რუსული კანონი ამოქმედდა - რა საფრთხეებზე საუბრობენ რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციები

სალომე გორგოძე

„დღესდღეობით რეგიონებში როცა ისმის კრიტიკული ხმა, მეტწილად ესენი არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ვისაც მართლა სჯერა იმ საქმისა და ღირებულებების, რასაც ემსახურებიან. ამიტომ ხელისუფლების წნეხი და შურისგება სწორედ ჩვენზე მოდის. ეს კომფორტული ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის გამო გაჩერებას არ ვაპირებთ…“

„რუსული კანონი თემში კრიტიკული აზრის ჩახშობის, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების ინსტრუმენტია. დემოკრატიული საზოგადოება უნდა იყოს აგებული მოქალაქის მიერ ხელისუფლების კონტროლზე, რუსული კანონით კი პირიქით – ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლის საზოგადოება, რომ არც კი გაჩნდეს მისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი…“

„ჩვენ, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები როცა ვსაუბრობთ პირობითად მუნიციპალიტეტებში დეპუტატების კორუფციულ საქმიანობაზე, არახელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, ტრანსპორტის არარსებობაზე და კიდევ უამრავ თემში არსებულ პრობლემაზე – ეს არის კრიტიკული ხმა, რომლის ჩახშორის რეალური საფრთხე დადგა. თუ კრიტიკულ აზრს ჩაახშობენ არ იქნება განვითარებაც. რის საფუძველზე უნდა განვითარდეს დაშინებული ხალხი? ამის რისკი დღეს ნამდვილად არსებობს…“

 

4 ივნისიდან ქვეყანაში რუსული კანონი ამოქმედდა. 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. 

იუსტიციის სამინისტრო ორ თვეში შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს, სექტემბრის დასაწყისიდან კი ორგანიზაციებს, რომლებსაც, 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, უცხო ძალის ინტერესის გამტართა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრებათ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმებს და საქმე შესაძლოა ქონების დაყადაღებამდეც მივიდეს. 

„ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“, – 25 აპრილს 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. 

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის მიღებით „ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან“ და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, რაც „ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია.“

განცხადებაზე ხელმომწერთა შორის მრავლად არიან რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფერო ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი თუ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას მოიცავს.

„პუბლიკა“ ესაუბრა რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. რუსული კანონის მიღებამ მათი რეალობა უკვე შეცვალა. დღეს უკვე მათთვის თავიანთი ორგანიზაციების არსებობა და სამომავლო გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც თავად ამბობენ, იზიარებენ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიან სულისკვეთებას – არ აპირებენ, რეესტრში დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების“ გამტარებლები; შესაბამისად, აქვთ მოლოდინი, რომ მათ საქმიანობაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მომდევნო თვეებში უფრო გაიზრდება. 

ყოველივე ეს, ერთი მხრივ, რეგიონებში კრიტიკული აზრის ჩახშობის ერთ-ერთი მძლავრი წინაპირობა იქნება, მეორე მხრივ კი იმ მნიშვნელოვანი სარგებლის გარეშე დატოვებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები დღემდე სთავაზობენ მათ. 

განცხადებაზე ხელმომწერთა შორისაა ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“, რომელიც 2011 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია წნორში მდებარე „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელია. სწორედ „სამოქალაქო ინიციატივა“ ახორციელებს „ცოდნის კაფეს“ ბაზაზე სხვადასხვა პროგრამას. 

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი „პუბლიკას“ უყვება, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ადგილობრივ თემში უფროსი თაობისთვის ქმნის საგანმანათლებლო პროგრამებს ჯანდაცვის საკითხებზე – მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, დემოკრატიის შესახებ; აორგანიზებს ხანდაზმულებისთვის კულტურულ და შემეცნებით ტურებს ქვეყნის შიგნით; ახალისებს თაობათა შორის პროგრამებს – თინეიჯერები და უფროსი თაობა ერთად გეგმავენ საზოგადოებისთვის, ადგილობრივი თემისთვის სხვადასხვა ღონისძიებას და ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ. 

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდა თაობისთვის მრავალფეროვან პროექტებს. გარდა ამისა, მათ აქვთ განათლების ფონდი, რომლითაც სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ოჯახებიდან ბავშვებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის ქირას, საგანმანათლებლო კურსების გადასახადს უფინანსებს. ამ დროისთვის უკვე 80-მდე ასეთ ახალგაზრდას დაუჭირეს მხარი. 

„ცოდნის კაფე“, რომელიც მთლიანად საზოგადოებრივი დონაციით ავაშენეთ, არის სივრცე, სადაც სხვადასხვა ორგანიზაცია გეგმავს სხვადასხვა ინიციატივას. ეს არის პლატფორმა, ერთადერთი სივრცე მთელ მუნიციპალიტეტში სათემო შეკრებებისთვის. 

როცა კაფეს მშენებლობა დავიწყეთ, თავიდან ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენს ინიციატივას, მაგრამ წლების მერე დარწმუნდნენ, რომ ეს არის საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კრიტიკული ხმა ისმის, მაგრამ, ამავდროულად, დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის რომელიმე პარტიას მიკუთვნებული სივრცე.

ამ წლების განმავლობაში მაშინდელი თუ ახლანდელი სახელისუფლებო რგოლის ბევრი შემომწირველი ჰყავს ცოდნის კაფეს, მაგრამ რა გამოდის, ერთი ხელით ცოდნის კაფეს აშენებდნენ და ახლა ორივე ხელით ძირს უთხრიან.“

ნანა ბაგალიშვილი შიშობს, რომ კანონის აღსრულება რეგიონებში კრიტიკულ ხმას ჩაახშობს, რადგან ბევრი ორგანიზაცია ვერ გაუძლებს არსებულ წნეხს. ვარაუდობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება. პატარა მუნიციპალიტეტებში, სადაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ისედაც მწირი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ, საქმიანობაში დამატებითი ბარიერების გაჩენა შესაძლებლობებს ართმევს, რომ გადარჩნენ და საქმიანობა გააგრძელონ. 

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გურიის სათემო ცენტრი“ დაახლოებით 5 წელია, რაც არსებობს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი გრიგოლ მახარაძე  უყვება „პუბლიკას“, ორგანიზაცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თემში არსებულ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობს და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას უწევს მონიტორინგს. 

მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი მიმდინარე სამუშაო პროექტი, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას მუნიციპალიტეტის მიერ. უფრო კონკრეტულად კი, სწავლობენ, როგორ იხარჯება ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლისთვის გამოყოფილი თანხა, რამდენად კანონის დაცვით იღებენ გადაწყვეტილებებს ბიუჯეტის ხარჯვისას,  რამდენად რეალურად ხდება მოქალაქეების ჩართულობა პროცესში და ა.შ.

გარდა ამისა,  ორგანიზაცია ეხმარება ადგილობრივებს, ამ პროგრამის ფარგლებში წამოაყენონ ინიციატივები, წარადგინონ პროექტები და ის კრიტიკული და მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრან გამგეობაში, რომლებიც მათ აწუხებთ.

როგორც ის გვიყვება, გასულ წელს, როცა პირველად დაარეგისტრირა რუსული კანონი მთავრობამ, მათ პროტესტის ნიშნად მუნიციპალიტეტის საბჭოებში თანამშრომლობის ფორმატში საქმიანობა შეწყვიტეს, რადგან „მუშაობა ფორმალური იყო, ყალბი და არაფრისმომცემი.“

„წელსაც გადავწყვიტეთ, რომ ამ კანონს არ დავემორჩილებით. არ ვაპირებთ რეესტრში დარეგისტრირებას.  რა თქმა უნდა, ამ ფორმით ვეღარ შევძლებთ საქმიანობას, თუმცა ჩვენთვის დონორებთან კომუნიკაცია, გრანტის მიღება, პროექტის დაწერა  – ეს იყო ინსტრუმენტი. ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა თვითმიზანი, რომ გრანტი გვქონოდა.

ჩვენ კონკრეტული პრობლემები გვაერთიანებს; ამ პრობლემების გადაჭრა გვინდოდა და საამისოდ ამ გრანტს ვიყენებდით, როგორც საშუალებას. ახლა ხელისუფლება გვართმევს ამ საშუალებას, ვიმუშაოთ ჩვენთვისვე მნიშვნელოვან საკითხებზე ამ დაფინანსებით. ალბათ, სხვა ფორმებს გამოვძებნით საქმიანობისა და წინააღმდეგობისთვის.“ 

 „ქალთა ასოციაცია გვირილა“ ზუგდიდში 2020 წელს ეთერ ალმასიამ დააფუძნა. როგორც ყოფილი რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტი ის მკურნალობის პროცესში თავადაც ეძებდა ორგანიზაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარებოდნენ. ასე გაჩნდა იდეა, მუნიციპალიტეტში შეექმნა ორგანიზაცია, რომელიც დღესდღეობით ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალებისთვის, მათი გაძლიერებისთვის მუშაობს. 

არაფორმალური განათლების გზით ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივ თემში ქალებთან, აწვდის ინფორმაციას ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული საკითხებისა და ქალთა უფლებების შესახებ. ერთ-ერთმა ბოლო ფართომასშტაბიანმა პროექტმა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 640-მდე ქალი მოიცვა.

ორგანიზაცია მუშაობს არა მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებთან, არამედ ცდილობს ადგილობრივი ქალების გაძლიერებას, მათ აქტივიზმში ჩაბმასა და ხელშეწყობას. 

 „თუ ჩვენი მსგავსი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არსებობას შეწყვეტენ, პირველ რიგში დაზარალდება მოსახლეობა. სამწუხაროდ, ეს უკვე ჰიპოთეზური მომავალი აღარ არის, ჩვენ ამ საფრთხის წინაშე რეალურად ვდგავართ.

