შეთხზული „მე” – დედ-მამა – მწერალი და ავტობიოგრაფია

მალხაზ ხარბედია

პირველ წერილში მწერლის ავტობიოგრაფიის, როგორ ჟანრის თავისებურებებზე ვისაუბრე და სტატიის მთავარ საგანში, „ლიტერატურის მუზეუმისმიერ 2013 წელს გამოცემულ დიდ ორტომეულშიც შევდგი პირველი ნაბიჯები („მწერალთა ავტობიოგრაფიები“: 1600-ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან). იქვე პირობითად ჩამოვაყალიბე ამ ავტობიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურა, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა შემდეგი თემებიზოგადი შენიშვნები ავტობიოგრაფიის ჟანრის შესახებ, წინაპრების ამბები, დაბადება, მშობლები, ნათესავები, ბავშვობა (მწარე თუ ტკბილი მოგონებები), აღზრდა, განათლება, შრომა, ბრძოლა და გზაზე დადგომა და რაც მთავარია, შემოქმედებითი ბიოგრაფია.

წინაპრების ამბებსა და დაბადებაზე წინა სტატიაში ამოვკრიბე მასალა, ახლა კი მოდით მშობლებიც ვნახოთ.

დედა

დედა თითქმის ყველა ტექსტში უმეტესად ლმობიერი, ღვთისნიერი, მოსიყვარულე, ცრემლიანი, ალერსიანი ქალია, ბუნებით კეთილი, სანდომიანი და ღვთისმოსავი. ასეთი შეფასებაც გვხვდება: „წესიერი მანდილოსანი, მაღალნიჭიერი და ინტერნაციონალური სულის ადამიანი“.

ინტერნაციონალურზე გამახსენდა, გვყვანან უცხოელი დედებიც, მაგ. თამარ ბეროძის დედა ლატვიელი ყოფილა, ელფრიდა აკმენტინი, მემანქანე და ბიბლიოთეკარი.   

გვხვდება დედებთან დაკავშირებული განსაკუთრებული შემთხვევებიც. ნიმუშად ეკატერინე გაბაშვილის დედის ამბავიც გამოდგება (რომელიც ადრე გარდაცვლილა, როცა ეკატერინე 5 წლის იყო). მწერალი გვიამბობს, რომ ეკატერინეს პაპას, დედის მხრიდან (ვახტანგ ბაგრატიონდავითიშვილს), თავისი ქალიშვილი, სოფიო ვაჟკაცურად აღუზრდია, რადგან ვაჟი არა ჰყოლია. სოფიო თურმე ჩინებული ცხენოსანი დამდგარა, „იარაღს დიდის გაბედულებით ხმარობდა და მამულს, როგორც მემკვიდრეს შეეფერება, დიდის მოხერხებით ჰპატრონობდა“.

დედა ხანდახან არ ახსოვთ ავტორებსან მშობიარობას გადაჰყვა, ანდა დაავადებით გარდაიცვალა. დედების უმრავლესობა დიასახლისები არიან, მშვენივრად იციან მაშინდელი ქართული მწერლობა, „ზეპირად აქვთ დასწავლილი თითქმის ყველა ლექსი“. წერაკითხვას, ანბანს დედისგან სწავლობენ. სოსო გრიშაშვილს ქართული ანბანი სომეხმა დედამ ასწავლა, რომელსაც გათხოვებამდე კათოლიკეფრანგებისგანშეეძინაქართული წერაკითხვა. კონსტანტინე გამსახურდიას დედაც, რა თქმა უნდა, განათლებული ქალი ყოფილა. ზეპირად იცოდა მთელივეფხისტყაოსანი“, „კარგად უკრავდა ჩონგურზე და მღეროდა კიდეც“. არსებობენ უსწავლელი, მაგრამ წერაკითხვის მცოდნე დედები (ლეო ქიაჩელის დედა), თუმცა ისეთებიც არიან, წერაკითხვაც რომ არ იციან, ადრე გაათხოვეს დათვითგანვითარებაცვერ მოასწრეს მრავალშვილიანმა, კერაზე მიბმულმა ქალებმა (შალვა რადიანის დედა 11 წლისა გაუთხოვებიათ). ასეთ უსწავლელ, შვილებისთვის თავგანწირულ დედებს მაინც განათლებულ ქალად მოიხსენიებენ შვილები, აღნიშნავენ, რომ ისინი ყოველთვის თავად ცდილობდნენ გამოსავლის მოძებნას, ხშირად სრულიად მარტონი. არასოდეს სასესხებლად ან სათხოვნელად არ მისულან სხვასთან და ცდილობდნენ, თავიანთი შრომით მოეპოვებინათ სარჩო.

