შაქრიანი დიაბეტი - სტიგმა და პრობლემები

პუბლიკა
ავტორი: ნათია ფაჩულია, ჟურნალისტი

14 წლის წინ ფოთიდან დედაქალაქში დაჯილდოებაზე ჩამოსული, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი წონაში კლება, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, მადის მომატება. დიაგნოზი – შაქრიანი დიაბეტი.

დიაგნოზის დასმის მომენტიდან ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ცხოვრების სპეციალური რეჟიმი, ახალი კვების რაციონი და რაც ყველაზე რთული – ნემსი დღეში რამდენჯერმე.

2007 წლამდე შაქრიანი დიაბეტი მხოლოდ ხანშიშესულ ადამიანებში გავრცელებული დაავადება მეგონა. ბოლო წლებია დაავადება ბევრად გაახალგაზრდავდა და მსოფლიოში ქრონიკულ დაავადებებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

„სტატისტიკური მონაცემებით, გაიზარდა შაქრიანი დიაბეტის როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში“, – ამბობს ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

ორივე ტიპის დიაბეტი სისხლში შაქრის დონის მატებას უკავშირდება. განსხვავება ისაა, რომ პირველი ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი საერთოდ არ გამოყოფს ინსულინს და მას ის ხელოვნურად უნდა მივაწოდოთ.

მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ინსულინს არ გამოყოფს ან მას დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა გამოყოფილ ინსულინზე.

90-იან წლებში ამ დაავადების ტიპებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განასხვავებდნენ, თუმცა დღეს ორივე ტიპის დიაგნოზი შესაძლოა, დაისვას როგორც ახალგაზრდებთან, ასევე ზრდასრულებთან.

ექიმ ლაშა უჩავას დიაბეტის გაახალგაზრდავების ერთ-ერთ მიზეზად მოჰყავს  სწრაფი კვების ობიექტების გავრცელება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვის საავადმყოფოდან გამოწერისა და თბილისიდან სახლში, ფოთში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. თავიდან ვსწავლობდი ჭამას, ემოციების კონტროლს და ხალხთან ურთიერთობას. ქუჩაში გლუკომეტრით შაქრის გაზომვა და ნემსის გაკეთება თავიდანვე კატეგორიულად ამეკრძალა. არავის უნდა გაეგო და დაენახა, როგორ იკეთებდა ნემსს დიაბეტიანი ბავშვი.

ჩემი შემთხვევა გამონაკლისი არ არის. 17 წლის ანიტა ჩაკვეტაძეს შაქრიანი დიაბეტი 6 წლის ასაკში დაუდგინეს. ამ წლების განმავლობაში მას ბევრ პრობლემასთან გამკლავება მოუწია: „ვოცნებობ, ქუჩაში ნემსის გაკეთებისას ხალხი დაჟინებით არ მიყურებდეს“, – მეუბნება ანიტა.

პრობლემებს აწყდებიან დიაბეტიანი ბავშვების მშობლებიც: „სკოლაში ზოგიერთ მშობელს ეგონა, შაქარი გადამდები იყო“ – ამბობს დიაბეტით დაავადებული ორი შვილის დედა, მაგა გიგაშვილი. მისი შვილების კლასელებს მშობლები ურჩევდნენ, არ შეხებოდნენ მათ ნივთებს, რომ „დიაბეტი არ გადასდებოდათ“.

„ბავშვებს პატარაობიდან უნდა ვასწავლოთ, რა არის, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, ჭარბი წონა“, – ამბობს ექიმი ლაშა უჩავა. მისი თქმით, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი მცდარი წარმოდგენები ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია: „ბავშვს ძალიან ბევრი დაავადების შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია პატარა ასაკიდან, რათა ზრდასრულ ასაკში იცოდნენ, როგორ აიცილონ თავიდან ეს დაავადებები“.

თუმცა ბულინგი და ინფორმაციის ნაკლებობა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელსაც დიაბეტით დაავადებული ადამიანები ვაწყდებით. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მისი მკურნალობა და ამისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებია.

