„სანქცირებული კლანის წევრები“ - რა ვიცით მოსამართლეებზე, მათ კავშირებსა და გავლენებზე

პუბლიკა

გუშინ, 5 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირდა. სანქცირებულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ. დასანქცირებული მოსამართლეები იმ გავლენიანი ე.წ სასამართლო კლანის წევრებად მიიჩნევიან, რომლის შესახებაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ.

მართლმსაჯულებაზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მთავარ საყრდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის ხელთ არსებული, კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებული, ძალაუფლება ქმნის. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხზე.

სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკა სულ უფრო და უფრო იზრდება საერთაშორისო დონეზეც. საბჭოს სიღრმისეული რეფორმისა და არამოსამართლე წევრების დანიშვნის რეკომენდაცია მოხვდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს საქართველოსთვის შემუშავებულ 12-პუნქტიან რეკომენდაციებშიც.

ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ყოფილი მოსამართლე ვალერი ცერცვაძე – რა არის ცნობილი დასანქცირებულ მოსამართლეებზე, მათ გავლენებსა და კავშირებზე ხელისუფლებასთან.

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე – ლევან მურუსიძე 

ლევან მურუსიძე აშშ-ის დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლეა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის მთავრობასთან დაახლოებულ მოსამართლედ ითვლებოდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კი – სასამართლო კლანის მთავარ ლიდერად. ის ახლა უმაღლესი საბჭოს წევრი და უვადო მოსამართლეა.

მურუსიძე ენმ-ის მმართველობის პერიოდში

ყოფილი ხელისუფლების დროს ლევან მურუსიძის სამოსამართლეო პრაქტიკას არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება უკავშირდება, რომელთა შორისაა სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეები.

სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში დამნაშავედ საქართველოს სახელმწიფო ცნო.

მურუსიძის სამოსამართლეო კარიერა 2005 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაიწყო და მალევე, 2006 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოში გაგრძელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ლევან მურუსიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების გამო, არაერთხელ დააწინაურეს.

მაგალითად, 2005 წელს, უზენაეს სასამართლოში გადასვლამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი მიქიაშვილის საქმეზე, ლევან მურუსიძემ მიქიაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება ადვოკატის მოთხოვნიდან 55 დღის დაგვიანებით მიიღო. ეს ის საქმეა, რომელზეც სტრასბურგმა საქართველო გაამტყუნა.

სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული გამოძიების მიხედვით, „გიორგი მიქიაშვილი 2005 წლის 29 ოქტომბერს მეგობრებთან ერთად რესტორნიდან გამოვიდა. პატრულის ეკიპაჟმა, რომელმაც ახალგაზრდებს ჩაუარა, მიიჩნია, რომ ტელეფონი, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ხელში ეჭირა, მოპარული იყო.

პატრულსა და ახალგაზრდებს შორის საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, მიქიაშვილი ადგილზე დააკავეს. პატიმრობის შეფარდების დროს გადაღებულ კადრებში ბრალდებულის სხეულზე დაზიანებები ჩანდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს გამომძიებელმა უარი უთხრა.

გამომძიებლის უარი ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივრის განხილვა ლევან მურუსიძეს დაევალა. ადვოკატის თქმით, მურუსიძე ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის მოთხოვნა, მაგრამ ეს საქმე 50 დღის დაგვიანებით განიხილა. მოსამართლეთა კანონში წერია, რომ საქმე 24 საათში უნდა განხილულიყო. თუმცა მურუსიძემ ექსპერტიზა 50 დღის დაგვიანებით დანიშნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ფაქტის გამო, სახელმწიფოს 12 000 ევროს გადახდა დაეკისრა. 2016 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ გასაუბრებაზე ლევან მურუსიძემ თქვა, რომ ექსპერტიზის 50 დღის დაგვიანებით დანიშვნა მისი თანაშემწის ბრალი იყო.

2007 წელს ლევან მურუსიძემ მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილებაში, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სასჯელი შეუმცირდათ.