ზოგადად, დედები შვილების აღზრდის საქმეში გასაოცარ ენერგიას იჩენენ. ზოგი მამა თანაუგრძნობს მათ, მხარში უდგას მეუღლეს, ზოგი ნაკლებად ან სულაც არ იზიარებს მეუღლის მისწრაფებებს. ამიტომ დედები ხანდახან შვილებს გაპარვაშიც ეხმარებიან, ცდილობენ, დაიხსნან მრისხანე მამის კლანჭებიდან, ხელს უწყობენ მათ, რათა ქალაქში ჩავიდნენ, საქმეს ეწიონ, განათლება მიიღონ. მაგ. ანა ხახუტაშვილის (ფსევდ. ცქვიტი) მამამ, ანტონმა, მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა მცხეთის სამთავრო მონასტრის ოთხკლასიანი სკოლა დაასრულა წარჩინებით, გადაწყვიტა, რომ ქალიშვილს მეტი განათლება აღარ სჭირდებოდა, „ვინაიდან მალე გათხოვდება, ოჯახს შეჰქმნის და ქალის დანიშნულებაც ამით განისაზღვრებაო“. რის პასუხადაც დედა ერთვება საქმეში და შვილს თბილისში აპარებს, სადაც იგი საეპარქიო სასწავლებელში წარმატებით აბარებს გამოცდებს.

ხანდახან დედა საერთოდ ან ნაწილობრივ მოწყვეტილია შვილის აღზრდას. მაგ. სამეგრელოში მიუღებელი იყო, რომ პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელთა შორის (თავადი, აზნაური და სამღვდელო), დედას შვილი ძუძუთი გაეზარდა. თედო სახოკია წერს: „საკუთარის ბავშვის გაზრდაკეთილშობილისოჯახის ქალის მიერ ითვლებოდა სამურეხო, სააუგო, საძრახ, ქვეყნის ყბადასაღებ, თავისმომჭრელ საქმედ…“. 

ზოგი მალე ქვრივდება, თუმცამეტისმეტად მხნეადამიანია, გასაოცარი ენერგიისა და შრომისუნარიანობის, ამიტომაც მისი მზრუნველობითძალიან სიმწვავითარ გრძნობენ შვილები ობლობას. ელისაბედ ორბელიანის დედამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულაც პარიზში წაიყვანა 11 წლის ელისაბედი და მისი და.

დედებს ხშირად უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება  მუშაობენ თუთუნის ქარხანაში მუშად, მშენებლობაზე, სტამბაში. უმრავლესობა ძიძაა ან მოსამსახურე (დამლაგებელი, მრეცხავი, მომვლელი და სხვ.). სხვები სახლში შრომობენ, უვლიან კარმიდამოს, ჰყავთ საქონელი, ფრინველი, მისდევენ მეურნეობას. შალვა რადიანის დედა მაგ. შვილის წიგნებს აბრეშუმის ჭიისთვის იყენებდა, რასაც ყოველთვის შვილის დიდი აღშფოთება მოჰყვებოდა ხოლმე („ზოგჯერ აბრეშუმის ჭიისთვის დასაფენად მოიხმარდა დედაჩემი ჩემს წიგნებს, მქონდა ამის გამო დიდი დავიდარაბა. იყო შემთხვევები, როდესაც სახლის ჭერში ვინახავდი ჩემს წიგნებს“).

დედების უმრავლესობა შრომისმოყვარეა და ორგანიზაციული ნიჭით გამორჩეული. არიან პრაქტიკულები დახელისმომჭირეები“, ხელსაქმის უბადლო მცოდნენიჭრაკერვის, ქსოვის, ქარგვის. გიორგი ლომთათიძის დედა განთქმული ხალხური მკურნალი ყოფილა: „იყო მცოდნე და ფანატიკურად მიმდევარი მრავალი მაგიებისა, მისნობისა, ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებული რიტუალებისა. მეზობლები მისგან გებულობდნენ მთვარისა და თვის ანგარიშს, მარხვისა და ხსნილის კალენდარულ ცნობებს. კარგად იცოდა ძველი ხალხური ადათზნეჩვეულებანი და საერთოდ, ხალხური შემოქმედება. მისი წყალობით შემიყვარდა მე ფოლკლორი“.

დედის გარდაცვალება ყოველთვის მძიმეა, თანაც ხშირად დევნილობაში, გადასახლებაში ან სახლიდან ძალიან მოშორებით იგებენ ამ ამბებს. „დედა გარდაიცვალა ჩქარი სახისფინთი ხველით“, ალბად ტუბერკულიოზით“, წერს ერთერთი ავტორი. გიორგი ქუჩიშვილი კი თავისი ავტობიოგრაფიის ბოლო აბზაცებს დედის გარდაცვალებას უძღვნის. მძიმე შრომით, მუდმივი ჯაფით სასოწარკვეთილი დედაერთ შავბნელ შუაღამისას, როდესაც ყველას გვეძინა, ბინიდან გაგვეპარა და დაგვეკარგა. მთელი ტფილისი შევძარით ძებნით, მაგრამ ამაოდ. იმ ღამეს მდინარე მტკვარში გადავარდნილიყო და თავი დაეღრჩო. მის გვამს მიხეილის საავადმყოფოს პროზექტურაში დავემხეთ გულამოვარდნილი ქვითინით.

ასე ტრაგიკულად დასრულდა ცხოვრებაში გაუხარელი ჩვენი უმშვენიერესი და უსაყვარლესი დედიკოს სიცოცხლე, რომლის ყოველი მოგონებაც არსს გვირყევს და გულს გვითუთქავს სინანულის მდუღარე ცრემლებით…“.

მამა

მამები ძირითადად სასულიერო პირები არიან (უმეტესად ღარიბი მღვდლები), თუმცა არიან შეძლებული გლეხებიც, საბატონო გლეხები, უმამულო და უსაქონლო გლეხკაცები, წვრილი მემამულე აზნაურები, შავი მუშები. თბილისში დაბადებულები ან თავადიშვილები გახლავან, ან ხელოსნის შვილები. გვყვანან მებაღე მამები, საშუალო შეძლების აზნაურები. შეხვდებით მასწავლებლებს, მედავითნეებს, მიწის მუშა მამებს, საეკლესიო გლეხყმებს, მევენახემოჯამაგირეებს. აქვეა უდარდელი თავადიშვილი, რომელიც შვილების მომავალზე თავს არ იცხელებს და ფუქსავატ უდარდელ ცხოვრებას ეწევა, უმამულო და უსახლკარო მიწის მუშები, მომრიგებელი მოსამართლე, ვექილი, ხარაზი. ერთის მამა ნალბანდი ყოფილა, შემთხვევით მაჯის ძარღვი წალდით გადაუჭრია, ძლიერი დაზიანება მიუღია და ამის გამო ღვინით ვაჭრობა დაუწყია.

თავად მაყაშვილის მეწისქვილე იყო სანდრო შანშიაშვილის მამა, დიდიმეოცნებეფანტაზიორიკაცი. გრიშაშვილის მამა ჯერ კალატოზი ყოფილა, შემდეგ ღვინით ვაჭრობდა ბითუმად, ბოლოს კი ხარფუხში პატარა მეიხანა (სამიკიტნო) გახსნა და ჭამდაერთ ლუკმა პურს და სხვის დაუხმარებლივ  იკვლევდა გზას უპროტექციოდ და უდავიდარაბოდ <…> კალატოზობის დროს, მოკრივეც ყოფილა და, როგორც მისი დროის ჰამსონები გადმოგვცემენ, მისი ცაცია (მარცხენა მუშტი) განთქმული ყოფილა ყველა გარეთუბნელებში. მართალია, სკოლის კედლებს არ გაჰხახუნებია მისი ტანი, მართალია, მისი ტვინი არ იყო ფილოსოფიურ ქობინებით ნაცემნაგვემი, მაგრამ მისი ფიქრი ყოველთვის დაყურთმაჯებული იყო, აზრიანი. იცოდა სიტყვის მნიშვნელობა და მისი ჩხუბი თუ ოხუნჯობა ზედმიწევნით სასეირო საგანი უნდა ყოფილიყო იმდროინდელ მაყურებელთათვის“.

გალაკტიონის მამა იშვიათად კულტურული ადამიანი ყოფილა.

იოსებ ტატიშვილის მამა გრიგოლი, პირველი ქართველი ქსილოგრაფი გახლდათ და შემდეგაც ერთადერთ გრავიორ ქსილოგრაფად მიიჩნეოდა კავკასიაში. პავლე ინგოროყვას მამა დურგლობდა. იყვნენ ცემენტის ქარხნის მუშები. გვყავს ქუთაისის საოლქო სასამართლოს საქმის მწარმოებელი მამაც, სამაზრო სასამართლოს მდივანი, ქვისმჭრელი, იურისტი, მეჯოგე, მკერავი, ასანთის ფაბრიკის დარაჯი, სამთამადნო ინჟინერი, მუშათა ბანკის თავმჯდომარე, სამხედრო პირი, სამთო ტექნიკოსი, სამხედრო პალატის საქმის მწარმოებელი, ლიტერატორი, რკინიგზელი. არიანინვალიდიმამებიც. მასწავლებლები ზემოთაც ვახსენე, თუმცა ზოგს სოფელში თავისი სკოლაც აქვს გახსნილი.

ერთის მამა რკინიგზის მეისრეა, მეორესი წვრილი ვაჭარი ან მხატვარი, პროვიზორი, ბანკის მოანგარიშე, სახალხო მასწავლებელი, ძველი ბოლშევიკი, საბჭოთა არმის ოფიცერი, მოტორისტი საპნის ქარხანაში, ნოქარი, სახერხი ქარხნის დარაჯი, თავადის მოკვლისთვის კატორღაში 10 წლით გადასახლებული მამა, ასევე მამა, რომელმაც მაზრის უფროსი კინაღამ მოკლა.

ერთერთის მამამ 12 წლისამ დაიწყო მუშაობა კინოთეატრში მხატვარრეკლამიორად. შემდეგ თეატრში მოკარნახედ იყო, წიგნის მაღაზიაში გამყიდვლად. არიან რკინიგზის ხელოსნები, ფანრების ამნთები მამები. მურმან ლებანიძის მამა შუა აზიის თეატრებში მეპარიკედ მუშაობდა, თურმე, გასაბჭოებამდე, შემდეგ კი დალაქად გადასულა, ხოლო ოთარ მამფორია წერს, მამაჩემიპარტნოიიყოო.

დახასიათებებიც ვნახოთ: „ხალხის დიდი მოსარჩლე და საყვარელი კაცი“, „ზედმიწევნით გულმოდგინე და გამრჯე კაციდა სხვ.

ზოგიერთი მშობლიური სოფლიდან ან ქალაქიდან მოშორებითაა გამწესებული  ოსეთში, აფხაზეთში, საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, ბაქოში თუ რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში. ერთის მამა მთელი ცხოვრება მომთაბარეობდა, ვერსად ჩერდებოდა თურმე, ვერც ერთ სამსახურში, რითაც ავტორი ძალიან კმაყოფილია: „ვუმადლი, თითქმის ყველა კუთხე მოვიარეო“.

რამდენიმეს მამამ ზედმიწევნით იცის ქართული და რუსული ლიტერატურა. მთელი მათი ყურადღება წიგნებზეა მიქცეული, ბევრს კითხულობენ, კარგად იცნობენ მეთვრამეტე თუ მეცხრამეტე საუკუნის ევროპელ, რუს და ქართველ კლასიკოსებს, თუმცა ხანდახან დედამ უფრო იცის წიგნი, მამამ კი არა.

ზოგი მამა მრისხანე, სასტიკი და ბრაზიანია, ისე, რომ ცხოვრებაში სიტყვაშვილოცკი არ დასცდენია. განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ამ მხრივ, ალექსი მირიანაშვილის მამა, ვინაც თავისი ბრძანებითი კილოთი ღრმა დაღი დააჩნია შვილს, „ისეთი დაღი, რომელიც დღესაც საკმაოდ ჩრდილავს ჩემს სულებრივ თვისებებს და მაბრკოლებს და წინ მეღობებააღზრდის ასეთმა პრინციპებმა თავისი ჯეროვანი ნაყოფი გამოიღესნაყოფი დამახინჯებული, მწარე, უგემური“.