ხშირად რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებების მიერ განხორციელებული პროექტები არის ერთადერთი შესაძლებლობა ამა თუ იმ საკითხზე ცნობიერების გასაზრდელად. ამ შესაძლებლობის გარეშე ხალხის დატოვება უსამართლობაა. პირველ რიგში ეს მოსახლეობას აზარალებს და არა რომელიმე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს.“

ამბობს, რომ ახლა რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის პრობლემური სიტუაციაა. მაგალითად გვისახელებს მეგობარ ორგანიზაციებს, რომლებმაც მოგებულ გრანტებს ხელი არ მოაწერეს, გაურკვეველი მომავლის გამო. ამ ეტაპზე თავადაც თავს იკავებს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისგან. 

რუსული კანონის მიღება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდა „რაჭის სათემო ორგანიზაციისთვისაც“. ორგანიზაცია 5 წელია რაც არსებობს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერ არსანიძე გვიყვება, ძირითადად მუშაობენ ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით, ასევე გარემოს დაცვის საკითხებზე. 

ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რაჭის ტყეების გასხვისებასთან დაკავშირებით დაიწყო ხმამაღლა საუბარი, პროტესტი და მოსახლეობის ინფორმირება. 

როგორც ეთერ ასანიძე გვიყვება ინფორმაცია, რომ რაჭის ტყეების 49 წლით იჯარის გაცემას აპირებდნენ, არც ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და არც მოსახლეობისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას არ უცნობებია და არც აზრი უკითხავს. 

მათ „მთის ამბებსა“ და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად შეიტანეს სარჩელი ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით და პარალელურად დაიწყეს მოსახლეობის ინფორმირება. 

„როცა უკვე მოვიპოვეთ მონაცემები: რა ტერიტორიას ეხებოდა, რა ფართობი იყო, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც იჯარით აიღო ეს ტერიტორია, დავიწყეთ მოსახლეობის ინფორმირება. პარალელურად ხელმოწერებსაც ვაგროვებდით, მოვითხოვდით ეროვნული პარკის შექმნას.

დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაიწყო უფრო ფართომასშტაბიანი, სახალხო წინააღმდეგობა  – „რიონის ხეობის მცველებმა“ წამოიწყეს უწყვეტი პროტესტი და ჩვენი ორგანიზაციაც ჩართული იყო ამ პროტესტში ბოლომდე, სანამ არ გაუქმდა ლიცენზია. ეს შედეგი ერთობლივმა პროტესტმა მოიტანა. ჩვენი მცირე წვლილიც იყო, ცხადია. ხალხის ინფორმირების, პირისპირ შეხვედრების კუთხით სამუშაოები გავწიეთ.“

გარდა ამისა, ორგანიზაციის საქმიანობაზე საუბრისას ეთერ ასანიძე ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობაზე, რასაც ორგანიზაციის „ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად“ მიიჩნევს.

მაგალითისთვის ის იხსენებს ერთ-ერთ ასეთ პროექტს, რომლის დახმარებითაც, 200-მე მეტმა ადგილობრივმა სკოლის მოსწავლემ გაიარა გადამზადება. ისწავლეს საგრანტო განაცხადის მომზადება, დოკუმენტებთან მუშაობა, შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკების წარმოება. მათთვის საერთო ჯამში დაფინანსდა 20 საგრანტო პროექტი, რომლებიც საბოლოოდ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებასა და ხელშეწყობას მოხმარდა. 

„რუსულმა კანონმა პრობლემები უკვე შექმნა. ახლა, ამ წუთას ჩვეულებრივ რეჟიმში რომ ვიყოთ, მიმდინარე 2-3 პროექტი უნდა გვქონდეს, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე ვართ, ახალ პროექტებზე არ ვფიქრობთ, გვინდა, რომ არსებული მივიყვანოთ ბოლომდე… ორგანიზაციას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ ჯარიმა გადაიხადოს.

ფერხდება ჩვენი საქმიანობა, ორგანიზაციის განვითარება. ჩვენ არ ვაპირებთ რეესტრში დარეგისტრირებას და ეს არის რეალური საფრთხე, რომ ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტოს. რთულია პროგნოზი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვა საზოგადოებამ, ვფიქრობ, ჩვენი და კიდევ ბევრი სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეწყვეტს ფუნქციონირებას…“

 

რუსული კანონი ამოქმედდა – რას უნდა მოველოდეთ შემდეგ თვეებში?

ოფიციალურად კანონი 4 ივნისიდან ამოქმედდა. 

იუსტიციის სამინისტროს 60 დღე აქვს საიმისოდ, რომ შეიმუშაოს აქტები და გამართოს ტექნიკური მხარე კანონის აღსრულებისთვის.

ორი თვის შემდეგ კი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ.

ივნის-ივლისში იუსტიციის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გასწიოს, ხოლო აგვისტო იქნება ის ერთი თვე, როდესაც ორგანიზაციებმა იუსტიციის სახლს განაცხადით უნდა მიმართონ. 

თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. 

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას. 

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავენ, ეს გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. 

როგორი იქნება მონიტორინგის წესი, რა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგან, როგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი,- ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი.