მთას შერჩენილი თუშები და ბრძოლა ეროზირებული ნიადაგის გადასარჩენად
ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე თუშეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც ზღვის დონიდან 2926 მეტრი სიმაღლის აბანოს უღელტეხილზე გადის, დაკეტილია. ამ დროს ვერტმფრენის გარდა, სხვა ტრანსპორტით თუშეთში მოხვედრა შეუძლებელია.
თუშების უმეტესობა დღეს კახეთში, ალონის ველზე – ზემო და ქვემო ალვანში სახლობს, თუმცა ყველა ცდილობს, თუნდაც წელიწადში ერთხელ, ზაფხულში, ხატობისას მაინც ავიდეს თავის სოფელსა და სალოცავში. ზამთრობით კი სამივე ხეობაში 30-40-მდე კაციღა რჩება. ამის მიზეზი ბევრია: ერთი მხრივ, დაკეტილი გზა და მძიმე საცხოვრებელი პირობები, მეორე მხრივ, ტრადიციული მიწათსარგებლობის პრაქტიკის მოშლა.
შენაქოშიც, დაღესტნის საზღვართან, ზღვის დონიდან 1800-2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარე თუშეთის ულამაზეს სოფელში, ბოლო წლებში 3-4 ადამიანი იზამთრებს…
ბუქვაიძეები
კაკო და ელენე ბუქვაიძეების ოჯახი იმ იშვიათ ოჯახებს მიეკუთვნება, რომელიც, წინაპრების მსგავსად, თუშეთში ცხოვრობს და მეურნეობას მისდევს: კარტოფილს, ბოსტნეულსა და ქერს თესავს, ცხვარ-ძროხა, ქათმები, ცხენები ჰყავს… ბუქვაიძეები მხოლოდ ფქვილსა და ბურღულეულს ყიდულობენ, სხვა პროდუქტებს უმეტესად თავად აწარმოებენ.
ელენე ზაფხულობით, თუშეთის ბევრი ოჯახის მსგავსად, ტურისტებსაც იღებს, საოჯახო სასტუმრო „შენაქოსაც“ ამუშავებს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, სტუმრებს თავისი მოყვანილი ბოსტნეულით, ოჯახის რძის პროდუქტებით უმასპინძლდება. ეს კი ძალიან იშვიათია, რადგან სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა ზაფხულში ადის თუშეთში და თითქმის ყველაფერი ბარიდან ააქვთ.
ზამთრობით, სანამ თოვლი დადებს, ცოლ-ქმარი, საზაფხულო სახლს გამოკეტავს და მოპირდაპირე მხარეს, ე.წ. ბოსლებში – საზამთრო სოფელსა და სახლში გადადის. იმ დროისთვის მოსავალი დაბინავებული აქვთ. იქვე, ბოსელში ჰყავთ საქონელიც.
მიწა – მარჩენალი
შენაქო გამორჩეული სოფელია თუშეთში. ის ტყეს, სათიბებსა და საძოვრებს შორის არის გაშენებული. აქ ჯერ კიდევ კარგად არის შემორჩენილი სოფელ-ბოსლობის ტრადიცია. სოფლის გადაღმა მხარეს, ბოსლებისკენ, საზამთარო საცხოვრებლებთან, შენაქოელებს ნაკვეთები აქვთ, სადაც კარტოფილი და ქერი მოჰყავთ.
„ადრე თუშეთში აწარმოებდნენ თითქმის ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ. თუმცა, ეს კუთხე, ტრადიციულად, მცირემიწიანი იყო. ამიტომ ჩვენი წინაპრები მიწას განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. მეურნეობის ეკოტრადიციული სისტემა ვერტიკალურ ზონალობას ექვემდებარებოდა. ნაძრავი, ანუ სახნავი მიწები ბოსლებთან ახლოს იყო, რადგან ნაკელის გამოტანას აიოლებდა. ნაკვეთებზე იქ პურეულს, უფრო მეტად ქერს, ასევე ხორბალს თესდნენ. ხორბალი ცოტა მოდიოდა და სადღესასწაულო-სარიტუალო მარცვლეული იყო, ქერს კი საკვებად იყენებდნენ. სადღაც 2000 მეტრ სიმაღლეზე უკვე სხვა მარცვლეული კულტურა – ჭვავი მოჰყავდათ. სოფელთან იყო სათიბი, საძოვარი კი უფრო ზემოთ“, – გვიამბობს ეთნოლოგი ნუგზარ იდოიძე.
