საათიანი სმენის დასრულებისას მენეჯერმა რომ მითხრა – კადრი არ გვყავს და კიდევ ერთი 24-საათიანი სმენა გადააბიო”.
„ზუსტად 3 დღე ვიმუშავე, იმდენად მოუწესრიგებელი სისტემა აქვთ და იმდენად არეულია, თან მოტყუებით სულ სხვა პირობებზე დავთანხმდი და სულ სხვა დამხვდა“.
„3 სუპერმარკეტში ვიმუშავე და კონსულტანტები ერთდროულად დამლაგებლის, კონსულტანტის, მოლარისა და მტვირთავის მოვალეობებს ითავსებდნენ…“.
„თვე-ნახევრის განმავლობაში არ დამასვენეს არცერთი დღით. შესვენება 1 საათი მეკუთვნოდა და ვერ გავდიოდი, რადგან კონსულტანტი, მოლარე, დამლაგებელი – ყველაფერი მე ვიყავი… არანაირი ზეგანაკვეთურები და ბონუსები, რომლებიც გვეკუთვნოდა. გვეუბნებოდნენ, კომპანიას უჭირსო“.
ეს ციტატები Facebook-გვერდიდან – „არა მონობას“ – არის ამოკრებილი, სადაც მოქალაქეები ბრენდულ სუპერმარკეტებში მუშაობის გამოცდილებაზე წერენ. ამბობენ, რომ ხშირად სუპერმარკეტში კონსულტანტად, ადმინისტრატორად ან მენეჯერად მისულ ადამიანებს დამლაგებლის, დაცვისა თუ სხვა თანამშრომლის ფუნქციების შეთავსებაც უწევთ, რაც დამატებით ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს, რომელიც არც ანაზღაურებაზე აისახება.
მეორე მხრივ, დამსაქმებლები მომსახურებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში კადრების სიმცირეს უჩივიან. მათგან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ვაკანსიები აქვთ, თუმცა დასაქმების მსურველი არაა.
„ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა” – ამ ჯერზე სტატიის მთავარი ხაზი სწორედ ესაა – რატომ არის ყველგან მეტ-ნაკლებად მსგავსი სამუშაო პირობები და ანაზღაურება. იმ პირობებში, როცა დამსაქმებელი სამუშაო ძალის დეფიციტზე წუხს, დავინტერესდით, მეორე მხრივ, რატომ არ სთავაზობს დასაქმებულს მიმზიდველ პირობებს.
სუპერმარკეტებში არსებული შრომის პირობებზე საუბარია კვლევაში, რომელიც 2019 წელს პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა. აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, არანორმირებული სამუშაო საათები და ვალდებულებები კვლევით გამოვლენილი მთავარი პრობლემური საკითხები იყო, რომლებიც მასშტაბურობიდან გამომდინარე, სისტემურ პრობლემაზე მიუთითებდა.
„პუბლიკა” სტატიაში შემოგთავაზებთ ქსელური სუპერმარკეტების ვაკანსიების ანალიზს, იქ მითითებულ შრომის ანაზღაურებასა და მის შესაბამისობას ე.წ. საცხოვრებელ ხელფასთან, შემოგთავაზებთ დარგობრივი ასოციაციის ხედვას, თუ რატომ რჩება ვაკანსიების ნაწილი აუთვისებელი და წაიკითხავთ მათ პოზიციას შეკითხვაზე – რატომ არის სუპერმარკეტებში თითქმის იდენტური პირობები და ანაზღაურება.
როგორია ვაკანსიების ზოგადი სტატისტიკა?
საცალო ვაჭრობის სექტორის 2023 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 11 მსხვილი სუპერმარკეტისა და დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის წევრი 8 კომპანიის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, სექტორისთვის მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალის ნაკლებობა დასახელდა. კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოში წამყვანი დასაქმების პლატფორმის, Jobs.ge-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ვაკანტური პოზიციებია კონსულტანტი და მოლარე-კონსულტანტი.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული – „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის“ 2022 წლის კვლევის მიხედვით, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, გამოცხადებული ვაკანსიების 26% ვაჭრობის სექტორზე მოდის. რაც შეეხება ძირითად პროფესიულ ჯგუფებს, ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ვაკანსია მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირებსა (20%) და სპეციალისტებზე (19.8%) მოდის.
გარდა ამისა, ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოცხადებული ვაკანსიებიდან 13 893 შეუვსებელი დარჩა, რაც გამოცხადებული ვაკანსიების 12%-ს შეადგენს. შეუვსებელი ვაკანსიების 26% კი ვაჭრობის სფეროზე მოდის, აქედან 6%-ს მაღაზიების კონსულტანტ-გამყიდველებზე გამოცხადებული ვაკანსიები შეადგენდა.
გამოცხადებული ვაკანსიების მიმოხილვა
„პუბლიკა“ დაინტერესდა და გაეცნო საქართველოში მოქმედი 7 სუპერმარკეტის – „კარფურის“, „ნიკორას“, „სპარის“, „ორი ნაბიჯის“, „ფრესკოს“, „მაგნიტის“ და „აგროჰაბის“ მიერ Jobs.ge-ზე ან მათ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებს – კონსულტანტის, მოლარე-კონსულტანტისა და მენეჯერის პოზიციებზე.
გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაკვირვების შედეგად შემდეგი სურათი გამოვლინდა – ქსელურ სუპერმარკეტებში კონსულტანტისა და მოლარე კონსულტანტის ხელფასი 800 ლარიდან 1400 ლარამდე მერყეობს, ამასთან ანაზღაურება განსხვავდება და უფრო დაბალია გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. კერძოდ:
სუპერმარკეტებში – „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „აგროჰაბი“ კონსულტანტისა და მოლარე-კონსულტანტის ანაზღაურება 850-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მოქმედებს საბონუსე სისტემაც. თუმცა რეგიონებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე მათ ანაზღაურება მითითებული არ აქვთ.
ვაკანსიების აღწერაში მითითებული ფუნქცია-მოვალეობებიც გარკვეულწილად იდენტურია, რაც მოიცავს, მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევას, პროდუქციის დახარისხებას, პროდუქტის ვადებისა და ხარისხის კონტროლს, მარაგების კონტროლს, თაროების მოწესრიგებასა და დასუფთავებას, სალარო ოპერაციების წარმოებას და სხვა.
რაც შეეხება „ნიკორას“, აქ მოლარე-კონსულტანტის ანაზღაურებად მითითებულია 1100 – 1400 ლარი. „ნიკორას“ შემთხვევაში, ამავე პოზიციაზე ანაზღაურება უფრო ნაკლებია რეგიონებში. მაგალითად, ბათუმში მოლარე – კონსულტანტის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაში ანაზღაურებად 1000 – 1050 ლარია მითითებული, ხოლო მარტვილში – 700 – 750 ლარი, თუმცა მოვალეობები და სამუშაო გრაფიკი იგივეა, რაც თბილისის ფილიალებში.
ზოგიერთ სუპერმარკეტს („კარფური“, „ფრესკო“, „მაგნიტი“) კონსულტანტისა და მოლარე-კონსულტანტის პოზიციებზე ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ აქვს. თუმცა, საინტერესოა, რომ, მაგალითად, „კარფური“ კადრების მოზიდვის მიზნით სმს შეტყობინებებსაც აგზავნის – „მიიღე ანაზღაურება მინიმუმ 800-900 ლარი“.