მეტად ფიცხი, დაუდეგარი და მოუსვენარი ადამიანიიყო ია ეკალაძის მამაც, მღვდელი თომა ცინცაძე, თავისი სამსახურითფანატიკოსობამდე გატაცებული“. ერთი ასეთი სააღდგომო მოგონება აქვს ია ეკალაძეს ავტობიოგრაფიაში: „მახსოვს, მაშინ სულ პაწია ვიყავი, ერთ აღდგომა დილით, მამამ გვიბრძანა ბავშვებს: „დადექით დაქრისტე აღსდგაიგალობეთო“. ბავშვები ჯარის კაცებივით გამოვიჭიმენით და დავიწყეთ გალობა, მაგრამ სააღდგომო გოჭს ისე დაეკრიჭა კბილები სუფრაზე, რომ მე თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი წამსკდა. სხვებმაც მომბაძეს, დაიშალნენ, აირივნენ და წითელ კვერცხებს ეცნენმამა ჩემი განრისხდა, გაწყრა: სათითაოდ წაგვავლო ხელი, ბაწრით შეგვკრა და სააღდგომო სუფრის ქვეშ გვიკრა თავი. თვითონ კი ისევ სუფრას მიუჯდა და განაგრძო პურის ჭამა.

ჩვენ ლეკვებივით ვწავწკავებდით მაგიდის ქვეშ.“

ბავშვებს დედა ესარჩლება, იწყება მშობელთა შერკინება, რომელიც გაცეცხლებული მამის დროებითი განდევნით სრულდება: „ამ დღიდან მღვდლებსა და ეკლესიაზე გული ამიცრუვდა და დავკარგე ყოველივე რწმენა საეკლესიო წესებსა და დოღმატების შესახებ“. ია ეკალაძე კიდევ უფრო განავრცობს ამ თემას და თავის პირველ, მწარე აღდგომას ზებუნებრივი დეტალებითაც ავსებსმოქურუშებული ცით, გრგვინვით, ქუხილით და ბავშვური იმედგაცრუებით. ბოლოს კი რამდენიმეეროვნულღმერთს ახასიათებს: ებრაელების – „განხორციელებული შურისძიება“, რუსების – „განხორციელებული ჟანდარმიმსურველი მთელ ქვეყანაზე გაბატონებისა“, ქართველების ღმერთი კიმუდამ წარმოადგენდა ჭუჭყიან, უმეცარ და ჩოხა დახეულ ტეტიად, რომელსაც ყველა თავში უფაჩუნებს…“.

ძველი ყაიდის კაცია ვარლამ რუხაძის მამაც, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს შვილის განათლება. ბავშვს თავის სამიკიტნოში ამუშავებს და თან ჭკუას არიგებს: „მეც არ მისწავლია, მაგრამ პურს ვჭამ“. მისი დახლიდარი კი წიგნით ხელში დაინახავდა თუ არა ავტორს, გამოგლეჯდა და ერთს კარგად წაუთაქებდა: „სწავლა თუ გინდა, გიმნაზიაში მიბრძანდიო“.

მწერალ ბორის ჩხეიძეს მამისგან 12 წლის განმავლობაში 12 სიტყვაც კი არ გაუგია და დედინაცვალი როცა მიუყვანა შვილს, 13 წლის ბავშვი სახლიდან გაიქცა. რაღაც დრო სულ მარტო ცხოვრობდა, არავის იკარებდა.

ბევრი მამა მალე ტოვებს ცხოვრების ასპარეზს და ჩვენი ავტორებიც მარტონი რჩებიან, ან დედასთან, ან ობოლ და-ძმასთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ სწავლის მიტოვებაც უწევთ.

ჩასიძებული მამებიც არიან.

დავით კასრაძე ჰყვება საინტერესო ამბავს მამამისზე, რომელიც მღვდელი იყო სამაჩაბლოში. 1899 წელს ქართლში ფილოქსერა მძვინვარებდა, რაც საუკეთესო საბაბი აღმოჩნდა და მისი სახით მშვენიერი ნიადაგი ჰპოვა ქართველმა მოწინავე ინტელიგენციამ რევოლუციური იდეების გასავრცელებლადო.

ერთი სიტყვით, 120 წლის წინ ცალკე ფილოქსერა ვრცელდებოდა ქვეყანაში, ცალკე რევოლუციური იდეები. ებრძოდნენ ფილოქსერასაც და რევოლუციასაც. ამ რევოლუციურ ბრძოლებზე ერთერთ მომავალ წერილში უფრო ვრცლად მოვყვები.

  • (გაგრძელება იქნება)