თუშეთის სოფლებს ახასიათებდათ სოფელ-ბოსლობა. გამოზამთრებით ოჯახები ბოსლებთან პატარა სახლებში იზამთრებდნენ, სადაც გიორგობისთვის გადადიოდნენ და ამაღლებამდე რჩებოდნენ. ეთნოლოგის განმარტებით, გაზაფხულზე სოფელში გადასვლით საქონელს არიდებდნენ მარცვლეულსაც.
სახნავი მიწა თუშებს ცოტა ჰქონდათ, მხოლოდ შენაქოში, ომალოსა და დიკლოში მოჰყავდათ სამყოფზე მეტი პურეული. აქაურები სხვა სოფლელებს, სადაც არასოდეს ჰყოფნიდათ მარცვლეული, სხვა პროდუქტში უცვლიდნენ.
თუშეთში მიწათსარგებლობის პრაქტიკა უკანასკნელ საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა: დღეს მარცვლეული კულტურები თითქმის აღარ ითესება. სახნავი მიწების დიდი ნაწილი კარტოფილს აქვს დათმობილი. სამწუხაროდ, კულტურათა მონაცვლეობა აღარ ხდება, რაც ნიადაგების დეგრადაციას იწვევს. სახნავი მიწების დიდი ნაწილი კი საძოვრად არის ქცეული.
სწორედ ნიადაგების შენარჩუნება-განვითარებას ისახავს მიზნად პროექტი „შენაქოს თემის საძოვრების პროდუქტიულობის გაუმჯობესება“, რომელსაც 2018-2019 წლებში თუშეთის დაცული ტერიტორიების ასოციაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებდა.
მიუხედავად იმისა, რომ თუშებს, ტრადიციულად, თავად მოჰყავდათ მთაში ყველაფერი და მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, მათი მთავარი საქმიანობა მაინც მეცხვარეობა იყო „ვინაც კარგი ვართ, ცხვარში ვართო“ – აკი ამბობდნენ თუშები.
„მესაქონლეობა, თუშების ისტორიული საქმიანობა, მეოცე საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით გაფართოვდა, რაც კოლექტივის ჩამოყალიბებამ და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ზამთრის საძოვრების ხელმისაწვდომობამ განაპირობა. ერთი შეხედვით ამ ძლიერმა ეკონომიკურმა ბერკეტმა, დიდი ზიანი მიაყენა მთის საძოვრებს და მაღალმთის იმ უნიკალურ ეკოსისტემებს, რომლებიც თუშეთის ტერიტორიაზეა თავმოყრილი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის თუშეთის ბუნებრივი საძოვრები ბევრად ნაკლებ ზეწოლას განიცდის, ვიდრე საბჭოთა კავშირის პერიოდში, ბუნებრივი ეკოსისტემების დეგრადაციის შეუქცევადი პროცესი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მათ აღდგენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თუშეთში და კერძოდ, შენაქოს შემოგარენში, ჯერ კიდევ მოქმედებს მიწათსარგებლობის მანკიერი, ემპირიულ ცოდნაზე დამყარებული პრაქტიკა“, – ამბობს ბოტანიკოსი გიორგი არაბული.
ზაფხულში შენქოში სეზონურად ასულ თუშებსაც აჰყავთ საქონელი. საძოვარზე ერთად უშვებენ ცხვარსა და ძროხას. ექსპერტების აზრით, მესაქონლეები, რომელთა უმეტესობა მხოლოდ ზაფხულობით ადის მთაში, ეკონომიკური მოგების მიზნით, სულ უფრო ზრდიან საქონლის სულადობას. სოფლის მიმდებარე ფერდობებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ძოვება, რაც იწვევს სარეველების ზრდას, საძოვრის ყუათიანობის შემცირებას, შესაბამისად, მცირდება საძოვრის, როგორც სასოფლო – სამეურნეო სავარგულების მოცულობა.
შენაქოში 300 ჰექტრამდე სათიბ-საძოვარია, მაგრამ მაღალი, ციცაბო ფერდობების უმეტესობა და დაბლობი ნაწილიც, დაახლოებით 50-60 ჰექტარი გადაძოვების გამო ეროზირებულია. სოფლის ქვემოთ მინდვრებზე ნარია მოდებული. ნარის არსებობა კი ნიადაგის დეგრადირებულობის მაჩვენებელია.
„მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს არსებული საპროტესტო განწყობების გამო ხელისუფლებამ მთიელების დასჯა გადაწყვიტა: თუშები, ხევსურები, სხვა მთიელები იძულებით გადაასახლეს ბარში. ამით კი ტრადიციული ცხოვრების წესი მოშალეს. სწორედ იმ პერიოდში მთელ თუშეთსაც საძოვრის სტატუსი მიანიჭეს. საზაფხულოდ მთაში დაბრუნებულმა მწყემსებმა, რადგან სახნავი მიწები აღარ სჭირდებოდათ, სოფელთან ახლოს დაიწყეს საქონლის მიშვება. ეს კი ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი აღმოჩნდა ნიადაგის ეროზიისა, რადგან გადაძოვების გარდა, ცხვარი ფეხითაც თელავს ნიადაგს“, – ამბობს ნუგზარ იდოიძე.
სუბალპურ მდელოებს შენაქოელები სათიბად იყენებენ. თივას ივლის-აგვისტოში ამზადებენ.
მთაში პეტრე-პავლობის მერე იწყება ხატობები, რომლებსაც, ტრადიციულად, მოსდევს თიბვა.
„მძიმე შრომაა: თიბვა, თივის დამზადება, შემოტანა. თან ამინდზე ვართ დამოკიდებული“, – გვიხსნის კაკო ბუქვაიძე.
თიბვა ხშირად სექტემბრამდე გრძელდება, თუმცა გვიან მოთიბვის შემთხვევაში ბალახი კარგავს კვებით ღირებულებას.
„ძალაც აღარ მაქვს იმდენი, მთელი სათიბი რომ ვთიბო. ერთ ძროხას 100 „ტუკი“ თივა მაინც სჭირდება, გათოვდება თუ არა, ბაგაზე უნდა მიუშვა. ზამთარში მთაში რომ დაიტოვო საქონელი, თივა უნდა დაახვედრო.
ადრე გაღმა 15 კაცი თიბავდა. ახლაც შენაქოს სათიბ-საძოვარი რამდენიმე ოჯახის საქონელს შეინახავდა, მაგრამ აღარ არის ხალხი“, – ჩივის კაკო.
ექსპერტების განმარტებით, თუ ფერმერი, კაკოს მსგავსად, მუდმივად იყოლიებს საქონელს შენაქოში, ამით ის დაზოგავს, ფურაჟის საყიდელ ხარჯს, რომელიც სჭიდება ზამთრის საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე, ასევე აიცილებს მიგრაციის სირთულეებსა და ხარჯებს.
მთაში მუდმივად რომ მეტი მესაქონლე იყოს, ეკონომიკური სარგებელიც შეიძლება ჰქონდეთ. „ყველა მესაქონლე ოჯახი აწარმოებს ყველს. ეკონომიკური გაძლიერებისთვის კარგი იქნებოდა კოოპერატივისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს დაფუძნება, მაგრამ საწარმოს რენტაბელობისთვის დღეში 500 ლიტრი რძე მაინც არის საჭირო, დღეს 400 ლიტრი რძე არც უგროვდებათ. ზაფხულობით სოფელში 180-200 სული საქონელია, ზამთრობით 40-50 სულიც არ რჩება“, – ამბობს თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წარმომადგენელი ანზორ გოგოთიძე.
თუმცა დამრჩენი რომც იყოს, უკვე სათიბ-საძოვრის პრობლემაც დგება, შეიძლება არ ეყოს რამდენიმე ოჯახს. იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დარჩეს მთაში თავისი საქონლით, უპირველესად, ეროზირებული საძოვრების აღდგენაა საჭირო.
თუშეთში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საძოვრების მართვის ევროპული მოდელის დანერგვა.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტიც „შენაქოს თემის საძოვრების პროდუქტიულობის გაუმჯობესება“ ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში მოსახლეობის დამკვიდრებასა და აგროტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. საცდელ ტერიტორიად სწორედ შენაქოს მიმდებარე ფერდობები შეირჩა.
პროექტის ავტორებმა შენაქოელებთან კონსულტაციით საძოვრების გადაძოვების თავიდან ასაცილებლად მიწათსარგებლობის რუკა და ინტეგრირებული მიწათსარგებლობის გეგმა შეადგინეს.
რას ნიშნავს ეს? სოფელმა უნდა იცოდეს, როგორი და რამდენი აქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რა მდგომარეობაშია ის.
შენაქოში ეროზირებული საძოვრის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დაიწყო სარეველების კონტროლი: ელექტროღობით შემოიღობა საძოვრის ნაწილი. წელიწადში ორჯერ ყვავილობის პერიოდში (როცა ფესვი ყველაზე სუსტია) ელექტოროსაჭრელით დაიჭრა ნარ-ეკლების მიწისზედა ნაწილები.
ელექტროსაჭრელი, ელექტროღობე, თივის საპრესი და სხვა ტექნიკური საშუალებები პროექტის ფარგლებში შეუძინეს შენაქოელებს.
ელექტროღობე სათიბის ან საძოვრის გარკვეული ნაწილის დაცვის საშუალებას იძლევა. ღობის გადატანა შესაძლებელია და იგი ხელს უწყობს საძოვრების მონაცვლეობას.
ნიადაგის გაუმჯობესების კიდევ ერთი მეთოდია კულტურათა მონაცვლეობა.
ნიადაგმცოდნეები ამბობენ, რომ მუდმივად ერთი კულტურის დათესვა ერთსა და იმავე ნაკვეთზე ნიადაგს აცლის ერთსა და იმავე ელემენტებს. რაც, თავის მხრივ, მიწის დეგრადაციას იწვევს.
კაკო ბუქვაიძეც თავის ნაკვეთზე ძირითადად კარტოფილს თესდა, შარშან კი ერთ ნაკვეთზე ქერი დათესეს, მეორეზე – ესპარცეტი.
ქერისა და ესპარცეტის თესვა ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას და ხელს უწყობს საფურაჟე მასალის კვებითი ღირებულების გაზრდას. ეს კი, თავის მხრივ, რძის რაოდენობის გაზრდას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში კარტოფილის ალტერნატივად სოფელში ჟოლოს გაშენებაც დაიწყეს. ჟოლო ხომ საკმაოდ ფასობს ბაზარზე.
***
როგორ ხედავენ შენაქოელები თავიანთი სოფლის მომავალს?
„თუ მიფიქრია წასვლაზე? სხვაგან რა გავაკეთო? აქ ჩემი სოფელია, ჩემი სახლი“, – ამბობს კაკო ბუქვაიძე.
„აქედან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაგზავნით და ასე უფრო ვეხმარებით შვილებს“, – ამატებს მეუღლის ნათქვამს ელენე.
ეთნოლოგ ნუგზარ იდოიძეს მიაჩნია, რომ დღეს მთიანი რეგიონებისა და იქ დარჩენილი მოსახლეობის მხარდაჭერა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა.
ჰანს კერხმაიერი ავსტრიელი ეკოლოგია, სწორედ მან იმუშავა მიწათსარგებლობის გეგმაზე. „როგორ ვხდავ ამ სოფლის მომავალს ევროპული პერსპექტივიდან? მოგეხსენებათ, ავსტრია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა მიეკუთვნება ალპების ქვეყნებს. მე კარგად ვიცი იტალიისა და ავსტრიის ამბები. არ გეგონოთ, რომ მთის დაცლა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. იტალიაში მთავრობამ ეს საკითხი თვითდინებაზე მიუშვა და მთაში თითქმის აღარ დარჩა ხალხი. რაც შეეხება ავსტრიას, ხელისუფლება სუბსიდირებით ახერხებს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შენარჩუნებას“.
კერხმაიერის აზრით, ყველა ქვეყანამ მოსახლეობასთან ერთად თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განვითარების რა გზას აირჩევს.
„ერთი შემიძლია ვთქვა, ამ სოფელში აგროტურიზმის დიდ პოტენციალს ვხედავ“, – ამბობს ავსტრიელი ექსპერტი.
შენაქოელებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, განვითარების რა გზას აირჩევს სოფელი.
მიწათსაგებლობის გეგმის შემუშავებისას, რომელიც კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, სოფლის განვითარების რამდენიმე ვარიანტი გამოიკვეთა.
რა იქნება შენაქოელთა არჩევანი?
მხოლოდ ზაფხულში ახმაურდება აქაურობა და ტურიზმი გახდება პრიორიტეტი?
თუ თუნდაც რამდენიმე ოჯახი დაუბრუნდება მთას, ბუქვაიძეების მსგავსად ცხვარ-ძროხას იყოლიებს, სახნავ-სათიბ-საძოვარს მიხედავს, აგროტურიზმით დაინტერესებულ ტურისტებს საკუთარი პროდუქციითაც გაუმასპინძლდება და შენაქოდან ბარში ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილს, ყველსა და რძის პროდუქტებს გამოგზავნის.
***
ექსპერტების აზრით, შეიძლება ითქვას, რომ საცდელმა პროექტმა გაამართლა.
„ამის დასტურად ის ფაქტიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებას უკვე ომალოში მუნიციპალიტეტი აპირებს“, – ამბობს ანზორ გოგოთიძე.