არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ექმნებათ ბარიერები, რომ დასაქმდნენ. დაბალია ასევე მათი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაც. ხელი არ მიუწვდებათ სრულყოფილად განათლებაზე, ჯანდაცვაზე თუ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე. ამის ფონზე ხშირად ქვეყნის დატოვებაც უწევთ. არსებული რეალობა კი, ქვეყნის ცხოვრებიდან მათ სოციალურ გარიყვას იწვევს.
ღია საზოგოადოების ფონდის დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებული უახლესი კვლევა სწორედ ამ საკითხების შესწავლას ეხება. მისი მიზანია, ეთნიკური უმცირესობების გარიყულობის სოციალური და პოლიტიკური მიზეზების ძიება/ჩვენება და მათი გარდაქმნა.
სწორედ ამ ანალიტიკურ ანგარიშზე დაყრდნობით მოგიყვებით – როგორია საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა და რა იწვევს მათ გარიყულობას.
ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობები მთლიანი მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენს. ხოლო მათ შორის უმრავლესობას აზერბაიჯანელები და სომხები წარმოადგენენ.
ეთნიკურად აზერბაიჯანელების უმრავლესობა ქვემო ქართლშია დასახლებული, დაახლოებით 15% კი – კახეთში. რაც შეეხება სომხებს, მათი თითქმის ნახევარი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, ხოლო 31.8% თბილისის მაცხოვრებელია.
ამ ორი ეთნიკური ჯგუფების გარდა, საქართველოს მულტიეთნიკურობას ისეთი უმცირესობების ჯგუფები ქმნიან, როგორებიცაა: რუსი, ოსი, იეზიდი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი, ასირიელი, სხვა.
როგორ ვიცავთ ეთნიკური უმცირესობების უფლებებს – რა წერია სახელმწიფო დოკუმენტებში
უმრავლესობა თანხმდება, რომ უმცირესობების ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ კულტურულ ცხოვრებაში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია. ამ კუთხით კი მნიშვნელოვან როლი აქვს სამართლებრივი გარანტიების არსებობას, რომლებიც უმცირესობების სოციალურ თუ პოლიტიკურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების შესაძლებლობა, პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა თუ სხვა.
კვლევა მიმოიხილავს იმ სახელმწიფო დოკუმენტებსა თუ საკანონმდებლო ჩანაწერებს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის გარანტია უნდა იყოს.
პირველ რიგში ხაზგასმულია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ეროვნული უმცირესობების დაცვის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების, ვალდებულებების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია.
კონსტიტუციაში ეროვნული უმცირესობების საკითხი ზოგადი რეგულირების საგნად არის მიჩნეული და მხოლოდ მე-11 მუხლში, რომელიც თანასწორობის უფლებას ეხება, ნახსენებია ამგვარი ფორმით: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
გარდა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებისა, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია აღმოფხვრას ყველა ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის ეთნიკური ნიშნით წარმოქმნილი.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, აღსანიშნავია, რომ უფრო კონკრეტული ჩანაწერები ეთნიკური უმცირესობების დაცვასთან დაკავშირებით არც ამ კანონში გვხვდება. თუმცა საქართველოს, ეროვნული უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით, არაერთი საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს.
ერთ-ერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც კონკრეტულ რეგულირებას აწესებს და მეტ პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს ამ ჯგუფების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, არის ევროპის საბჭოს ეთნიკური უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენცია. ამ დოკუმენტის ხელმომწერი საქართველოს 2005 წელს გახდა.
ეს არის ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების ფართო სპექტრს და ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფერო, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლება/უფლებები, მედიასთან, ენასთან და განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
ამ ჩარჩო-კონვენციის თანახმად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ნებისმიერ პირს აქვს უფლება აირჩიოს, მოეპყრან მას როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს თუ არა. ასევე, აღნიშნულია, რომ მათ მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის განხორციელება დაუშვებელია.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისას საქართველო ითვალისწინებს „ჰააგის რეკომენდაციებს ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით“. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ასეთ პირებს უნდა შეეძლოთ, როგორც მშობლიური ენის გამოყენების, ასევე, სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე შესწავლა, რათა შეძლონ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაცია.
უმცირესობათა განათლების უფლებებთან მიმართებით, სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენების საფუძველზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუქმნას გარემო, სადაც მშობლიურ ენაზე შეძლებენ განათლების მიღებას.
ეთნიკური უმცირესობების უფლეებებზეა საუბარი სამთავრობო სტრატეგიებშიც.
