რუსეთის ანტიქართული ბერკეტები
რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს პოლიტიკის შემუშავებაზე საუბრისას, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს იმის გააზრება, თუ რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ და რა შემთხვევებში აამოქმედებს მათ პუტინი. საფრთხეებზე საუბრისას ქართული ოცნება უბრალოდ იტყუება, როდესაც არარსებულ დასავლურ კონსპირაციას, ომში ჩართვის თაობაზე გლობალურ შეთქმულებასა და ბირთვული ომის შიშებს ახვევს თავზე მოსახლეობას. ოპოზიცია საფრთხეებზე საერთოდ არ საუბრობს. შესაბამისად, მოსახლეობა და მედია არაინფორმირებულია.
რუსეთს არ სურს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მისთვის წითელი ხაზია უკრაინის მკაფიო მხარდაჭერა და ის არ დაუშვებს „ახლო საზღვარგარეთში“ პროდასავლური ძალების რევოლუციას. მას საქართველოს წინააღმდეგ სამი ბერკეტი აქვს არსენალში: ცხინვალის დე იურე ანექსია, ეკონომიკური ბლოკადის დაწესება და, უკიდურეს შემთხვევაში, სარაკეტო თავდასხმები და დივერსიები. როგორც კი რაღაც დინამიკა გვაქვს, მაშინვე ამოტივტივდება ხოლმე რუსულ მედიაში ასეთი მესიჯები. 2022 წლის გაზაფხულზე, როცა ევროკავშირი სტატუსის მონიჭებას განიხილავდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩანიშნეს რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი. როდესაც ვერ მივიღეთ სტატუსი, რეფერენდუმი გაუქმდა; ახლა, 8-9 მარტის აქციების შემდეგ, პუტინი შეხვდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს, რომელმაც „რუსი კოლეგა“ ცხინვალში მიიწვია. რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამავე აქციების შემდეგ იმუქრებოდა, რაკეტებით „ვგლიჯავთ“ თბილისსო. მანამდე, სერგეი ლავროვი იწონებდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და შეახსენებდა მათ იმ სარგებელს, რასაც ქართული ეკონომიკა იღებს რუსეთიდან.
რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად, რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვმა გვამცნო, რომ სავიზო რეჟიმს სულ მოკლე ხანში გაგიუქმებთ და პირდაპირ ფრენებსაც აღვადგენთო. ეს ევროკავშირის ალტერნატიული შემოთავაზებაა, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღების სანაცვლოდ, რუსეთი საქართველოს გაუხსნის შესაძლებლობებს. ერთი სიტყვით, მათრახიც დაანახეს „ქართულ ოცნებას“ და თაფლაკვერიც.
ფინლანდიზაცია
რუსეთისგან წამოსული სამივე პოტენციური საფრთხე სერიოზულია და ნამდვილად არ ღირს მათი იგნორირება. ხელისუფლების მომხრეები, რაციონალიზაციის შედეგად, პირად საუბრებში იმასაც იტყვიან, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პრაგმატულია და ღირს დროებით უარი ვთქვათ კანდიდატის სტატუსზე, შევიდეთ „ფინლანდიზაციის“ მოდუსში, რათა თავი გადავირჩინოთო. ალბათ ასე იმშვიდებენ თავს ნიკოლოზ სამხარაძე და ის პარლამენტარები, რომლებიც მთელი ცხოვრება პროდასავლურობით იწონებდნენ თავს, მაგრამ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს მისცეს ხმა.
