როგორ მუშაობენ ქართველი „შერლოკები”

ზურა ვარდიაშვილი

(ანუ რატომ გვჭირდება საგამოძიებო სისტემის რეფორმა)

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე  მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება…

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია „სპარში“, თავდამსხმელებმა მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ…

კასპში მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა…

მოქალაქემ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას  ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა…

***

ქართული მედია ამგვარი ახალი ამბებით ყოველთვის დატვირთულია. თუმცა, როგორც წესი, კრიმინალური ქრონიკის არც შემქმნელები და არც მაყურებლები მომხდარი ფაქტების სიღრმეში არ შედიან. შესაბამისად, ბევრმა არ იცის, როგორ გრძელდება დანაშაულის გამოძიება, რა იგულისხმება „საგამოძიებო მოქმედებებში”, რა პრობლემები და გამოწვევები ახლავს თან ამ პროცესს.

დეტექტივი ლიტერატურის ის ჟანრია, რომელიც ყველაზე მარტივად და ინტერესით იკითხება, რასაც ვერ ვიტყვით იმ კვლევებსა თუ სტატიებზე, რომლებიც აღწერენ, როგორ უნდა მოქმედებდეს დეტექტივ-გამომძიებელი. არადა, იმისთვის, რომ დანაშაული სრულფასოვნად გაიხსნას, დამნაშავე დაისაჯოს, უდანაშაულოს (დამნაშავისაც) უფლებები დაცული იყოს, მოკლედ რომ ვთქვათ, მართლმსაჯულება აღსრულდეს, აუცილებელია, საგამოძიებო სისტემა მოქმედებდეს სრულიად განსხვავებულად იმისგან, როგორი მოქმედებაც  დღეს გამომძიებლებს უწევთ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, (იგივე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” – მათ სახელი შეიცვალეს) წლებია საგამოძიებო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

იმისთვის, რომ გამოძიების პროცესი სრულყოფილი გახდეს, იგი ობიექტურად უნდა წარიმართოს. თეორიულად, გამოძიების მიზანი არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვება. გამომძიებელმა  ყველა  რელევანტური ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და „საქმეში დაამაგროს”, თუნდაც ისინი ბრალდებულის სასარგებლოდ მეტყველებდეს.

ამავდროულად, ჩვენი კანონმდებლობით გამომძიებელი ბრალდების მხარედ მიიჩნევა და მის საქმიანობას აკონტროლებს პროკურორი, რომლის მიზანიც კონკრეტული ბრალდებულის გამტყუნებაა.

გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გვეუბნება, ამ პირობებში, როდესაც გამოძიებას წარმართავს და ხელმძღვანელობს პროკურორი, გამომძიებლის დამოუკიდებლობა ილუზიაა.  გამოძიება  თავიდანვე წარიმართება არა ობიექტურად, არამედ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ.

2009 წელს, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი.  კოდექსის ძირითად ამოცანებად გაცხადებული იყო შეჯიბრებითობის, საჯაროობის, მხარეთა თანასწორობის, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევის, ბრალდებულის უფლებათა პატივისცემისა და სხვა მნიშვნელოვანი პრინციპების დანერგვა/გაძლიერება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე იყო ინკვიზიციურიდან შეჯიბრებით საპროცესო მოდელზე გადასვლა, რაც გულისხმობს ბრალდებისა და დაცვის მხარეებისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი ინსტრუმენტების მინიჭებას, რათა ორივე მხარეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეეძლოს ეფექტიანი გამოძიების წარმოება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანალიზის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებით საპროცესო მოდელს მეტად კომპლექსური თეორიული ჩარჩო აქვს და სამეცნიერო წრეებში მასთან დაკავშირებით დღემდე აქტიური დებატები მიმდინარეობს, აღნიშნული მოდელის უპირობო უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მის ფარგლებში ნებისმიერი პირი, მათ შორის ბრალდებულიც, აღჭურვილია სამართლებრივი ბერკეტებით, ეფექტიანად წარმოადგინოს თავისი ისტორია საკუთარი პერსპექტივიდან.

რომ, შევაჯამოთ, ქართული სასამართლო პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, სადაც მოსამართლის წინაშე ერთმანეთს ორი, ბრალდებისა და დაცვის მხარე „ერკინება”. სამართლიანობა მოითხოვს, რომ მათ მეტ-ნაკლებად თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ.

ამის საპირისპიროდ, დიდია ძალთა დისბალანსი. შეუძლებელია კერძო ადვოკატი იმავე რესურსებით იყოს აღჭურვილი, რაც სახელმწიფო აპარატს აქვს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად შეჯიბრებითობის პრინციპისა, გამოძიება მაინც უნდა იყოს ობიექტური და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მხარე.

რეფორმა

საგამოძიებო სისტემის რეფორმის საჭიროებაზე აქტიური საუბარი დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო. ინიციატორი მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, თუმცა რეფორმა მხოლოდ შსს-ს საგამოძიებო სამსახურს არ ითვალისწინებდა.

საქართველოში არ გვაქვს უნიფიცირებული საგამოძიებო სისტემა, გამოძიების წარმოება რამდენიმე სტრუქტურას შეუძლია – შსს-ს საგამოძიებო სტრუქტურა ყველაზე  დიდი და სერიოზული ორგანოა, მაგრამ თავისი სამსახურები ჰყავს – პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს (ე.წ. ფინანსური პოლიცია), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს; შედარებით ახალი სამსახურია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. საგამოძიებო სამსახურები ჰყავს იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსაც.

