ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა.
ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა.
ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპტიციზმი დაინახა ოჯახის წევრებსა და მის გარშემომყოფებში. ყველა ეუბნებოდა, რომ მსგავსი კულტურული ჯიშები საქართველოში ვერ გაძლებდნენ, კლიმატსა და ჩვენს ბუნებრივ პირობებს ვერ შეეგუებიანო. მაგრამ, ფაქტია, თითქმის 10 წლის წინ დაწყებულმა საქმემ გაამართლა.
ზურას ახლა ფერმაში 300-მდე შავჭრელი ძროხა და ხბო ჰყავს და მომავალში გაფართოებასაც გეგმავს. „თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჯიშები გაძლებდნენ. ერთადერთი, რასაც ეს საქონელი ვერ იტანს, უჭმელობა და უპატრონობაა. როგორც ადამიანს სჭირდება რაღაც სახის კომფორტი, ისევე უნდათ ამ ძროხებს მოვლა“.
განვითარებაში ზურას სხვადასხვა ფაქტორი დაეხმარა. პირველ რიგში ცოდნა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილება. ზურა მიყვება, 2014 წელს, როცა პირველად მოხდა საქონლის იმპორტი, ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე დიდი გამოცდილება იყო ამ მხრივ და ფერმერები, ვისაც სიახლის დანერგვა უნდოდათ, დიდი პრობლემების წინაშე იდგნენო. ზურას შემდეგ საშუალება ჰქონდა წასულიყო ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს დარგი განვითარებულია:
„გავეცანით სწორი მოვლის ტექნიკებს, მე უშუალოდ, ნედლი რძის წარმოება მაინტერესებდა“.
შემდეგ იყო სხვადასხვა საგრანტო პროგრამა და სახელმწიფოს დაბალპროცენტიანი აგროსესხები. მათ შორის იყო ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ფონდისა და ფაოს მხარდაჭერა. ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტი, რომელიც ფერმერს ფერმის მექანიზაციაში დაეხმარა.
„2015 წელს როცა მსგავსი ტიპის მეურნეობა ვინახულე ევროპის ქვეყნებში, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თუ არსებობდა მსგავსი გამართული და მასშტაბური მეურნეობების სისტემა. მაგრამ დროთა განმავლობაში, სწავლის, განვითარებისა და ხელშეწყობის ფონზე, შევძელი მეც მსგავსი მეურნეობის გაკეთება“.
ზურას ფერმაში თანამედროვე ტიპის საწველი დარბაზი აქვს, სადაც ერთდროულად 16 ფური იწველება და ყველაფერს ამას, დაახლოებით, 10 წუთი სჭირდება. მექანიზაციის პირობებში, ფერმაში 12 -მდე ადგილობრივი მაინცაა დასაქმებული.
სანამ ფერმერობას გადაწყვეტდა, ზურამ სამედიცინო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტი დაამთავრა. მაგრამ მერე მიხვდა, რომ ეს ცოდნა სხვანაირად უნდა გამოეყენებინა და პროფსასწავლებელში ჩააბარა, სადაც ვეტერინარის დიპლომიც აიღო. ამიტომ, დღეს საკუთარ ფერმაში როგორც ვეტექიმი და კვების ტექნოლოგი, თვითონვე მუშაობს.
ზურასვე პასუხისმგებლობაა საქონლის ხელოვნური განაყოფიერებაც, რასაც დიდი გეგმაზომიერება და სწორი მიდგომა სჭირდება. ყიდულობს იმპორტირებულ ბიოლოგიურ მასას, რომელსაც ინახავენ თხევად აზოტში, სპეციალურ ჭურჭელში. შემდეგ ამას იყენებენ განაყოფიერებისთვის. ხელოვნური განაყოფიერება ისე და ისეთ დროს უნდა მოხდეს, რომ ფერმამ მთელი წლის განმავლობაში სტაბილური რძე შეინარჩუნოს.
ზურა მიხსნის, რომ ძროხის განაყოფიერების სწორი პროცესი პირდაპირ პროპორციულია შემდეგ წველადობის წარმატებასთან:
“სპეციალურ ციკლს ვიცავთ ძალიან მკაცრად, მაგალითად, 205 დღიანი ლაქტაციაა, შემდეგ 60 შრობის. ვანგარიშობთ და ასე ვგეგმავთ“.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, ალტერნატიული გზების ძიება ტრადიციული მეურნეობების განვითარებაში, ახალგაზრდა ფერმერი მპასუხობს, რომ მთავარია ცოდნა და ამ ცოდნის დანერგვას წინ არაფერი უდგას:
“მე გავრისკე და გამომივიდა. ახლა, მნიშვნელოვანია ეს ცოდნა და გამოცდილება სწორად მოხმარდეს ადგილობრივ მეურნეობას. ხვალ ვინმეს რომ მოუნდეს იმავეს გაკეთება, მე და ჩემნაირი ფერმერების მაგალითზე, უკვე მარტივი იქნება იმ გზის გავლა, რაც ჩვენ გავიარეთ“.