ფილმი–ბალეტი „ლუჩიას ოთახი“ დუბლინის ფესტივალზე
15 ივნისს დუბლინში, ჯეიმს ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL-ის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით უჩვენეს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძისა და ფილოლოგიის დოქტორის, შექსპირის შემოქმედების მკვლევრის, დავით მაზიაშვილის ფილმი–ბალეტი – „ლუჩიას ოთახი“. კინოფესტივალი სპეციფიკურია, რადგან იქ ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ან მისი შემოქმედებით ინსპირირებულ ფილმებს უჩვენებენ.
2022 წელს ფესტივალი სრულიად განსაკუთრებულია, რადგან ის დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ გამოცემის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალზე პირველად მონაწილეობდა ქართული გადამღები ჯგუფი. ავტორები – მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებელი, მარიამ დარჩია. პრემიერის შემდეგ გაიმართა მაყურებლის შეხვედრა შემოქმედებით ჯგუფთან. თავად „ლუჩიას ოთახი“ კი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ნომინაციაში – „განსაკუთრებული აღნიშვნა“.
ფილმი–ბალეტი „ლუჩიას ოთახი“ ერთგვარი სიზმარი თუ ჰალუცინაციაა, რომელიც XX საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილის, ლუჩია ჯოისის ცხოვრების ერთ დღეს ასახავს. უდიდესი ნიჭით დაჯილდოებულმა მოდერნ–ბალეტის მოცეკვავემ, ლუჩიამ მთელი თავისი ცხოვრება საზოგადოებისგან გარიყულმა, იზოლაციაში გაატარა. დრამატული ხასიათისა და მისტიციზმისაკენ მიდრეკილმა ლუჩიამ ვერც მამისგან იგრძნო სიყვარული, რადგან ჯოისი არ ცნობდა შვილის პროფესიულ არჩევანს. მეტიც, მათი ურთიერთობა მუდამ დრამატიზმითა და დაძაბულობით იყო გამორჩეული.
სწორედ ამ დრამატული ისტორიის გამო აღეძრათ ლუჩიას პერსონისადმი ინტერესი მარიამ ალექსიძესა და დავით მაზიაშვილს, რისთვისაც ახალი ფორმატი მოიფიქრეს – ხილვა, სიზმარი, ჰალუცინაცია… თავად ჯეიმზ ჯოისის ტექსტებზე დაყრდნობით ფილმის საუნდტრეკი შექმნა ანამარია ბურდულმა. ლუჩია ჯოისის სახე გიორგი ალექსიძის სახელობის, თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წამყვანმა სოლისტმა – მარიამ დარჩიამ შეასრულა.
„ლუჩიას ოთახი“ უცნაური სილამაზითა და ექსცენტრული ტალანტით დაჯილდოებული მოდერნ–ბალეტის მოცეკვავის, ლუჩიას ცხოვრების ერთ დღეს ასახავს. ის თავის ოთახშია გამოკეტილი და მამის – ჯეიმზ ჯოისის ხმა მხოლოდ მუსიკალურ ბგერათა სამყაროდან ჩაესმის. ეს ბგერები სინამდვილეში მხოლოდ ლუჩიას თავშია. ცეკვის ექსპერიმენტული ენა და ლიტერატურული ტექსტი თითქოს მამა–შვილის საიდუმლო სალაპარაკო ენაა.
მონოლოგი, ფიქრთა დინება, ალუზიები ჯოისის შემოქმედებიდან, რომლითაც დახუნძლულია ფილმ–ბალეტი, მრავალი ნამსხვრევისგან, ფერისგან, სხვადასხვა რიტმისა და ხასიათისგან შედგება. ის ამთლიანებს და აერთიანებს ლუჩიას ერთ დღეს, როგორც მთელ ცხოვრებას, მეხსიერებას, სამყაროს ვიბრაციას…
„ლუჩიას ოთახი“ მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა 2020 წელს პანდემიის პერიოდში შექმნეს, როდესაც მთელ მსოფლიოში სახელოვნებო პროცესები შეჩერებული იყო. 2020 წელს მარიამ ალექსიძის ვიდეოწარმოდგენა – „მარიჯანის ოთახი“ ერთგვარი რეაგირება იყო პანდემიის შედეგად გამოწვეულ კარჩაკეტილ რეალობაზე. ამ პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე მიდგომა გულისხმობდა სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ახალი შეგრძნებების გაზიარებას პირადი სივრციდან – სახლიდან ვირტუალურ სამყაროში.
ახალი მიდგომითა და მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით, დასმა თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლს ჩაუყარა საფუძველი. ამდენად, „მარიჯანის ოთახის“ შემდეგ „ლუჩიას ოთახი“ მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის შემოქმედებითი თანამშრომლობის კიდევ ერთ გაბედულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ.
როგორც ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე აღნიშნავს, „ახალი ფორმატის საშუალებით, დავით მაზიაშვილის მხატვრული იდეებითა და კონცეფციით, იმ ტრანსფორმაციებსაც გამოვეხმაურეთ, რომლებიც მსოფლიომ პანდემიის პერიოდში განიცადა. ბატონ დავითის აღმოჩენა იყო, ასევე, ხელოვანი ანამარია ბურდული, რომელმაც ფილმ „ლუჩიას ოთახის“ ორიგინალური საუნდტრეკი შექმნა“.