შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა თვეში 252 ლარად იცხოვროს, ისე, რომ ჰქონდეს დაბალანსებული კვება და მიიღოს ყველა ის საჭირო მინერალი, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი? – საქსტატის გათვლებით, ეს შესაძლებელია, თუმცა საქართველოში არსებული რეალობა სხვანაირია.
ამ ფონზე, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში საცხოვრებელ ხელფასად 1 770 ლარი მიიჩნევა.
სტატიაში განვიხილავთ, რა განსხვავებაა მინიმალურ ხელფასსა და საცხოვრებელ ხელფასს შორის? რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი, რა ხარვეზებია საარსებო მინიმუმის დათვლის პროცესში? – „პუბლიკა“ ამ საკითხებზე ჯანდაცვის და მომსახურების სფეროს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალურ მდივანს, რევაზ კარანაძეს ესაუბრა.
რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი და როგორ ითვლება ის?
საქართველომ საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის 17 აპრილს მიიღო. საარსებო მინიმუმი არის შემოსავლის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე ითვლება.
საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. რევაზ კარანაძის განმარტებით, სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას შეიცავს.
სასურსათო კალათაში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების გრამები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია გამოუვიდეს.
ასევე არსებობს ცნება – არასასურსათო კალათა, თუმცა საქსტატი არ აღწერს, უშუალოდ რა შედის არასასურსათო კალათაში.
კალათის ზომა სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულებით განისაზღვრება. როგორც რევაზ კარანაძე ამბობს, საქართველოში ეს პროპორცია 70/30-ზეა. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, თუკი მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება 70 ლარია, არასასურსათო კალათისთვის 30 ლარი გამოიყოფა. სწორედ ამ ორი მაჩვენებლის, სასურსათო და არასასურსათო კალათის ჯამი გვაძლევს საარსებო მინიმუმს.
რა პრობლემები იკვეთება საარსებო მინიმუმის დათვლაში?
კარანაძე საარსებო მინიმუმის დათვლის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასურსათო და არასასურსათო ხარჯებზე განაწილებული პროპორცია მოძველებული და არასამართლიანია.
„ეს პროპორცია 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაადგინეს, მაშინ ეს პროპორცია შეიძლება ადეკვატური იყო, რადგან მოსახლეობა გაცილებით მეტს ხარჯავდა სურსათში, მაგრამ ახლა ცხოვრების დონე გაიზარდა და ადამიანები თანხის 70%-ს საკვებ პროდუქტებზე აღარ მოიხმარენ. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ხარჯები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, როგორიცაა ტანსაცმელი, განათლება, რეკრეაცია, ჯანდაცვა, ჰიგიენურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა და სხვა. მსგავსი ხარჯების გაღება ყველა ადამიანს უწევს“, – ამბობს რევაზ კარანაძე.
კარანაძე ამბობს იმასაც, რომ არასაკმარისია კალორიების ის რაოდენობაც, რომელიც ახლა საკმარისადაა მიჩნეული. მისი თქმით, მინიმალური სასურსათო კალათის გამრავალფეროვნებაა საჭირო.
„2 300 კალორია ერთ სულ მამაკაცზე, ეს წარმოუდგენელია. სასურსათო კალათა არ გულისხმობს ჯანსაღ კვებას, არ არის განსაზღვრული, როგორ უნდა მიიღო ეს კალორაჟი. შესაძლებელია იკვებო არაჯანსაღი საკვებითაც, რაც უფრო იაფია. საერთოდ არ არის საუბარი კვების რაციონის მრავალფეროვნებაზე და მაღალი ხვედრითი წილი დაბალფასიან პროდუქტს ენიჭება“, – განმარტავს ის.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 252 ლარია, საინტერესოა, რამდენი სჭირდება ერთ ადამიანს საქართველოში ღირსეული ცხოვრებისთვის? ამ საკითხს ტერმინ საცხოვრებელ ხელფასში ითვალისწინებენ, რომელიც 1770 ლარს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თანხა საერთაშორისო კვლევის ფარგლებშია გამოანგარიშებული.
რას ნიშნავს საცხოვრებელი ხელფასი?
საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები.
„საცხოვრებელი ხელფასი მოიცავს იმ ძირითად ხარჯებს, რაც არის საჭირო, ოღონდ საკვებზე 70% კი არ არის ხარჯი, არამედ საშუალოდ 30-35% და გათვალისწინებულია კვების რაციონის მრავალფეროვნება 3 000 კალორიაზე. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას, რევაზ კარანაძე.
რატომ არის მნიშვნელოვანი საცხოვრებელი ხელფასის გადახდა?
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ ხაზს უსვამს, რომ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც მშრომელები ქრონიკულად დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ვერ ახერხებენ გაჭირვებიდან თავის დაღწევას, სასტიკი, გაუსაძლისი და გრძელვადიან პერსპექტივაში -არამდგრადია. დამსაქმებლები, რომლებიც იხდიან საცხოვრებელ ხელფასს, ხელს უწყობენ საქართველოში თანასწორი, სამართლიანი და სტაბილური საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
მათი თქმით, საცხოვრებელი ხელფასის გადახდას აქვს კომპანიებისთვის უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის პოტენციალი. საცხოვრებელი ხელფასის გადახდა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ინვესტიციას, რომლის განხორციელებაც ბიზნესს შეუძლია. საცხოვრებელი ხელფასის გადახდამ შეიძლება გააუმჯობესოს კომპანიის რეპუტაციაც.
„მშრომელების უკეთესი ხელფასი ნიშნავს, რომ მათ მეტი ფული აქვთ დასახარჯად, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ამასთან, კომპანიები ხშირად ჩივიან, რომ ვერ პოულობენ ან ინარჩუნებენ კარგ კადრებს. საცხოვრებელი ხელფასი კი, თავის მხრივ ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებას. უკეთესი ხელფასი ზრდის თანამშრომელთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას, ზრდის მათ ერთგულებას და კარგი კადრებიც ნაკლებად გადიან პროფესიიდან“, – განმარტავს „პლატფორმა“.
როგორ ითვლება საცხოვრებელი ხელფასი?
საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 2022 წელს, Wage Indicator Foundation-ის მიერ გამოითვალა. საცხოვრებელი ხელფასი წარმოადგენს დაუბეგრავ შემოსავალს, რომელიც ეფუძნება მთლიანად ქალაქებისა და სოფლების მონაცემების საშუალოს და ოჯახში ერთი მშრომელის მონაცემებს.
როგორც „სოლიდარობის ქსელში“ ამბობენ, საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, როგორ უნდა ითვლებოდეს ხელფასი, სწორედ ამიტომ პროფკავშირი ხელფასის სტანდარტიზებას ითხოვს, რადგან „დღეს მოსახლეობას საცხოვრებელი მინიმუმი სჭირდება და არა საარსებო მინიმუმი“, – გვეუბნება კარანაძე.
განსხვავება საცხოვრებელ ხელფასსა და მინიმალურ ხელფასს შორის?
მოკლედ უნდა შევეხოთ მინიმალურ ხელფასს და განვასხვაოთ ის საცხოვრებელი ხელფასისგან.
საარსებო ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურებაა, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. ღირსეული შრომის პლატფორმის შეფასებით, ის ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს.
საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და როგორც რევაზ კარანაძე ამბობს, ეს მონაცემი 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.
აღნიშნული ოდენობა მისი მიზერულობიდან გამომდინარე, შაბლონურ ჩანაწერად ითვლება და შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, პროფკავშირების მიერ მუდმივი კრიტიკის საგანია.
როგორ შეიძლება იქცეს საცხოვრებელი ხელფასი რეალობად?
„ღირსეული შრომის პლატფორმა“, მშრომელებს, უკეთესი სახელფასო პოლიტიკის შექმნის კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს:
► პროფკავშირებში გაწევრიანება – სხვა მშრომელ ადამიანებთან ერთად, პროფკავშირში გაერთიანება ხელფასის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა, რათა გუნდური მუშაობის შედეგად გაიზარდოს ხელფასი და დაინერგოს უკეთესი სამუშაო პირობები.
► არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ პლატფორმა რეკომენდაციას გასცემს, ნებისმიერმა ადამიანმა ხმა მისცეს იმას, ვინც პრიორიტეტად მიიჩნევს შრომითი უფლებების დაცვასა და უკეთეს სახელფასო პოლიტიკას.
► „მხარი დაუჭირე პასუხისმგებლობიან ბიზნესს“ – შრომის პლატფორმის განმარტებით, ყველა ბიზნესი თანასწორად არ ეპყრობა დასაქმებულებს, ამიტომ აუცილებელია ადამიანებმა მხარი დაუჭირონ მას, ვინც სამართლიან ანაზღაურებას უხდის თანამშრომლებს.
უკეთესი სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მოთხოვნის ერთ-ერთი გზა, პროფკავშირების დახმარებით დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვებია. პოსტპანდემიური ინფლაციისა და გაზრდილი ფასების შემდეგ, პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით გამოიკვეთა. ადამიანებს არსებული ხელფასები უკვე აღარაფერში ჰყოფნით.
ღირსეული სამუშაო პირობებისა და ხელფასების მოთხოვნით 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, მემარცხენე მოძრაობებმა და პროფესიულმა გაერთიანებებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ სახელმწიფომ დაიწყოს საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტის დანერგვა, ჩაანაცვლოს საარსებო მინიმუმის ხელფასის დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია, რომელიც ვერც 30 წლის წინ და ვერც ახლა ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს. ასევე, დაინერგოს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ყველა სფეროში დასაქმებულებისთვის, რადგან 24 წლის წინ მიღებული მინიმალური ხელფასის სტანდარტი თვეში 20 ლარი დღევანდელი რეალობისთვის ადეკვატური არ არის.
რევაზ კარანაძეს, ღირსეული ხელფასისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მაგალითად, ექთნები მოჰყავს. მისი თქმით, 10 წელზე მეტია, საქართველოში ექთნებს ხელფასი არ გაზრდიათ და 200-300 ლარზე მუშაობენ, თუმცა, მისივე თქმით, პროფკავშირების აქტიურობის შედეგად, რეალობა შეიცვალა და მთავრობა დათმობებზე წავიდა.
მსგავს წარმატებულ შემთხვევათა შორის ის ასევე გამოყოფს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ბრძოლას ღირსეული ანაზღაურებისთვის.
წლის განმავლობაში, საქართველოში არაერთი გაფიცვა და პროტესტი იყო, სადაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები (მაგ: სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, კურიერები, მძღოლები და ა.შ.) მონაწილეობდნენ.
რევაზ კარანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ნება და პოლიტიკური კლასის პოზიცია, რომელიც ხშირად ბიზნესთან გარიგებულია ან თავად აქვს წილი სხვადასხვა ბიზნესში. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური კლასი სოციალური პრობლემების მოგვარებასა და მშრომელების ინტერესების დაცვაზე ფოკუსირდეს, რეალურად სულ სხვა საკითხებით არიან დაკავებული.
კარანაძე ასევე აღნიშნავს, რომ ერთია პოლიტიკური ნება, მაგრამ მნიშვნელოვანია „პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა ბრძოლით და აქტიურობით მოვახერხოთ, რომ მთავრობა დათმობებზე წამოვიდეს“.
შესაბამისად, რაშია მთავარი გამოსავალი და რა ბერკეტები აქვთ მშრომელებს თავიანთი უფლებების გასაუმჯობესებლად? – ამ კითხვაზე ჩვენი რესპონდენტი ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფს:
► თავად მშრომელთა და პროფკავშირების აქტიურობა;
► სახელმწიფოს ნება, შექმნას ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები.