საქართველოში შემოდგომიდან კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. მხოლოდ ნოემბრის თვეში კორონავირუსის 100 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1000-მდე ადამიანი. ბოლო მონაცემებით, 6000-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალში მკურნალობს, 3000-ზე მეტი – კოვიდსასტუმროში. შემოდგომიდან, თავდაპირველად აჭარაში, შემდეგ კი მთელ საქართველოში დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობაც, რათა საავადმყოფოები მძიმე პაციენტებისთვის გამოეთავისუფლებინათ.
მიუხედავად ამისა, არაერთი ადამიანი ჩივის, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს მდგომარეობა გართულდა, მაგრამ დახმარებას ვერ იღებენ. აგვიანებს სასწრაფო დახმარება, ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, საავადმყოფოებში კი ადგილებს ვერ პოულობენ.
„გვყავს ძალიან მძიმე COVID-პაციენტი, ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, რადგან ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება და არის შოკურ მდგომარეობაში. გვეუბნებიან, რომ ადგილები არ არის. ვინ უნდა მოახდინოს რეაგირება, პაციენტს ვღუპავთ სახლის პირობებში“.
„გეხვეწებით!!!! მაპოვნინეთ ადგილი სადმე, ძლივს სუნთქავს დედაჩემი, სახლში ვერ გაძლებს“.
„კოვიდინფიცირებულს ხუთშაბათიდან მოყოლებული ერთხელაც არ დაკავშირებია ექიმი, ვრეკავ ჯანდაცვაში და სასწრაფოშიც და ერთსა და იმავე ტექსტს ვისმენ. სატურაცია აქვს 90-91 და პერიოდულად უჭირს სუნთქვა, შაქარი 300-420 მერყეობს, სიცხე 38-ზე მეტი აქვს, აქვს ტკივილებიც. ერთხელ მაინც როგორ არ უნდა დაუკავშირდეს ექიმი? რა გავაკეთო? ყველაზე სასაცილო ისაა, რომ დღეში ორჯერ მაინც რეკავენ მონიტორინგიდან, ამოწმებენ, დარეკა თუ არა ექიმმა, რეაგირება კი – ნოლი. ძალიან მეშინია, ძალიან მინდა, რომ გადაიყვანონ საავადმყოფოში, როგორ მოვიქცე?“.
ასე ითხოვენ დახმარებას მოქალაქეები ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში. ჯგუფის წევრი ექიმების დახმარებით, მათი უმეტესობა საბოლოოდ მაინც ახერხებს პაციენტების ჰოსპიტალში გადაყვანას ან ბინაზე შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას. თუმცა ყველას არ აქვს წვდომა არც მსგავს ჯგუფზე და შესაძლოა ინტერნეტზეც კი.
„პაციენტის მდგომარეობა იყო ურთულესი, ჰქონდა შოკური მდგომარეობა, საგრძნობლად დაცემული სატურაცია. ვრეკავდით 112-ში და გადატვირთული გრაფიკის გამო შეძლებისდაგვარი რეაქცია იყო, თუმცა იყო გადაყვანის პრობლემაც – გვეუბნებოდნენ, რომ ადგილები არ ჰქონდათ, პაციენტს კი სასწრაფოდ სჭირდებოდა ინტუბაცია.
შემდეგ ახლობელმა მირჩია, მედგიდის გვერდზე დამეპოსტა. სადაც დაპოსტვიდან წამებში მოახდინეს რეაგირება, დამიკავშირდნენ. ავუხსენი პაციენტის მძიმე მდგომარეობა. დამეხმარა ქალბატონი მაიკო დემურიშვილი, ადამიანი, რომელიც ანგელოზად მოგვევლინა. მისი დახმარებით გადავიყვანეთ პაციენტი ქობულეთის ბომონდის კლინიკაში“, – ჰყვება „პუბლიკასთან“ სალომე წულეისკირი, რომლის თქმითაც, ფოთის სასწრაფო დახმარების ექიმის ინდივიდუალური ძალისხმევისა და Facebook-ზე შექმნილი ჯგუფიდან რამდენიმე ექიმის დახმარების გარეშე, მისი ოჯახის წევრის მდგომარეობა ფატალურად დასრულდებოდა.
„არადა, გვეუბნებოდნენ, რომ ეცდებოდნენ მოძებნას, მაგრამ ადგილები არ იყო. თუმცა როგორ მოახერხა რამდენიმე წამში ქალბატონმა მაიკომ ადგილის მოძებნა? ზოგი იმასაც ამბობდა, რომ თავად უნდა გვეძებნა ადგილი, რასაც ჩვენ ვერ შევძლებდით“, – ამბობს სალომე.
ოჯახის წევრისთვის კლინიკის მოძიება გაუჭირდა „პუბლიკის“ კიდევ ერთ რესპონდენტს, ანას. მისი თქმით, პაციენტზე ზრუნვა ოჯახის წევრებს დამოუკიდებლად უწევდათ, ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც კიდევ უფრო ართულებდა მათ მდგომარეობას.
„მთელი დღე ვცდილობთ, ახალი ინფორმაცია მივიღოთ კოვიდპაციენტის მკურნალობის შესახებ, რომ სწორად ვიმოქმედოთ. საავადმყოფოში ადგილები არ არის და სრულიად მოუმზადებელი ვართ ამ მხრივ. ტელევიზიით აცხადებენ ადგილები არისო, მაგრამ ფაქტია, რომ სრული აბსურდია. ტესტირებებიც ფასიანია და არც იმდენად ხელმისაწვდომი ფასებია, რომ ყველა სიმპტომიანმა შეძლოს გაკეთება“, – ჩივის ანა „პუბლიკასთან“.
რამდენი ადგილია საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის? ვის უნდა მკურნალობდნენ ჰოსპიტალში? საკმარისია თუ არა საწოლფონდი მძიმე პაციენტების მისაღებად და იმართება თუ არა ის ეფექტიანად?
როგორი მდგომარეობაა საწოლფონდის თვალსაზრისით დღეს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწოლფონდი ყველაზე მტკივნეული თემა იყო, რომლის შესახებაც საზოგადოებას კითხვები აქვს. ტიკარაძის თქმით, სამინისტრომ 7 000-ზე მეტი საწოლის მობილიზება შეძლო, საიდანაც 6 000-მდე საწოლი კოვიდპაციენტებისთვის არის გამოყოფილი. კრიტიკის საპასუხოდ, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრომ საწოლფონდის მობილიზება დროულად მოახერხა.
„რის გამოც ხშირად მთავრობას საყვედურობენ, ეს არის საწოლფონდის მობილიზაცია, რამდენად დროულად და სწრაფად ხდება. აქ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად გავუკეთეთ მობილიზაცია კიდევ დამატებით საწოლებს და თუ ოქტომბრის თვეში მობილიზებული გვქონდა მხოლოდ 3300 საწოლი, დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე გვაქვს, როგორც გითხარით, 7000 საწოლამდე, რითაც ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტის, აკაკი ზოიძის თქმით, ამ დროისთვის არსებული საწოლფონდი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელია. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ საწოლების მობილიზებას ინფექციასთან ბრძოლაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
საწოლების რაოდენობის შესახებ ამავეს იმეორებს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანიც. მისი თქმით, საწოლფონდი საკმაოდ დიდია, თუმცა ასევე მზარდია პაციენტთა ნაკადიც და საჭიროა მისი უფრო ეფექტიანად მართვა.
„მთავარი პრობლემაა ის, რომ საწოლდფონდი არ არის ოპტიმალურად მართული, როგორც პაციენტების დაყოვნების, ისე კლინიკებში გადანაწილების თვალსაზრისით“, – ამბობს კალოიანი „პუბლიკასთან“.
ხდება თუ არა საწოლფონდის ეფექტიანად მართვა?
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოქტომბერთან შედარებით საწოლფონდზე დაყოვნება შემცირდა, რამაც პაციენტებისთვის ჰოსპიტალში მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის ეფექტიან მართვაზე კლინიკებთან მუშაობს.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ კლინიკების წარმომადგენლებთან საწოლფონდის ეფექტიან მართვაზე. ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა რვანახევარი დღე, ინტენსიურ საწოლზე კი – ათ დღეზე ცოტა მეტი. ხოლო სამინისტროს აქტიური ჩართულობით, სადაც ჩართული არიან ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, ასევე ჩვენ მიმაგრებული გვყავს კლინიცისტები ჩვენი კლინიკური ჯგუფიდან და რეგულირების სააგენტო, ახლა დაყოვნება სტაციონარში თერაპიულ საწოლში გვაქვს ექვს დღემდე, ხოლო კრიტიკულ საწოლზე ცხრა დღემდე. რაც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობას ზრდის იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰოსპიტალში მკურნალობა ესაჭიროება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღიურ ჭრილში ვააკვირდებით, რომელი საწოლი რამდენად დატვირთულია და ამის მიხედვით გავაუმჯობესებთ საწოლფონდის მობილიზებას რეგიონებს მიხედვით“, – თქვა ტიკარაძემ.
თუმცა, ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ საწოლფონდთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა შემთხვევების ზრდასთან ერთად მის არასწორ მართვასაც უკავშირდება.
კალოიანის თქმით, აუცილებელი იყო, პირველსავე ეტაპზე გამოყოფილიყო მძლავრი კლინიკები, რომლებსაც ექნებოდათ შესაბამისი აღჭურვილობა და სხვა პირობები, რომ კოვიდპაციენტებისთვის ემკურნალათ, თან ისე, რომ თავად მედპერსონალი არ დაინფიცირებულიყო. რაც თავის მხრივ აღარ შეზღუდავდა სამედიცინო სექტორში ადამიანურ რესურსს.
„ჩემი აზრით, შეცდომა იყო ის, რომ მთავრობა წავიდა, ე.წ. ჰიბრიდული კლინიკების გზით, სადაც ერთი სართული იყო კოვიდგანყოფილება და დანარჩენი სართულები – სხვა განყოფილებებს ეთმობოდა. ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, მთელი ჰოსპიტლის ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემა იყო. რაოდენობის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ორჯერ მეტი საწოლების მობილიზება, ოღონთ თუ ის არასწორად, იმავე პრინციპით ვმართეთ, ამ შემთხვევაში, ისიც გადაივსება და ისევ პრობლემად იქცევა.
უნდა გამოყოფილიყო რაც შეიძლება დიდი კლინიკები, მძლავრი, ინტენსიური თერაპიით, სრულად გადართულიყო კოვიდზე და დარჩენილიყო 2-3 საავადმყოფო თბილისში, რომლებიც, ე.წ. მწვავე და არაინფიცირებულ პაციენტებს სხვა მომსახურების მიღების საშუალებას მისცემდა.
მეორე პრობლემა არის ის, რომ ამ საწოლების მობილიზაცია ხდება გვიან, ანუ ჩვენ არ გვაქვს რეალური გეგმა ამ საწოლების მობილიზაციის, დაგვიანებით ვაკეთებთ ამის მობილიზებას, რაც ასევე იწვევს დაძაბულობას.
ჩვენ წინასწარ კი არ ვამატებთ რაოდენობას, არამედ ვმოქმედებთ გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, რაც ასევე შეცდომაა“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი „პუბლიკასთან“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის გიორგი კანდელაკის აზრით, საწოლფონდის განტვირთვას შეუწყობდა ხელს ჰოსპიტალიზაციის შემცირება და პირველადი ჯანდაცვის მეტად დატვირთვა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში არ აქვს გაწერილი ჰოსპიტალში გადაყვანის და იქიდან გაწერის შესაბამისი კრიტერიუმები, რაც კლინიკების გადატვირთვას იწვევს. კანდელაკის აზრით, საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 30-35%-ია, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია.
„არ არის მოცემული ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, არსებული გაიდლაინის მიხედვით, შეგიძლიათ დააწვინოთ ყველა, ვისაც მოისურვებთ. აქედან გამომდინარე, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი გვაქვს 30-35%, ნაცვლად იმისა რომ იყოს 5-10%, მაქსიმუმ 15%.
საავადმყოფოდან გაწერის კრიტერიუმები იდენტურია იზოლაციის შეწყვეტის კრიტერიუმებისა (10 დღე + 3 დღე უსიცხოდ), არადა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი ვითარება კლინიკიურად გაუმჯობესდება და ჟანგბადის საჭიროება აღარ იქნება – მხოლოდ ასე შევძლებთ საავადმყოფოების განტვირთვას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია დღეს“, – წერს კანდელაკი Facebook-ზე.
პირველადი ჯანდაცვის როლზე საუბრობს აკაკი ზოიძეც. ის ეთანხმება გიორგი კანდელაკის მოსაზრებას, რომ საქართველოში საჭიროზე მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, მაგრამ, ვინც მკურნალობას ბინაზე გადის, მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა.
„დღეს სტაციონარში არის ხალხი, ვისაც არ სჭირდება სტაციონარი და შეუძლიათ, გამოეწერონ. მოულოდნელი გართულების პროცენტიც არ არის ისეთი მაღალი, რომ ყველას ეშინოდეს, თუ დაუდასტურდა, აუცილებლად სტაციონარში უნდა წავიდეს. ეს არასწორი შეხედულებაა. უნდა იყოს უბრალოდ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და აქ პირველად ჯანდაცვას უზარმაზარი როლი ენიჭება.
