„სკოლას უნდა ჰქონდეს მექანიზმი ახალგაზრდა კადრის ადაპტაციისთვის. მე როგორც ახალგაზრდა პედაგოგმა, უცხოდ არ უნდა ვიგრძნო თავი, ეს საკითხი ახალ სკოლაში ძალიან მაწუხებდა – რაღაც დრო არ ვიცოდი, სად იყო ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი და ა.შ. საჯარო სკოლაში ხალხს ჰგონია, რომ ვინც სკოლაში შედის, აუცილებლად ყველაფერი უნდა იცოდეს. სკოლამ უნდა გამოყოს ვინმე, მენტორი ან ტუტორი, რაც გინდა ის დაარქვით, რომელიც დაეხმარება ახალ კადრს“.
„სკოლები ითხოვენ გამოცდილებას. ჩვენ კი ახალგაზრდა პედაგოგები ვართ, დამწყებები, გვჭირდება დრო განვითარებისა და გამოცდილებისთვის. გამოცდილების კუთხით კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თითქმის ყველა ითხოვს და ეს დამაბრკოლებელი ფაქტორია ჩვენთვის“.
„გამოწვევაა სკოლის კოლექტივის დამოკიდებულებაც, არის შემთხვევები, როცა ახალ პედაგოგს გუნდში არ იღებენ და თანამშრომლობითი გარემო ვერ ყალიბდება. თუმცა ვთვლი, რომ ეს თანდათან სწორდება. იმედი მაქვს, მასწავლებელთა განწყობა ახალმოსულთა მიმართ დადებითისკენ შეიცვლება“.
ეს ციტატები ახალგაზრდა პედაგოგებს და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების სტუდენტებს ეკუთვნით. „პუბლიკა“ რამდენიმე მათგანს პროფესიულ არჩევანზე, საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხზე, სასკოლო სისტემაში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
მარიამ უჩანეიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულია. 2019 წელს საბაკალავრო საფეხური, 2022 წელს კი ისევ განათლების მიმართულებით, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა.
ამბობს, რომ მასწავლებლობა მისი ოცნება არასოდეს ყოფილა, თუმცა მშობლების რჩევით ჩააბარა და მალევე მობილობით სხვა ფაკულტეტზე გადასვლა ჰქონდა გეგმაში, თუმცა სხვა ფაკულტეტზე გადასვლის გეგმა განუხორციელებელი დარჩა და დღეს უკვე პედაგოგია, 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით – ასწავლიდა კერძო სკოლაში და ახლა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგია.
„იმდენად კარგი გარემო შემიქმნა უნივერსიტეტმა, ლექტორებმა, ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი. უნივერსიტეტმა ნამდვილად ხელი შემიწყო, რომ ჩემს პროფესიაში წარმატებული ვყოფილიყავი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხითაც“, – ამბობს მარიამი.
მარიამს კერძო და საჯარო სკოლაში სწავლების გამოცდილებაზეც დავუსვით შეკითხვა:
„კერძო სექტორი განებივრებულია რესურსებით – პროექტორი, ქსეროქსი – ეს ყველაფერი კერძო სკოლაში ხელმისაწვდომი იყო, გაკვეთილები იყო სახალისო და ბავშვებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. საჯარო სექტორში ამ კუთხით პრობლემებია. მუშაობა რომ დავიწყე არ იყო ქსეროქსის აპარატი და საკუთარ ფულს ვხარჯავდი. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ყველა საგანში ფურცლების ამობეჭდა ძვირი მიჯდებოდა და ქსეროქსი ვიყიდე. პროექტიც არ იყო სკოლაში, ახლა შეიძინეს და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს მარიამი.
ის მნიშვნელოვან გამოწვევად ასახლებს კლასში ბავშვების რაოდენობას და ამბობს, რომ ხშირად ინდივიდუალური მიდგომებისთვის პედაგოგებს დრო აღარ რჩებათ.
„გაკვეთილი 35-წუთიანია, ხშირად ემატება პირველ გაკვეთილზე დაგვიანების მომენტი – რაღაც გაქვს ასახსნელი, გინდა, რომ მოასწრო და 28 ბავშვიდან 10 -ია მოსული და დანარჩენი 15-17 ეტაპობრივად აღებს კარს, იკარგება ეს დრო და ნაყოფიერი მუშაობა არ გამოდის. აუცილებელია კლასებში ბავშვთა რაოდენობის შემცირებაზე ფიქრი“, – ამბობს მარიამი.
მასწავლებლობა ახალგაზრდებისთვის პოპულარული პროფესიული არჩევანი არ არის და ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს – სახელფასო პოლიტიკა, საუნივერსიტეტო პროგრამები, სკოლებში დასაქმების პერსპექტივა და ა.შ.
მარიამი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით გასულ წლებთან შედარებით, მასწავლებლობა მეტად პოპულარულია ახალგაზრდებში, თუმცა ამ სფეროში არსებული სახელფასო პოლიტიკის, რესურსების და დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერების გამო ბევრი თავს იკავებს და თავიან კარიერას სკოლას არ უკავშირებს.