რა გამოკვეთა კვლევამ
პოლიტიკის დოკუმენტების გაანალიზებასთან ერთად კვლევის მიზანია წარმოაჩინოს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. ასევე, შეისწავლოს ეთნიკური უმცირესობების სოციალური გარიყულობისა და მოწყვლადობის გამომწვევი ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მიზეზები. ამის მისაღწევად კი კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდია გამოყენებული.
► ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობა
საქართველოში განათლების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ ქართულენოვან სკოლებში, არამედ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში. ქვეყანაში 200-ზე მეთი არაქართულენოვანი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება როგორც მეორე ენა. ამ სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა 80% სწავლობს.
ანგარიშის „ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“, თანახმად, 2005 წლიდან დღემდე, ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში რჩება მრავალი გამოწვევა, მათ შორის სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაცია და პერსონალის ნაკლებობა, ასევე სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების შექმნისა და თარგმნის საკითხი. არაქართულენოვან სკოლებში ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები ტოვებენ სკოლას და ვერ აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2005 წლიდან დღემდე შემუშავებულია სამი ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების საფეხურებისათვის, თუმცა არცერთი მათგანი არ არის სრულად დანერგილი არაქართულენოვან სკოლებში.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ დღესაც არაქართულენოვან სკოლებში საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოები არ შეესაბამება ქვეყნის 2018-2024 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას.
მაგალითად, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სახელმძღვანელოები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უკვე წლებია იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნებიდან. ისინი არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და სტანდარტებს, რომლებიც მოქმედებს ქვეყანაში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს საკითხი განათლების სისტემის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების სახელმძღვანელოები დიდწილად არ ასახავს ქვეყნის ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. პრობლემურ საკითხებს შორის, ასევე გამოიკვეთა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ბილინგვური (ორენოვანი) განათლების დანერგვის პროცესი.
კვლევის რაოდენობრივი მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თითქმის მეხუთედი (18%) არასრულ საშუალო განათლებას ფლობს, ხოლო თითქმის ნახევარი (47%) – სრულ საშუალოს. უმაღლესი განათლება გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს აქვს.
გამოკითხვა აჩვენებს ასევე, რომ საქართველოს ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობები გენდერულად არის განპირობებული. კერძოდ, სრულ საშუალო განათლებას უფრო მეტად კაცები ფლობენ (51%), ვიდრე ქალები (43%). ხოლო, არასრული საშუალო განათლების მქონე ქალები უფრო მეტია (27%), ვიდრე კაცები (19%).
გამოკითული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართველებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი პირობებია შექმნილი სასწავლო დაწესებულებებში (სკოლამდელი – 85%; სასკოლო – 86%; პროფესიული – 74%; უმაღლესი – 75%). საერთო მონაცემებთან შედარებით, ამ პოზიციის გაზიარების ხარისხი ყველაზე მაღალი პანკისის ხეობაშია.
კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობას (63%) არ სმენია მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეღავათიანი პირობებით ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში. ზოგად მონაცემებთან მიმართებით, ქვემო ქართლში შედარებით დიდია მათი წილი (43%), ვისაც ასეთი პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააჩნია, ხოლო პანკისი ხეობაში მცხოვრებ რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედს სმენია ასეთი შესაძლებლობის შესახებ.
რაც შეხება რა ენაზე უნდა მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი, ამაზე საქართველოს ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში გამოკითხული არაქართველთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლამდელი განათლება შერეულ ენებზე უნდა მიმდინარეობდეს. ასევე, უმრავლესობა ფიქრობს, რომ სასკოლო განათლებაც შერეულ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს. ხოლო უმაღლეს განათლებაზე პოზიცია თითქმის შუაზეა გაყოფილია და ნაწილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება ქართულ ენაზე უნდა წარიმართოს, ნაწილი კი ამბობს, რომ უმცირესობათა ენაზე. გამონაკლისია პანკისის ხეობა – პანკისის მკვიდრთა დიდი უმრავლესობა (89%) ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს.
► როგორია ქართული ენის ცოდნის დონე
კვლევები აჩენებს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სათანადო განათლების მიწოდებისთვის ენობრივი ბარიერი და მისი გადალახვა მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს. გასაკუთრებით საყურადღებოა ქართული ენის, როგორც მეორე ენის, სწავლების სირთულეები, რაც დაკავშირებულია ქართული ენის კომპეტენციასთან, ასევე, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასა და ხარისხთან. მაგალითად, ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები, სწავლების მონაწილე განათლების მკვლევარებისა და მასწავლებლების აზრით, არ იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა სკოლის ფარგლებში შეისწავლონ ქართული ენა.
მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან ქვეყანაში არსებობს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა, ამ პროგრამაში ჩართული მასწავლებელების რაოდენობა არ არის საკმარისი.
მაგალითად, EMC-ს ანგარიშში „ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები„ გაანალიზებულია ამ პროგრამის ეფექტიანობა. დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია გაცილებით ფართოა, ვიდრე სახელმწიფო ენის სწავლება. ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში არსებულ სკოლებში, პერსონალის დეფიციტის გათვალისწინებით, ერთი მასწავლებელი ხშირად ასწავლის ხუთ ან მეტ საგანს სკოლაში, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა და არ არის სერტიფიცირებული.
ასევე, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში” მოქმედი მასწავლებლების ნახევარზე მეტს აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, რაც სქემის მიხედვით ყველაზე დაბალი დონეა.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ მეთოდოლოგიური რესურსები და სწავლება მშობლიურ ენაზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი არაქართველი მასწავლებლებისთვის. ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებული მშობლიურ ენაზე სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და მოთხოვნების შესახებ.
განათლების მკვლევარების შეფასებით, არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გაძლიერების შესაძლებლობის არარსებობა მშობლიურ ენაზე დაბრკოლებას წარმოადგენს პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს მათ მოტივაციაზე აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განვითარების საქმიანობაში. ზოგადად, განსაკუთრებით პრობლემურია ახალი კადრების დაქირავება, ვინც ისურვებდა, რომ იმუშაოს არაქართულენოვან სკოლებში.
ხოლო რაც შეეხება სახელმძღვანელოებს – ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები, სწავლების მონაწილე განათლების მკვლევარებისა და მასწავლებლების აზრით, არ იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა სკოლის ფარგლებში შეისწავლონ ქართული ენა.
კვლევამ გაზომა ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის ცოდნის დონე სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით. მაგალითად, ქართული ასოების ცნობა, ქართულად მოსაუბრე ადამიანებთან კომუნიკაცია, ქართული ლიტერატურის კითხვა და გააზრება, ქართული სატელევიზიო არხებიდან ინფორმაციის მიღება, ქართულად მსჯელობისა და სათქმელის გადმოცემა.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ თითოეულ ინდიკატორთან მიმართებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვითარება არადამაკმაყოფილებელია:
- ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და კითხულობს სიტყვებს;
- საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 60%-ს, მათივე შეფასებით, ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაცია, ხოლო ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია კიდევ უფრო დიდ ნაწილს (84%).
ქართული ენის ცოდნის მხრივ, ნეგატიურად გამოირჩევა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო ქართულ ენას შეუდარებლად კარგად ფლობენ (ყველა ინდიკატორის მიხედვით) პანკისის ხეობაში.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ რესპონდენტთა ასაკი გავლენას ახდენს ქართული ენის ცოდნის ხარისხზე: ასაკის მატების პარალელურად მცირდება მათი რიცხვი, ვინც კარგად იცის ქართული ენა. მოცემული ტენდენცია შენარჩუნებულია რეგიონების ჭრილშიც, პანკისი ხეობის გამოკლებით, სადაც ქართულ ენას თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია ერთნაირად კარგად ფლობს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშში „კულტურული დომინაციის და უმცირესობების კულტურული წაშლის ნიშნები ქვემო ქართლის რეგიონში“, ვკითხულობთ, რომ ქართული ენის შესწავლის სურვილის მიუხედავად, თემის წარმომადგენლები შესაბამის სახელმწიფო სერვისებს ვერ პოულობენ და რუსული ენის იმედად რჩებიან.
„ეს ერთის მხრივ იწვევს ქართველებთან კომუნიკაციისას უხერხულობას. კონკრეტულად, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ქართულის უცოდინრობის გამო ქართველებთან კომუნიკაციისას უხერხულობა და ბარიერები ექმნებათ. გარდა ამისა, რუსულად საუბრის გამო, ქართველებისგან ხშირად უარყოფით დამოკიდებულებასაც იხსენებენ.
მეორეს მხრივ, ენის უცოდინრობის მიზეზით უფროსი თაობის წარმომადგენლები ინფორმაციულ ვაკუუმში რჩებიან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საინფორმაციო წყაროებს ეხება. აღნიშნულში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ადანაშაულებენ სახელმწიფოს და თვლიან, რომ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობები სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, „- ნათქვამია ანგარიშში.
► დასაქმება და ეკონომიკური მდგომარეობა
წლების განმავლობაში სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაცია თუ სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგელებისთვის დასაქმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.
ამას ადასტურებს კვლევა, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ. კვლევაში ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობების 53% არ არის დასაქმებული (ადამიანები სამუშაო ძალის მიღმა; დროებით უმუშევრები). დასაქმებულია მხოლოდ რესპონდენტთა 46% და ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში.
რაც შეეხება დასაქმების ადგილებს, ეთნიკური უმცირესობების 16.2% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, დაახლოებით მეათედი (11%) დასაქმებულია საჯარო სექტორში, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულია – 6%.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათ შორის, ვინც დაქირავებით დასაქმებულია (საჯარო ან კერძო სექტორში), ყველაზე დიდი ნაწილი (47%) საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზე მოდის. ასეთ დაწესებულებებში მომუშავეთა წილი გაცილებით დიდია (65%) პანკისის ხეობაში დაქირავებით დასაქმებულთა შორის.
საერთო მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობების ყველაზე დიდი ნაწილის (36%) შემოსავლის ძირითადი წყარო ოჯახის წევრის ხელფასი/გამომუშავებული ანაზღაურებაა; 28%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია, ხოლო დაახლოებით მეხუთედისთვის (22%) – მათ მიერ მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა. რესპონდენტთა 5% დამოკიდებულია ოჯახიდან დროებით წასული წევრის გზავნილებზე, ხოლო 7% სხვადასხვა სოციალურ დახმარებაზე, ან დევნილთა შემწეობაზე.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საერთო მონაცემებთან შედარებით, დიდია მათი წილი (32%), ვისთვისაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქართული ენის ცოდნის ხარისხი გავლენას ახდენს ეთნიკური უმცირესობების დასაქმების სტატუსზე. კერძოდ, ქართული ენის კარგად მცოდნე რესპონდენტების 26% დასაქმებულია საჯარო და კერძო სექტორში. პირიქით, ქართული ენის ცუდად მცოდნე/არმცოდნე რესპონდენტთა შორის მხოლოდ 9%-ია დასაქმებული. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია რეგიონების ჭრილშიც.
გამოკითხულთა შემოსავლები დივერსიფიცირებულია რამდენიმე კატეგორიაში: დაბალი (400 ლარის ჩათვლით) საშუალოზე დაბალი (401-დან 800 ლარის ჩათვლით), საშუალო (801-დან 1000 ლარის ჩათლით), საშუალოზე მაღალი (1000 ლარი და მეტი).
საინტერესოა, რომ საშუალოზე მაღალი შემოსავალი ქვემო ქართლის რეგიონში მხოლოდ სოფლის ტიპის დასახლებებში გვხვდება (6%), ხოლო ქალქის ტიპის დასახლებებში ასეთი შემოსავალი არავის აქვს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პირიქით, ქალაქის ტიპის მოსახლეობის თითქმის მესამედს (30%) საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებაში იგივე შემოსავლის მოცულობა მხოლოდ 16%-ს აქვს.
საერთო მონაცემებით, რესპონდენტების ნახევარზე მეტი (53%) საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს როგორც „საშუალოს“, ხოლო მესამედზე მეტი (36%) როგორც „ცუდს“.
ასევე, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობენ ისეთი ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლის პარალელურად მუშაობენ, ან თავი დაანებეს სწავლას სამუშაოს გამო. კვლევის ავტორებს ასეთი ბავშვები ოთხივე რეგიონში ხვდება.
ანაზღაურებად დასაქმების ხელისშემშლელ საკითხებს შორის დასახელებულია ძირითადად მოსახლეობის უმრავლესობაში სახელმწიფო ენის ცუდი ცოდნა, შესაბამისი კვალიფიკაციის არქონა, ან მიღებული განათლება არ შეესაბამება ადგილობრივ შრომის ბაზრის მოთხოვნას, ასევე ნეპოტიზმი;
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობა არსებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას იღებს ძირითადად პირადი კავშირების მეშვეობით, ასევე ადგილობრივი ტელევიზიისა და დასაქმების ვებგვერდების საშუალებით. თუმცა, არ არსებობს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც დაეხმარება ადგილობრივებს მათი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს პოვნაში.
► ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა
გამოკითხული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ძირითადი ნაწილი ბოლო 12 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო – არ აღენიშნებოდათ ქრონიკული დაავადებები, ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები, რომელთაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ან მძიმე დაავადებები.
გამოვლინდა, რომ რესპონდენტები და მათი ოჯახის წევრები უმეტესწილად მედიკამენტების შეძენით, ოჯახის ექიმის მომსახურებითა და ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციით სარგებლობენ. გაწეული სერვისებით კი კმაყოფილები არიან. ეს ტენდენცია დამახასიათებელია თითოეული რეგიონისთვის.
კვლევაში მონაწილე პირები ბოლო 12 თვის განმავლობაში მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას საკუთარი ოჯახის რეგულარული შემოსავლებიდან ფარავდა, რაც გამოკითხულთა 40%-სთვის ეკონომიკურად მძიმე აღმოჩნდა.
გამოკითხული ეთნიკური უმცირესობების სრულ უმრავლესობას (99%) საზღვარგარეთ მკურნალობის გამოცდილება არ აქვს. იმ პირებმა, რომელთაც მსგავს შემთხვევაზე მიუთითეს, მიზეზად, ძირითადად, უცხოეთში მეტად განვითარებული ჯანდაცვის სისტემა დაასახელეს.
გამოიკვეთა, რომ სამედიცინო მომსახურების მიღების მხრივ, დაწესებულების სიშორე და მომსახურების ხარისხი რესპონდენტების ძირითადი ნაწილისთვის არავითარ ბარიერს არ წარმოადგენს. სხვა ფაქტორებთან შედარებით, პრობლემურად განიხილება მომსახურების ღირებულება – მიახლოებით მესამედისთვის (34%) ეს, გარკვეული ხარისხით, დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა. რეგიონულ ჭრილში განხილვისას ძირითადი ტენდენციები ნარჩუნდება – მომსახურების ღირებულება შედარებით პრობლემურია პანკისსა (37%) და ქვემო ქართლის რეგიონში(38%).
ყოველი მეორე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მათი ოჯახის ყველა წევრი დაზღვეულია, თუმცა, დიდ წილს (33%) არ აქვს სახელმწიფოს ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული დაზღვევა, რომელიც მთელ ოჯახზე ვრცელდება. ისეთ ოჯახებში კი, სადაც რომელიმე წევრი არ არის დაზღვეული, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად, ძირითადად, სახელმწიფო/მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის არსებობის შესახებ ინფორმაციის უქონლობა დასახელდა; მეორე მხრივ კი, ყოველი მესამე რესპონდენტი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვის უნდა მიმართოს დასაზღვევად.
► ეთნიკური უმცირესობების მიგრაცია
ჯანდაცვის საკითხების განხილვის შემდგომ რესპონდენტებმა ისაუბრეს მიგრაციის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მათ დიდ უმრავლესობას (89%), ბოლო 5 წლის განმავლობაში, ოჯახიდან 3 თვეზე მეტი დროით მიგრაციის გამოცდილება არ აქვს.
ის პირები, რომლებიც მსგავს შემთხვევებზე მიუთითებენ (11%), აღწერენ, რომ ძირითადად მიდიან თურქეთში, ხოლო მიზეზად მუშაობას ასახელებენ (82%). ახალგაზრდები (18-24 წლის პირები) მნიშვნელოვანწილად გამოკვეთენ სწავლის მიზნით მიგრაციას (15%), ხოლო 65 ან მეტი წლის პირთა 18% მიზეზად მკურნალობას ასახელებს.
კვლევა აჩვენებს, რომ მიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ რესპონდენტებისთვის რთული აღმოჩნდა ანაზღაურებადი სამსახურის მოძიება. თითქმის ყოველი მეოთხე იმდენად სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ არც კი უძებნია სამუშაო, რადგან ფიქრობდა, რომ მაინც ვერ იპოვიდა, ხოლო ყოველი მეხუთე რესპონდენტი აღწერს, რომ მიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ სამსახური ვერ იშოვა. მეორე მხრივ, მიგრაციის პერიოდში მიღებული გამოცდილება, ზოგიერთი რესპონდენტისთვის (30%) დასაქმების მხრივ ეფექტიანი აღმოჩნდა.
► სოციალური დაცვა და ეკონომიკური განვითარების ტენდეციები
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმრავლესობას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის შესახებ სმენია. იციან იმის შესახებ, რომ ამ ბაზის საფუძველზე ფულადი სოციალური დახმარებები გაიცემა.
მეორე მხრივ, ვლინდება, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას (58%) უმწეო ოჯახების მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად განაცხადი შეტანილი არ აქვს. მათ შორის 34%-ს მიაჩნია, რომ დახმარება არ ეკუთვნის, რამდენადაც, მათი ვარაუდით, შინამეურნეობის ქულა სიღარიბის ზღვარს მაღლა იქნება, მეოთხედის გამოცდილებით კი, განაცხადის შეტანის საჭიროება არ არსებობდა.