რაც შეეხება მენეჯერის პოზიციას, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტების უმეტესობას არც თბილისში და არც რეგიონებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ანაზღაურება მითითებული არ აქვს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „პუბლიკასთან“ საუბრისას დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენელი იხსენებს კონფერენციას, რომელსაც სუპერმარკეტების წარმომადგენლები და მენეჯერები ესწრებოდნენ. მისი თქმით, სუპერმარკეტის წარმომადგენელმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიები ხელფასის ნაწილში ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევდივართ და რომ ეს მეტ-ნაკლებად შეთანხმების საგანია. ამ საკითხზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
„ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ძალიან დაბალი ხელფასებია“
„პუბლიკა“ „რითეილ ასოციაციის“ (საცალო ვაჭრობის ასოციაცია) ხელმძღვანელს, სოფო ქაშაკაშვილს ესაუბრა. ქაშაკაშვილი კადრების დეფიციტს სხვადასხვა მიზეზით ხსნის – როგორიცაა მიგრაცია, სოციალური დაცვის სპეციფიკა, საუნივერსიტეტო მიდგომები – თუმცა კავშირს ვერ ხედავს ანაზღაურებასთან. თუ რატომ არის ყველა ქსელში მსგავსი პირობები და ანაზღაურება, ამაზე პოზიცია ასეთია: „ერთი და იგივე საქმეა გასაკეთებელი ყველა ქსელში“.
ასოციაცია 13 მსხვილ ბიზნესსუბიექტს აერთიანებს, მათ შორის, 12 სასურსათო ქსელური მაღაზიაა („დეილი“, „დომინო“, „ზღაპარი“, „გუდვილი“, „კარფური“, „ნიკორა“, „სპარი“, „აგროჰაბი“, „მაგნიტი“, „გალფ სთორი“, „უნივერსამი“, „სმარტი“).
შეკითხვაზე, რას უკავშირებს იმას, რომ ადამიანები დაინტერესებული არ არიან ამ სფეროში მუშაობით, ქაშაკაშვილი პასუხობს, რომ „მარტო ამ სფეროში კი არა, არცერთ სფეროში არ არიან დაინტერესებული“…
„ჩვენს რამდენიმე ქსელს ძალიან მიმზიდველი პირობები აქვს. მაგალითად, სტუდენტებს სწავლის გადასახადს უხდიან, კიდევ დამატებითი ბენეფიტებია, გათამაშებები, ტელეფონებს ჩუქნიან, დაზღვევა აქვთ, ვაუჩერები და ასე შემდეგ.
ტენდენციად ჩამოყალიბდა და ასეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ ხალხს მუშაობა არ უნდა. ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრი საზღვარგარეთ ჰყავთ გაშვებული და ის ინახავს ოჯახს.
ჩემი აზრით, ძალიან პრობლემურია ისიც, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ადამიანების დიდი რაოდენობაა. ოჯახში, შესაძლოა, 4 ადამიანიც კი იყოს შრომისუნარიანი, თუმცა მაინც არ უნდათ დასაქმება, მიუხედავად იმისა, რომ შეეხოთ ძალიან კარგი გამონაკლისი – ოთხი წლის განმავლობაში შეუძლიათ, იმუშაონ და სოციალური დახმარება არ მოიხსნება. ალბათ, მცირეა ინფორმირებულობა ამ ხალხის, მეტი უნდა იმუშაოს სახელმწიფომ და ოჯახებამდე მიიტანოს ინფორმაცია, რომ ასეთი საშეღავათო პერიოდი არსებობს”, – ამბობს ის.
შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ კადრების დეფიციტი დაბალი ანაზღაურებითაა განპირობებული, „რითეილ ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში ხელფასები 20-30%-ით გაიზარდა და „მაინცდამაინც ძალიან დაბალი ხელფასები ამ სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ“. მისივე თქმით, კომპანიებს ბევრი ხარჯი აქვთ.
„გასული წლის განმავლობაში ხელფასები 20-30%-ით გაიზარდა. ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ძალიან დაბალი ხელფასებია – 1000 ლარიდან იწყება საშუალო ხელფასი. ასევე, როგორც ადრე იყო, 24-საათიანი გრაფიკით რომ მუშაობდნენ, გასული წლის 1-ელი იანვრიდან სპეციფიკური დარგების ჩამონათვალიდან ჩვენი სექტორი ამოიღეს და კვირაში 48 საათის ნაცვლად, სტანდარტული 40-საათიანი სამუშაო კვირა გვაქვს. თუ იმის ზემოთ, თუნდაც ორი საათი, რომელიმე თანამშრომელი იმუშავებს, ზეგანაკვეთურს იღებს აუცილებლად.
ბოლო პერიოდში რამდენიმე სერიოზული კვლევა დაიდო, სადაც ქსელური მარკეტების ფინანსური შემოსავლები გაიშიფრა და გაირკვა, რომ სულაც არ არის საბოლოო მოგება ასეთი მაღალი. იმიტომ, რომ ქსელებს აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები. ბოლო პერიოდში ბევრი ახალი რეგულაცია შეგვეხო, რომელთა დანერგვაც, ასევე, ხარჯებთანაა დაკავშირებული. წელსაც გაიზრდება ხელფასები. წარმოუდგენელია, რომ ანაზღაურება უცბად გაორმაგდეს“, – აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.
სუპერმარკეტებში დასაქმებულები, განსაკუთრებით, კონსულტანტისა და მოლარის პოზიციებზე, ხშირად ამბობენ, რომ ანაზღაურება შრომასთან შეუსაბამოა, უწევთ სხვა საქმის კეთებაც. შეკითხვაზე, თუ რატომ უწევთ დასაქმებულებს სხვა სამუშაოს შესრულებაც, ქაშაკაშვილი ამბობს:
„იმიტომ, რომ კადრების დეფიციტია. ობიექტზე რომ დაშვებულია 10 თანამშრომლის შტატი, ვერ ავსებენ კადრებით და 3 ადამიანი მუშაობს. ანუ, საქმე მაინც 10 ადამიანის არის გასაკეთებელი და, სამწუხაროდ, ასე გადანაწილება უწევთ“, – ამბობს ის.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ადეკვატურია გაწეული შრომის ანაზღაურება ქვეყნის ეკონომიკური დონის, ინფლაციისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, ქაშაკაშვილი მიიჩნევს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არანაირ სპეციალურ განათლებას ეს სამსახური არ მოითხოვს, ადეკვატურია.
„მე, ვისაც წაყენებული მაქვს ბევრი მოთხოვნა, მაგისტრის დიპლომი, უცხო ენების ცოდნა და ასე შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ ბევრად მაღალი ხელფასი არ მაქვს. კი, შეიძლება ფასებია მომატებული, მაგრამ საერთო ფონია ასეთი, მაშინ მთლიანობაში ფონი უნდა შეიცვალოს და ყველანაირი ხელფასი უნდა გაიზარდოს“, – აცხადებს ის.
ვაკანსიებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ სხვადასხვა ქსელურ მარკეტში ერთსა და იმავე პოზიციაზე, ფაქტობრივად, ერთნაირი ანაზღაურებაა და, დაახლოებით, 850-დან 1400 ლარამდე მერყეობს.
კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის ერთი და იგივე სახელფასო ანაზღაურება ერთსა და იმავე პოზიციაზე სხვადასხვა ქსელურ მარკეტში და რაიმე გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე, სოფო ქაშაკაშვილი ამბობს:
„იმიტომ, რომ შრომა არის პროპორციული, ერთი და იგივე საქმეა გასაკეთებელი ყველა ქსელში და ასეა დათვლილი. საათობრივად არის დაანგარიშებული ეს ანაზღაურება და კვირის ჭრილში ჯამდება. როდესაც ანაზღაურებას უთითებენ ვაკანსიაში, როგორც წესი, ეს არის ხელზე ასაღები თანხა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, – აღნიშნავს ის.
რაც შეეხება კადრების დეფიციტის შევსებას, ქაშაკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დასაქმდნენ. მისი თქმით, ეს რთული იქნება ენის ბარიერიდან გამომდინარე, თუმცა ამბობს, რომ გააჩნია, როგორ გაუჭირდებათ კადრების კუთხით. „შესაძლოა, წარმოებებში დასაქმდნენ, სადაც დასაქმებულებს მოქალაქეებთან არ უწევთ საუბარი“.
რამდენია საცხოვრებელი ხელფასი და რამდენადაა თანხვედრაში ის ანაზღაურებასთან
საცალო ვაჭრობის სექტორის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ამ სფეროში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 2022 წელს, 1178 ლარს შეადგენდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის საშუალო ხელფასი 1858.2 ლარი იყო.
საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება ანაზღაურება კონკრეტულ სფეროებში დასაქმებულებისთვისაც. თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი რეალურ სურათს არ ასახავს და მისი ყველაზე რეალური საზომი მედიანური მაჩვენებელია.
თუკი მედიანური ხელფასის მაჩვენებელს შევხედავთ, საქსტატის სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წელს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში მედიანური ხელფასი – 950 ლარი იყო.
„ღირსეული შრომის პლატფორმის“ ინფორმაციით, „Wage Indicator Foundation”-ის გამოთვლით, საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში, ანუ ხელფასი, რომელიც ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს ფარავს, თვიურად, 1 858 ლარი უნდა იყოს.
საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორებიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები.
რა არის მონოფსონია?
„არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ერთმანეთში პაექრობა, თანხმდებიან დასაქმებულებისთვის დასანიშნი ხელფასების ოდენობასა თუ ხელფასების ზრდის ან შემცირების კოორდინირებაზე, ასევე იმაზე, რომ არ გადაიბირონ ერთმანეთის თანამშრომლები. დამსაქმებლებს შორის ამგვარი გარიგების საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ბაზრის კონცენტრაციის პირობებში“, – ამის შესახებ ვკითხულობთ დოკუმენტში – „მონოფსონია შრომის ბაზარზე: გამოწვევები და გადაჭრის გზები“. დოკუმენტის ავტორი „პროგრესული ფორუმის” კვლევითი ცენტრის მკვლევარი კოტე ერისთავია.
დოკუმენტი ეხება დამსაქმებლების დომინანტურ ძალაუფლებას ბაზარზე, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაადგინონ ხელფასები და სამუშაო პირობები. ამგვარ მდგომარეობას შრომის ბაზრის მონოფსონიას უწოდებენ.
მკვლევრის თქმით, საქართველოში მონოფსონიის საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი. ის ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
დოკუმენტში მონოფსონიის პრობლემებზე საუბარი დაეყრდნობა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ინტერვიუების ანალიზს.
„როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, განსაკუთრებით ჰოსპიტლურ, საცალო ვაჭრობის, სათამაშო ბიზნესის, ტელეკომუნიკაციების სფეროებში, სადაც ოლიგოფსონიური ძალაუფლების მქონე კომპანიები ოპერირებენ, როგორც წესი, კონკურენტ კომპანიებში, დაბალ პოზიციებზე, მსგავსი ხელფასები და სამუშაო პირობები გვხვდება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
როგორც ზემოთ ვახსენეთ კიდეც, სუპერმარკეტების შემთხვევაში პროფკავშირები იხსენებენ კონკრეტულ განცხადებასაც. „რითეილ ასოციაციის“ ხელმძღვანელი კი ამ დამთხვევას ობიექტური ფაქტორებით ხსნის.
როგორც დოკუმენტში კოტე ერისთავი აღნიშნავს, ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს დამსაქმებლებს შორის გარიგებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ საკითხის მონოფსონიიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის პერსპექტივიდან შეფასება.
მისი რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეისწავლოს მონოფსონისტური ბაზრები და შესაბამისად დაგეგმოს შრომის ბაზრის მონოფსონიიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის გზები.
კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ მონოფსონიიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ აუცილებელია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავრცელება შრომით ურთიერთობებზე. ასევე, მნიშვნელოვანია შრომითი გარანტიების გაძლიერება, კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების დახვეწა, პროფკავშირული საქმიანობის ხელშეწყობა და სხვა რეფორმები.
მონოფსონიის არსსა და ქართულ კონტექსტში არსებულ გამოწვევებზე რეკომენდაციებს უფრო ვრცლად „პუბლიკის“ მომდევნო სტატიიდან გაიგებთ.