სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
1878 წელს დასრულდა ომი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის. ომის შემდგომი საზავო მოლაპარაკებების შედეგად ოსმალეთმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ტერიტორიები – აჭარა და შავშეთ-კლარჯეთი რუსეთის იმპერიას დაუთმო. ომის მიმდინარეობის პერიოდში, 1877 წელს, ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის” ფურცლებიდან წერდა, რომ ერი ისტორიით სულდგმულობს, ისტორია ერის შემოქმედებით შესაძლებლობებს ერთი-ორად აძლიერებს. ილიამ ენასა და სარწმუნოებაზე მაღლა დააყენა საერთო ისტორია:
„ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ, დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ საყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო”.
ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველი მუსლიმების წინაპრებს დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი საქართველოს ისტორიაში. მათ სისხლი დაუღვრიათ საქართველოს „თვით-არსებობისათვის” ბრძოლაში.
ილიამ ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი წარმოაყენა რელიგიური შემწყნარებლობის მხარდასაჭერად: 1. ქართველების ბუნებითი შემწყნარებლობის ნარატივი და 2. რელიგიური უფლებების ხელშეუხებლობა.
კერძოდ, ისტორიული მაგალითებით სცადა ეჩვენებინა, რამდენად ძლიერი იყო რელიგიური შემწყნარებლობის ტრადიცია საქართველოში, რომ აქ აღმსარებლობის გამო არასოდეს უდევნიათ ადამიანები, რადგან სარწმუნოება სინდისის საქმე იყო.
„სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს, სურვებიყოს ოდესმე სხვისი სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინიდისის თავისუფლებასა. არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდსს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსან და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი”.
1879 წლის იანვრის თვის მიმოხილვაში ილია ჭავჭავაძე მსჯელობდა რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის საპირისპირო ინტერესებზე საზავო მოლაპარაკებების დროს. იგი რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიებს განიხილავს, როგორც ორ მაგალითს არაცივილიზებული და ცივილიზებული იმპერიებისა. ილიას სიტყვებით, ბრიტანეთის იმპერია ცივილიზებულია, მაღლა იდგა რუსეთის იმპერიაზე, იმართებოდა რა ხალხის თვითმოქმედებით. ილია ჭავჭავაძის აზრით, მისი ცივილიზებულობა ჩანდა იმაში, რომ საკითხების გადაწყვეტისას მეტ-ნაკლებად ითვალისწინებდა ადგილობრივი ერების ინტერესებს. ილია იმედოვნებდა, რომ კავკასია, აზიისა და ევროპის საზღვარი, ისევ იქნებოდა განხილვის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში და ქართველებიც არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სხვებითვისაც საჭირო იქნებოდნენ. ილიას მიხედვით, ომმა ევროპის ქვეყნების ინტერესების ქვეშ მოაქცია საქართველოც, რადგანაც საზავო მოლაპარაკებების განხილვის საგანს, სხვათა შორის, ბათუმის სტატუსიც შეადგენდა:
„ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად „მებრძოლი შავის ბედისა”, ჩვენის გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, – დღეს ჩვენ შემოგვიერთდა და თუ კარგად მოექცევიან – ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნებიან კიდეც სამუდამოდ”.
პრესის ფურცლებზე გამოთქმული მოსაზრებები არ დარჩენილა ლიტონ სიტყვებად. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში, ქართველი მუსლიმები თბილისში მიიწვიეს.
„ახლად-შემოერთებული ქართველებისთვის” სადილი მუხრანბატონის სასახლეში გაიმართა, რომელსაც აჭარიდან 16 ადამიანი დაესწრო, ხოლო მასპინძლების რაოდენობა 90 ადამიანს ითვლიდა. პირველად სადღეგრძელო წარმოუთქვამს პოეტ გრიგოლ ორბელიანს. იგი მიესალმა ქართველ მუსლიმებს. მწერალმა აღნიშნა, რომ ძნელბედობის დროს დაკარგულმა ძმებმა ერთმანეთი იპოვეს, ხოლო ამის შემდეგ „ლხინშიაც, ჭირშიაც უნდა ვიყუნეთ ჩუენ ერთად, ვითარცა ერთნი და საქართველოს შვილნი”. სადილზე სიტყვა წარმოთქვა დიმიტრი ყიფიანმა. პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ყურადღება გაამახვილა საერთო წარსულზე, საერთო სამშობლოსა და საზიარო მომავალზე.
„სამასი წლის შემდეგ ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ერთობა სამუდამო იყოს”, – აღნიშნა თავისი სიტყვის დასასრულს დიმიტრი ყიფიანმა.
აკაკი წერეთელმა შეხვედრის მონაწილეებს გაუმხილა, რომ ხშირად ქართულ სუფრას დიდ სიხარულთან ერთად დარდიც არ ტოვებს ხოლმე, მაგრამ ამ სუფრაზე უნაკლო მხიარულება და უღრუბლო სიხარული სუფევდა, რადგანაც მრავალი საუკუნის შემდეგ დაკარგულმა ძმებმა ერთმანეთი დაიბრუნეს.
„დღეს ჩვენ შეგვიძლიან მივიდეთ ჩვენის წინაპრების საფლავებთან და ჩავსძახოთ, რომ მათი ანდერძი ჯერ კიდევ არ გაგვიფუჭებია!.. ეს ანდერძი იყო: დედა ენა და ერობა! ამაების სადიდებლად ბევრი შრომა გაუწევიათ და დიდი სისხლი შეუწირავთ ჩვენს ნეტარ-სახსენებელ მამა-პაპებს”.
აკაკის რწმენით, საერთო წინაპრებს ენა ისე მდიდრულად შეუკაზმავთ, რომ ქართველ მუსლიმებს არ დავიწყებიათ, ხოლო ერობა ისე ძლიერად შეუნახავთ, რომ 2 საუკუნის დაშორების შემდეგაც ქართველებმა ერთმანეთი იცნეს. აკაკი ასკვნის, რომ მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს შორის ძმური კავშირი არასოდეს დარღვეულა. მან ყველას მოუწოდა, რომ გაერთიანებულიყვნენ განათლებული მომავალი თაობის გამოზრდისთვის.
როგორც ამ კორესპონდენციის ავტორი, გაზეთ „დროების” რედაქტორი სერგეი მესხი აღნიშნავდა, აკაკის სადღეგრძელო ყველამ მოიწონა, სადილის მონაწილენი მასთან მიდიოდნენ და წარმოთქმული სიტყვისთვის მადლობას უხდიდნენ. 1878 წლის 20 ნოემბერს, დღეს, როდესაც ქართველი მუსლიმებისთვის სადილი გაიმართა, სერგეი მესხი ისტორიულს უწოდებდა, რადგანაც „საქართველოს შვილნი საქართველოს შეერთებას ვდღესასწაულობდით”.