სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
ეროვნული მოძრაობა რამდენადაც სამაგალითოდ სახავდა ევროპის გამოცდილებას, იმდენად ცდილობდა, რომ რუსეთი კულტურულად უცხო ძალად გამოეცხადებინა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და რუსეთის იმპერიის კანონებისა და ჩინოსნების გარემოცვაში უწევდა ცხოვრება.
წერილში „უდიდესი დღის ვარმები” (1905 წელი) იაკობ გოგებაშვილი შიშობდა – პარლამენტის დაწესება რამდენად შეცვლიდა რაიმეს საქართველოს სასიკეთოდ.
მაგალითად, რუსეთის შიდა გუბერნიებში მიიღეს ერობა (ადგილობრივი თვითმმართველობა), დაწესდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დაარსეს სახალხო ბანკები, თუმცა ეს რეფორმები კავკასიას არ შეხებია.
„ყოველი სენი რუსეთისა ჩვენც უსათუოდ გადმოგვედება ხოლმე, ყოველი მისი ჭირი ჩვენ ჭირადაც იქცევა ხოლმე. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, იგივე არ ითქმის სიკეთის შესახებ. ბევრი სიკეთე რუსეთისა ჩვენ სიკეთედ არ ქცეულა, ბევრი რეფორმა კავკასიონის ქედს ვერ გადმოსცილებია. ეს ქედი, ადვილი გადმოსალახავი ყოველი ცუდისთვის, გამოუვალ საზღვრად შეიქმნება ხოლმე სიკეთის გადმონერგვისთვის”.
ის, წერდა, რომ ხშირად იმპერიების პარლამენტები ქვეშევრდომი ერების დევნას თვითმპყრობელ მეფეზე მეტად უმოწყალოდ იწყებენ. შეიძლება მეფე უფრო გულმოწყალე იყოს, ვიდრე ცენტრალური პარლამენტი, რომელსაც გაბატონებული ერის წარმომადგენლები მართავენ. ასეთ პარლამენტში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლექტიური პასუხისმგებლობითაა ჩანაცვლებული.
„თუ ასეთ ნაციონალურ ეგოიზმსა და შეუწყნარებლობას იჩენს ცენტრალური პარლამენტი განათლებულ ევროპასა და ამერიკაში, მით უმეტეს უნდა მოველოდეთ ამას რუსეთის ცენტრალური პარლამენტისგან, სადაც დიდი უმრავლესობა დეპუტატებისა კუთვნილება იქნება მთავარი ერისა და სადაც ისინი სუვორინებს, კრუშევანებს, მეშჩერსკებს, კატკოვებსა და სხვა რეტროგრადებს ბანს მისცემენ ჩვენის გარუსების შესახებ”.
გოგებაშვილი მოელოდა, რომ რუსეთის პარლამენტიც არანაკლებ შეეცდებოდა ქართული ენის სკოლიდან და სასამართლოდან გამოდევნას. ხსნად კი ეროვნული ავტონომიის მოპოვება ესახებოდა. გოგებაშვილი იხსენებდა, რომ საქართველო რუსეთს ავტონომიის პირობით შეუერთდა, რომ ჰქონოდა ნაციონალური თავისუფლება და თავისი თავის ბატონ-პატრონი ყოფილიყო.
იაკობ გოგებაშვილი, იმისათვის, რომ გაფანტოს კითხვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქართველებმა ავტონომია საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენოს, ავითარებს ქართველების შემწყნარებლობის ნარატივს, რომელსაც საფუძველი ისტორიულ წარსულში უძევს.
