ქართველი სოპრანო ციურიხის ოპერაში დადგმულ სპექტაკლში „მარია სტიუარდა“ ელისაბედის პარტიას შეასრულებს
ახალი თაობის საოპერო მომღერლებს შორის, შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეულია სოპრანო სალომე ჯიქია, რომლის ბოლოდროინდელი წარმატება ევროპულ სცენებზე განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სექტემბრის ბოლოს ის ციურიხის „ოპერნჰაუზში“ დაგეგმილ პრემიერაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დედოფალ ელისაბედის პარტიას იმღერებს გაეტანო დონიცეტის ოპერაში „მარია სტიუარდა“ (ეს ოპერის ორიგინალური სახელწოდებაა, რომლის ლიბრეტო ფრიდრიხ შილერის ტრაგედიის მიხედვით ჯუზეპე ბარდარიმ დაწერა).
სპექტაკლში მას პარტიორობას გაუწევს მსოფლიოში აღიარებული გერმანელი სოპრანო დიანა დამრაუ, რომელიც მარია სტიუარტის (სტიუარდა) პარტიას შეასრულებს და რომელიც საოპერო სცენაზე ერთწლიანიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
შოტლანდიელი დედოფლის, მარიამ სტიუარტის ცხოვრებითა და ტრაგიკული ბედით (რომელშიც მუდმივადაა გადახლართული ძალაუფლების მოპოვებისა და დაკარგვის, სიყვარულისა და ღალატის, წარმატებისა და იმედგაცრუების მოტივები) ბელკანტოს დიდოსტატი კომპოზიტორი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული, თუმცა ოპერაზე მუშაობა რამდენჯერმე გადადო და მხოლოდ 1835 წელს დაასრულა. „მარია სტიუარდას“ პრემიერა იმავე წლის დეკემბერში „ლა სკალას“ სცენაზე გაიმართა.
შილერის ტრაგედიისგან განსხვავებით, რომელშიც ელისაბედისა და მარია სტიუარტის დაპირისპირება გაცილებით მრავალპლანიანია და პოლიტიკური მოტივებით გადატვირთული, დონიცეტიმ ოპერის მთავარ მოტივად ეჭვებითა და სასიყვარულო ვნებით შეპყრობილი დედოფლების ფსიქოლოგიური ბრძოლა არჩია.
ოპერის შექმნისთანავე ნათელი გახდა, რომ ორი სოპრანო-დივას დუეტი თუ დუელი განწირულია ვოკალური შეჯიბრებისთვისაც, რომელსაც დამატებითი „დრაივი“ შემოაქვს დღევანდელი რეჟისორების კონფეფციებში. ვნებიანი, პირდაპირი და ფიცხი სტიუარტისა და პრაგმატული, ჭკვიანი და ცბიერი ელისაბედის დაპირისპირება ფოტერინგის სასახლის ბაღში ცხადია, ამ ულამაზესი ოპერის მთავარი ეპიზოდია.
ამდენად, მათ შორის დაპირისპირება და კონფლიქტი გამოწვეულია არა იმდენად ინგლისის სამეფო ტახტისადმი პრეტენზიით, რამდენადაც საერთო საყვარლის, ლაისტერისადმი ეჭვიანობით… ელისაბედს სჯერა, რომ ლაისტერი მას მარიამ სტიუარტთან ღალატობს და ამიტომაც აწერს ხელს სტიუარტის სიკვდილით დასჯას.
სპექტაკლი ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, დევიდ ოლდენმა დადგა, რომლისთვისაც ევროპული საოპერო სცენები და ციურიხის საოპერო თეატრი უცხო არ არის. როგორც პრესა აღნიშნავს, „იგი დონიცეტის ოპერას მკაცრი კონცეფციით, გამოკვეთილი მიზანსცენებითა და შესანიშნავი დეკორაციებით გააცოცხლებს“. დირიჟორია ენრიკე მაცოლა, რომელიც ადრეც წარმატებით დირიჟორობდა ციურიხის ოპერის თეატრში როსინისა და დონიცეტის ოპერებს.
მაყურებელიც და კრიტიკოსებიც მოუთმენლად ელიან შოტლანდიის დედოფლის როლში საოპერო ვარსკვლავის, დიანა დამრაუს გამოჩენას, რომელმაც გასულ 2019 წელს ამბრუაზ ტომას „ჰამლეტში“ ოფელიას პარტია შეასრულა, ხოლო ერთი წლით ადრე, „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ვიოლეტა – ვერდის „ტრავიატაში“. კრიტიკოსები ასევე აღნიშნავენ ქართველი სოპრანოს, სალომე ჯიქიას დებიუტს, რომელიც უფრო მოცარტისა და როსინის რეპერტუარით გახდა ცნობილი. რაც შეეხება ახალგაზრდა იტალიელ ტენორს, პაოლო ფანალეს, გრაფ ლაისტერის პარტია მისთვის ასევე დებიუტია ციურიხის ოპერის თეატრში.
სალომე ჯიქია 2008-2011 წლებში ვოკალის ოსტატობას ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში, პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილთან ეუფლებოდა. მოგვიანებით კონსერვატორიაში, სადაც პარალელურად საფორტეპიანო ფაკულტეტეზე სწავლობდა. 2013-2014 წლებში სწავლა განაგრძო სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში (რომში), ლეგენდარულ სოპრანოსთან, რენატა სკოტოსთან.
2014 წელს ქართველი მომღერალი „მოცარტის პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის“ ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. 2016 წლის მაისში პოლონეთში სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მეცხრე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე ქალთა ვოკალის კატეგორიაში პირველი პრემია დაიმსახურა.
სალომე ჯიქიას მიაჩნია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა, ალბერტო ძედამ. პეზაროში მან პირველად მოუსმინა ქართველ სოპრანოს და ურჩია, რომ მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეფექტიანი იქნებოდა მოცარტისა და როსინის საოპერო პარტიები და რეპერტუარიც. სწორედ პეზაროდან და როსინის ფესტივალიდან იწყება სალომე ჯიქიას ევროპული კარიერაც.
დღეს სალომე ჯიქიას რეპერტუარშია: ვიტელია – მოცარტის „ტიტუსის გულმოწყალება“ (ლოზანის საოპერო თეატრი), მატილდა – როსინის „ვილჰელმ ტელი“ (პალერმოს ოპერის თეატრი), ამენაიდა – როსინის „ტანკრედი“ („ლა მონეს თეატრი“, ბრიუსელი), დორლისკა – როსინის „ტორვალდო და დორლისკა“ (პეზარო, როსინის საოპერო ფესტივალი); სემირამიდა – როსინის „სემირამიდა“ (ლორენის ნაციონალური ოპერის თეატრი); ვიოლეტა – ვერდის „ტრავიატა“ (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ბერლინის „დოიჩე ოპერა“), როსინის „ტბის ქალწული“ (პეზარო, როსინის საოპერო ფესტივალი).
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გასულ 2019 წელს მისი წარმატებული დებიუტი ლონდონის „კოვენტ გარდენში“ (ფიორდილიჯის პარტია მოცარტის ოპერაში „Cosi fan tutte“ ), ცნობილი საოპერო რეჟისორის, ჟან ფილიპ გლოგერის დადგმაში. თითქმის ყველა კრიტიკოსი თუ მიმომხილველი ერთხმად აღნიშნავდა სალომე ჯიქიას ვოკალურ და საშემსრულებლო ოსტატობას ამ ურთულეს პარტიაში.