საყოველთაო ჯანდაცვა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა - რა ხედვები აქვთ პარტიებს

პუბლიკა

ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში პარტიების ხედვებში ბევრი მსგავსებაა. ხარისხიანი ჯანდაცვა რომ თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამას ყველა პარტიის პროგრამაში ამოიკითხავთ. მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხსაც არავინ უვლის გვერდს. ყველა საუბრობს პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურულ რეფორმაზე. მასალაზე მუშაობისას ვიხელმძღვანელეთ პარტიების პროგრამებით. პროგრამა ჯერ მხოლოდ რამდენიმე პარტიას აქვს გამოქვეყნებული და ასევე ვებგვერდ partiebi.ge-ზე გამოქვეყნებულია კითხვარი, სადაც სხვადასხვა საკითხებზე პარტიების პოზიციებია თავმოყრილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა – ამ ორი საკითხის გარშემო გთავაზობთ პარტიების გეგმებს წინასაარჩევნო პროგრამებიდან.

სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით

საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. წლების განმავლობაში პროგრამის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებში ცენტრალური ადგილი პროგრამის ადმინისტრირების საკითხს ეკავა.

პროგრამის ბიუჯეტიდან ყოველწიურად დაგეგმილზე ბევრად მეტი იხარჯება. დარგის სფეროს ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სუსტი ადმინისტრირებაა.  ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პროგრამის ხარჯების ზრდის შეკავებას სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ახერხებს, რადგან სააგენტოს არ აქვს სამედიცინო დაწესებულებების სრულფასოვანი კონტროლის შესაძლებლობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე  2015 წელს სახელმწიფომ 570 მლნ. დახარჯა, რაც დაგეგმილზე 105 მლნ. ლარით მეტი იყო. პროგრამას დაგეგმილზე მეტი დასჭირდა 2016 წელსაც და მომდევნო წლებშიც. 2018 წელს დაგეგმილზე 20 მლნ. ლარით მეტი დაიხარჯა. 2019 წელს პროგრამის ბიუჯეტი 754 მლნ. ლარი იყო, თუმცა 40 მლნ. ლარის დამატება დასჭირდა. 2020 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება არ გაზრდილა და პროგრამისთვის ისევ 754 მლნ. ლარია გამოყოფილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს თავის პროგრამებში რამდენიმე პარტია ეხება.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება კერძო სადაზღვევო კომპანიებმა უნდა განახორციელონ და არა სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობის გაზრდაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ პროგრამაც, სადაც ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხედვაში, რომელიც partiebi.ge-ზეა განთავსებული არაფერია ნათქვამი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე.

არაა გამოქვეყნებული არც „ქართული ოცნების“ პროგრამა.  10 ოქტომბერს 2020 წლის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ეკა ტიკარაძე. მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.  ეკა ტიკარაძეს თავის გამოსვლაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებულ პრობლემაზე არაფერი უთქვამს.

ხარისხიანი მედიკამენტი ყველას, ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დემონოპოლიზაცია

მედიკამენტების შეძენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი ხშირად ვერ ყიდულობს ექიმის დანიშნულ მედიკამენტს.

ბოლო ასეთი კვლევა, რომელიც მოსახლეობაში მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერის პრობლემებს არკვევდა, UNICEF-მა ჩაატარა.

კეთილდღეობის შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69%-ს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის საპასუხოდ 3 წლის წინ სახელმწიფომ პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც მოსახლეობა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სახელით იცნობს.

პროგრამა 2017 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შეიცვალა. 2017 წელს პროგრამა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. მის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის (ტიპი II) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა.

2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერებსა და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან პროგრამამ პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებიც მოიცვა.

2017-2018 წლებში პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროგრამით მოსარგებლეთა მცირე რაოდენობა იყო, რის გამოც 2017 და 2018 წლებში მისი ბიუჯეტი აუთვისებელი დარჩა.

ამ მიზეზით ოპონენტები ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებს მუდმივად მიანიშნებდნენ, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და რეალურად ვერ პასუხობდა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ცვლილება პროგრამაში 2019 წლის აგვისტოში შეიტანა: მოიხსნა 50%-იანი თანაგადახდა პენსიონერებისთვის, შშმ სტატუსის მქონე პირებისთვის და პროგრამის მოსარგებელთა სიას დაემატა საზღვრისპირა მოსახლეობა და ვეტერანები.

მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით 119 აფთიაქშია ხელმისაწვდომი და  პროგრამის ჩამონათვალში 50-მდე მედიკამენტია.

„ევროპული საქართველო“ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ნაწილში წერს, რომ „400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის საარჩევნო პროგრამაში მედიკამენტების ფასის განახევრებაზე წერს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი წამლის ფასის სულ მცირე 30%-ით შემცირებას გეგმავს, ე.წ. რეფერენსაფასებისა და ფასწარმოქნის ევროპული სტანდარტების დანერგვით.

ფარმაცევტული ბაზრის დემონოლოპოლიზაციაზე წერს თავის პროგრამაში „სტრატეგია აღმაშენენებლიც“. ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დემონოპოლიზაცია  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამულ პრიორიტეტებშიც გვხვდება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ეკა ტიკარაძემ 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე საუბრისას თქვა, რომ  მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის აუცილებლად გაგრძელდება.

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების გარშემო სხვა პარტიების ხედვები წარმოდგენილია PARTIEBI.GE-ის ვებგვერდზე. მათ გასაცნობად გადადით ბმულზე.