სასკოლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - რა სათქმელი აქვთ მშობლებს პოლიტიკოსებთან

პუბლიკა

სასკოლო კვების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები; მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა; განათლების ხარისხის ხელისშემშლელი ფაქტორები; სკოლის დემოკრატიულად მართვისა და მშობელთა ჩართულობის სირთულეები , – არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებსაც მშობლები სასკოლო განათლების სისტემაში ხედავენ.

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ წევრები წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე – „პოლიტიკოსები უსმენენ მოსწავლეთა მშობლებს“ – სასკოლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, მშობლებს ესაუბრათ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც სასკოლო განათლების სისტემაში ხედავენ, მეორე მხრივ კი, მისცემოდათ შესაძლებლობა, მოესმინათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თვალსაზრისი, თუ როგორაა შესაძლებელი არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

როგორც „პუბლიკას“ ორგანიზაციის დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა უთხრა, მოწვევა მიიღო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების დიდმა უმრავლესობამ, ერთადერთი პარტია, რომელმაც უარი თქვა, შეხვედრას დასწრებოდა „ქართული ოცნებაა.“

„ყველაზე ღირებული შედეგი, რაც ამ ღონისძიებამ მოიტანა არის ის, რომ მშობლები გაეცნენ პოლიტიკური ძალების ხედვებს და განწყობებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკოსებმა გაიგეს, რა სიმძაფრით დგას ეს პრობლემები დღის წესრიგში.

თუკი ადამიანებს აქვთ ამბიცია, რომ უნდა იყვნენ პოლიტიკაში, ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მომავალში აქტიურად იმუშაონ ბავშვებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ამ შეხვედრის ორგანიზაების მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო.“

როგორც მეგი კავთუაშვილი განმარტავს, შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, პარტიების წარმომადგენლებს მშობლებისთვის წინასაარჩევნო პროგრამები წარედგინათ; მშობლების ძირითადი ინტერესი იყო, გასცნობოდნენ მათ თვალთახედვას და ასევე შეფასებებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მშობლებისთვის სასკოლო განათლების სისტემაში დღის წესრიგში მწვავედ დგას და დღემდე მოუგვარებელია.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიალოგი შედგა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, მათგან მოგვეთხოვა პასუხები არსებულ პრობლემებზე, ჩვენი მიზანი იყო პირველწყაროს – მშობლებს ეთქვათ ამ ხალხისთვის რომ თუკი ფიქრობენ და მუშაობენ განათლების საკითხების მიმართულებით, ჩვენ, მშობლები ამ კონკრეტულ პრობლემებს ვაიდენტიფიცირებთ და მთთვისაც გაგვეცნო ეს კრიტიკული საკითხები რათა პოლიტიკის დაგეგმვისას ყურადღება გაამახვილონ ამ გამოწვევებზე.“

შეკითხვაზე, თუ როგორი იყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მშობლების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების ხედვა, მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ „მშობლები ისურვებდნენ, ყოფილიყო უფრო მეტი კონკრეტიკა“ .

მეგი კავთუაშვილის შეფასებით,  პოლიტიკოსები მეტწილად ამოდიოდნენ თავიანთი პირადი გამოცდილებიდან, – „ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეთქვათ, რომ მე ეს საკითხი ვიცი არა იმიტომ, რომ მშობელი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ამ საკითხზე მიმუშავია, შემისწავლია. ეს ნამდვილად დაგვაკლდა…“

შეხვედრის მონაწილე მშობლები ამბობენ, რომ ისაუბრეს ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებისას დღის წესრიგში კვლავ მწვავედ დგას და დროულ მოგვარებას საჭიროებს:

„დაიწყო ახალი სასწავლო წელი და დაიწყო ძველი პრობლემებით, გამოწვევებით, რომლებზეც ჩვენი რეორგანიზაცია დღემდე საუბრობს და დღემდე მოუგვარებელია. შეხვედრა იყო დიალოგის დაწყების მცდელობა პოლიტიკურ პარტიებთან წინასაარჩევნოდ, სწორედ ამ მიზნით, რომ მშობლებისთვის მოესმინათ, თვითონ მშობლებს წარმოედგინათ სხვადასხვა გამოწვევა.“  (ნუცა გოგუაძე, მშობელი)

„ასეთი შეხვედრები საჭირო და აუცილებელია. აუცილებელია, ხშირად გვისმინონ, იმიტომ რომ ეს არ არის დახურულ ჩათებში სალაპარაკო თემები.“ (ხატია მიმინოშვილი, მშობელი)

„პრობლემები, ძირითადად, ეხებოდა სასკოლო კვების საკითხებს . ეს იყო ჰიგიენასთან დაკავშირებული თემატიკა; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების რეაბილიტაციიდან გამომდინარე, მშობლების გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა და ბავშვების გადანაწილება სხვადასხვა სკოლაში;ინფრასტრუქტურული პრობლემები; ბავშვების უსაფრთხოება და სკოლის დემოკრატიული მართვის საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამეურვეო საბჭოების ფუნქციონირებასთან სკოლებში.“ (ნინო  გონაშვილი, მშობელი)

როგორც მეგი კავთუაშვილი გვიყვება, შეხვედრისას ასევე დაისვა შეკითხვა, თუ რა იქნებოდა სამი ძირითადი პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლის შემთხვევაში განათლების მიმართულებით დაუყოვნებლივ გადასაჭრელ პრობლემათა სიაში შეიტანდნენ.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების უზრუნველყოფა, სკოლების დეპოლიტიზება და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სკოლებში განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების სიის სათავეშია.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, მშობლები მოითხოვენ, სასკოლო განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას პრიორიტეტული იყოს ისეთი საკითხების დროული მოგვარება, როგორიცაა:

მასწავლებლების გადამზადება, რათა შეძლონ მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვა და მოსწავლეთა ქცევის მართვა;

მშობლები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი რათა სკოლაში შევიდნენ და პროფესიაში დარჩნენ კონკურენტუნარიანი კადრები;

შემცირდეს მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში, განიტვირთოს სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდეს სახელმძღვანელოების ხარისხი;

ამოქმედდეს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესების რეგულარული მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.