2015 წელს, როდესაც მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ირჩევდნენ, გასაუბრებაზე მან თქვა, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა და ის რეჟიმის მსხვერპლი იყო. იურისტების შეფასებით ეს ასე არ იყო და მას განსხვავებული გადაწყვეტილების ან ნორმის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში შეეძლო.

ლევან მურუსიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებდა. 2013 წელს ის აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. 2013 წლის 16 ივნისს გამართულ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის პროცესში 224 მოსამართლიდან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა.

არჩევის შემდეგ, 2013 წლის ივლისში მურუსიძე ივანიშვილს შეხვდა. ივანიშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო.

შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ „სასამართლოში ძალიან ბევრი ჯანსაღი და ძალიან ბევრი პროგრესული კადრია“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსამართლეები, რომლებსაც სისტემიდან გათავისუფლების ეშინოდა, ლევან მურუსიძის გარშემო გაერთიანდნენ, რომელსაც მმართველი ძალის მხარდაჭერა ჰქონდა.

ჯანეზაშვილის თქმით, მურუსიძისა და ჩინჩალაძის მონაწილეობით სასამართლოებში ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც სრულად ჩაიკეტა და მოსამართლედ „კლანის“ თანხმობის გარეშე ვერავინ ინიშნება.

ლევან მურუსიძე ახლაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ეს საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ.

ლევან მურუსიძის ქონება

როგორც ირკვევა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსამართლე – ლევან მურუსიძე – ქონებრივ დეკლარაციებში არ უთითებს მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები ქალის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ამით კი საზოგადოებას უმალავს იმ რამდენიმე ბინას, ძვირფასეულობას, ბრენდულ სამოსს, რომელიც ამ ქალმა ბოლო წლებში შეიძინა. ამის შესახებ გამოძიება სტუდია „მონიტორმა“ ჩაატარა.

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე – მიხეილ ჩინჩალაძე

ლევან მურუსიძის მსგავსად, მიხეილ ჩინჩალაძეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. მიხეილ ჩინჩალაძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას, ისევე როგორც 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მისი წარდგენას, პროტესტი მოჰყვა. მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტის საგნად იქცა 2022 წელსაც, როცა ის ხელმეორედ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

ჩინჩალაძე ყოფილი პარლამენტარის ვანო ზარდიაშვილის მეგობარი და ნათელმირონია აღნიშნული დადასტურდა მედიაში გავრცელებული არაერთი ფაქტით. წლების განმავლობაში ზარდიაშვილი ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად სახელდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის მართვის საკითხებს იკვლევენ, ჩინჩალაძეს სასამართლო კლანის მთავარ ლიდერად ასახელებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არასამოსამართლე წევრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლოში არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს მართავს, მაგრამ მოსამართლედ არ მუშაობს და ეს ადამიანია – ჩინჩალაძე.

„ეს არის ჩინჩალაძე, რომელიც საქმეებს არ განიხილავს. რომელ საქმეზეა ლაპარაკი?! ის განმხილველი მოსამართლე არ არის. ოფიციალურად არის, მაგრამ პრაქტიკულად, საქმეებზე არ მუშაობს. ის პრივილეგიებით სარგებლობს და სასამართლო სისტემის ერთგვარი შეფია. წლების განმავლობაში კუბლაშვილის მოადგილე იყო და 10 წელი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ საქმეებს მაშინაც არ განიხილავდა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიხეილ ჩინჩალაძის თაოსნობით შეიქმნა სისტემა სასამართლოების სისტემაში, სადაც სასამართლოებისა და კოლეგია/პალატების თავმჯდომარეების პოზიციები უკავია მოსამართლეთა ერთი და იგივე მცირე ჯგუფს, რომლებიც დანარჩენი მოსამართლეების უფროსებად აღიქმებიან. წლების განმავლობაში სასამართლოში სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გავლენიანი მოსამართლეების მიერ სისტემაში განსხვავებული აზრის დევნის ტენდენციაც.