„წარსულ საუკუნეებში ქართველებს თავისი საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ, მაგრამ მათ არას დროს არ მოსვლიათ გონებაში შევიწროება სომხებისა, თათრებისა და ურიებისა… ქართველებს, მიუხედავად, ბევრი მათი ხარვეზებისა, ერთი იშვიათი თვისება მოსდგამთ: რასობრივი განსაკუთრებულობის, შთამომავლობითი უპირატესობის არ არსებობა და სხვა ეროვნების წარმომადგენელებისადმი უდავო პატივისცემა. ეს თვისება მჟღავნდება არამარტო საერო ცხოვრებაში, არამედ რელიგიურ სფეროშიც. ყოველი რელიგია ამტკიცებს, რომ მხოლოდ თვითონაა მაცხონებელი, სხვა რელიგიებს კი ჯოჯოხეთში მივყავართო. ქართველი ხალხი კი ყოველთვის ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს, რომ მაცხონებელი ყველა რელიგიაა, მაგრამ უკეთესი სამოთხე მხოლოდ მართლმადიდებელთა ხვედრია. აქედან ქართული ხალხური ანდაზა: ყველა თავის რჯულზე ცხონდება”.
იაკობ გოგებაშვილს სწამდა, რომ ავტონომია საქართველოში სოციალურ ცვლილებებს დააჩქარებდა და ეს სარგებელს მოუტანდა თავად რუსეთსაც: უკეთესად შეაკავშირებდა რუს და ქართველ მშრომელებს. ფედერაციულ სახელმწიფოებში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიის კანტონებში, გერმანიაში – უფრო მეტად იყო შეკავშირებული მუშათა კლასი, ვიდრე უნიტარულ საფრანგეთში. ავტონომიის დახმარებით, საქართველო უფრო სწრაფად განვითარდებოდა.
იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, საქართველოში რეფორმების გატარება უფრო იოლი საქმე იქნებოდა, რადგან საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ცვლილებების მოწინააღმდეგე ჯგუფები, ძირითადად მცირერიცხოვანი და სუსტი თავადაზნაურობა იყო.
„ქართველი ხალხი უფრო ცოცხალი, უფრო მოძრავი, ახალი სასიკეთო ცვლილებების უფრო ადვილად შემთვისებელია, ვიდრე რუსის ხალხი”, – წერდა გოგებაშვილი.
იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებით, რუსეთიდან მომდინარეობდა „თეთრი ტერორი”, რომელმაც გააბატონა პოლიციურ-ბიუროკრატიული რეჟიმი, განდევნა „მოსახლეობის შეგნებიდან ყოველგვარი ლიბერალური იდეები და გადააქცია იგი ბიუროკრატიის მორჩილ ლაქიად”. ავტონომიურ საქართველოში თანასწორი უფლებები ჰქონოდათ რუსებსაც, სომხებსაც, აზერბაიჯანელებსაც, ოსებსაც და სხვა ხალხებსაც.
„ისინი საერთო ძმური ძალისხმევით წინ წასწევენ სამშობლოს სულიერ და მატერიალურ ცხოვრებას, სრულიად თავისუფლად განავითარებენ რა ამით თავიანთ ეროვნულ თავისებურებას. წაგებული დარჩებიან მხოლოდ უსულგულო, ანგარებიანი და რეაქციული ბიუროკრატიული ელემენტები, რომლებიც იძულებული იქნებიან თავიანთი ადგილები დაუთმონ ჰუმანურ და მოწინავე პირებს, ყველა ეროვნებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ”.
მე-19 საუკუნის ინტელექტუალებისთვის მნიშვნელოვანი იყო, გაევრცელებინათ აზრი იმის შესახებ, რომ ქართველები შემწყნარებელი, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული კოლექტივია. შემწყნარებლობის, შრომისმოყვარეობისა და პროგრესის იდეებს უნდა დაფუძნებოდა ქართველების თვითაღქმა, რომლითაც თავს გააცნობდნენ ევროპას.
პოზიტიური თვითაღქმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდებს. დავით აღმაშენებელი შემწყნარებლობით ექცეოდა სომეხ მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს, ხოლო თამარ მეფემ თავის სამეფოში გააუქმა არა თუ სიკვდილით დასჯა, არამედ სხეულის დამახინჯება. და ეს წესი ვრცელდებოდა ყველა ქვეშევრდომზე წარმომავლობისა და აღმსარებლობის განურჩევლად.
„[დავით აღმაშენებელი], რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანების რიგს მიაკუთვნა მისი ღვთისმოსაობის გამო, დროდადრო, თავის მემკვიდრის თანხლებით მოინახულებდა ხოლმე არა მატო სომეხთა ტაძარს, არამედ მაჰმადიანთა მეჩეთსაც და ამით გამოხატავდა თავის სრულ რწმენათ-თმენასა და პატივისცემას სინდისის თავისუფლებისადმი”.
