„საბჭოთა რესურსებით ვასწავლით 21-ე საუკუნეში მოსწავლეებს“

სალომე გორგოძე

„ის, რომ ჩემს მოსწავლეებს არ აქვთ ინტერნეტი, კომპიუტერები და ვერ ახერხებენ ინდივიდუალურად მუშაობას კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, არ აქვთ ლაბორატორია სკოლაში, ცდებს ვერ აკვირდებიან, არ აქვთ თვალსაჩინოებები, არც მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, მათ არ უნახავთ ის საოცრებები, რასაც განათლება სთავაზობს დღევანდელ მოსწავლეებს – ესაა ყველაზე დიდი უთანასწორობა. ლოგიკურია რომ ეს მათ მოტივაციაზეც აისახება, საბჭოთა რესურსებით რომ ვასწავლით, 21-ე საუკუნეა…“

 

 „ბავშვებს აწუხებთ შიმშილი. მე მქონია ასეთი შემთხვევები, მეხუთე-მეექვსე გაკვეთილზე ბავშვს უთქვამს, გული მიმდისო, ცუდადაა. ჩანთით დამაქვს ხოლმე ორცხობილები. მართალია, არც ეგაა გამოსავალი, მაგრამ იმ წუთში მიმიცია ხოლმე ბავშვისთვის, რომ ჭამოს და გული მაინც არ წაუვიდეს. ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი რომ ბევრს ვერაფერს ისწავლის, ალბათ, ამაზე საუბარიც არ ღირს…“

 

„ეს ბავშვები არიან არათანაბარ პირობებში იმავე ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან შედარებით. ერთი მხრივ მათ არ აქვთ სასწავლო რესურსები სახლში, მაგრამ სავალალოა ის, რომ ამ დანაკლისს სკოლა ვერ უვსებთ, მათ არ აქვთ რესურსები არც სკოლაში, იქნება ეს სასწავლო რესურსები, საჭირო ინვენტარი თუ ციფრული ტექნოლოგიები.“

 

ეს ციტატები სოფლად მდებარე მცირეკონტინგენტიანი სკოლის მასწავლებელს, ლაურა გოტიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მასალაზე მუშაობის დროს ჩავწერეთ.

ხარისხიანი ზოგადი განათლება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის, განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის უზრუნველყოფაც მთავრობას მომდევნო წლებში აქვს მიზნად დასახული.

სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს ასრულებს მინიმალური საბაზო კომპეტენციით, რაც მათ ხელს უშლის 21-ე საუკუნის პროფესიებისა და ადგილობრივი თუ გლობალური შრომის ბაზრისთვის მომზადებაში.

პრობლემის იდენტიფიცირებისას დოკუმენტის ავტორები ეყრდნობიან საერთაშორისო და ადგილობრივ შეფასებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ.

უფრო მეტიც, საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებების შედეგები მიუთითებს მოსწავლეთა მიღწევებს შორის უთანასწორობაზე სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების, ადგილმდებარეობის (სოფლისა და ქალაქის), სკოლის ტიპისა (საჯარო და კერძო) და სწავლების ენის მიხედვით.

 

რას ჰყვებიან მასწავლებლები ხარისხიან სწავლასა და უთანასწორობაზე

ლაურა გოტიაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში მეოთხე წელია, ინგლისურ ენას ასწავლის. მანამდე, თითქმის შვიდი წელის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვემო არქევანში ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი იყო.

ლაურა პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა მწვავე პრობლემად დგას სოფლად მდებარე მცირეკონტინგენტიან სკოლებში.

ფოტო: სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მწირი საგანმანათლებლო რესურსები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი – არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც სოფლად მდებარე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აწყდებიან და რაც ხშირად ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, ქალაქად მდებარე სკოლებთან შედარებით.

 

„სოფლად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ხშირად არ აქვთ მაღალი ფინანსური შემოსავალი და ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა მოსწავლეების სწავლის შედეგების თვალსაზრისით. ელემენტარული – ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სწავლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთები.

სკოლაში სახელმძღვანელოები უფასოდ ურიგდებათ, მაგრამ ჩემი მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს საკანცელარიო ნივთები. ყოველთვის მე დამაქვს და ვაძლევ-ხოლმე ჩემს მოსწავლეებს სახაზავს, ფერად ფანქრებსა და სხვა საჭირო ინვენტარს, რაც სასწავლო პროცესისთვის გვჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ნივთები სახლში არ აქვთ, ხელი არ მიუწვდებათ, ამ რესურსებით ივარჯიშონ, იმეცადინონ.

