რა ხედვა აქვთ პარტიებს გარემოს დაცვის მიმართულებით

პუბლიკა

რა კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას?

გთავაზობთ 6 პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ხედვებს, რომლებიც Partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

„ქართული ოცნება“

როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება“ ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მასშტაბური რეფორმების გატარებას გარემოს დაცვის მიმართულებით. აქვე ნათქვამია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, თვისობრივად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით.

უფრო კონკრეტულად კი პროგრამის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნება 180 ათას ჰექტარზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია.

ბუნებრივ რესურსებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით და ასევე, მწვანე, ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით წახალისდება ალტერნატიული საწვავის გამოყენება, მათ შორის ბიომასის გამოყენება.

ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, რის პოტენციალიც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს.

გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

გაიზრდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სისტემების კონტროლი და გაფართოვდება შესაბამისი ქსელი. ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელი შეეწყობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას, იმისთვის, რომ ნარჩენებიდან ახალი პროდუქტი მივიღოთ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქებში სწორ ურბანულ განვითარებას, გამწვანებასა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას, მათ შორის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების გზით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში ყურადღება შემდეგ საკითხებზეა გამახვილებული:

  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით – ურბანულ ცენტრებში;
  • ნარჩენების გადამუშავების წახალისება;
  • განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა საერთო მოხმარებაში;
  • ჰესების მშენებლობა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში და მხოლოდ საერთაშორისო კვალიფიციური დასკვნის საფუძველზე;
  • რეკრეაციული ზონების გაფართოება ურბანულ ცენტრებში;
  • მშენებლობის რეგულირება გამჭვირვალე კრიტერიუმებით, გარემოს დაცვის პრინციპებთან შესაბამისობის მიღწევა;
  • მწვანე ეკონომიკის წახალისება.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“

„ევროპული საქართველოს“ პროგრამაში ნათქვამია, რომ ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხსა და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც პარტიის ხედვით, თავის მხრივ მოიცავს:

  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;
  • ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;
  • საერთაშორისო, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების გაფართოებას;
  • დიდ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებას, ამ პროცესში საერთაშორისო დონორებისა და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;
  • საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

„სტრატეგია აღმაშენებელი“

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში გარემოს დაბინძურების არაერთი შემთხვევის მომსწრე გავხდით და ამის მაგალითად დასახელებულია კომპანია RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად დაბინძურებული 21 სოფელი ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ან აზბესტის შემცველი პროდუქციის (სამუხრუჭე ხუნდები, სამშენებლო მასალები) გამოყენება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

პარტიაში საჭიროდ მიიჩნევენ შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. იგივე ეხება სამშენებლო სტანდარტებს, როდესაც სამშენებლო მტვერი აბინძურებს გარემოს და ზრდის კანცეროგენული დაავადებების განვითარების საფრთხეს.

პარტიის ხედვით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დაიგეგმება ენერგეტიკის მიმართულებით გამჭვირვალე სისტემის შექმნა და განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი, გეოთერმული) გამომუშავებაზე გადასვლა, რაც მთლიანად მომხმარებელსა და მწვანე ენერგიის უსაფრთხო ათვისებაზეა ორიენტირებული.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ კიდევ ერთი პრიორიტეტია მწვანე საფრის განვითარება. ქალაქებში შეიქმნება მწვანე საფრის განვითარების სტრატეგია, მათ შორის ვერტიკალური და სახურავების გამწვანების ჩათვლით.

ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“

პროგრამის მიხედვით, ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევა შემდეგი საკითხები:

  • განახლებადი ენერგორესურსების მხარდაჭერა – აუცილებელია განახლებადი (მზისა და ქარის) ენერგიის რესურსის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება, ამის წასახალისებლად კი – გადასახადების შემცირება და წარმოების ხელშეწყობა.
  • ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა – მნიშვნელოვანია აგრარულ სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და ახალი კადრების მომზადება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით. ასევე აღნიშნული წარმოების ხელშეწყობა და საგადასახადო შეღავათების დაწესება.
  • ეროზიისა და ურბანულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის შემცირება, მწვანე საფრის გამრავალფეროვნება – ურბანულ სივრცეებში მეტი სიმწვანის უზრუნველყოფა, ხეების და ბუჩქნარის დარგვა. ასევე, ეროზიული პროცესების შესასუსტებლად განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი ხე-მცენარეების გაშენება.

„ლელო საქართველოსთვის“

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეკოლოგიური და ფიზიკური სისტემების სტაბილურობისთვის საჭიროა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარება, რომლის კანონმდებლობაც ჰარმონიაში იქნება  ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან.

კერძოდ: დიდი ჰესების მშენებლობა დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ევროპულ სტანდარტს, რომელიც ძალაში შესვლამდე გამოქვეყნდება საყოველთაო, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ განხილვის მიზნით. საკანონმდებლო საქმიანობაში, რეგულაციური ზემოქმედების ანალიზის ფარგლებში, სავალდებულო გახდება ყოველი ახალი კანონპროექტის გარემოზე ზემოქმედების ანალიზი.

ხელი შეეწყობა: განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენებას; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას; წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესებას; ქალაქებში მწვანე ნარგავების კვოტების დადგენას; მწვანე საფრის აღდგენასა და ახლის გაშენებას; დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებას; კერძო სექტორისთვის სამოტივაციო სისტემების შექმნას და სხვა.

პარტიის ხედვით, შეიქმნება სტიქიური მოვლენების პროგნოზირების თავიდან აცილების, მათთან გამკლავების, მოსახლეობის ინფორმირებისა და განათლების ეფექტური სისტემა, რომელიც დღეს უწყებრივ ლაბირინთებშია ჩაკარგული.

პარტიას გეგმები აქვს ცხოველთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ამ მიმართულებით ხელი მოეწერება შინაური ცხოველების დაცვის ევროპულ კონვენციას და მიღებული იქნება კანონი „შინაური და მიუსაფარი ცხოველთა შესახებ“. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას, სტერილიზაციას, კასტრაციასა და მკურნალობას უზრუნველყოფს. პატრონები ვალდებული იქნებიან, დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველი შინაურ ბინადართა ბაზაში და იზრუნონ მათზე.

ცხოველთა გამრავლების უფლება შემდგომ გასხვისების მიზნით ექნებათ მხოლოდ ლიცენზირებულ პირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ. გამკაცრდება სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე.