მითხარით, რა არის იმაზე მაგარი, როცა პირდაპირ ეთერში უყურებ, როგორ იქმნება, იწერება ისტორია. მიმდინარე მუნდიალი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – ფეხბურთი სამყაროში უდიდესი სოციალური მოვლენა და პლატფორმაა, რომ მილიონობით ადამიანს ხმა მიაწვდინო და მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერო.
გახურდა, მაგრად გახურდა. თავის მეხუთე მუნდიალზე მობურთავე 37 წლის უკლუბო კრიშტიანუმ განას გაუტანა და ისტორიაში შევიდა. ისეთი რეკორდი დაამყარა, კარგა ხანს რომ ვერავინ შეეხება. ახალ რეკორდამდე სულ ერთი გოლი აშორებს ოლივიე ჟირუს და ალბათ, ისტორიის ამ ახალი ფურცლის შექმნასაც მალე ერთად ვნახავთ.
პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში კი, რიშარლისონმა +18 გოლი–მშვენება გაუტანა სერბეთს. ბრაზილიამ ცეკვა–ცეკვით მოიგო. ახლა, პენტაკამპეონების გულშემატკივრები ლოცვებს აძლიერებენ, რომ ნეიმარის გასიებული კოჭი მალე დაცხრეს და ჯუნიორი გუნდს უახლოეს მატჩში დაუბრუნდეს.
ფიფას გამჩენი არ ასვენებს და ლუდზე სიმღერის გამო, შესაძლოა ეკვადორელები დასაჯოს. როგორც ჩანს, ახალი რეგულაციებით, სტადიონზე მხოლოდ ლუდის დალევა კი არა, მისი ხსენებაც აკრძალულია. ეკვადორელთა სიმღერა კი, სულ ორი სიტყვისგან შედგებოდა – „ლუდი გვინდა“.
რაზე ოცნებობს ღმერთი?
თანამედროვე ფეხბურთში ასეა, თუ ერთი კონკრეტული მატჩისთვის 100 პროცენტით მოემზადები, ღმერთის გუნდთან მოგებაც შესაძლებელია. ასე გატეხა ერვე რენარის გუნდის ე.წ. „მაღალმა დაცვამ“ მესი და მისი არგენტინა. არაბმა ფეხბურთელებმა მუნდიალის ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხვეს. ისეთი სენსაცია, რომ მათი ქვეყნის მონარქმა მეორე დღე უქმედ გამოაცხადა.
ლეო თავის მეხუთე და ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატს თამაშობს. მუნდიალის დაწყებამდე, შეკითხვაზე თუ ვისთვის უნდა მექომაგა, ჩემს ცნობიერს პასუხი უკვე მზად ჰქონდა, რადგან ადამიანურად, ძალიან მინდა, ეს დიდებული კაცი ფეხბურთიდან მსოფლიო თასის გარეშე არ წავიდეს.
არგენტინის შავი სამშაბათის შემდეგ, შავი ოთხშაბათი ბუნდესნაკრებს დაუდგა. ჰანსი ფლიკის ძალიან კარგი გუნდი იაპონიასთან თითქმის არგენტინის მსგავსი სცენარით დამარცხდა. „საუდის არაბეთმა შთაგვაგონა“-ო, თქვეს მოგებული მატჩის შემდეგ იაპონელებმა. ფეხბურთს უხდება ასეთი შთაგონებები, ზოგჯერ.
რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ შთაგონებულ ჩრდილომაკედონიელებს, რომლებმაც ჯერ ჩემი ქვეყანა დატოვეს ევროპის ჩემპიონატის მიღმა და ახლა მუნდიალს მაყურებინებენ იტალიის გარეშე.
God Save The King
1952 წლის თებერვალში, გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ VI გარდაიცვალა და God Save The King The Queen-მა ჩაანაცვლა. 1954 წლის მუნდიალზე, ინგლისის ნაკრები უკვე დედოფალ ელიზაბეტს უგალობდა. და აი, 70-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, კატარის მიწაზე, გარეტ საუთგეიტის გუნდმა პირველად დააგუგუნა მეფის სადიდებელი.
თვალი არ ეცეთ და მეფე ჩარლზის ლოცვა ეწეოდეთ, ინგლისის ნაკრებს არაფერი დაეწუნება. ფეხმარდმა ბრიტანელებმა ირანს ექვსი გოლი გაუტანეს. თამაშიც ისეთი იყო რა, საუკეთესო ინგლისური ტრადიციებით, ცოტა ცხვირაბზუებულ სტილში.
ექვსი რა არისო და ლუის ენრიკეს ამოქოქილმა ესპანეთმა კოსტა რიკას შვიდი გაუტანა. ენრიკეს გუნდი მეორე ტურში გამწარებულ გერმანიას ხვდება და ვინ ვისი მჯობნია და ვინ საით წამსვლელი, მოედანზე გამოჩნდება.
ბენზემას, კანტეს, პოგბას და სხვა კარგი ბიჭების გარეშე დარჩენილი საფრანგეთის ნაკრები ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. მოედანზე მშიერი მგელივითაა კილიან მბაპე, მეორე სუნთქვა აქვს გახსნილი რაბიოს და ახალი რეკორდისკენ მიმავალ ჟირუზე კი, ზემოთ უკვე გითხარით.
ოჰ, ეს აფრიკული გუნდები! არ მბეზრდება მათი ფეხათრეული დრიბლინგები. თითქოს ზანტად, ზლაზვნით და ამ „სლოუმოში“ მოტყუებული 1-2 მეტოქე. თუმცა, სანახაობა სანახაობად და აფრიკულ ნაკრებებს საკმაოდ მძიმე სტარტი აქვთ.
ხალხის ხმა უხმოდ
ფიფას მიერ OneLove სამკლავურების აკრძალვამ რამდენიმე ევროპულ ნაკრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ყველა სახის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ნაკრებებს ფიფა სანქციებით დაემუქრა.
პროტესტს ყველაზე ხმამაღლა გერმანელები გამოთქვამენ. გერმანიის საფეხბურთო კავშირი სარჩელს ამზადებს და აპირებს ფიფას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს. მთავარი მიზანია, საარბირტაჟო სასამართლომ გერმანელთა საჩივარი წინასწარ ეტაპზევე დააკმაყოფილოს და OneLove სამკლაურის ტარების უფლება მანუელ ნოიერს მეორე ტურშივე, ესპანეთთან მატჩის დროს მისცენ. პირველი ტურის მატჩის წინ კი, ბუნდესნაკრებმა ეს ფაქტი ძალიან ორიგინალური გუნდური ფოტოთი გააპროტესტა.
იაპონიასთან მარცხის შემდეგ, გერმანიის ნაკრებს ედენ აზარმა წამოაძახა, პერფორმანსების დადგმას, ერჩივნათ ფეხბურთი ეთამაშათო. გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკაო. ნაცნობი მესიჯბოქსია, არა?
ბელგიელთა კაპიტანს ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებს და კოლეგა ფეხბურთელებს ურჩევს, მხოლოდ ფეხბურთით დაკავდნენ. ედენს სიამოვნებით შევახსენებთ, რომ უპირველესად, სპორტსმენები ადამიანები არიან და პასუხისმგებლიან ადამიანებს გვაქვს ვალდებულება, ვისაუბროთ და გავაპროტესტოთ ნებისმიერი უსამართლობა, ადამიანთა ჩაგვრა და დისკრიმინაცია. თუნდაც ერთი ადამიანის აზრისა თუ ქმედების უკეთესობისკენ შეცვლა, ნებისმიერ სპორტულ შედეგზე მაღლა დგას.
კატარში ადამიანის უფლებების დარღვევებისადმი მიმართული პროტესტის აკრძალვის გამო, დანია მზადაა ფიფას დატოვება სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად განიხილოს. ფიფას პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში კი, დანიის ფეხბურთის ასოციაცია ჯანი ინფანტინოს ხმას არ მისცემს.
რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს ინგლისელმა ფეხბურთელებმა და ირანთან მატჩის წინ, ცალ მუხლზე დაიჩოქეს.
ირანი ვახსენეთ და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის საოცრად ემოციური წუთები, როცა ირანელმა ფეხბურთელებმა ისლამური რესპუბლიკის ჰიმნი არ იმღერეს. „ირანელი ხალხის ხმა უნდა ვიყოთ“ – თქვა მატჩის წინ კაპიტანმა, ეჰსან ჰასაიფმა და მისმა გუნდმა ეს ძალიან შთამბეჭდავად გააკეთა – უხმოდ! ასე იყო ტრიბუნებზეც, მაგრად მოკუმული ტუჩებით, ზემოთ აწეული დროშებითა და მესიჯებით – „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ (Woman Life Freedom).
უცნაურია, რომ მუნდიალზე ჯერ არავის გაუპროტესტებია უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეგულაციებით სტადიონზე ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსის წარწერა და ნახატი იკრძალება, არსებობს უამრავი ფორმა, კონკრეტული პროსტეტის გამოსახატად.
პირადად მე, ყველაზე მეტად ამას პოლონელებისგან ველოდი. მითუმეტეს, მუნდიალამდე რობერტ ლევანდოვსკის ანდრეი შევჩენკო შეხვდა და უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი კაპიტნის სამკლავური გადასცა.
ასეა თუ ისე, მუნდიალი ეშხში შედის. ჩაის თანხლებით ნაყურებ ჩემპიონატს რა ვუთხარი, მაგრამ მცირე გამონაკლისების გარდა, სანახაობა არის. ვისურვოთ, ტურნირს ისეთი გუნდები შემორჩნენ, საფეხბურთო დღესასწაულის შემოთავაზებასთან ერთად, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მესიჯების გაჟღერებაც რომ შეუძლიათ.