ისინი, ვინც დაასახელა თავიანთი სარეიტინგო ქულა, თითქმის 40%-ის შეფასებით, მათი ოჯახის რეალური ეკონომიკური მდგომარეობა და სარეიტინგო ქულა ერთმანეთს არ შეესაბამება (ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დაბალია, ვიდრე შეფასდა), 36%-ის აზრით, კი დაახლოებით შეესაბამება.
ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ მოსახლეობაში გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათ რაიონში/სოფელში ხელმისაწვდომია მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები. თითქმის ყოველ მესამე პირს ჰქონია სესხის მიღების მცდელობა და მათ მიკრო საფინანსო სესხი სრულად აიუღია. მათი შეფასებით, სესხის აღებისას სერიოზული ბარიერი არ არსებობს, თუმცა, ყოველ მეხუთე გამოკითხულს სესხის გაცემის პირობების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია პრობლემურ ფაქტორად ესახება.
უმრავლესობის აზრით (66%-88%), ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში (საკუთარი ბიზნესი, კერძო ბიზნესში დასაქმება, სახელმწიფო სტრუტურები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები) აქტიურად ან მეტ-ნაკლებად აქტიურად არიან ჩართულნი. ხოლო მსგავსი გამოცდილების არქონის ძირითად მიზეზად ენის ცოდნის ბარიერი დასახელდა.
ეკონომიკური განვითარების ტენდენციების ნაწილში, რესპონდენტების 85%-ზე მეტი ამბობს, რომ არ მიუღია ისეთ პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა – „აწარმოე საქართველო“, „დანერგე მომავალი“, აგროდაზღვევის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ა.შ. მონაწილეობის მიუღებლობის ძირითად მიზეზად პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის არქონა დასახელდა.
► ეთნიკური უმცირესობების უფლებები და კულტურული ექსკლუზია
ანგარიშში „კულტურული დომინაციის და უმცირესობების კულტურის წაშლის ნიშნები ქვემო ქართლის რეგიონში“ აღწერილია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართველებისგან განცალკევებით ცხოვრების განცდა აქვთ. რესპონდენტები თავადვე აღწერენ, რომ კომუნიკაციის ძირითადი ადგილები სხვადასხვა საჯარო სივრცეა ან გარკვეული რიტუალები, როგორებიცაა ქორწილი, დაკრძალვა და ა.შ.
დაკვირვება აჩვენებს, რომ ძირითადად, ქართველებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების თემის ცხოვრება ერთმანეთის პარალელურად მიდის და იშვიათად იკვეთება. პრობლემურად სახელდება სამეზობლოებში ჩაკეტილი სივრცეების არსებობაც, როდესაც ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი პირები ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი მიდგომა კი, უმცირესობების ინტეგრაციის საკითხს აბრკოლებს. მეტიც, რესპონდენტები დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე, მიუღებლობაზე უსვამენ ხაზს.
ანგარიშში ასევე მკაფიოდ გამოიკვეთა რესპონდენტების შეფასებები ადგილობრივი თემის კულტურის მკვეთრი გაღარიბების მიმართულებით. კვლევის მონაწილეების აზრით, სახელმწიფო და ეკლესია ცდილობს ქვემო ქართლის, როგორც „ძირძველი ქართული მიწის“, წარმოჩენას, სადაც „აზერბაიჯანელებს ძველი არ შეიძლება რამე მოეპოვებოდეთ“.
მკვლევრები ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომა, გაუაზრებელი და უყურადღებო პოლიტიკა კი ადგილობრივი თემისა და კულტურის წაშლას, გაღარიბებას უწყობს ხელს.
ასევე საუბარია ანგარიშში იმაზე, რომ ქვეყანა მრავალფეროვნების ნაცვლად, მონოეთნიკურად, მონორელიგიურად წარმოჩინდება და ქართული კულტურა დომინირებს. რესპონდენტების შეფასებით, ნებისმიერი ღონისძიება, რაც ეთნიკური კულტურის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, ძირითადად, აზერბაიჯანული მხარისგან, სხვადასხვა აზერბაიჯანული კომპანიის მიერ, ფინანსდება. თუმცა, თავად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მსგავსი დამოკიდებულება ზოგჯერ მიუღებელია და აზერბაიჯანულ მხარეს თხოვნით პრინციპულად არ მიმართავენ. სწორედ აქ იკვეთება სახელმწიფოს როლი, რამდენადაც, მათი შეფასებით, საქართველოს მოქალაქე პირველყოვლისა საკუთარი სახელმწიფოსგან უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას.
რაც შეეხება უფლებრივ ნაწილს, კვლევის რაოდენობრივი შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ყველა ეთნიკურ ჯგუფთან მიმართებით აფიქსირებს, რომ ამ ჯგუფების უფლებები მათ რაიონში/ქალაქში დაცულია.
თუმცა საგულისხმოა, რომ ეთნიკურად ქართველების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დიდ უმრავლესობას წარმოადგენს (90.7%), მაშინ როდესაც სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებით მათი უფლებების დაცვაზე მიუთითებს გამოკითხულთა გაცილებით ნაკლები რაოდენობა (აზერბაიჯანელებთან მიმართებით – 49%, ქისტების შემთხვევაში – 42%; სომხებთან მიმართებით – 53%).
საცხოვრებელ ადგილას ეთნიკურად ქართველებსა და არაქართველებს შორის ურთიერთობა ძირითადად ფასდება, როგორც მეგობრული და კეთილმეზობლური (68%). მეორე მხრივ, გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი (29%) ურთიერთობას აფასებს როგორც ნეიტრალურს.
გამოკითხულთა ნახევარი (51%) ამბობს, რომ ეთნიკურად არაქართველებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი არასოდეს ხდება. ხოლო რესპონდენტთა თითქმის 30% ამბობს, რომ კონფლიქტს იშვიათად აქვს ადგილი.
აღსანიშნავია, რომ პანკისში გამოკითხულ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (54%) მიუთითებს, რომ კონფქილტს იშვიათად აქვს ადგილი, ხოლო მიახლოებით მეხუთედი (19%) ამბობს, რომ ეს არც თუ ისე ხშირად ხდება. სხვა რეგიონების შემთხვევაში კონფლიქტის იშვიათ ან არც თუ ისე ხშირ შემთხვევებზე მიუთითებს 17%-37%.
იმ ადამიანებმა, რომელთაც დააფიქსირეს, რომ ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი რაიმე ინტენსივობით ხდება, ამის მიზეზად დაასახელეს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან დაკავშირებული უთანხმოება, რელიგიურ ნიადაგზე და ეროვნულ ნიადაგზე უთანხმოება.
► ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა
ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის მაჩვენებელი დაბალია.
მაგალითად, თუკი 2016 წელს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების 11 წარმომადგენელი იყო (რაც დეპუტატების საერთო რაოდენობის 7.3%-ია), 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული რიცხვი 6-მდე შემცირდა: ეთნიკურად აზერბაიჯანელი – 3 ინდივიდი, ეთნიკურად სომეხი – 2 ინდივიდი, სხვა – 1 ინდივიდი.
საგულისხმოა ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა თვითმმართველობებშიც დაბალია – 2017 წლის არჩევნების შედეგად (64-დან 21 მუნიციპალიტეტში) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 165 პირი აირჩა.
პოლიტიკური პარტიების შეხედულებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უმრავლესობა არჩევნებზე ყოველთვის მმართველ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას. ამიტომ რესურსს, ენერგიასა და დროს მათთან კომუნიკაციასა და მობილიზებაზე, ძირითადად, არ ხარჯავენ.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტიდან, რომლებშიც მერი აირჩიეს, მხოლოდ 9 მათგანში იყო მინიმუმ ერთი კანდიდატი არაქართული გვარით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლნისში, დმანისსა და თბილისში, სადაც ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, არაქართველი კანდიდატი საერთოდ არ იყო წარდგენილი.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტისა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ 2019 წელს ჩატარებული „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევის“ ფარგლებში შეისწავლეს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის ტრადიციული ფორმები: არჩევნებში და მის განხორციელებაში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიების წევრობა და მათთან თანამშრომლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობა და ა.შ.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტების გამოკვეთილ უმრავლესობას ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური ჩართულობის შემდეგი მეთოდები არ გამოუყენებია: ადგილობრივ ხელისუფლებისადმი მიმართვა, მედიასაშუალებების გამოყენებით პრობლემებზე საჯარო საუბარი, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, კოლექტიური ხელმოწერების შეგროვება და სხვა.
კვლევა, ერთი მხრივ, აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გამომხატველნი, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს რომ კვოტირების პრაქტიკა არ არსებობს, რაც პარტიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყოფნას წაახალისებდა. კონკრეტულად, გამოკითხული პირების 43.8%-ის შეფასებით, პარტიათა პროგრამები და საქმიანობა მათ საჭიროებებს არ მოიცავს. საინტერესოა ისიც, რომ რესპონდენტების 70%-ს ან არ გაუგია, ან უარყოფს ეთნიკურ უმცირესობებთან პარტიების რაიმე მიმართულებით თანამშრომლობას. ამდენად, პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის ზოგადი მაჩვენებელი დაბალია.
კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ რესპონდენტების უმრავლესობა (84.2%) არ არის ინფორმირებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, კერძოდ ბიუჯეტის დაგეგმვაში, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის შესახებ. გამოკითხულთა 8.7% მიუთითებს, რომ ინფორმაციას ფლობს, თუმცა არ იცის კონკრეტულად როგორ უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში.
► მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებასა და სხვადასხვა სფეროში ინტეგრაციის მიმართულებით მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. ამ პროცესში კი, როგორც კვლევები ადასტურებს, კიდევ უფრო განსაკუთრებული როლი აქვს ტელევიზიას და მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პანდემია“ აღნიშნულია, რომ, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ოთხ მთვარ პრინციპს ეფუძნება: უნივერსალურობა, მრავალფეროვნება, დამოუკიდებლობა, გამორჩეულობა. სწორედ უნივერსალურობის პრინციპი გულისხმობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, ცხადია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ამავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდების მხრივ უფრო მეტ რესურსს ინტერნეტით მიწოდების საშუალებებზე ხარჯავს; ტელევიზიით კი, ძირითადად, მთავარი საინფორმაციო გამოშვების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სინქრონულ თარგმანზე წვდომის საშუალება არსებობს.
რაოდენობრივი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც საქართველოში (42%), ისე მათ რეგიონებში (41%) მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ქართულად ეცნობა. პანკისში ინფორმაციას ქართულ ენაზე ეცნობა გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (95%) .
საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს რესპონდენტებისთვის საქართველოს სატელევიზიო არხები წარმოადგენს (31%), თითქმის ყოველი მეხუთესთვის კი – სოციალური მედია (19%).
საქართველოში მიმდინარე მოვლნებთან მიმართებით, საინფორმაციო საშუალებებისადმი ნდობის განსაზღვრისას, რესპონდენტები ძირითადად ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ (საშუალოდ 56%). გამოკითხულთა შორის ნდობით სარგებლობს აზერბაიჯანული (63%) და თურქული (63%) მედია საშუალებები, რაც აღემატება საქართველოს სხვადასხვა მედია საშუალების მიმართ გამოხატული ნდობის მაჩვენებლებს (21%-27%).
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მსგავსი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სრულად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. ამ ჯგუფების წარმომადგენლების ნაწილი კვლავ არაქართულენოვანი ტელევიზიების მაყურებლად რჩება.
როგორ გამოიკითხა ეთნიკური უმცირესობები – კვლევის მეთოდოლოგია
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა პროექტის განხორციელება 2021 წლის ივლისში დაიწყო. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობების სოციალური ექსკლუზიის შესახებ მომზადდა სამაგიდე კვლევის ანგარიში. კერძოდ, გაანალიზდა ექსკლუზიის თემის ირგვლივ არსებული კვლევები, ანგარიშები, რეგულაციები, ოფიციალური დოკუმენტები და ა.შ. 2021 წლის აგვისტოში კი ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი, 4 სამიზნე რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ეთნიკური უმცირესობების 18 ან მეტი წლის წარმომადგენლებმა. შერჩევის დიზაინად განისაზღვრა მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა, ხოლო ზომად – 1510 რესპონდენტი.
კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია სამიზნე რეგიონების დონეზე, ასევე, გენდერული და ასაკობრივი ჭრილებისთვის. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუ 4 სამიზნე რეგიონში ჩატარდა. ეს რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, პანკისის ხეობა და კახეთის რეგიონის აზერბაიჯანული სოფლები.
კვლევაში ჩართულ 29 ინტერვიუერს, საველე სამუშაოების დაწყებამდე, ორჯერ ჩაუტარდათ ტრენინგი კითხვარის და გამოკითხვის პროცედურების შესახებ. ინტერვიუერებმა ჩაატარეს 10 საპილოტე გამოკითხვა, რომლის მიზანი კითხვარის ვალიდურობის შემოწმება და იმ ხარვეზების გამოვლენა იყო, რაც კითხვარის სამუშაო ვერსიას გააჩნდა. კითხვარის პილოტაჟის შემდეგ განხორციელდა კითხვარის ფორმატირება ODK პლატფორმისთვის. საველე სამუშაოები 3 ნოემბერს დაიწყო და თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. 2021 წლის დეკემბრის თვეში მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდიდან დაიწყო ანალიტიკური ანგარიშის მომზადება, რომელიც 2022 წლის აპრილისთვის დასრულდა.