„შეუშვით მაღალკლასელები სკოლებში“ – სოციალურ ქსელში მშობლების ის ნაწილი გაერთიანდა, რომელიც მიიჩნევს, რომ დაბალკლასელების მსგავსად, უფროსკლასელების მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ არჩევნის საშუალება, გაკვეთილზე დაესწრონ ბავშვები თუ ონლაინსწავლა განაგრძონ.
მშობელი ბექა კოკაია, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნული ჯგუფი შექმნა, ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ყოველგვარ ლოგიკასა და დასაბუთებულ არგუმენტაციასაა მოკლებული. შედეგად კი შექმნილი სიტუაცია მოზარდებში იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, აქვთ ჩამორჩენა ბევრ დისციპლინაში, რაც საერთო ჯამში ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მშობლებს.
„რამდენიმე თვეში ერთი წელი გახდება, რაც ბავშვებს ფაქტობრივად ნორმალური სასწავლო პროცესი არ ჰქონიათ. ეს სემესტრიც დაიხურება და ფაქტობრივად ერთწლიანი აკადემიური ჩავარდნაა. ბაღის ბავშვებთან, დაბალკლასელებთან და სტუდენტებთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილებები. გამოდის, რომ მხოლოდ უფროსკლასელებს ეზღუდებათ სკოლაში მისვლა. მეორე მხრივ, ჩვენ ბავშვებს სკოლაში მხოლოდ იმიტომ არ ვუშვებთ, რომ საგნები ისწავლონ. სკოლა სოციალიზაციის საშუალებაა, იქ ურთიერთობებს სწავლობენ. გარდა ამისა, ბავშვები ფიზიკურადაც ვეღარ ვითარდებიან. ამას ემატება ის, რომ მშობლებს ხარჯი გაეზარდათ. ჩემი ჩვილი მეშვიდე კლასელია. მე ძიძა ავიყვანე, რომელიც გვეხმარება იმ პერიოდში, სანამ მე სამსახურში ვარ.
ეს არ არის სამართლიანი, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ პირველკლასელი ბავშვი უფრო იცავს დისტანციას, ვიდრე მე-7 კლასელი დაიცავდა. ვფიქრობ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია. ჩათვალეს, რომ დაბალკლასელების დატოვება სახლში მშობლებს უფრო გაუჭირდებოდათ, ვიდრე უფროსკლასელებისა, და მშობლების პროტესტის თავიდან არიდების მიზნით ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს კიდევ უფრო უსამართლოა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება პროტესტზეა დამოკიდებული“, – უთხრა „პუბლიკას“ ბექა კოკაიამ.
მისი თქმით, უსამართლობაა ისიც, რომ მთავრობამ მეტწილად იხელმძღვანელა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით და ყოველგვარი მოკვლევის გარეშე კერძო სკოლებზეც იგივე რეგულაციები გაავრცელა, მაშინ, როდესაც მისი თქმით, კერძო სკოლების დიდ ნაწილს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ რეკომენდაციების სრული დაცვით, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილებები.
„ჩემი შვილი კერძო სკოლაში სწავლობს, სადაც ბავშვები მე-8 კლასის ჩათვლით დადიან. გამოდის, რომ ახლა მხოლოდ მე-7 და მე-8 კლასელები არ დადიან სკოლაში. საუბარია სულ 4 კლასზე, სადაც თითოში 14-15 მოსწავლე სწავლობს, საკმაოდ დიდი შენობა აქვს სკოლას. ამგვარი რეგულაცია ამ კონკრეტულ სკოლასთან მიმართებით ხომ სრულიად არალოგიკური და აბსურდულია. ასე ერთი ხელის მოსმით მიიღეს გადაწყვეტილება, იმ გათვლით, რომ უფროსკლასელები სახლში უფრო მარტივად გაჩერდებოდნენ და მშობლების ნაკლები პროტესტი იქნებოდა. ძალიან ცუდია, რომ თუ გავაპროტესტებთ, დათმობენ, თუ წავუყრეუებთ – არა. რატომ უნდა იყოს ამ გათვლაზე დამოკიდებული ასეთი გადაწყვეტილება“, – ამბობს კოკაია.
ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, აჩენს თუ არა უფრო მაღალ რისკს უფროსკლასელების საკლასო ოთახებში დაბრუნება?
„ზოგადად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალკეული ჯგუფების ბინაზე დარჩენა ვერ ცვლის ეპიდსიტუაციას, მით უმეტეს იმ ჯგუფების, რომლებიც თვითონ არ არის მაღალი რისკის“, – ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და განმარტავს, რომ „თუ ჩვენ მიზნობრივ ჯგუფებს ამოვარჩევთ კარანტინისთვის, მაშინ ეს ის მიზნობრივი ჯგუფები უნდა იყოს, რომლებსაც ყველაზე მეტად აზარალებს ეს პანდემია, როგორებიც არიან ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონეები. თუ მობილობის შემცირებაზე და სახლში დარჩენაზე ვლაპარაკობთ, მაშინ სწორედ ეს ჯგუფები უნდა შევარჩიოთ.
რაც შეეხება მაღალკლასელ მოსწავლეებს, რომლებიც თვითონ კლინიკურად არ არიან რისკის ჯგუფი და მათ მხოლოდ იმიტომ ვტოვებთ სახლში, რომ არ გადასდონ ინფექცია მაღალი რისკის ჯგუფებს, ამ ადამიანების სახლში ყოფნა ეპიდსიტუაციას ვერაფრით ვერ შეცვლის, მით უმეტეს, რომ მაღალი რისკის ჯგუფები საზოგადოებაში არიან ინტეგრირებული, დადიან სამსახურშიც, ბაზარში , მაღაზიებში და ა.შ. ცალკე რომელიღაცა ჯგუფი, მაღალკლასელები იქნება ეს თუ სტუდენტები, ამგვარი შეზღუდვა, გარდა იმისა, რომ მათი სწავლის ხარისხს ნულამდე აგდებს ფაქტობრივად, ბავშვებს ძალიან სერიოზულ პრობლემებს უჩენს. ეპიდემიოლოგიურად მათი ბინაზე დარჩენა ვერაფერს ცვლის. ჩვენ ეს ვნახეთ კიდეც, სკოლები დაკეტილი იყო, როდესაც დაიწყო ყოველდღიური შემთხვევების აღმავლობა. ამას სკოლებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ“.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, უფროსკლასელებშიც მოსალოდნელია ინფექციის შემთხვევები, მაგრამ ისეთივე, როგორც ყველა სხვა პოპულაციურ ჯგუფში.
„იმ აზრისგან, რა თქმა უნდა, შორს ვარ, რომ თავისუფლად მივუშვათ ყველაფერი და არაფერი არ გავაკეთოთ შეზღუდვების თვალსაზრისით. უბრალოდ ეს უნდა იყოს რაციონალური, მიზნობრივი და უნდა ემსახურებოდეს რაღაც კონკრეტულ მიზანს და უნდა ვიცოდეთ – რა მიზანს. ჩვენ რომ უბრალოდ ავდექით და უფროსკლასელები სახლში დავსვით, ამის მიზანი რა არის? ამაზე პასუხი არ არის“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა; VII-XII კლასის ჩათვლით კი – კვლავ დისტანციურ რეჟიმში.