ნიკო ნიკოლაძე წერილში „მოვმწიფდით კი?”, თბილისის სათათბიროს, რუსეთის სხვა ქალაქების სათათბიროებთან შედარებით, უფრო მეტად დემოკრატიულ და გამართულ ინსტიტუციად წარმოაჩენს. თბილისის სათათბიროში წარმოუდგენელია ისეთი „შავრაზმელობა” და რეტროგრადული პარტიების არსებობა, როგორიცაა პეტერბურგისა და მოსკოვის სათათბიროებში, – წერდა ნიკო ნიკოლაძე.
„ჩვენი მხარის მოსახლეობის განსხვავება მთელი რუსეთის მოსახლეობისაგან ის არის, რომ აქაურ ადგილობრივ საზოგადოებაში ჭარბობს ინდივიდუალიზმი, ყველა მისი კარგი და ცუდი თვისებებით, შიდა გუბერნიების მოსახლეობაში კი, ისტორიული მიზეზების გამო, ჭარბობს ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისები, რაც, აგრეთვე, შეიცავს ბევრ კარგ და ბევრ ცუდ თვისებას. ესენია: რწმენა ჯგუფური ძალისა, ძალა ნდობისა და თავიანთ ინიციატორთა და ხელისუფლების მპყრობელთა კვალდაკვალ განუხრელად სიარული”.
ნიკო ნიკოლაძის აზრით, ადგილობრივი საზოგადოება თვითმმართველობისათვის დიდი ხანია მომწიფდა უფრო მეტადაც, ვიდრე შიდა გუბერნიების მოსახლეობა. თვითმმართველობა საერობო საკითხებს მოაწესრიგებდა.
წერილში „ირლანდიას უთენდება” იაკობ გოგებაშვილმა ირლანდიის მაგალითის მიხედვით განიხილა მცირე ერების ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ. საინტერესოა იაკობ გოგებაშვილისეული სისტემატიზება: მან დასავლეთ ევროპის ქვეყნები კულტურის ცენტრად, რუსეთის იმპერია კი ცივილიზაციისაგან შორს მყოფ, ნაკლებად კულტურულ სახელმწიფოდ წარმოაჩინა. აღნიშნული შედარება შემთხვევით არაა ჩამოყალიბებული.
ირლანდია დასავლეთ ევროპის ქვეყანაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია, თუმცა დასავლეთ ევროპაში შესაძლებელი ხდება, რომ იმპერიის შემადგნელობაში მყოფმა ერმაც მოიპოვოს პოლიტიკური უფლებები.
წერილში მოკლედ არის აღწერილი ირლანდიის ისტორია. იგი იყოფა ორ პერიოდად: ირლანდიის დამოუკიდებლობის წლები და ინგლისის ქვეშევრდომობის ხანა, რომელთა შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. იაკობ გოგებაშვილმა გააკრიტიკა ინგლისი და ზოგადად, ყველა იმპერიალისტური სახელმწიფო.
„ჯერედ მის მოქმედებას და ნებას მართავს ძველი დევიზი: „ვაგლახი ძლეულია”. ჯერედ იგი ფიქრობს სწორედ ისევე, როგორც ფიქრობენ ბარბაროსები: რაკი მოგერიე და ხელში ჩაგიგდე, თვალსაც მოგთხრი, ტვინსაც ამოგწოვ და ძაღლივით დაგახრჩობ… ღმერთმა ინებოს ერთი დაჩაგრული ხალხის კვნესა მაინც მოაკლდება ამ ცოდვილს დედა-მიწას”, – თანაგრძნობით წერდა იაკობ გოგებაშვილი.
რუსეთის იმპერიის კრიტიკად უნდა გავიგოთ გოგებაშვილის სიტყვები, რომ კაცობრიობის დაწინაურებულ ნაწილსაც კი ჯერ მხოლოდ ენაზე ადგას ჰუმანურობა და მეტი დრო სჭირდება, რომ გაისიგრძეგანოს ის.