როგორც იმნაძე განმარტავს, მათ მიერ ჩამოყალიბებულ მოდელში,  პროცესის რაღაც ეტაპამდე, (ეს შეიძლება იყოს წინასასამართლო სხდომა), გამომძიებელი საქმეს დამოუკიდებლად უნდა იძიებდეს,  აგროვებდეს საქმის მასალებს, ფაილებს, და შემდეგ, როცა უკვე ჩათვლის, რომ მზად არის სასამართლოში წასაღებად, პროკურორი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, რამდენად ობიექტურადაა გამოძიება ნაწარმოები, და არის თუ არა მტკიცებულებები საკმარისი,  სასამართლოში კონკრეტული პირის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმის საწარმოებლად.

მოკლედ რომ ვთქვათ, პროკურორი აღარ უნდა იყოს გამომძიებლის უფროსი.

გარდა ზემოთ მოყვანილისა, იმნაძე დამატებით არგუმენტებსაც გვთავაზობს:

მაგალითად, ჩვენივე კანონმდებლობით პროკურორს ევალება გამომძიებლის საპროცესო ზედამხედველობა. ანუ, თუ  ის არასწორად წარმართავს გამოძიებას, ვთქვათ, დაუსაბუთებლად მოითხოვს, და გადაწყვეტს პირის უფლებებში ჩარევას და ამ გზით ინფორმაციის მოპოვებას, პროკურორს ევალება, ასეთი უკანონო გზით მოპოვებული ინფორმაცია სასამართლოში არ წაიღოს.

„დღეს, როდესაც პროკურორი ყველაფერზე თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ეს ჩანაწერიც აზრს კარგავს, რადგან ცხადია, იგი თავის თავთან არ მოვა წინააღმდეგობაში”. – ამბობს იურისტი.

აღსანიშნავია ისიც, თუ რატომ შეიქმნა თავის დროზე ინსპექტორის სამსახური. პოლიციელების ან პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულებს პროკურატურა იძიებდა, ინსპექტორის აპარატს კი, თითქოსდა პროკურატურიდან უნდა „წამოეღო კომპეტენცია”. თუმცა ინსპექტორის სამსახურის იდეა აზრს კარგავს, ვინაიდან, საბოლოოდ  გამოძიებაზე გადაწყვეტილებას ისევ პროკურორი იღებს.

ცხადია, საგამოძიებო სამსახურის რეფორმა არა მხოლოდ წმინდა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხია. „ყველა საგამოძიებო სამსახურზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს პროცესი პროკურატურასა და შსს-ს შორის ნამდვილად არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველი. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, თუ ვინ მიიღებს საგამოძიებო ღონისძიებებზე გადაწყვეტილებებს” – გვეუბნება გურამ იმნაძე.

თუმცა მხოლოდ პოლიტიკური ნება რეფორმის წარმატებისთვის საკმარისი არ არის. მას წინ მრავალი სირთულე უდგას, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კი გამომძიებელთა კვალიფიკაციაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე მსხვილ საგამოძიებო უწყებაში მუშაობის დასაწყებად ძალიან დაბალ მოთხოვნებს აყენებს.  ამისთვის საშუალო განათლებაც კი საკმარისია. რეფორმის მოწინააღმდეგეები ამ არგუმენტსაც კი იყენებენ ხოლმე – როგორ შეიძლება უფლებამოსილების მნიშვნელოვნად გაზრდა ამგვარი კვალიფიკაციის კადრებისთვის?  „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მოსაზრებით გამომძიებლად მიღების კრიტერიუმად უნდა განისაზღვროს უმაღლესი იურიდიული განათლება, ასევე  გაიწეროს გამომძიებლების სამსახურში აყვანის განჭვრეტადი და დემოკრატიული წესები.

ამ მხრივ, შესაძლებელია, სხვა უწყებებმა დანერგონ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კადრების შერჩევა-დანიშვნის მსგავსი პროცედურები. მიიჩნევა, რომ, ე.წ. „ფინანსურ პოლიციას” მსგავსი პრობლემები არ უდგას.

მოცემულ მომენტში ჩვენთვის უცნობია, რა დამოკიდებულება აქვს ამ ორ მნიშვნელოვან სტრუქტურას (პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს) რეფორმის მიმართ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები უახლოეს დღეებში შეხვდებიან მათ და გაარკვევენ საწყის წერტილს, საიდან უნდა გაგრძელდეს რეფორმაზე მუშაობა. ამ თემაზე „პუბლიკა” მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ, მანამდე კი ქართველი „შერლოკები” კვლავ გააგრძელებენ პროკურატურის და არა მართლმსაჯულების ინტერესების გატარებას.

შესაძლოა, საგამოძიებო სისტემის რეფორმის საკითხი სპეციფიკური ხასიათის გამო საზოგადოების დიდი ინტერესით არ სარგებლობს, თუმცა მცირედი ჩაღრმავებაც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად ეხება იგი სამართლიანობის პრინციპს, თითოეულ მოქალაქეს, მის უფლებებს…


„სტატია მომზადებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) პროექტის ფარგლებში“

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. იგი შესაძლოა არ ასახავდეს ამერიკის მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  შეხედულებებს.