ბოლო წელია, ჩვენი კარგი ნაცნობი კ(ყ)ატარი ლამის მსოფლიოს ყველაზე სპორტული ქვეყნის დროშას აფრიალებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა სპორტული შედეგებით. ჯერ მუნდიალი, ახლა – ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატი. აღარაფერს ვამბობ სპორტის სხვადასხვა სახეობის არაერთ ტურნირზე.
მუნდიალის არ იყოს, ჯუდოს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიც სკანდალით დაიწყო. თუმცა, ამჯერად, ეს მასპინძელი ქვეყნის არა და ტურნირის ორგანიზატორის, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის „დამსახურებით“.
მსოფლიომდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ჩემპიონატის მონაწილე გუნდები და სპორტსმენები უკვე დასკვნით სამზადისს გადიოდნენ, როცა ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დოჰას ტატამზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვებდა. თუმცა, ყურადღებით შეამოწმებდა, იკვეთებოდა თუ არა მათი კავშირი შეიარაღებულ ძალებთან. IJF-ის გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებს გაეროს ოფიციალური პოზიცია, რომ სპორტში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს.
„როძინა მაწ ევო ზავიოტ“
„რუსულმა რუბლებმა მოიგო“ – განაცხადა უკრაინის ჯუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი დუბროვამ. IJF-ის გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა უკრაინულმა მხარემ, მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი მყისიერად გამოუცხადა.
„მიუღებელია საერთაშორისო ტურნირებზე ისეთი სამხედრო პერსონალის დაშვება, რომელთა ტერორისტული ქვეყანა უკრაინელებს ყოველდღე კლავს“ – დაწერა უკრაინელმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, დარია ბილოდიდმა.
ამის შემდეგ, IJF-ის მორიგი ოფიციალური განცხადებიდან გავიგეთ, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა მოკვლევა ჩაატარა და 8 რუსი სპორტსმენი ტურნირზე არ დაუშვა. სამაგიეროდ, დაუშვა 17 (!) რუსი და 2 ბელარუსი ჯუდოკა.
საინტერესოა, რა კრიტერიუმებს დაეყრდნო საერთაშორისო ფედერაცია, რადგან ტურნირზე დაშვებული რამდენიმე რუსი სპორტსმენი ოფიციალურად სამხედრო მოსამსახურეა.
СBC Sport-ის მიერ მოკვლეული ინფორმაციით (რომელიც რთული მოსაკვლევი სულაც არაა), რუსი სპორტმენების უმრავლესობა სამხედრო სამსახურშია და არმიის სპორტული კლუბის წევრი. მაგალითად:
მადინა ტაიმაზოვა (-70 კგ) – გაფორმებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, როგორც რუსეთის არმიის სერჟანტი.
მიხაილ იგოლნიკოვი (-90 კგ) – რუსეთის არმიის ლეიტენანტი
ნიაზ ილიასოვი (-100 კგ) – სამხედრო მოსამსახურე, არმიის სპორტული კლუბის წევრი
ინალ ტასოევი (+100 კგ) – სერჟანტი, არმიის სპორტული კლუბის წევრი.
ის, რომ სპორტსმენები თავისი ქვეყნების სამხედრო სამსახურში არიან, ახალი არავისთვისაა და მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითისთვის, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ფრანგი ჩემპიონი კლარის აგბენენუც კმარა, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების უორენტ–ოფიცერია. თუმცა, როცა აგრესორი ქვეყნის არმიის წევრობაზე ვსაუბრობთ, რომელიც ტერორისტ სახელმწიფოდაა აღიარებული, კონტექსტი თავისთავად იცვლება.
IJF-მა რუსები (18 სპორტსმენი) 2022 წლის ივნისში, მონღოლეთში, ულანბაატარის გრან–სლემზე „შემოაპარა“, რასაც მაშინ ხმაური და პროტესტი მოჰყვა. ომი 3 თვის დაწყებული იყო და რუსები უკრაინაში წარმოუდგენელი სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა მაშინ სულ მტრედები ამოაფრინა პირიდან, ათლეტებს თანაბარ შანსებს ვაძლევთო, დისკრიმინაციასა და პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავდგეთო, სპორტი დიალოგისა და შერიგების მთავარი ხიდიაო… შერიგებისაო.
აუწონავი ბრინჯაო
მსოფლიო ჩემპიონატის სამი საშეჯიბრო დღე რომ შევაჯამოთ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბრინჯაო აქვს.
– 60 კგ წონით კატეგორიაში, 19 წლის დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა 3 შეხვედრა მოიგო და 1 წააგო. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ზამბიელი საიმონ ზულუ გაფრთხილებებით დაამარცხა. 1/8 ფინალში ავსტრიელ მარკუს ოიერს იპონით მოუგო და სამწუხაროდ, ¼ ფინალში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა. რეპეშაჟში გადართულმა სარდალამ მობილიზება მოახერხა და ძალიანაც იყოჩაღა: ჯერ ყაზახი სერიკბაევი დააგდო იპონზე; ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, ბელგიელ იორე ვერსტრაეტესთან ხანგრძლივ და დაძაბულ ორთაბრძოლაში გაფრთხილებებით გაიმარჯვა.
ჩემპიონატის მეორე დღეს, – 66 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გამოვიდა, თუმცა, ¼ ფინალში ჰიფუმი აბესთან უშანსოდ დამარცხდა. ბრინჯაოს გზაზე მარგველაშვილმა „ნეიტრალურ რუსს“ – იაგო აბულაძეს შესანიშნავ სტილში მოუგო. ბრინჯაოს მედალი კი, მონღოლმა ბასხუუ იონდონპერენლეიმ ცხვირწინ აგვაცალა, როცა ქართველი ჯუდოკა თავისივე აქტიურობის შემდეგ შებოჭვაზე მოჰყვა.
და ისევ აბეები. უტა და ჰიფუმი. და–ძმა. კვლავ მსოფლიოს ჩემპიონები. ერთ დღეს, ერთმანეთის მიყოლებით. სანამ მსოფლიოს ტატამებზე აბეების ჰეგემონიაა, – 66 და – 52 კგ წონით კატეგორიებში, დიდ ტურნირებზე მათთან შანსი არავის აქვს. საკუთარ თავებს თუ დაიიპონებენ, თორემ, მათი მომგები ჯერაც არავინ ჩანს. – 52 კგ წონით კატეგორიაში, სადაც მართლაც ვარსკვლავთცვენაა და „იქ ზის ელიტა“, უტა აბე ყველაზე ერთი თავით მაღლაა. 22 წლის იაპონელმა 1/8 ფინალში ისეთი არაამქვეყნიური იპონი გააკეთა, ალბათ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გდება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ტურნირი ჯერ წინაა.
უმედლოდ დავრჩით მესამე საშეჯიბრო დღესაც. – 73 კგ წონით კატეგორიაში, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დაპირისპირება პირველი და ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა ლეგენდარული და გამოცდილი ლაშა შავდათუაშვილისთვის. ტიტულოვანმა ქართველამ ჯუდოკამ იაპონელს ვერაფერი მოუხერხა და ჰაშიმოტოც აშკარად უკეთ იყო მომზადებული და წლებია, ლაშასთვის ძალიან უხერხულ მეტოქედ ითვლება.
უმედლოდ დარჩა ეთო ლიპარტელიანიც (- 57 კგ). მშვენიერი დასაწყისის მიუხედავად, როცა მეორე წრეში ეთომ ჩინელი მეტოქე საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, ვაზარით დაამარცხა, 1/8 ფინალში ფრანგ სარა ლეონი სისიქუსთან თავად წააგო ვაზარით. არადა, ძალიან მაგრად იომა ეთომ, მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. შეხვედრაც ძალიან მაღალ ტემპში მიდიოდა, დამატებით დროშიც კი.
10 მაისიდან, წინა ხაზზე ჩვენი ნაკრების დამრტყმელი ძალა გამოდის. შესაბამისად და ლოგიკურად, მედლებს ყოველდღე ველოდებით.