„რამდენი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქვეყანაში ამჟამად?“;
„რამდენი სკოლა აშენდა ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში?“;
„რამდენი უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგია ქვეყანაში?“;
„რამდენ საჯარო სკოლაში არის სასადილო სივრცე/ბუფეტი?“;
„საგნების მიხედვით რა შედეგები აჩვენეს პედაგოგებმა გამოცდებზე?.“
ეს შეკითხვები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მომზადებული განცხადებებიდანაა, რომლებითაც მედიის წარმომადგენლებმა და განათლების საკითხებზე მომუშავე პირებმა განათლების სამინისტროს სხვადასხვა დროს მიმართეს.
ამ კითხვებზე პასუხი ზოგ შემთხვევაში განმცხადებლებს საჯარო ინფორმაციის მიღების ვადების დარღვევით, თვეების განმავლობაში არ მიუღიათ; ზოგ შემთხვევაში კი სრულიად უპასუხოდ დატოვეს.
„პუბლიკა“ ესაუბრა ათამდე რესპონდენტს, განათლების საკითხების მკვლევრებს, მედიისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რესპონდენტები გვიყვებიან განათლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკუთარ გამოცდილებაზე და ამბობენ, რომ ბოლო წლებში უწყებიდან მათთვის საჭირო მონაცემების მიღება გართულებულია და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია.
IDFI-ის მონაცემებით, უკანასკნელი კვლევის თანახმად, რომელიც 2022 წლის შედეგებს ასახავს, განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გაცემის გამჭვირვალობის კუთხით 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა, უწყების მხრიდან საჯარო ინფომაციის გაცემის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია.
„სამინისტროს თანამშრომლები პირად საუბრებში არც მალავენ წუხილს“.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე გვიყვება, რომ წლების განმავლობაში ორგანიზაცია კვლევისთვის საჭირო მონაცემებს განათლების სამინისტროდან სრულყოფილად, ვადების დაცვით იღებდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა გასული ზაფხულიდან. მკვლევარი ამბობს, რომ ივნისიდან მოყოლებული მათი ორგანიზაციისთვის „განათლების სამინისტროში ჩაკეტილია საჯარო ინფორმაციაზე წვდომა“.
მკვლევარი ვარაუდობს, რომ სამინისტროდან მონაცემების ვერმიღების შესაძლო ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებული ბიულეტენებია, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა და რომელთა გასაჯაროებაც არასასურველი იყო სამინისტროსთვის.
მაგალითად მოაქვს სკოლის დირექტორთა არჩევნების შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლებსაც საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა. ეს მონაცემები სხვადასხვა საჯარო დისკუსიაში გამოიყენებოდა.
„მტკიცებით ვერ ვიტყვი, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ განათლების სამინისტრო რომ ჩვენთვის ჩაიკეტა, ფაქტია. 20 წელიწადზე მეტია, განათლების სფეროში ვართ და ცხადია, ბევრს ვიცნობ ამ სფეროში. სამინისტროს თანამშრომლები პირად საუბრებში არც მალავენ და წუხილით ამბობენ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებული, გამზადებული გვაქვსო. უბრალოდ პროცედურაა ისე გართულებული, რომ კონკრეტული ადამიანის თანხმობაა საჭირო, რომ გამოაგზავნონ და ეს თანხმობა არ არის.
რაც არ უნდა უარყონ, ეს ასეა. არსებობს ვიღაც კონკრეტული ადამიანი, რომლის არც სახელი ვიცი და არც გვარი, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომლის თანხმობის გარეშე არ გაიცემა ესა თუ ის საჯარო ინფორმაცია. მან უნდა აუნთოს მწვანე შუქი. სამწუხაროდ, ასე კონტროლირებადი გახდა მონაცემები და ინფორმაცია განათლების სამინისტროში“,- ამბობს შალვა ტაბატაძე.
შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ესაუბრა როგორც მინისტრს, ასევე სსიპ-ების ხელმძღვანელებს, თუმცა ისინი „მხრებს იჩეჩავენ“ და გაუგებრობას მიაწერენ იმას, რომ ორგანიზაციამ თვეების განმავლობაში ვერ მიიღო გამოთხოვილი მონაცემები.