მისი თქმით, მასწავლებლობა რთული პროფესიაა და შეიძლება მიზეზი ესეც იყოს.
„პედაგოგობა არ ნიშნავს, მივედი გაკვეთილები ჩავატარე და წამოვედი, ძალიან დიდ რესურს მოითხოვს – ემოციურს, ფიზიკურს, გონებრივს. ყველას არ აქვს ამის ენერგია და რესურსი. როდესაც ხარ პედაგოგი მარტო სკოლაში არ მთავრდება შენი საქმე. როდესაც სახლში მოვდივარ, მე ისევ სკოლის საქმეებს ვაკეთებ – ღამეები მითენებია რესურსების შექმნაში“, – ამბობს მარიამი.
მარიამის თქმით, საუნივერსიტეტო პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტი მნიშვნელოვანია და მის გამოცდილებაში ყოფილა შემთხვევები, როცა პრაქტიკის შემდეგ პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება მიუღიათ სტუდენტებს, რადგან მიხვდნენ, რომ გაკვეთილის ჩატარება და მასწავლებლის როლში ყოფნა არ მოსწონდათ.
„პირველი კურსიდან პრაქტიკის შესაძლებლობა გვქონდა. თვითონ პედაგოგის გვრთავდა აქტივობებში, გვეძლეოდა დავალებები, რომ თავადად ჩაგვატარებინა გაკვეთილები. მასწავლებლის ამპლუაში გამოვცდიდით ხოლმე თავებს. მაგრამ ეს იყო პასიური პრაქტიკა. ეს გამოცდილება არ იძლევა იმის შეფასების შესაძლებლობას, რამდენად მზად ხარ პედაგოგებისთვის, თუმცა მახსენდება რამდენიმე სტუდენტი, რომლებსაც ამ პასიური პრაქტიკიდან დაუნახავს, რომ მას არ შემიძლია გაკვეთილის ჩატარება და სხვა პროფესიაზე გადასულა“, – ამბობს მარიამი.
მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტია მარიამ აფრიდონიძეც. მასწავლებლობა ბავშვებიდან მოსწონდა.
„დედაჩემი ფრანგულის ენის პედაგოგია. ბავშვობიდანვე ვხედავდი, როგორ უზიარებდა თავის ცოდნას მოსწავლეებს, როგორ ამყარებდა თბილ ურთიერთობას მათთან, როგორ ეხმარებოდა სირთულეების გადალახვაში. ამ შთაბეჭდილებმა და ბავშვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ჩაბარება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე“.
მარიამის აზრითაც მასწავლებლის პროფესიის არაპოპულარულების მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ პედაგოგობა რთული პროფესიაა. მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობის სურვილი ბევრს არ აქვს.
„პოპულარული პროფესია არ არის, ვინაიდან დიდ დატვირთვას მოითხოვს. ყველა ბავშვი განსხვავებულია, აქვთ ინდივიდუალური საჭიროებები, თავისებურებები. მასწავლებლის სამუშაო რომ მათ საჭიროებებზე იყოს მორგებული, ეს დიდ შრომას მოითხოვს – გაკვეთილების შემდეგ მშობელთან კომუნიკაცია, ინდივიდუალური მეცადინეობები, ეს ყველაფერი დიდ დროს და ძალისხმევას ითხოვს. შესაბამისად, ბევრს არ უღირს ამ რისკის საკუთარ თავზე აღება და ამ საქმეში წვლილის შეტანა“, – ამბობს მარიამი და თავის აზრს გვიზიარებს თანამედროვე სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომების შესახებ და ამ კუთხით სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
„სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს. მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თავისებურებებს უნდა ხედავდეს. დიფერენცირებული მიდგომები ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის უხსნის გზას. ამ კუთხით დღეს სკოლებში პრობლემები გვაქვს. მასწავლებელთა ნაწილი ვერ იყენებს სწავლებაში ისეთ მეთოდებს, რომლებიც მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს გაუღვივებდა. პრობლემაა კლასებში ბავშვების რაოდენობაც. ახლა გავდივარ პრაქტიკას ერთ-ერთი სკოლაში და იმდენი ბავშვია კლასში, რომ ძალიან რთულია ინდივიდუალური სწავლების მიდგომების დანერგვა“, – ამბობს მარიამი.
ვის სურს პედაგოგობა და რატომ არის პედაგოგობა არაპოპულარული არჩევანი?
პედაგოგობა არაპოპულარული პროფესიული არჩევანია და ამას არაერთი მონაცემი ადასტურებს. იზრდება მასწავლებელთა საშუალო ასაკი – 2016-2017 წლებიდან 2022-2023 აკადემიურ წლებამდე მკვეთრად არის შემცირებული 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა.
პრობლემაა ისიც, რომ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის დიდია ისეთი სტუდენტების წილი, რომლებსაც დაბალი შედეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
ექსპერტები ამბობენ, რომ გასაუმჯობესებელია მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამების ხარისხიც და შესაცვლელია პროგრამების მიღების წესი, რადგან ახალი კადრების შედინება თავისთავად არ ნიშნავს, რომ სისტემა უმჯობესდება. სკოლაში მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების შესვლა.
USAID-მა განათლებაში ახალი, 5-წლიანი პროექტი დაიწყო. პროგრამა „USAID განათლება მომავლისთვის” მომავალ მასწავლებელთა და საგანმანათლებლო ლიდერების მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას ემსახურება.
პროგრამის წარმომადგენლის, ეკა სლოვინსკის თქმით, პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 3-4 უნივერსიტეტი, რომლებსაც ექსპერტულ მხარდაჭერას და საგრანტო შესაძლებლობებს შესთავაზებენ. საგრანტო მხარდაჭერა უნივერსიტეტების სპეციფიკურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. უნივერსიტეტების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 27 ნოემბერს დასრულდა. პროექტთან თანამშრომლობის სურვილი თხუთმეტმა უნივერსიტეტმა გამოხატა, რომელთაგან შეირჩევა 3 ან 4.
ეკა სლოვინსკის თქმით, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების შერჩევის შემდეგ, აქტივობები უნივერსიტეტების საჭიროებების მიხედვით დაიგეგმება.
პროექტის მიზანი საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის განვითარებაა. დაინერგება და გამოიცდება სხვადასხვა მიდგომა.
უნივერსიტეტისა და სკოლის კავშირზე ჩვენს კითხვაზე სლოვინსკიმ გვიპასუხა, რომ, მაგალითად, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტია ის, რის გადააზრებაც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში.
„ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მიზანია სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გადააზრება. ახლა ამ პროცესს შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათი ჰქონდეს. თუ სტუდენტს გაუმართლა და მოხვდა მოტივირებულ, დაინტერესებულ მასწავლებელთან, მაშინ ის იღებს ამ გამოცდილებას, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი. როცა სტუდენტები განათლების მიმართულების პროგრამებს ამთავრებენ, სწავლებასთან დაკავშირებული გამოცდილება არ აქვთ. საქართველოში უნივერსიტეტებში სასკოლო პრაქტიკა გვიან იწყება.
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არიზონის უნივერსიტეტთან, იქ პირველი წლიდან იწყება სკოლისა და მომავალი მასწავლებლის დაკავშირება. ჰოლისტური გააზრებაა საჭირო – როგორ შეიძლება სკოლაც იყოს დაინტერესებული უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რა ბენეფიტები შეიძლება მიიღოს სკოლამ, რატომ უნდა უნდოდეს მასწავლებელს სტუდენტებთან მუშაობა. ეს დამატებითი შრომაა და არ უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ კეთილ ნებასა და ენთუზიაზმზე. ამ მოდელების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და პროგრამის ფარგლებში სასკოლო პრაქტიკის მოდელებს შევქმნით“, – ამბობს სლოვინსკი.
მისი თქმით, სასკოლო პრაქტიკის მოდელების მსგავსად, პროგრამა სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ გეგმავს, რომ შექმნას სხვადასხვა მოდელი, რომლებსაც სამინისტროს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და უნივერსიტეტებს შესთავაზებენ.
მაგალითად, შესაძლოა შესთავაზონ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით მასწავლებლების დეფიციტთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხო მიდგომები.
კვლევების მიხედვით, განათლების პროგრამები სასკოლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობენ. პროგრამები ძირითადად მშობლიური ენა/ლიტერატურის, ინგლისურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ამზადებს. ეს მაშინ, როცა სისტემაში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებელზე მოთხოვნა არ არის, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სადაც ყველაზე მაღალია მასწავლებელთა ასაკი, მხოლოდ მიზერული რაოდენობის მასწავლებლები მზადდება და მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე 2016-2021 წლებში სტუდენტების რაოდენობა, მაგალითად, ფიზიკაში 26-ს, ხოლო ქიმიაში კი 34-ს შეადგენდა.
„მასწავლებელთა დაბერების მაჩვენებელი მაღალია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. არიზონას უნივერსიტეტიც ამბობს, რომ ძალიან უჭირთ ამ საგნებში მასწავლებლების მოზიდვა იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებსაც ეს კომპეტენცია აქვთ, დასაქმების სხვა ალტერნატივებს პოულობენ. განსხვავებული მიდგომებზე ფიქრია საჭირო. ჯერ პროგრამა სასტარტო მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენი მიზანი ისიც არის, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გზები ვიპოვოთ და მოდელები სამინისტროს, თვითონ უნივერსიტეტებს შევთავაზოთ. ჩვენ ამბიცია არ გვაქვს, რომ ამ პრობლემას გადავჭრით, მაგრამ მოდელების მოსინჯვა შესაძლებელია განხორციელდეს პროექტის ფარგლებში“, – ამბობს ეკა სლოვინსკი.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ გაიზრდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველთა რაოდენობა და ამ პოზიტიურ დინამიკაში თავის წვლილს USAID-ის 5-წლიანი პროგრამაც შეიტანს.