როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში მყოფები - რა რისკებს ხედავს ოპოზიცია და არასამთავრობოები

პუბლიკა

ხვალ, 27 ოქტომბრის დღის 14 საათზე იწურება დარეგისტრირების ვადა თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს უნდა მიმართონ.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მიმართვის შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით ისარგებლებენ.

ცესკოში აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყების მიერ გადაცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.

მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა  4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ვინაიდან ცესკო გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანს მხოლოდ მათ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხვაში იმყოფება, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირი (ინფიცირებული, თუ კონტაქტში მყოფი),  მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ.

„ ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში. ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა შეძლოს“,- წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.

ცესკომ 19 ოქტომბერს გამოსცა #45 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში, მათ შორის კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნა; ასევე, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები.

აღნიშნულ დადგენილებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

რა რისკებზე საუბრობს ოპოზიცია

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შექმნილმა „ხმების დაცვის კომისიამ“ ცესკოს აღნიშნული დადგენილება სასამართლოში 21 ოქტომბერს გაასაჩივრა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დოკუმენტს არჩევნების გაყალბებისა და ხმების მითვისების მექანიზმად მიიჩნევენ. კერძოდ, რისკებს მათთვის გადასატანი ყუთის მასობრივი გამოყენება აჩენს და ამბობენ, რომ ამ პროცესში ხმის მიცემისა და სპეციალურ უბნებზე ხმის დათვლაც უკონტროლო გახდება. ერთი მხრივ, ისინი პრობლემას ხედავენ, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ხმის მიცემისთვის რეგისტრაციის ვადების სიმცირეში; მეორე მხრივ კი, მათი შეფასებით, დადგენილება ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში 27-ის შემდეგ გადავიდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს მხოლოდ იმ საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომლებიც მათ აძლევს ხელს.

ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივონ რეგისტრაციის ვადა და უზრუნველყონ ყველა პირის რეგისტრაცია, რათა არ შეიზღუდოს არცერთი მოქალაქის საკონსტიტუციო უფლება.

„ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა. ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებული იქნებიან თვითიზოლაციაში  27-ის შემდეგ გადავიდნენ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა.

აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია კოვიდვითარების მართვაში, ამასთან ერთად ჩნდება გონივრული ეჭვიც, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით. ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

 „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დოკუმენტის შეფასებისას ამბობს, რომ ამ გზით „ქართულ ოცნებას“ თავიანთ სასარგებლოდ ხმების მობილიზება სურს:

„არ ვიცი ეს სასამართლო რას გააკეთებს, მაგრამ  ჯერ ერთი, შეუძლებელია, რომ ცესკომ ამის დამენეჯმენტება მოახერხოს; მეორე ის, რომ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ უნდა მინიმუმ 30-40 ათასი ხმა დაიმატოს, ეს არის ჩემთვის და ოპოზიციისთვის სრულიად ნათელი“.

არჩევნების მასობრივი გაყალბების რისკებზე საუბრობს  მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძეც:

„გადასატანი ყუთით საკუთარ ოთახებში, ბინებში, საავადმყოფოებსა და სასტუმროებში ხმას მისცემს ათი ათასობით ადამიანი. კონტროლი ამ ხმის მიცემის პროცედურაზე ფაქტობრივად არ იქნება. დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს, რომლებიც ადგილზე მივლენ არ ექნებათ ფოტოსურათიანი სია, იქმნება შესაძლებლობა, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდეს“.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ არის ცნობილი ზუსტი ციფრი, გარდა ოფიციალური სტატისტიკისა, რეალურად რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში:

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში. თუ ეს არის კრიტიკულ ზღვარზე იქით, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ ამ ხალხთან გადასატანი ყუთი მივიდეს“.

 

რა ხარვეზებს ხედავს არასამთავრობო სექტორი

ცესკოს 45-ე დადგენილების მიმართ 22 ოქტომბერს შენიშვნები გამოაქვეყნა „საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველომ”. კერძოდ, ორგანიზაციას შენიშვნები აქვს, როგორც დადგენილების მიღების პროცესთან, ასევე  შინაარსთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ:

  • დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან ბინაზე გადიან მკურნალობას, შეყვანილ იქნებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართავენ ცესკოს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრა გაუმართლებელია, რადგან თუკი ასეთი ამომრჩევლები ვერ შეძლებენ დროულად მიმართვას, მათ არ ექნებათ ხმის მიცემის საშუალება. მით უფრო, რომ წარმოდენილი დადგენილებით ამომრჩევლებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლევათ ამ უფლებით სარგებლობისთვის. „გამჭვირვალობისთვის“ ასევე გაუგებარია, რატომ ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ბინაზე მკურნალობის ან თვითიზოლაციის აუცილებლობა 26 ოქტომბრის შემდეგ დაუდგინდებათ. ორგანიზაციის შეფასებით, ყოველივე ეს გაუმართლებელ დაბრკოლებას წარმოადგენს ასეთი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობისთვის. ასევე, ქმნის გარკვეულ საფრთხეებს „არასასურველი“ ამომრჩევლის სიის მიღმა დატოვების  კუთხით. საბოლოოდ კი ზღუდავს ხმის მიცემის კონსტიტუციურ უფლებას.  TI-ის მიაჩნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ცესკომ ავტომატურად უნდა შეიყვანოს აღნიშნული პირები და მათ მიეცეთ უფლება, მიმართვის საფუძველზე, ამოეწერონ აღნიშნული სიიდან.
  • ცესკომ უარი თქვა თავდაპირველ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნას ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა თუ საკარანტინო სივრცეებში, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველია. ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. TI-ის მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობასა და მასზე დაკვირვების უკეთეს  შესაძლებლობას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის დროს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლია პროცესს დააკვირდნენ, შეზღუდულია. ორგანიზაციის რწმენით, უმჯობესი იქნებოდა პროცესის იმგვარად ჩატარება (სპეციალურ საარჩევნო უბნებში), რომლის დროსაც შესაბამისი სუბიექტების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა იქნებოდა.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა“ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, ცესკოს დადგენილების იმ ნორმის შეჩერება, რომლებიც გამორიცხავს  26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას.

როგორც  „სამოქალაქო პლატფორმა 20/200-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული დადგენილება ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ითხოვს სადავო ნორმის იმ შინაარსის შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს  26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა თევზაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ იურისტის, ალიკა კუპრავას განმარტებით, სარჩელის მიზანია ამომრჩევლების  საარჩევნო უფლების დაცვა.

„ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, ხმის მიცემის შესაძლებლობას კარგავენ ის ამომრჩევლები, რომლებიც 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში.  ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, ათეულობით ათასმა ადამიანმა დაკარგოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – აღნიშნა კუპრავამ.

 

რა პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე – თუ რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ იზოლაციაში და როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში? – უპასუხა, რომ ცესკომ გამოიყენა გადასატანი ყუთისთვის საჭირო სტანდარტული პრაქტიკა:

„ამ შემთხვევაში ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქიკას, რაც გამოიყენება ზოგადად გადასატანი ყუთისთვის. ანუ თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ის, ბუნებრივია, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს. შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს არჩევნების დღეს და ის ბუნებრივია თავისი ხმის უფლებით ვეღარ სარგებლობს. ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქიკას, რაც მოქმედებს მათ შორის სხვა პაციენტებისათვის, ვისაც შეიძლება გადასატანი ყუთი სჭირდებოდეს. ეს პრაქტიკა წლების განმავლობაში მოქმედებს და ცესკომ ზუსტად ამ პრაქტიკით იხელმძღვანელა. რამდენიმე დღე არის აღებული იმისათვის, რომ ადამიანს მიეცეს რეგისტრაციის შესაძლებლობა.

რაც შეეხება იმას, რომ ყველას არ ეძლევა ხმის უფლებით სარგებლობის საშუალება, ესეც ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, უამრავი ადამიანი არჩევნების პერიოდში მოკლევადიანი ვიზიტით ტოვებდა ქვეყანას და ამის გამო ვერ აძლევდა ხმას არჩევნებში. მათი რაოდენობა რამდენჯერმე მეტი იყო, ვიდრე კოვიდის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური არამხოლოდ ქართულ პრაქტიკაში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის პრაქტიკაში.

ცესკოს სჭირდება გარკვეული ვადა იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხმის მიცემა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არიან ინფიცირებული. თუ აღრიცხვა მოხდება წინა დღით, 2-3 დღით ადრე, მაშინ ცესკოს წარმომადგენლები შეძლებენ ამ ყველაფრის ადმინისტრირებას“, – განმარტავს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკის პასუხად აცხადებს, რომ მათ კრიტიკას საფუძველი არ აქვს: „დღეს იწურება ვადა, დავუშვათ გაიზრდა 2 000-მდე (თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა), ამ ხმების გაყალბებამ რა შედეგი უნდა მოგვცეს? სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი და საბაბი, იქაც კი ეძებენ საბაბს, რომ რაღაც თქვან. რეალურად გაყალბების კუთხით არც ინტერესი არსებობს და ინტერესიც რომ იყოს, ამ 2000 კაცს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია მთლიანობაში არჩევნების შედეგზე“.

ცესკოში განმარტეს, რომ ვადების გაზრდა შეუძლებელია რადგან სიების ფორმირებას აქვს თავისი წესი, შესაბამისი ვადები და ეს პროცესი არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვერ დასრულდება.

***********

დღევანდელი გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა ნაცვლად 26 ოქტომბრის 22 საათისა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ცესკოს ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილ 127 საარჩევნო უბანში,  წილისყრის შედეგად გამოვლენილია 424 გადასატანი საარჩევნო ყუთი. 25 ოქტომბრის მდგომარეობით 149 გადასატანი საარჩევნო ყუთის საჭიროებაა.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე ითქვა, რომ დღევანდელი სტატისტიკით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 პირი. საავადმყოფოში მკურნალობს 3 832 პაციენტი, ხოლო კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 2 249 პაციენტი.