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 15-20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამის მიზეზია ის, რომ თავიდან ყველას ვაწვენდით. ახლაც მოლოდინი არის, რომ თუ პაციენტს კოვიდი დაუდასტურდა, საავადმყოფოში უნდა წავიდეს. მაგრამ რეალურად ამას მივყავართ იმ სიტუაციამდე, რომ აღარ გვაქვს საწოლები მათთვის, ვისაც ეს მართლა სჭირდება“, – ამბობს აკაკი ზოიძე.
ჰოსპიტალიზაციის შემცირებასთან დაკავშირებულ მოსაზრებას არ იზიარებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვის შესაძლოა მისაღები არ იყოს, რადგან ყველა ქვეყანა იქ არსებული კოვიდსიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.
„ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება. უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID-სიტუაციისა და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით. ამავე პრინციპით ხელმძღვანელობას ცდილობს საქართველოც.
თუმცა, ეს იოლი არ არის, რადგან ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება დაკავშირებულია ავადმყოფების უკმაყოფილებასთან და ჰოსპიტლის გარეთ დარჩენილი პაციენტის სიკვდილობის გაზრდილ რისკთან.
ასე მაგალითად, ინგლისის მონაცემებით, გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობის 10% (ყოველი მეათე) მოდის ჰოსპიტლის გარეთ დარჩენილ COVID-პაციენტზე, მაშინ, როცა ჩვენთან ასეთი შემთხვევები ერთეულია. ჩვენ ვცდილობთ, მოვძებნოთ რაღაც ოქროს შუალედი, რათა პაციენტი, რომელსაც ეს სჭირდება, არ დარჩეს ჰოსპიტალიზაციის გარეშე და თან კლინიკური სექტორიც ზედმეტად არ გადაიტვირთოს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკის მოსაზრების საპასუხოდ გამოქვეყნებულ წერილში.
რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ?
ვახტანგ კალოიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს შეეძლო ჰოსპიტლების უკეთესად აღჭურვაც. მათ შორის, ე.წ. ჟანგბადის მაღალი ნაკადის მისაწოდებელი აპარატებით, რომელიც, მისი თქმით, ახლა მხოლოდ რამდენიმე ათეული გვაქვს. ჟანგბადის აპარატების რაოდენობის გაზრდით, კალოიანის თქმით, შემცირდებოდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოყენების საჭიროება, რაც გამოათავისუფლებდა ვენტილაციის აპარატებს უფრო მძიმე პაციენტებისთვის.
კალოიანის თქმით, არსებობს ბევრად ეფექტიანი აღჭურვილობაც, თუმცა, მათი ფასიც მაღალია და ხელისუფლებას მათ შეძენას არ სთხოვდნენ. მაგრამ ჟანგბადის აპარატების ყიდვა თავისუფლად შეიძლებოდა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია.
„ეს არის ჰოსპიტლური სექტორის მთავარი პრობლემა: უნდა შეეძინათ მაღალი ნაკადის ჟანგბადის მიწოდების აპარატები, მოემზადებინათ კლინიკური პროტოკოლი, რომ საავადმყოფოებში საწოლები არ გადატვირთულიყო და პაციენტების დროზე გაწერის საშუალება გვქონოდა.
უნდა მოემზადებინათ ის სივრცეები, სადაც უკვე გაწერილ და მსუბუქ პაციენტებს მოათავსებდნენ და მოახერხებდნენ მათ მეთვალყურეობას. ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი, მაგრამ რეალურად პროტოკოლი ახლაც კი არ გვაქვს. ეს სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო და მათი მოსწრება თავისუფლად შეიძლებოდა 3-6 თვეში“, – ამბობს კალოიანი.
ასევე, ვახტანგ კალოიანის თქმით, არ იყო შესაბამისად მომზადებული არც პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რამაც მოსახლეობაში დაბნეულობა და პანიკა დათესა.
„ჩემი ოჯახის წევრს შეხვდა კორონავირუსი, ჩვენ დავრეკეთ 112-ში, გვითხრეს, რომ ოჯახის ექიმი დაგვირეკავდა. 10 დღეში დაგვირეკეს. მე ექიმი ვარ და ჩემი ოჯახის წევრიც, რომელიც დაინფიცირდა, ექიმია და ჩვენთვის ეს განსაკუთრებული სტრესი არ იყო, მაგრამ წარმომიდგენია ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ექიმი არ არის. ხედავს, რომ მისი ოჯახის წევრს აქვს ცხელება, კანკალი, შემცივნება და ა.შ. და გასაგებია, რომ ღელავს და გასაგებია, რომ პანიკაშია, სულ არ არის გასაკვირი“, – ამბობს კალოიანი „პუბლიკასთან“.
ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების საჭიროება
„პუბლიკასთან“ საუბარში აკაკი ზოიძეც და ვახტანგ კალოიანიც ამბობენ, რომ საწოლფონდის განსატვირთად საჭიროა ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება, რათა კორონავირუსის გავრცელება შენელდეს, რადგან, სხვა მხრივ, სამედიცინო სექტორი პაციენტების ნაკადს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუძლებს.
„მხოლოდ ჰოსპიტლური სექტორით და მხოლოდ საწოლების რაოდენობით, მათ შორის ინტენსიური საწოლების რაოდენობით, ჩვენ ვერ შევძლებთ შედეგის მიღებას, თუ არ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, მათ შორის ინფიცირების აქტიური და სწრაფი გამოვლენის გზით, მაგალითად, ანტიგენბაზირებული ტესტები, რა თქმა უნდა, ეს არ მოგვცემს შესაბამის შედეგს“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
აკაკი ზოიძის თქმით, ასევე დიდი რესურსი უნდა ჩადებულიყო კონტაქტების მოძიებაში. გაზაფხულით კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ეპიდემიოლოგები დაავადებულთა კონტაქტებს ეძებდნენ და კლასტერებად ჰყოფდნენ. თუმცა, შემოდგომით ყოველდღიურად ინფიცირების ათასობით შემთხვევა ვლინდება, რის გამოც თითქოს კონტაქტების ძიებამ აზრი დაკარგა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს აკაკი ზოიძე.
„გასაგებია ათასობით შემთხვევის დროს ამის გაკეთება ძალიან ძნელია. მაგრამ ეპიდემიოლოგებთან ერთად შეიძლება ჩავრთოთ ყველა, ვინც თუნდაც უმუშევრად დარჩა. ფული უნდა გადავუხადოთ ამ ხალხს, რომ მაქსიმალურად დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები მოიძიონ და დროულად გააგებინონ, რომ იზოლირდნენ.
თუნდაც ტესტის გარეშე, მთავარია, იცოდეს, რომ არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადავიდეს. თუ არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, გადავიდეს კოვიდსასტუმროში. ამის საშუალება ნამდვილად გვაქვს, არის ადგილები კოვიდსასტუმროებში და ეს მოგცემდა ეფექტს, რომ თავიდან აგვეცილებინა სრული ლოკდაუნი.
ეს გააკეთა საფრანგეთმა, იტალიამ [კონტაქტების მოძიების შეწყვეტა] და მერე რომ გააანალიზეს პირველი ტალღის დროს დაშვებული შეცდომები, აღმოაჩინეს, რომ გერმანიამ რეგიონების უმრავლესობაში დაიხმარა ადამიანები, კონტაქტების მოძიება შეძლო. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც იმავე რეკომენდაციას იძლევა, რომ კონტაქტების აქტიური მოძიება იძლევა საშუალებას, ჩაანაცვლო მობილობის დაქვეითებისკენ მიმართული მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება“, – ამბობს აკაკი ზოიძე.
ეს იყო ისეთი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, რომლებსაც აკაკი ზოიძის თქმით, მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური ეფექტი ექნებოდა და ნაკლებად აისახებოდა ეკონომიკასა და ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე.
თუმცა, ზოიძის თქმით, საქართველოში გატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა ღონისძიებებმა და არსებულმა შეზღუდვებმა, როგორც ჩანს, საკმარისი ეფექტიანობა ვერ აჩვენა და უფრო მკაცრი ზომების გატარების ან არსებული ზომების გამკაცრების გარეშე პერსპექტივა აღარ ჩანდა.
„ეს ტემპი თუ არ შევანელეთ, ჩვენი საუბარი იმაზე, თუ რამდენი საწოლი დაემატება ან რამდენი სუნთქვის აპარატი, უსაგნო გახდება. ახლა თუ ისტორიებია, რომ არ არის თავისუფალი ადგილები და მერე მაინც მოძებნეს, მერე რამდენიმე დღეში უკვე ნამდვილად არ იქნება არც ადგილი და მით უმეტეს არც ექიმი, თორემ საწოლებს კიდევ გავშლით და აპარატსაც ვიშოვით. მაგრამ არ გვეყოლება პერსონალი, რომელიც ამ ადამიანებს მიხედავს. მიხედავს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – ამბობს აკაკი ზოიძე.