მაკა გიგაშვილი იხსენებს, რომ როგორც კი მისი შვილები სრულწლოვანები გახდნენ, სახელმწიფომ შეწყვიტა მათთვის საზომი ჩხირების, ნემსის თავებისა და სხვა ნივთების თანხის დაფინანსება. ეს ნივთები კი დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის ყოველდღიურად სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მკურნალობა განსაკუთრებით რთულია, როცა რეგიონში ცხოვრობ. მაღალი შაქრის გამო ბევრჯერ მოვხვდი ფოთის საავადმყოფოში, სადაც ბავშვთა ენდოკრინოლოგიც კი არ ჰყავდათ და ვერაფრით მეხმარებოდნენ. მხოლოდ დედაჩემის მითითებებით მიზომავდნენ შაქარს. კვალიფიციური მკურნალობისთვის კი ყოველთვის ვერ ვახერხებდით დედაქალაქში ჩამოსვლას, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო და უფრო მეტად იჩენდა თავს.

ამავე პრობლემას წააწყდა ნათია სურმავა, რომლის 14 წლის შვილსაც შაქრიანი დიაბეტი 10 წლის წინ დაუდგინდა. მათი პირველივე პრობლემა იყო ის, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში არ ჰყავდათ ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ოჯახს ექიმის საკუთარი სახსრებით მოძიება მოუხდა. „კვლევები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ექვს თვეში ერთხელ გვეკუთვნის, თბილისის გარდა, არსადაა ხელმისაწვდომი“, – ამბობს ნათია.

გეგმური კვლევები, რომლებიც დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვანებს ექვს თვეში ერთხელ უტარდებათ, პროგრამის გათვალისწინებით მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი. იმავე პრობლემას ვაწყდებით წამლებთან მიმართებით. მაგალითად, ინსულინის აღება, რომელიც დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვანებს უფასოდ ეკუთვნით, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.

როგორც საქართველოს დიაბეტის ფონდის პრეზიდენტი, კობა ამირხანაშვილი ამბობს, ადრე ბავშვთა დიაბეტური ცენტრები რეგიონებშიც არსებობდა და პაციენტებს არ უწევდათ დედაქალაქში ჩამოსვლა. თუმცა ეს ცენტრები მალევე გაუქმდა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა ზრდასრულობაა:  „თუ 18 წლამდე პაციენტებს ეძლევათ თითქმის ყველანაირი საჭირო დახმარება, 18 წლის შემდეგ ისინი ფაქტობრივად ჰაერში რჩებიან.  წელიწადში ერთი ვიზიტი აქვთ, ისიც თანადაფინანსებით. სხვა საერთოდ არაფერი არ აქვთ ამ ადამიანებს”, – ამბობს კობა ამირხანაშვილი.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს პრობლემა სამსახურშიც ექმნებათ. ხშირად, დამსაქმებლები მათ სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეუბნებიან უარს. „სამსახურში აყვანაზე უარის თქმა ჯანმრთელობის ნიშნით მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის დისკრიმინაცია, როცა ეს სამუშაოს სპეციფიკითაა განპირობებული“, – ამბობს იურისტი გიორგი ლანჩავა.

თუ ისეთი დამსაქმებელი შეგხვდა, რომელიც შენს დიაგნოზს ყურადღებას არ აქცევს, ახალი პრობლემები მაინც იჩენს თავს. სტუდენტობისას, როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტე და მუშაობა მარკეტში, ღამის ცვლის მოლარედ დავიწყე, უკვე სამართალდამცველებთან შემექმნა პრობლემა. როგორც კი მაღაზიაში შემოსულმა ერთმა პოლიციელმა ჩემი ინსულინის ნემსი დაინახა, დაიწყო დაკითხვა – რა იყო, ვისი იყო და რატომ იდო იქ, სადაც იდო. ამ დროს პირველად მომიწია, ხმამაღლა, დეტალურად მესაუბრა ჩემს დიაგნოზზე უცხო ადამიანებთან (პოლიციელმა დაკითხვისთვის ახალი ეკიპაჟი გამოიძახა).

საათ-ნახევრის შემდეგ მათი დარწმუნება შევძელი და მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებდი.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 2018 წელს ასაკობრივი ჩარჩოს 18-დან 99 წლამდე გაზრდის შემთხვევაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 451 მილიონს აღწევდა. ამგვარი ტენდენციის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2045 წლისათვის 18-99 წლების ასაკის 693 მლნ და 20-79 წლების ასაკის მქონე 629 მლნ ადამიანს ექნება შაქრიანი დიაბეტი.