„თუკი ამ მონაცემების გასაჯაროება ვინმეს პრობლემას უქმნის, თუკი პრობლემურია ის, რომ სისტემაში არსებული ხარვეზები გამჭვირვალე ხდება და ამაზე მსჯელობა იწყება, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის ორიენტირებული განვითარებაზე, ორიენტირებულია პრობლემის მიჩქმალვაზე, მათი დამალვის გზით საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებაზე.
ეს ნიშნავს, რომ შენი პოლიტიკური-პარტიული ინტერესი სახელმწიფოსა და კონკრეტული სფეროს განვითარების ინტერესზე მაღლა დგას და ასე მოფიქრალი და მოაზროვნე ადამიანები არ უნდა გვყავდეს სისტემაში“,- ამბობს შალვა ტაბატაძე.
სამინისტროდან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჩვენთან საუბარში ადასტურებენ განათლების თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებიც. „განათლების კოალიციის“ დირექტორის გიორგი ჭანტურიას თქმით, ოფიციალურად გამოთხოვილ წერილებზე პასუხს ვადების დარღვევით იღებენ და ხშირ შემთხვევაში პასუხები არასრულყოფილია. მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში სამინისტროს 12-ჯერ მიმართეს ოფიციალური წერილით.
„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ტენდენცია ისეთია, რომ განათლების სამინისტრო იმის მიხედვით წყვეტს, უპასუხოს თუ არა წერილს, რამდენად სასურველია ეს მისთვის. მაგალითად, თუ წერილის შინაარსი ან გამგზავნი ორგანიზაცია/ფიზიკური პირი მათთვის არასასურველად, უარყოფითად, რისკის შემცველად არის აღქმული, ამ შემთხვევაში ისინი წერილის იგნორირებას ამჯობინებენ“.
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი მეგი კავთუაშვილი გვიყვება, რომ სამინისტროსგან ვერ მიიღო ორგანიზაციამ პასუხი ისეთ მარტივ მონაცემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, რეაბილიტირებული სკოლების რაოდენობა და ვადაგადაცილებით დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, გასულ წლებში მსგავსი ტიპის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო და სამინისტრო ჩაშლილ მონაცემებსაც აწვდიდა, რამდენ სკოლაში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, რამდენ სკოლას შემოავლეს ღობე და ა.შ.
ინფორმაციის არასრულყოფილად გაცემის პრობლემაზე მიუთითებს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ლელა ხათრიძე. „სამართლიანი არჩევნები“ ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში დირექტორთა კონკურსის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას უწევდა მონიტორინგს. შესაბამისად, ორგანიზაციამ ანგარიშისთვის საჭირო მონაცემები განათლების სამინისტროდან რამდენჯერმე გამოითხოვა.
იურისტის თქმით იკვეთება ტენდენცია, რომ სამინისტრო თავს არიდებს პასუხის გაცემას არა პირდაპირი უარით, არამედ უთითებენ, რომ არ აწარმოებენ გამოთხოვილი ინფორმაციის აღრიცხვას. იურისტი ამბობს, რომ გარდა ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა, კვლევის ფარგლებში განათლების სამინისტროდან გასაუბრების სხდომის ოქმები გამოითხოვეს იმ დირექტორობის კანდიდატებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათი კანდიდატურები უსამართლოდ დაბლოკეს და გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს.
იურისტისთვის აბსურდული იყო ისიც, რომ კანდიდატებმა სრულყოფილად ვერ მიიღეს ვერც გასაუბრების ოქმები, რომლებშიც პირადი ინფორმაციის დაცვის მოტივით დაიშტრიხა იმ პირების ვინაობა, რომლებიც კანდიდატებს გაესაუბრნენ.
განათლების სამინისტროსთან ინფორმაციის მიღების ნაწილში თანამშრომლობას ნეგატიურად ახასიათებენ განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები, მედიები, რომლებიც რეფორმის მიმდინარეობასა და განათლებაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს აშუქებენ და კრიტიკულ კითხვებს სვამენ.
„ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე ამბობს, რომ სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა.