იგივე, დაწყებით კლასებში ხელოვნების გაკვეთილისთვის საჭირო რესურსები არ აქვთ მოსწავლეებს – სკოლაში არ არის, თავად ვერ იძენენ. ყველაზე ელემენტარული, მაგალითად, საძერწი საშუალებები არ აქვთ ბავშვებს. ერთი შეხედვით ელემენტარული დანაკლისი მომდევნო წლებში გვაძლევს იმას, რომ ნატიფი მოტორიკის განვითარება ფერხდება ბავშვებში, უჭირთ წერა და ა.შ. ეს დანაკლისი ჯაჭვურ შედეგს გვაძლევს შემდგომ წლებში.“

ლაურა ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც. ჰყვება, რომ სკოლაში არ აქვთ ინტერნეტი, არც კომპიუტერები, არც კეთილმოწყობილი გარემო, სადაც ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, სწავლების პროცესი ციფრული მასალებით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ყოფილიყო.

იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახადოს, ლაურას თავისი პროექტორი დააქვს სკოლაში, იყენებს პირად მობილურ ინტერნეტს, თუმცა ფიქრობს, რომ მასწავლებლების ინდივიდუალური მცდელობები, გახადონ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და ხარისხიანი, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.

ლაურა ყურადღებას ამახვილებს სკოლაში კვების საკითხზეც. ამბობს, რომ სოფლად მდებარე სკოლებში, სადაც არც ბუფეტია, ხშირად არც საკვები ობიექტი სკოლის ახლო-მახლო, ბავშვები გაკვეთილების დამთავრებამდე მეტწილად მშივრები არიან, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ უნარზე, კარგად ისწავლონ.

„ყოველდღიურად გვაქვს ეს პრობლემა, რომ ბავშვი არის ცუდად, სტკივა თავი ან მუცელი, ამის მიზეზია ის, რომ ბავშვი არის მშიერი ან სკოლის მახლობლად მაღაზიაში იყიდა რაღაც არაჯანსაღი წასახემსებელი. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს სასწავლო პროცესზე. ეს ხომ ფუნდამენტური საჭიროებაა, ბავშვს თუ შია, მერე აღარაფერი აინტერესებს.“

ლაურა იხსენებს, რომ თემში არსებული მძიმე სოციალური ფონი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდებოდა იმ კუთხითაც, რომ ბავშვები მშობლებს მუშაობაში ეხმარებოდნენ და ამის გამო აცდენდნენ გაკვეთილებს ან სათანადოდ არ მეცადინეობდნენ.

„მახსოვს, გადაბმულად ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მეშვიდეკლასელი მოუმზადებელი მოდიოდა გაკვეთილებზე. ერთ-ერთი მაღალი მოსწრების მოსწავლე იყო, რა თქმა უნდა, დავინტერესდი მიზეზით, თუ რატომ ვეღარ ახერხებდა სწავლას, ხელები გადმოატრიალა და ნამუშევარი, დაშავებული თითები მაჩვენა, მშობლებს ვეხმარებოდიო.

იყო შემთხვევები როცა ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდნენ უფროსკლასელები, ღამენათევები იყვნენ და გაკვეთილებზე ეძინებოდათ. და ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევები. მძიმე სოციალური ფონი, რომელიც სოფლად უფრო მწვავედ დგას, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სკოლაზეც, სწავლაზეც, მოსწავლეთა მოტივაციაზეც“. – ამბობს ლაურა.

ნინო ჭიჭინაძე ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში დაწყებითების მასწავლებელია. ნინოს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში მუშაობის გამოცდილება; უმუშავია, როგორც ქალაქის ისე, მაღალმთიანი სოფლის სკოლებში – რაჭასა და სვანეთში.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით საუბრისას ნინო ყურადღებას ამახვილებს ორი მიმართულებით – მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისთვის შეთავაზებული ხარისხიანი გაკვეთილები და ინფრასტრუქტურისა და რესურსების კუთხით გამართული სასწავლო გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოს მოსწავლემ.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნინო ჰყვება, რომ პედაგოგებს სოფლის სკოლებში გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ პროფესიული განვითარებისთვის.

მისი თქმით, მათ წლების განმავლობაში ბევრ ისეთ მხარდამჭერ მექანიზმზე არ მიუწვდებოდათ ხელი, რაც ხელმისაწვდომი იყო ქალაქში მდებარე სკოლების მასწავლებლებისთვის, მაგალითად, კონფერენციებზე, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებზე.

თუმცა მისი დაკვირვებით, ვითარება შეიცვალა პანდემიის შემდგომ, როცა პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მეტი ონლაინრესურსი, ონლაინტრენინგი, ქოუჩინგი და ექსპერტთა მხარდაჭერა. მისი თქმით, ამ ნაწილში შედარებით დაბალანსდა ხელმისაწვდომობის საკითხი.

რაც შეეხება სასწავლო რესურსებს, რომელთა არსებობაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საიმისოდ, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ხარისხიანად ასწავლოს, ნინო ამბობს, რომ ამ მხრივ რეგიონებში მდებარე სკოლებში ერთმნიშვნელოვნად განსხვავებული ვითარებაა, ქალაქის სკოლებთან შედარებით, ეს კი აღრმავებს უთანასწორობას, სწავლის შედეგების თვალსაზრისით.

საგანმანათლებლო რესურსების სიმწირის თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემურია ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებისა და სპორტის  სწავლება, რადგან უმრავლეს სკოლას არ აქვს ტექნიკური აღჭურვილობა, ლაბორატორია და სპორტული დარბაზი.

„მაგალითად, როცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ვმუშაობდი, არ გვქონდა ციფრული სივრცე და ლაბორატორია, ხოლო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში  არ გვქონდა ლაბორატორია, საბავშვო თანამედროვე ბიბლიოთეკა, არაფორმალური განათლებისთვის განკუთვნილი სივრცე, გარე სპორტული დარბაზი. დავწერე პროექტები, დონორი ორგანიზაციების დახმარებით მივიღეთ დაფინანსება.

შედეგად, იელის სკოლაში მოვაწყვეთ ციფრული სივრცე, ღარის სკოლაში კი შევძელით არაფორმალური განათლების მისაღებად სივრცის მოწყობა, სადაც ციფრულ რესურსთან ერთად გავამრავალფეროვნეთ ბიბლიოთეკა.

ეს მასწავლებლების ინდივიდუალურ მოტივაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლის სკოლების რესურსებით აღჭურვა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს – სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებს – სწორედ მათ სჭირდებათ მიზანმიმართული მხარდაჭერა, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საგანმანათლებლო რესურსებით მომარაგება, პედაგოგების მხარდაჭერა.

იმ ბავშვებს, რომლებიც სოფლის სკოლაში სწავლობენ, მხოლოდ იმიტომ არ უნდა წაერთვათ ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა, რომ სოფლად ცხოვრობენ.“

ნინო ყურადღებას ამახვილებს პედაგოგების როლზეც, მოსწავლის ხარისხიან განათლებაში. რეალობა კი ისეთია, რომ ხშირად სოფლის, განსაკუთრებით მაღალმთიანი რაიონების მცირეკონტინგენტიან სკოლებში არათუ კვალიფიციური კადრების, ზოგადად, მასწავლებლების დეფიციტია. 

„ერთია კვალიფიციური კადრების საკითხი და მეორე, როცა საერთოდ არ ჰყავს სკოლას მასწავლებელი. ეს არ ეხება მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ კადრების დეფიციტს ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით – უცხო ენებს, სპორტს, მუსიკას… პედაგოგიური განათლების მქონე კადრები არ არიან მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. ასეთი პრობლემა ქალაქში არ დგას.

მაგალითად, ღარის სკოლაში როცა ვმუშაობდი, რამდენიმე მასწავლებელი მუშაობდა ონის სკოლაშიც. ღარის სკოლა ტერიტორიულად ახლოსაა და ისინი მარტივად ახერხებდნენ შეთავსებას, მაგრამ მაღალმთიან სოფლებში – რაჭისა თუ სხვა მუნიციპალიტეტის კიდევ არაერთ მცირეკონტინგენტიან  საჯარო სკოლაში, ძალიან ჭირს კადრების მოზიდვა.

დაიდება ვაკანსია, ადგილზე კი არ არის კადრი, რომ არ იყოს, მაგალითად, პროექტი „ასწავლე საქართველოსთვის“ და არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მანქანით ყოველდღიურად შეუძლიათ მაღალმთიან სოფელში ასვლა, რომ ბავშვებს ასწავლონ, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, კადრების გარეშე დარჩებოდა სკოლა.“

 

რა მიზნები აქვს სტრატეგიას ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის – შალვა ტაბატაძის შეფასება

იმისათვის რომ ხარისხიანი განათლება ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს, სტრატეგიით დასახულია კონკრეტულ ვადებში მისაღწევი კონკრეტული შედეგები.

ამ შედეგის მისაღწევად დოკუმენტში ძირითადი აქცენტი კეთდება სასკოლო თემის გაძლიერებაზე – იქნებიან ეს სკოლის ხელმძღვანელები, მასწავლებლები თუ მშობლები. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის დანერგვაზეც, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ა.შ.

სტრატეგიის შეფასებისას განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ 2022-30 წლების განათლების სტრატეგია წინა დოკუმენტებისგან გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ დოკუმენტში ჩანს პრობლემების ანალიზი და ღიადაა საუბარი როგორც თანაბარი შესაძლებლობების კონტექსტში არსებულ, ისე ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

რაც შეეხება უშუალოდ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების განხორციელების გზებს, ტაბატაძე ამბობს, რომ წინა სტრატეგიებისგან განსხვავებით, პირველად გაჩნდა კონკრეტული ინდიკატორები, როგორც ხარისხთან, ასევე თანაბარ შესაძლებლობებთან დაკავშირებული.

თუმცა, შალვა ტაბატაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ინდიკატორების არსებობა კარგია, წლების მიხედვით მათი განხორციელება ისეა გაწერილი, რომ რთულია მათზე მონიტორინგი.

„ძირითადად სტრატეგიები არის ხოლმე ის წუხილები, რომლებიც არსებობს. ეს მეტად დაკონკრეტებული სტრატეგიაა, რადგან სამოქმედო გეგმაც ახლავს თან, თუმცა მთლიანობაში მაინც უფრო სურვილების გზაა, ვიდრე რეალურად გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ სურვილებს სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით.

ამ თვალსაზრისით, ჩამონათვალი კარგია, თუმცა ერთია ეს სურვილების ჩამონათვალი და მეორე პრაქტიკა, რაც ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია ხოლმე. იგივე 2017-21 წლის სტრატეგიაც იყო საკმაოდ კარგი ჩამონათვალი ამ სურვილების, თუმცა მისი განხორციელება რომ არ მოხდა, არავის განუმარტავს, რა შედეგებზე გავიდა, რაზე ვერა. შეიქმნა ახალი სტრატეგია“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

განვიხილოთ სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას ემსახურება.

ამოცანაა, რომ მოსწავლეთა შეფასების საშუალო ქულა კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში  მომდევნო წლების განმავლობაში გაუმჯობესდეს 60 ერთეულით. ამ შედეგის მიღწევის გაზომვის შესაძლებლობად კი საერთაშორისო კვლევის (PISA) შედეგებია განსაზღვრული.

ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მასწავლებლებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და საჭიროებაზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.

მიზანია, რომ მასწავლებლების წილი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ მასწავლებლების ახალი სისტემის მიერ განსაზღვრულ საშუალო და საშუალოზე უფრო მაღალი დონის მოთხოვნებს, 2030 წლისთვის 70% უნდა იყოს. სერტიფიცირებული დირექტორების წილიც – 70%.

„სტრატეგიაში წერია, რომ მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორების კომპონენტი, სკოლის დირექტორების შერჩევა, სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარება და ა.შ. მაგრამ ინდიკატორი არის ძალიან დაბალი, მაგალითად, შუალედური შედეგით, 2024 წლისთვის დირექტორების 30% უნდა იყოს სერტიფიცირებული. რეალურად კი, ამ რაოდენობის სერტიფიცირებული დირექტორი უკვე გვყავს სისტემაში. არასწორი და ცუდი ინდიკატორია.

ეს იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ სხვა კომპონენტები ვერ დაკმაყოფილდება, თუ სკოლას არ ეყოლება კვალიფიციური ხელმძღვანელი, 80% სამიზნე 2024 წლისთვის უნდა ყოფილიყო, მომდევნო ათ წელიწადში ამის მიღწევა დაგვიანებულია.

შენობა და ინფრასტრუქტურა ყველაზე მარტივი გასაკეთებელია, მთავარი სამუშაოა სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებელი, მათი კომპეტენციების გაზრდა. ამიტომ სტრატეგიაში სწორედ ამ ორი კომპონენტის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაზე უნდა ყოფილიყო ნაბიჯები დაგეგმილი, მაქსიმალურად სწრაფად და შემდგომ უნდა ყოფილიყო მათთვის რაღაცების დელეგირება სასკოლო დონეზე“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ ხარისხისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა დიდწილად უკავშირდება საკადრო რესურსებს – მასწავლებლებსა და დირექტორებს.

ამ თვალსაზრისით, დირექტორთა და მასწავლებელთა კორპუსის გაჯანსაღებისთვის კი სახელმწიფოს არ გაუტარებია საჭირო ღონისძიებები. უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული უთანასწორობა სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკით წლების განმავლობაში კიდევ უფრო ღრმავდებოდა, არა თუ რაიმე ქმედითი კეთდებოდა იმისათვის, რომ შემცირებულიყო.