ეს დებულება ვერაფრის გამართლებად ვერ გამოდგება რამდენიმე მიზეზის გამო. 1945 წელს ფინეთის ნეიტრალურ ქვეყნად ქცევა და მისი საგარეო კურსის კრემლზე დამოკიდებულება ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად გახდა შესაძლებელი. შეუძლებელია საგარეო პოლიტიკური კურსის ფუნდამენტური შეცვლა, როდესაც მოსახლეობის 80% და, „ქართული ოცნების“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა. არ შეიძლება კურსის ცვლილებას მშვიდობიანად მიაღწიო, როდესაც საზოგადოებრივი განხილვის, ახსნის, სიმართლის საუბრის ნაცვლად მილიონობით ადამიანს არ არსებულ დასავლურ კონსპირაციაზე ესაუბრები. ამ მოცემულობას მივყავართ კონსტიტუციის დარღვევამდე, როდესაც ხელისუფლებას ვალდებულებად უწერია ყველაფერი გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ხოლო ის სრულიად საპირისპიროს აკეთებს. შეიძლება საქართველოში სამოქალაქო განათლება და თვითშეგნება მყიფეა, მაგრამ არც შუა საუკუნეობრივ მონარქიაში ვცხოვრობთ, რომ ერთი ოლიგარქის გადაწყვეტილება ყველაფერ დანარჩენზე მაღლა იდგეს. ქვეყანაში ვითარება აფეთქდება და ამის პირველი ნიშნები 7-9 მარტს იყო, მაგრამ სამწუხაროდ არაფრიდან ჩანს რომ ხელისუფლებამ გაიაზრა ეს საფრთხე.
გარდა ამისა, ფინლანდიზაცია ფინეთში ნიშნავდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე შეზღუდვების დაწესებას. ამ პერიოდში ფინეთის ხელისუფლებები ქვეყნის მოდერნიზაციაზე გამალებით მუშაობდნენ და დღეს ეს ქვეყანა ნებისმიერი თემატიკის ავტორიტეტულ რეიტინგებში ლიდერთა შორის მყოფი სახელმწიფოა. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ სარგებლობს შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობით და ძალაუფლების გასამყარებლად რეტროგრადულ ჭაობში შეჰყავს ქვეყანა. არასამთავრობო ორგანიზაციების, არასახელისუფლებო მედიის, ოპოზიციური პარტიების და, ზოგადად, განსხვავებული აზრის დევნა, შევიწროება და ფიზიკური ძალადობა ყოველდღიურობად იქცა. ცინიკური თვითნებობა, ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკა, ტენდერებიდან სახელისუფლებო ჯგუფებში ჩადინებული მილიონები ცხოვრების წესად ჩამოყალიბდა. განათლებული, შემოქმედებითი და თავისუფალი ადამიანები მმართველი გუნდის კლასობრივ მტრებად აღიქმებიან; ამის საპირისპიროდ, ასპარეზი ეძლევათ ყველა თაობის „საბჭოთა ქართველებს.“ ეს არის არა ფინლანდიზაცია, არამედ ქოჩარიანისა და სარგსიანის პერიოდის „არმენიზაცია“. გახსნილი საზღვრებისა და ასეთი ტოქსიკური გარემოს პირობებში, ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები ქვეყნიდან მიდიან. ეს პროცესი იმაზე მეტ დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს, ვიდრე კონკრეტულ მომენტში კანდიდატის სტატუსის არმიღებაა.
საბოტაჟის მიზეზები
ამასთანავე, პროპაგანდისტული ან ზედაპირულია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიერ გაკეთებული შედარებები იმის თაობაზე, რომ უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებები უფრო მკვეთრ ნაბიჯებს დგამენ დასავლური ინტეგრაციისთვის, ვიდრე საქართველო. უკრაინა ამ თავისუფლებას იარაღით ხელში იცავს, ხოლო პატარა მოლდოვა უკრაინასა და რუმინეთს შორის არის მოქცეული და ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას. საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, რადგან რუსული ჯარები თბილისიდან 30 კილომეტრში დგანან და სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი სამივე საფრთხე რეალურია.
განვიხილოთ თეორიული სცენარი, როდესაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 12 მოთხოვნას ასრულებს, წყვეტს დასავლეთის ლანძღვას და საქართველო იღებს კანდიდატის სტატუსს. ამ შემთხვევაში, რუსეთი პირველ რიგში ახორციელებს ცხინვალის რეგიონის დე იურე ანექსიას. ამ მოვლენით მთლიანად ირღვევა სახელისუფლებო ნარატივი და ლეგიტიმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც მიწები არ დაკარგულა და რუსეთთან მიმართებით მათი პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია. ანექსიის შემთხვევაში, ივანიშვილის გუნდს რუსეთისადმი მორჩილებას ქვეყნის შიგნით არავინ აპატიებს, ყველაფერი გაშიშვლდება, ის ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება. საზოგადოების აღშფოთების დაშოშმინებისა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით თუ გაბედეს ანტირუსული პოლიტიკის წარმოება, ამ შემთხვევაში რუსეთი ემბარგოსაც დააწესებს. რუსეთზე მიბმული ეკონომიკის პირობებში, ეს ქართული ეკონომიკის კატასტროფულ ვარდნას გამოიწვევს და დამშეული საქართველო „ქართულ ოცნებას“ არსად გაჰყვება, რადგან მის უკან იდეა არ დგას, რომლის გამოც შეიძლება იშიმშილო. მესამე და უკიდურესი ნაბიჯი იქნება რაკეტების სროლა ცხინვალიდან და ქვეყნის შიგნით დივერსიული ჯგუფების გააქტიურება. ხელისუფლებამ თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად არაფერი ხელშესახები არ გააკეთა. ამიტომ ამისთვის მზად არ არის.
რუსეთს დასავლეთმა ყველა შესაძლო სანქცია დაუწესა, რაც ამ ეტაპზე შეუძლია რომ დაუწესოს. საქართველოს გამო დამატებით ვერაფერი მოხდება. ისევე როგორც უკრაინისთვის, ვერც საქართველოსთვის იომებს ვინმე. იმის იმედის ქონა, რომ რუსეთი მის ხელში არსებულ იოლ ბერკეტებს არ გამოიყენებს, გულუბრყვილობა იქნებოდა. შესაბამისად, რა ურჩევნია „ქართულ ოცნებას“, ამერიკის ელჩის გინება და წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა თუ ზემოხსენებული სცენარის განვითარება? ამიტომაც აგინებენ ამერიკის ელჩს, საბოტაჟს უკეთებენ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ყველანაირად ასიამოვნებენ რუსეთს.
ევროკავშირში ამას ვერ ხვდებიან და არც არავინ უხსნის სად არის რეალობა. „ქართული ოცნებისთვის“ 12 პუნქტის წაყენება არის ხელსაყრელი მექანიზმი თავიდან აირიდოს კანდიდატის სტატუსის მიღება და ეს მოსახლეობას ევროპის უსაქციელობად შეასაღოს. ამ გულუბრყვილობიდან მოდის ევროპელთა მოსაზრებები, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან უნდა იმუშაოს, ინკლუზიური პროცესი უნდა გაიმართოს და ა.შ. თუ პროცესის საბოტაჟს არ ეყო უკვე გამოვლენილი ავტორიტარული ქმედებები, კიდევ მეტს გააკეთებენ, ოღონდ სტატუსის მოცემაზე ევროკავშირს უარი ათქმევინონ. შეარჩევენ ისეთ თემას, რომელიც ქვეყნის შიგნით დიდ პროტესტს არ იწვევს, მაგრამ ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება. მაგალითად, კანონმდებლობას გაამკაცრებენ ლგბტ თემთან მიმართებით, ამაში საპატრიარქოს აიყოლიებენ და ასე „დაგვიცავენ გარყვნილი დასავლეთიდან მომავალი საფრთხეებისგან“. ამიტომ, იმის იმედი რომ ივანიშვილის საქართველო სტატუსს მიიღებს, ზედმეტი გულუბრყვილობაა. აქედან ყველაზე იდეალური გამოსავალი იქნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირს მაინც მოეცა კანდიდატობა, მაგრამ ევროპა რომ არსებულ მოცემულობას გაიაზრებს და თავის წითელ ხაზებსაც ჩვენს გამო გადააბიჯებს, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს.
ყველა შემთხვევაში, ოპოზიციამ ევროპელ აქტორებთან უნდა იმუშაოს ამ რეალობის მკაფიოდ ასახსნელად, რათა სულ მინიმუმ ის მაინც გააგებინონ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება არა სასჯელი, არამედ საჩუქარია ხელისუფლებისთვის.
რა არ გააკეთა ხელისუფლებამ
ახლა განვიხილოთ რა სცენარი გვექნებოდა „ქართული ოცნება“ რომ კარგი მმართველი იყოს. ნებისმიერი ხელისუფლების ვალია მტრული სახელმწიფოს ხელში არსებული ბერკეტების ნიველირება გააკეთოს ან ამას ეცადოს მაინც. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების ათწლიანი მმართველობის დროს ეს ბერკეტები რუსეთის ხელში მხოლოდ გაძლიერდა.
ჩვენ უნდა გვქონდეს ინდიფერენტული დამოკიდებულება რუსეთის კონსტიტუციაში „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. კრემლი არ უნდა ფიქრობდეს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით მთელს საქართველოს აიყვანს მძევლად. პრაქტიკულად, ცხინვალს საქართველო ვერ დაიბრუნებს რუსეთში იმპერიალისტური აზროვნების დამარცხებამდე და თუ დამარცხდა, მერე იმ კონსტიტუციური ჩანაწერიდანაც აღარაფერი დარჩება. მაგრამ მანამდე არაოკუპირებულ საქართველოს სჭირდება განვითარება და ეს პროცესი ვერ უნდა იქცეს რუსეთის მძევლად. „ქართულმა ოცნებამ“ კი სწორედ ეს გააკეთა, საკუთარი ლეგიტიმაცია მთლიანად დააშენა ტერიტორიების არ დაკარგვის ნარატივზე, თან ისე რომ არ დაკარგვისთვის არავითარი მექანიზმი არ შექმნა, გარდა რუსეთთან დათმობებისა.
საქართველოს უმთავრესი ამოცანაა, რომ მისი ეკონომიკა არ იყოს მიბმული რუსეთზე და პოლიტიკით მოტივირებული კრემლის გადაწყვეტილება ვერ ანგრევდეს ჩვენს ეკონომიკას. ათი წელია რუსეთზე შეუქცევადი ეკონომიკური ბმა სულ უფრო იზრდება. ახლა ხელისუფლება თავს იწონებს 10%-იანი ეკონომიკური ზრდით, მაგრამ ეს ხდება საქართველოს ხვალინდელი დღის, მისი თავისუფლებებისა და პერსპექტივის ხარჯზე. როგორც კი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს ქვეყანა, მაშინვე შეძლებს რუსეთი ეკონომიკური რეცესიის გამოწვევას.
ათი წლის მანძილზე ხელისუფლებას წელიწადში მილიარდი დოლარი რომ დაეხარჯა თავდაცვის გაძლიერებასა და ტოტალური თავდაცვის მომზადებაზე, დღეს თვისობრივად სხვა დონის უსაფრთხოება ექნებოდა საქართველოს. იმდენად მაინც, რომ უკრაინასთან ომში მყოფი ქვეყანა თავში ხელს იოლად ვერ წამოგვარტყამდა.
აი ასეთ რეალობაში გვექნებოდა შემდეგი მოცემულობა: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო რამდენიმე ბრიგადას განალაგებდა ცხინვალის რეგიონის გარშემო, მაგრამ ხელისუფლება მკაფიოდ იტყოდა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთვება თუ მის წინააღმდეგ აგრესია არ განხორციელდა. ეს რამდენიმე მიმართულებით მოიტანდა დადგებით შედეგს: 1. იმის შიშით რომ საქართველომ ომი არ დაიწყოს, რუსეთი ვერც ცხინვალის ანექსიას გაბედავდა და არც თბილისის დაბომბვით დაიმუქრებოდა, როგორც ახლა იმუქრებიან, რადგან 50 ათასიან კარგად აღჭურვილ ქართულ არმიასთან ბრძოლისთვის რესურსების უკრაინის ფრონტიდან გადმოქაჩვა არაფრით არ აწყობთ; 2. რუსეთს მაინც დასჭირდებოდა მინიმუმ 10 ათასი ჯარისკაცის ცხინვალის რეგიონში „დაბმა“ საქართველოდან მომავალი შესაძლო შეტევის პირველადი შეკავებისთვის. ამით უკრაინასაც გავუადვილებდით საქმეს, მასთან კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებდით და ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივაც არ დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.
დივერსიფიცირებული საგარეო ვაჭრობის შემთხვევაში, რუსული ემბარგო ვერ იქნებოდა გადამწყვეტი დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე. ეს ემბარგო იქცეოდა დასავლური ფინანსური დახმარებების კატალიზატორად.
სწორედ ასეთი სცენარი იქნებოდა ომის თავიდან აცილების უფრო რეალური გზა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. თან, ამ გზით, დემოკრატიას შევინარჩუნებდით ქვეყნის შიგნით, რეპუტაციას ქვეყნის გარეთ, რუსეთის რისხვის თავიდან ასაცილებლად არ მოგვიწევდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესის საბოტაჟი და სამშვიდობოზე გასვლასაც წინ არაფერი დაუდგებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მოსაზღვრე შვეიცარიამ დამოუკიდებლობაც შეინარჩუნა და ნეიტრალიტეტიც. რატომ? იმიტომ რომ ძლიერი ჯარი ჰყავდა და ჰიტლერს არ უღირდა მის ოკუპაციაზე ძალიან დიდი რესურსების დახარჯვა. ფიურერისთვის მთავარი პრიორიტეტი საფრანგეთი და სსრკ იყო. ევროპაში არ შექმნეს ძლიერი ჯარები სხვა პატარა ქვეყნებმა და მათ გერმანიამ იოლად გადაუარა.
ნატოსთან თანამშრომლობა
ხელისუფლება ხვდება, რომ მიუხედავად მათი მხრიდან ყველა დათმობისა, რუსული აგრესია მაინც არ არის გამორიცხული. ამის კარგი მაგალითია შევარდნაძე, რომელმაც 1993-94 წლებში ყველაფერი მისცა კრემლს (დსთ-ში გაწევრიანება და ყველა საკვანძო სამინისტროს რუსული აგენტურისთვის გადაბარება), მაგრამ 1995 წელს მაინც ააფეთქეს. ამიტომ, თუ დავაკვირდებით, პოლიტიკურ დონეზე დასავლეთთან მკაფიო დისტანცირების კვალდაკვალ, სამხედრო ჩართულობა არათუ არ განელებულა, არამედ უფრო ინტენსიურიც გახდა, თუმცა ამას ნაკლებად პომპეზური სახე აქვს – რუსეთის არ გაღიზიანების მოტივით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველომ ისევ უმასპინძლა ნატოს სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“, რომლის გახსნასაც თავდაცვის მინისტრი არ დაესწრო; საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს „რამშტაინის ფორმატში“, მაგრამ ამის აფიშირება დიდად არ ხდება; მინისტრი ჩასული იყო ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინთან შესახვედრად და შეთანხმდნენ საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო შესყიდვების უფლების მიცემაზე; გენშტაბის უფროსი დადის ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებზე და თავდაცვის სამინისტროს ერთი ანტიდასავლური განცხადებაც არ გაუკეთებია. უფრო კი პირიქით.
გასაგებია, ეს პოლიტიკა ეფუძნება იმ სცენარს, რომ რუსეთმა შეიძლება მაინც შეუტიოს საქართველოს და ამ შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დახმარების სათხოვნელად ნიადაგი უნდა იყოს შემზადებული. ეს მიდგომა ვერაფრისგან ვერ დაგვიცავს, რადგან „ქართული ოცნების“ ქმედებებმა უსაფრთხოების საფუძვლები მოარღვია: შიდა პოლიტიკა, ეკონომიკური კეთილდღეობა და საგარეო ურთიერთობები აქცია რუსეთის მძევლად. ამიტომ, რუსეთს ჯარით შემოსვლა არც სჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად და რომც დასჭირდეს, წინააღმდეგობის რესურსი ახლა არ არის. ეს შესაძლებლობები ბოლო ათი წლის მანძილზე უნდა ეშენებინათ.
რუსეთ-უკრაინის ომის სცენარები საქართველოსთვის
ამის წამკითხველმა შეიძლება იფიქროს, ეგ კარგი, მაგრამ უკრაინაში რომ დამთავრდება ომი, მერე რომ მოგვიბრუნდეს რუსეთი მთელი ძალებითო? ომის ზუსტი შედეგი ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ერთი რამ დღესვე მკაფიოდ შეიძლება ითქვას: მშვიდობის დამყარების შემდეგ, უკრაინა მთლიანად ან მისი არაოკუპირებული ნაწილი (80%) მიიღებს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს (ალბათ ნატოს სახით) და ევროკავშირის წევრობას. სათანადო პოლიტიკის შემთხვევაში, აი ამ პაკეტში შევიდოდა საქართველოც.
ახლა ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე: თუ იმპერია არ ჩამოიშალა და ომი დასრულდა ე.წ. კორეული სცენარით. ამ შემთხვევაში, უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორია გახდება დასავლეთის სრულფასოვანი წევრი და იქცევა განვითარებულ ქვეყნად, ხოლო ყველაფერი აქედან აღმოსავლეთით, ოკუპირებული ტერიტორიების, თავად რუსეთისა და რუსეთის გავლენის ზონების ჩათვლით გადაიქცევა ჩრდილოეთ კორეად. აი ამ აღმოსავლეთ ნაწილში თუ მოხვდა საქართველო, ჩვენს სიცოცხლეში კარგ ქვეყანას ვერ ვნახავთ და ეს იქნება მთლიანად „ქართული ოცნების“ ბრალი.
უფრო ნაკლებსავარაუდო სცენარია რუსეთის სრულად ჩამოშლა. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნებაც“ გაქრება და ისტორიაში მისი არსებობა ერთ დიდ გაუგებრობას მიეწერება. ივანიშვილი დემოკრატიზებულ გარემოში ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდო სცენარია „ბირთვული არმაგედონის“ დაწყება. ხელისუფლების პოლიტიკა ყველაზე გამართლებული ამ უმძიმესი რეალობის დადგომის შემთხვევაში იქნებოდა, რადგან არც რუსული და არც დასავლური პერსპექტივიდან არანაირი მიზეზი არ არსებობს დღევანდელ საქართველოს ატომური ბომბი ესროლო. თუმცა, ყველაზე არარეალისტურ ალბათობაზე პოლიტიკის აგება და ყველაზე რეალური სცენარების იგნორირება დანაშაულებრივი ფანტაზიორობა იქნებოდა.
რა არის გამოსავალი ან ოპტიმალური მოქმედების სტრატეგია?
საქართველოს მომავლის ბედი, თუ მთლიანად არა, უდიდესწილად უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული. თუმცა ის კიდევ არაერთი წელი გაგრძელდება. ბოლოს თუ იმპერია ჩამოიშალა, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და ალბათ სომხეთიც, იპოვიან გრძელვადიან ნავსაყუდელს ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს გათვლა ძალიან ოპტიმისტურია და მხოლოდ მის იმედად ყოფნა არ შეიძლება.
მოკლე ვადაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ ვთქვი, ქართული ოცნება აუცილებლად დაბლოკავს გადაწყვეტილებას. ამის პასუხი შეიძლება იყოს რევოლუცია, მაგრამ რევოლუციის დროს კიდევ უფრო სუსტდება სახელმწიფო და ჩვენ გვახსოვს როგორ გამოიყენა ეს რუსეთმა 2014 წელს უკრაინაში. ამის მიუხედავად, აქტიური პროტესტი და ხელისუფლებისთვის მუდმივი საფრთხის შექმნა აუცილებელი საჭიროებაა ორი მთავარი მიზეზით: 1. ავტოკრატიის მშენებლობის გზაზე, „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს რომ ლიმიტები არსებობს; 2. „ქართული ოცნებისგან“ მოლოდინების შექმნის პროცესში კრემლი უნდა მიხვდეს, რომ საქართველოში შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და აქ ბელარუსს ვერ გააკეთებენ.
2024 წლის არჩევნებზე იმის მიხედვით ვიმსჯელოთ თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში ფრონტზე და რა შიდა დინამიკა ექნება რუსეთს. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.