„ჯეჯელავას მინისტრობის შემდეგ, ამ უწყებიდან ფაქტობრივად არ მიგვიღია ოფიციალური კომენტარი არცერთ საკითხზე. ბოლო წლებში კი უწყება მთლიანად დაიხურა მედიისთვის, რადგან მე პირადად, ვერცერთ საკითხზე ვერ ვიღებ ოფიციალურ კომენტარს“.
ის ასევე აკრიტიკებს მედიასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელიც არ პასუხობს მედიის ზარებს და ინფორმაციის მიღებაში არ ეხმარება ჟურნალისტებს.
„არაოფიციალურ საუბარში მომისმენია, რომ მითითება აქვთ, არ გასცენ არანაირი ინფორმაცია და არ გააკეთონ კომენტარი კრიტიკულ მედიასთან. პრობლემაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაც. რადგან ან საერთოდ არ გვაწვდიან ინფორმაციას, ან ეს ინფორმაცია არასრულყოფილია. უკვე ტენდენციაა, რომ რამდენიმე თვის დაგვიანებით გიგზავნიან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას და არის შემთხვევები, როცა დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია აქტუალობას კარგავს.
შესაბამისად, ეს ხელს გვიშლის ჟურნალისტებს მუშაობაში. ბოლო დროს კი ისეთ ინფორმაციასაც არ გასცემს სამინისტრო, რომელიც, წესით, სისტემაში უნდა ჰქონდეთ, არ სჭირდება ათდღიანი დამუშავება, თუმცა სამინისტრო არღვევს საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა წესს, არღვევს კანონით განსაზღვრულ ვადებს. სამინისტრომ არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგაც და ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს. შემიძლია ვთქვა, რომ განათლების სამინისტრო კრიტიკული მედიისთვის ფაქტობრივად დახურულია“, – ამბობს ლელა დუმბაძე.
ანალოგიურია განათლების თემებზე მომუშავე პორტალის EDU.ARIS.GE-ის გამოცდილებაც. მთავარი რედაქტორი, თამარ იაკობაშვილი გვეუბნება, რომ სამინისტროდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური მასალაც კი მოამზადეს.
რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ღია წყაროებზე?
„პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორ გამოიყურება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ვებგვერდები და რამდენად არის შესაძლებელი ღია წყაროებზე სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების მოძიება. არსებული წყაროების შესაფასებლად კითხვები განათლების მკვლევრებს დავუსვით.
სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ვებგვერდებს – როგორც ინფორმაციის მიღების ე.წ. ღია წყაროს, კრიტიკულად აფასებს განათლების საკითხების მკვლევარი ნიკა მაღლაფერიძე.
როგორც მან „პუბლიკას“ უთხრა, ის ინფორმაციაც კი, რომელიც ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებსაიტზე, ხშირად ან ტექნიკური ხასიათისაა, ან ძალიან მოკლედ არის წარმოდგენილი, რაც მოქალაქისათვის ართულებს, გაიგოს, რაში იხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადი.
„სამინისტროს შემთხვევაში, ნავიგაცია რთულია, თუმცა სხვა სსიპ-ებთან შედარებით, აქ რაღაც ინფორმაცია მაინც მოიძებნება. ინფორმაცია არასისტემურადაა მოცემული, რაც ართულებს ინფორმაციის დროულად და ეფექტურად მოძიებას. ასევე, ბევრ ინფორმაციას შეხვდებით, რომლებიც ან ძალადაკარგულია, ან საერთოდ აღარც არის სათანადო. მასწავლებლებისთვის და განათლების მკვლევრებისთვის ალბათ ყველაზე სანდო წყარო ისევ სოციალური მედიაა, ვიდრე სამინისტროს ვებგვერდები.
ასევე, განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები არ არის სათანადოდ წარმოდგენილი, რაც ქმნის დაბნეულობას. სამინისტრო მხოლოდ მოკლე პოსტებით შემოიფარგლება FB ჯგუფში და ამ შემთხვევებშიც ხშირად არ გვეძლევა ბმული, რომ უფრო ვრცლად შევიტყოთ ამა თუ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით“.
მისივე თქმით, გასაკვირია, ისიც, რომ ვებგვერდზე არ იძებნება ზოგადი ინფორმაციაც კი ჩვენი ზოგადი განათლების სისტემის შესახებ. დაინტერესებულმა პირმა ამისათვის ისევ საერთაშორისო კვლევებს უნდა მიმართოს.
„ძალიან ბევრ პროგრამაზე საერთოდ არ იძებნება ინფორმაცია, მაგალითად, პროგრამაზე – „შეფასება განვითარებისთვის“. უკვე წლებია, ისმის ამაზე საუბარი პრესაში, და ვებსაიტზე ერთ-ორაბზაციანი მოკლე სტატიაც არის. თუმცა არანაირი პოლიტიკის დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, რომ მასწავლებელმა ან ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს პროგრამის არსის და თუნდაც მისი პრაქტიკული ასპექტების გაცნობა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პროგრამის ჩანაფიქრი კარგად გააზრებული არ არის“.
ინფორმაცია, როგორც კონტროლის მექანიზმი
განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ დემოკრატია გულისხმობს ანგარიშვალდებულებას და როდესაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე, ამით ეს ანგარიშვალდებულება არ სრულდება და დემოკრატიაც ფერხდება.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხანდახან ხელისუფლების ხელში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მართვის მეთოდი, მაგალითად, ზოგს წაახალისებენ იმით, რომ გაუმარტივებენ მონაცემებზე ხელმისაწვდომობას და ზოგს ურთულებენ საქმეს.
ამით ზოგიერთი ორგანიზაციის მარგინალიზებას ახდენენ და წაახალისებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მათთან უფრო ახლოს არიან. ეს არის ერთგვარი მცდელობა, სახელმწიფოში შეზღუდო დემოკრატია. ყველას მიმართ კი არ იყო ანგარიშვალდებული, არამედ ზოგიერთის მიმართ, რომლებიც შენი პოლიტიკის მიმართ უფრო ლოიალური არიან“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ სამინისტრო გამოთხოვის გარეშეც უნდა აქვეყნებდეს შეგროვებულ მონაცემებს, რათა მკვლევარსა თუ განათლების საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციას გაეცნოს.
მაგალითისთვის, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ დაინტერესებული ადამიანი ისეთ ელემენტარულ ინფორმაციასაც კი ვერ იპოვის სამინისტროსა თუ მისი დაქვემდებარებული სსიპ-ების ვებგვერდებზე, როგორიცაა, ინფორმაცია სკოლების შესახებ, რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა, ინფორმაცია მათ მისამართებზე, დირექტორებზე და ა.შ.
„მკვლევრის პოზიციიდან შეიძლება დავსვათ კითხვა – რატომ არის ასე ორგანიზებული ეს ყველაფერი? ამაზე მახსენდება ყირგიზეთის მაგალითი, იქ მუშაობის პერიოდში იქაურმა განათლების მინისტრმა მითხრა, რომ გამოაქვეყნა სკოლების რუკაზე აღბეჭდილი მონაცემები და სამინისტროს თანამშრომლები აუჯანყდნენ. მიზეზი იყო ის, რომ, მათი აზრით, სამინისტრო ასე კარგავდა თავის ფუნქციას, კარგავდა კონტროლს…
ჩვენთვისაც ამ მონაცემების არგასაჯაროება არის ძალაუფლების წყარო და ამ მონაცემების გაცემით/დამალვით სისტემაში მომუშავე ადამიანები ამ ძალაუფლებას ინარჩუნებენ ან იყენებენ საკუთარი კონტროლის მოსაპოვებლად“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც მონაცემები სამინისტროს მხრიდან გამოთხოვის გარეშე პროაქტიულად არ ქვეყნდება, შესაძლებელია იყოს ისიც, რომ „უწყებაში არ არიან დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ და ფიქრობენ, რომ ამ მონაცემების გამოქვეყნება გამოააშკარავებს სისტემაში არსებულ ხარვეზებს“.
ის იხსენებს, რომ უახლოეს წარსულშიც არსებობდა ქვეყანაში გამოცდილება, როდესაც სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული სსიპ-ები აქვეყნებდნენ ყოველწლიურ სტატისტიკურ ინფორმაციას და შემაჯამებელ ანგარიშებს, ბოლო წლების ტენდენციით კი მსგავსი ინფორმაცია აღარ ქვეყნდება.
