სამდღიანი განხილვის შემდეგ, 31 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე განმწესრიგებელი ბოლო სხდომა გამართა, რის შემდგომაც პლენუმი სათათბიროდ გავიდა.
ახლა პლენუმმა უნდა დაადგინოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა მათ არსებით განხილვებს.
პარალელურად, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო განხილვების დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არ უცნობებია.
სხდომებზე განიხილეს კანონის წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი: პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ორი ჟურნალისტის.
მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნეოდა „ბრძოლის ერთადერთ გზად“ და იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო არ იმოქმედებდა დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდებოდა. უფრო კონკრეტულად კი ორგანიზაციები ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, „რომელსაც მიმართავენ შესაბამის დროს“.
„პირველ რიგში ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას იურისტი საბა ბრაჭველი.
იურისტის შეფასებით, აღნიშნული სარჩელი უდიდესი მნიშვნელობის მქონეა თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც, ვინაიდან „ამაზე არაკონსტიტუციური სარჩელი აქამდე არ განუხილავთ“. ის აუცილებლად მიიჩნევს, სასამართლომ შეაჩეროს კანონის მოქმედება და ოთხივე სარჩელი არსებითი განხილვისთვის დაუშვან.
როგორც საბა ბრაჭველი განმარტავს, 20 დღეზე მეტი გავიდა, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი სრულად შევიდა ძალაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე 3 სექტემბრიდან მოყოლებული მთავრობას შეუძლია დებულების შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაიწყოს ორგანიზაციების მონიტორინგის პროცესი, რასაც უნდა მოჰყვეს იძულებითი რეგისტრაციისა და დაჯარიმების პროცესი.
თუმცა, როგორც საბა ბრაჭველი ამბობს, დღევანდელი მოცემულობით არცერთ იმ ორგანიზაციას, რომლებიც არ დარეგისტრირებულა რეესტრში, არ მიუღია დებულების შესაბამისად ცნობა, რომ მათ მიმართ დაწყებულია მონიტორინგის პროცესი.
შესაბამისად, ჯერჯერობით ორგანიზაციების მიმართ კანონის აღსრულების პროცესი შეიძლება ითქვას, რომ არ დაწყებულა.
იურისტის შეფასებით, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ, რაკი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ დარეგისტრირდა უცხოური გავლენის რეესტრში, „იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად არ იცის, საიდან დაიწყოს კანონის აღსრულება“.
რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს რუსული კანონის საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას?
როგორც იურისტი განმარტავს, საერთაშორისო სამართალწარმოების დაწყებამდე აკვირდებიან, როგორ წარიმართება კანონის აღსრულების პროცესი.
მისივე თქმით, მომზადებულ საჩივარს იმ შემთხვევაში გააგზავნიან სტრასბურგში, „თუკი ქართული საკონსტიტუციო სასამართლო თავის მოვალეობას არ შეასრულებს“.
„მოლოდინების კუთხით რომ ვთქვათ, თავად საჩივრის განხილვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიძლება დასჭირდეს წელიწადზე მეტი და წლებიც, როგორც ეს პრაქტიკაში გვაქვს ხოლმე. თუმცა, დროებითი შეჩერების ღონისძიებას სასამართლო მოკლე ვადებში განიხილავს ხოლმე.
სტრასბურგის შემთხვევაში ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ჩვენ მოვითხოვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი შეჩერების ღონისძიებას. ეს არის განსაკუთრებული და ძალიან იშვიათად გამოყენებადი შესაძლებლობა სასამართლოსთვის, რომ სახელმწიფოს უბრძანოს, შეაჩეროს კონკრეტული კანონის ამოქმედება მანამდე, სანამ სასამართლო დაასრულებს საქმის სრულად განხილვას.
პერსპექტივების კუთხით რომ შევაფასოთ, საჩივართან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს საჩივარი დაკმაყოფილებული იქნება სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რაც შეეხება დროებითი ღონისძიების მოთხოვნას, ეს არის საგამონაკლისო შესაძლებლობა სასამართლოსთვის და ძნელად განჭვრეტადია“.
როგორც იურისტი განმარტავს, ბოლო წლების პრაქტიკას რომ შევხედოთ, სტრასბურგი სულ უფრო და უფრო მკაცრი სტანდარტით აფასებს დროებითი შეჩერების ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას.
„ეს ისეთი საკითხია, სადაც 100%-ით ვერ ვიქნებით დარწმუნებული, ეს არის ძნელად განჭვრეტადი საკითხი, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ამ მოთხოვნას, რადგან, თუ გაგზავნა დაგვჭირდა, ეს იქნება უპრეცედენტო მოთხოვნა სასამართლოს ისტორიაში“, – განმარტავს საბა ბრაჭველი.
როგორც საბა ბრაჭველი ამბობს, დროებითი შეჩერების ღონისძიება სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია, რომელსაც იშვიათად იყენებს. იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული უწყებისადმი შეუქცევადი და აღმოუფხვრელი ზიანის მიყენების რეალური რისკი არსებობს.
როგორც იურისტი იხსენებს, საქართველოსთან მიმართებით ეს მექანიზმი გამოყენებული იყო, მაგალითად, „რუსთავი 2-ის“ საქმის შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება იქნა შეჩერებული.
2016 წლის 10 ივნისს სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკუთრებაზე მფლობელების დავაზე გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების დარეგისტრირების შემდეგ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში უნდა გადასულიყო. თუმცა, 2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ საკონსტიტუციომ შეასრულოს თავისი მოვალეობა კონსტიტუციისა და ხალხის წინაშე და ამასთან ვაკვირდებით ამ კანონის აღსრულების პროცესს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სტრატეგიულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით“, – ამბობს საბა ბრაჭველი.
რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა. 4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირების ერთთვიანი ვადა ორგანიზაციებს 2 სექტემბერს ამოეწურათ.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, იუსტიციის სამინისტროს 476-მა ორგანიზაციამ მიმართა.
იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს იძულებით დაარეგისტრიროს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ჯარიმები დააკისროს მათ და ამ ორგანიზაციების საქმიანობის ე.წ. „მონიტორინგი“ განახორციელოს.
დაურეგისტრირებლობის ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.
იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, დაუყადაღდება ქონებაფ და ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.