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე – ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, ამავე სასამართლოს უვადო მოსამართლე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია.

ის ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად ითვლება სასამართლო სისტემაში და ხშირად მიხეილ ჩინჩალაძის „მარჯვენა ხელადაც“ მოიხსენიებენ. „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი წლების მანძილზე მიუთითებდა და საუბრობდა, სისტემაში ირაკლი შენგელიას ნათესაურ კავშირებსა და გავლენებზე.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო, 2021 წელს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ ლევან თევზაძის არჩევას. ლევან თევზაძე ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ირაკლი შენგელია უკვე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, როდესაც საბჭო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ ლევან თევზაძის კანდიდატურას განიხილავდა. მაშინ ირაკლი შენგელიამ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა და არც ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, შესაბამისად, თვითაცილება არ გაუკეთებია.

2022 წელს ნაზი ჯანეზაშვილი წერდა, რომ უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ე.წ. კლანთან დაახლოებული პირია, კერძოდ, ირაკლი შენგელია მისი ნათესავია.

„-ალუდა ღუდუშაურის ცოლის ბიძა, ირაკლი შენგელია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია სასამართლო სისტემაში. წლებია იკავებს ჩინჩალაძის მოადგილის თანამდებობას.

– ალუდა ღუდუშაურის სიდედრი სამტრედიის რაიონული სასამართლოს თანამშრომელია (რომელსაც იქამდე სასამართლოში არ უმუშავია);

– ალუდა ღუდუშაურის ცოლი თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა 2020 წლის ჩათვლით (რომელსაც იქამდე სასამართლოში არ უმუშავია);

– ალუდა ღუდუშაურის ცოლის მხრიდან, კიდევ ერთი ნათესავი, ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;

– ალუდა ღუდუშაურის ცოლის ბიცოლა (ანუ ჩინჩალაძის მოადგილის, ირაკლი შენგელიას ცოლი) საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობს, „- წერდა ნაზი ჯანეზაშვილი.

მანამდე, 2020 წელს, ნაზი ჯანეზაშვილი ასევე მედიასთან საუბრობდა იმაზე, რომ თავად ირაკლი შენგელიას ოჯახის წევრები სასამართლოს სიტემაში სხვადასხვა პოზიციებზე იყვნენ დასაქმებული. მაგალითად, ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია – სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად; ირაკლი შენგელიას დისშვილი, სალომე კაცაძე – მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის.  გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ძალაუფლება დგას არა მხოლოდ უშუალოდ ე.წ. კლანის მოსამართლეებზე, არამედ სასამართლო სისტემის იმ მოხელეებზეც, რომლებიც მათი ნათესავები, მეგობრები ან სხვაგვარად დაკავშირებული პირები არიან, „- წერდა ნაზი ჯანეზაშვილი.

როგორ მოიპოვეს დასანქცირებულმა მოსამართლეებმა გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, როგორ მოიპოვეს დიდძალი ქონება, რა კავშირები აქვთ ხელისუფლებასთან და ერთმანეთთან, ამის შესახებ სტუდია „მონიტორმა“ არაერთი საგამოძიებო ფილმი მოამზადა.

სასამართლოს სისტემაში ე.წ. კლანის გაძლიერების პროცესს არაერთი კრიტიკა, პროტესტი თუ მწვავე შეფასებები ახლდა თან მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის პროტესტი იყო ქუჩაშიც.

„არ დანიშნო კლანი“ – ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქციაც კი გაიმართა, თუმცა, ამის მიუხედავად 2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. მათი უმრავლესობა სასამართლო სისტემაში არსებული „კლანის ინტერესების გამტარებელია, ან იკავებს ამჟამინდელ ხელისუფლებაში მაღალი რანგის თანამდებობებს“. ასეთი იყო ორგანიზაციების შეფასება.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციის დაწესებას ირაკლი შენგელია ცოტა ხნის წინ ტრანსფობიური და ჰომოფობიური ტექსტით გამოეხმაურა. ის წერს, რომ დღევანდელ მოცემულობაში, არანაირი სურვილი აღარ აქვს, არც მას და არც მის ოჯახს, ეწვიონ აშშ-ს.

აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი მოსამართლე – ვალერი ცერცვაძე

ვალერიან ცერცვაძე თითქმის 6 წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს, თუმცა ის ამ სისტემაში საკმაოდ გავლენიანი პირი იყო და ამას მისი ბიოგრაფიაც მოწმობს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დატოვების შედეგ, 2007 წლიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ის ასევე იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

მან ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე თვით ადრე, 2017 წელს დატოვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. მალევე ეს პოსტი ე.წ. კლანის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ჩინჩალაძემ დაიკავა.

ვალერიან ცერცვაძე სისტემის დატოვებამდე 2016 წელს იყო ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარე. ის ამ თანამდებობაზე მაშინ ლევან მურუსიძემ წარადგინა და ერთადერთი კანდიდატი იყო.

იმის გათვალისწინებით თუ ვინ ჩაანცვლა ვალერი ცერცვაძე სააპელაციოს თავმჯდომარის პოსტზე, მართლმსაჯულებაზე მომუშავე ორგანიზაციები მაშინ მიუთითებდნენ, რომ სავარაუდოდ, ვადის ამოწურვამდე ცერცვაძის გადადგომა ერთგვარი „გარიგება“ იყო.

თავად ვალერი ცერცვაძემ 2017 წელს თანამდებობის დატოვების მიზეზად კომპანია „აიპლიუსთან“ დაკავშირებულ სასამართლო დავას ასახელებდა. მან მაშინ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის შემთხვევაში მისი თანამდებობრივი სტატუსის გამო შეკითხვები გაჩნდებოდა, რადგან კომპანია მის ოჯახს ეკუთვნოდა. ამის შესახებ მაშინ განცხადებაც გაავრცელა.

საქმე კი შეეხებოდა 2016 წელს კომპანიების „აიტექნიკისა“ და „აიპლიუსის“ სამართლებრივ დავას.  თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „აიტექნიკის“ მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა კონკურენტი კომპანია „Iphone+”-ის ანგარიშები და ქონება.

დავის მონაწილე „Iphone+”-ის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის გავლენიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც უშუალოდ დაინტერესებული იყო ამ საქმის შედეგით. „Iphone+”-ის დირექტორი, მაშინ აცხადებდა, რომ იძლებული ხდებოდა დაეტოვებინა საქართველო მასზე განხორციელებული ზეწოლისა და თვალთვალის გამო.

კომპანია „აიტექნიკი“, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა ნაწილობრივ  საქალაქო სასამართლოში დავა, 2011 წელს  ვალერი ცერცვაძის მამამ და ცოლისძმამ დააფუძნეს, ხოლო კომპანიის გენერალური მენეჯერი მისი მეუღლე, გვანცა მიქუჭაძეა. ეს კომპანია ახლაც მათი საკუთრებაა.

მაშინ ამაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც”, რომელიც მიმართავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის მიმართ.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებით დაირღვა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამასთან მისი ქმედება ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობას, “- წერდა ორგანიზაცია.

სასამართლო სისტემიდან წავლის შემდეგ ვალერიან ცერცვაძემ კერძო სექტორში გადაინაცვა. აშშ-ის მიერ დასანქცირების საკითხს ის გუშინ Facebook პოსტით გამოეხმაურა. მან მიუთითა, რომ 6 წელია არც სასამართლოში და არც სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე არ უმუშავია. როგორც ამბობს, ბრალდებები მისი მისამრთით უსაფუძვლოა.

„აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, – ასე აფასებს მის დასანქცირებას ვალერი ცერცვაძე.

ვალერიან ცერცვაძის დეკლარაციის მიხედვით, მისი ერთ-ერთი შვილი აშშ-შია დაბადებული 2013 წელს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.