განათლების სამინისტრო – ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გამჭვირვალობის მქონე უწყება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) იურისტი ნიკა ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ორგანიზაციის დაკვირვებით ბოლო წლების განმავლობაში ცენტრალურ დაწესებულებებში – მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში ძალიან დავარდნილია გამჭვირვალობის ხარისხი.
ორგანიზაცია აქვეყნებს წლიურ ანგარიშებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.
რაც შეეხება კონკრეტულად განათლების სამინისტროს, თუკი 2021-ში საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარისხი იყო 78% , 2022-ში კვლევამ აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა, 29%-მდე. 2023 წლის მონაცემების ტენდენცია კი კიდევ უფრო დაბალ შედეგებს აჩვენებს.
მაგალითისთვის, ორგანიზაციას 2022 წლის ზაფხულიდან დღემდე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში 16 განცხადება ჰქონდა განათლების სამინისტროსადმი. ამათგან, სამინისტრომ ინფორმაცია სრულყოფილად, ვადების დაცვით მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცა.
2 შემთხვევაში იყო ვადის ნაწილობრივი დაკმაყოფილება ან უხეში დარღვევა, დანარჩენ შემთხვევაში ორგანიზაციამ ინფორმაცია ვერ მიიღო და გაასაჩივრა.
„განათლების სამინისტროს რაც ახასიათებს, ჩვენი დაკვირვებით არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა საჩივარზე აქვთ იდენტური, შაბლონური პასუხები, რომ საერთოდ არ განიხილავენ საჩივრებს და გვიწევს ხოლმე სხვა დამატებითი მექანიზმების გააქტიურება – მივმართავთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს.
საბოლოოდ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს შედეგი, მოგვაწოდონ განცხადება, მოგვაწოდონ ინფორმაცია, მაგრამ საჩივრებს, როგორც წესი, არც კი განიხილავენ, არ ცნობენ ჩვენს საჩივრებს“.
იურისტი ამბობს, რომ ამ კუთხით განათლების სამინისტრო გამოირჩევა სხვა სამინისტროებისგან, სადაც საჩივრებს განიხილავენ მაინც. განათლების სამინისტროში კი ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული საჩივრის შემთხვევაში შაბლონურად ამბობენ, რომ საჯარო ინფორმაციის სარჩელის განხილვა არ არის სამინისტროს კომპეტენცია და მოუწოდებენ განმცხადებელს, მიმართოს სასამართლოს. რაც, რა თქმა უნდა, არის დამატებითი ტვირთი, ჯერ ერთი, განმცხადებელს უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მეორე – ეს უკავშირდება რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებს და ა.შ.
რა პასუხი აქვთ განათლების სამინისტროში?
„პუბლიკამ“ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია ადამიანური რესურსის შესახებ. კერძოდ, ჩვენ დავინტერესდით – სულ რამდენი ადამიანია დასაქმებული სამინისტროში, რომლებიც საჯარო ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის მიმართულებით მუშაობენ?
ასევე დავინტერესდით, 2022-2023 წლებში სულ რამდენი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განაცხადი მიიღო სამინისტრომ და მათგან რამდენს გაეგზავნა პასუხი კანონით დადგენილ ვადებში?
აწარმოებენ თუ არა თავად სამინისტროში მონიტორინგს. მათი შეფასებით, რა არის ხოლმე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევის ძირითადი მიზეზები?
სამინისტროდან პასუხი კანონით დადგენილ ვადაში მივიღეთ, თუმცა არასრულყოფილად.
ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, რომელიც კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევას შეეხებოდა, ასევე ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე – რა იყო ამ ვადების დარღვევის ძირითადი მიზეზი.
კერძოდ, სამინისტროდან მოწოდებულ პასუხში ვკითხულობთ, რომ „სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურედ განსაზღვრულია ერთი პირი“.
მათივე ცნობით, 2022-2023 წელს სულ შესულია 975 განაცხადი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, „მათი უმეტესი ნაწილი შეიცავდა ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი − მრავალ მოთხოვნას, ყველა მათგანზე გაცემულია პასუხი“.