როგორ აპირებენ პარტიები უმცირესობების უფლებების დაცვას

პუბლიკა

ვის და რომელ ჯგუფებს მოიაზრებენ უმცირესობებში პოლიტიკური პარტიები, რა ინიციატივები და კონკრეტული წინადადებები აქვთ მათი უფლებების დასაცავად და რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს?

„პუბლიკა“ გთავაზობთ 6 პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ხედვებს, რომლებიც Partiebi-ზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების ხედვებსა და პროგრამებში იშვიათადაა ნახსენები ლგბტქი+ ადამიანების პრობლემები. ისინი ძირითადად აქცენტს, ეთნიკურ უმცირესობებზე აკეთებენ.

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები

პარტიაში ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას ყველაზე მეტად სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს. ამიტომ მათი ხედვით, სახელმწიფოს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება.

„შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ინფორმაციის, განათლების მიღებას ქართულ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან მათ ინტეგრირებას“, – აცხადებენ პარტიაში.

გარდა ამისა, პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, უმცირესობის ნებისმიერ წარმომადგენელს აბსოლუტურად თანაბრად უნდა უდგებოდეს.

მათი თქმით, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს უმცირესობათა დისკრიმინაციის ფაქტზე, ხშირად უგულებელყოფს კიდეც მათ. ამიტომ მათი აზრით, უნდა გამკაცრდეს სადამსჯელო ღონისძიებები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დროს გამოჩენილი გულგრილობისთვის.

ევროპული საქართველო

პარტიაში ამბობენ, რომ დაიცავენ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს და შექმნიან პირობებს იმისთვის, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დატოვებენ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც მათი აზრით, ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია.

„სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ისეთ სიტუაციას, როცა უმცირესობები არ დაიჩაგრებიან და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო სერვისები“, -ამბობენ პარტიაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის ხედვაში აღნიშნულია, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ამის გარანტი იქნება როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ისე პოლიტიკურად ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანო.

პარტიის გეგმით:

  • უზენაეს სასამართლოში ევროპის სასამართლოს ანალოგიით ჩამოყალიბდება ადამიანის უფლებათა დაცვის პალატა, რომლის შემადგენლობის 2/3 უცხოელი მოსამართლე იქნება;
  • განუხრელად იქნება დაცული რელიგიის თავისუფლება, როგორც ადამიანის იდენტობის განუყოფელი ნაწილი;
  • სრულად იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება. ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა კი მხოლოდ სიმართლის დაპირისპირებითა და სასამართლო დავით გახდება შესაძლებელი;
  • ფარული მიყურადებისა და თვალთვალის გასაღები ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უწყებას გადაეცემა.

ლელო საქართველოსთვის

პარტიაში ამბობენ, რომ ისინი შეცვლიან პოლიტიკის ვექტორს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

„სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად შეფასდება არა უმცირესობების წარმომადგენელთა „ზედმეტი“ პოლიტიკური აქტიურობა (როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება), არამედ მათი ნაკლები ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და მმართველობის სისტემაში“, – აღნიშნავენ პარტიაში.

პარტიის ხედვაა, რომ გაუქმდეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო და რელიგიის საკითხთა სააგენტო და მის ნაცვლად კი შეიქმნეს სამოქალაქო თანასწორობის სააგენტო, რომელიც იმუშავებს რელიგიური და ეთნიკური თანასწორობის საკითხებზე ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოებთან თანამშრომლობით, ხოლო კონფლიქტების დარეგულირების კუთხით იმუშავებს სახელმწიფო მინისტრი.

პარტიაში ამბობენ, რომ:

  • შემუშავდება და დაიწყება 10-წლიანი პროგრამის განხორციელება, რომლის შედეგადაც ქართული ენის არმცოდნეთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იქნება;
  • ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნება მშობლიური ენისა და ლიტერატურის (აზერბაიჯანული და სომხური) მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები;
  • საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო სკოლებში შემოვა ახალი სასკოლო საგანი – „მრავალფეროვანი საქართველო“;
  • რელიგიურ კონფესიებს შორის სადავო საკულტო ნაგებობების, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, გადარჩენისა და მოვლა-პატრონობისთვის შემუშავდება ეფექტური მექანიზმები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. რელიგიური გაერთიანებისთვის შემოღებული იქნება ერთიანი საგადასახადო სისტემა ყველა;
  • ლგბტ პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების გზით;
  • დაიხვეწება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობა-დისკრიმინაციის პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მექანიზმები;
  • დანერგილი სამართლებრივი მექანიზმები და პოლიტიკა მოიცავს როგორც სამართალდაცვით, ისე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის საკითხებს და უზრუნველყოფს მსხვერპლთა მრავალმხრივ დაცვას;
  • გაუმჯობესდება ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა პაციენტისთვის „ზიანის მიუყენებლობის“ პრინციპების გათვალისწინებით;
  • გენდერული იდენტობის სამართლებრივი მექანიზმები და მიდგომები შემუშავდება ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა

მმართველი პარტიის ხედვა უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ზოგადია და რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება. პარტიაში ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი გახდება განათლების ფართო ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის სწავლება.

„უნდა გამოირიცხოს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ყველა მათგანის დამცველია. სახელმწიფომ თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იდენტობისა, უნდა შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, დაეხმაროს მას საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში“, -ამბობენ მმართველ პარტიაში.

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მიიჩნევს, რომ  დისკრიმინაციის ფაქტებზე დაგვიანებით და არასათანადო რეაგირების გარდა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების ფონზე, მეტისმეტად ნელია თანასწორობის მიღწევა.

როგორც პარტიაში ამბობენ, უმცირესობების უკეთ ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, კერძო სექტორისა და, განსაკუთრებით, სახელმწიფოს ჩართულობა და მათი კოორდინირებული მოქმედება.

„სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები უმცირესობის ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით. ასევე, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს, კანონის ფარგლებში, ულტრამემარჯვენე და რადიკალური ჯგუფების განცხადებებსა და ქმედებებზე, რაც შუღლს აღვივებს საზოგადოებაში უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“, – ამბობენ „სტრატეგია აღმაშენებელში“.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, ისე განსაკუთრებით სახელმწიფო და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.