შშმ ქალები სექსუალური ძალადობის პირისპირ ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ანა ქათამაძე

არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, მხარდამჭერი სერვისების,  ინკლუზიური განათლებისა და დასაქმების ნაკლები ხელმისაწვდომობა, სიღარიბე, – ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები ყოველდღიურად აწყდებიან.

ამ სიაში სექსუალური განათლების დამატება, ალბათ ბევრს ზედმეტად მოეჩვენება. ერთი ნაწილი იტყვის – გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას ნუ ეწევით,  ტრადიციებს ნუ შეურაცხყოფთო. ზოგიერთი იფიქრებს – რა დროს ეგ არის, როცა ამდენი პრობლემა გვაქვს, ხელოვნურად თავსმოხვეული საჭიროებაა ეგო. თუ ვინმეს ჩემი წინა პოდკასტი აქვს მოსმენილი, შეიძლება იკითხოს- თუ უმეტეს შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ქორწინების, ინტიმური პარტნიორის ან შვილების ყოლის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რა საჭიროა მათთან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარიო.

ამ პოდკასტში ვეცდები მოგიყვეთ იმ მითების შესახებ, რომელსაც აღნიშნული მოსაზრებები ეყრდნობა. ვისაუბრებ იმ ჩაგვრასა და ძალადობაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სექსუალობის შესახებ განათლების არ ქონის გამო აწყდებიან.

ადამიანების უმრავლესობითვის სიტყვა „სექსუალობა“ მხოლოდ სექსუალურ აქტთან ასოცირდება. აქედან მოდის სტერეოტიპული წარმოდგენები, რომ სექსუალური განათლება ეგრეთ წოდებული „სექსის ტექნიკების“ სწავლებას მოიცავს, უკეთეს შემთხვევაში კი მხოლოდ არასასურველი ორსულობის თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების თავიდან არიდებას გვასწავლის, ანუ ყველაფერს, რაც ისევ სექსუალურ აქტს უკავშირდება.

რეალურად კი განათლება ადამიანის სექსუალობის შესახებ ბევრად მეტია, ვიდრე ინფორმაცია უსაფრთხო სექსუალურ ცხოვრებაზე. ეს არის ცოდნა ჯანსაღი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, რაც ახალგაზრდებს პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. ამ  ცოდნის მიწოდება კი ბაღის ასაკიდან იწყება, მაგალითად, როდესაც ბავშვები სწავლობენ, ან ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თუ ვიტყვით, უნდა სწავლობდნენ, – თუ სხეულის რომელ ნაწილზეა შეხება დასაშვები და რა კონტექსტში, ან რა უნდა მოიმოქმედონ, თუ ვინმე სხეულზე უნებართვოდ შეეხება.

თუმცა, საქართველოში ადამიანები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, ამ ცოდნის გარეშე იზრდებიან. ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებსა და ქალებზე, ანუ მათზე, ვინც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პირისპირ საშუალოდ ათჯერ უფრო ხშირად რჩება.

კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა ფორმის ძალადობის მაჩვენებლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა  მიმართ უფრო მაღალია, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ქალების მიმართ. მოძალადის როლში კი ძირითადად, ოჯახის წევრები ან მათზე მზრუნველი სხვა პირები არიან, ვისზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ფინანსურად და სოციალურად არიან დამოკიდებულები. შესაბამისად, ძალადობის იდენტიფიცირებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

მაგალითად, ინტელექტუალური დარღვევის მქონე ქალები სექსუალური ძალადობის მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. გაუპატიურების თუ სხვა სახის სექსუალური ხასიათის დანაშაულის ობიექტი მათი 40-70% 18 წლის ასაკამდე ხდება. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იცნობს მოძალადეებს. ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები მათ სანდო მოწმეებად მაინც არ აღიქვამენ, რადგან ინტელექტუალური დარღვევა თავის თავში შემეცნების, აზროვნების, გაგებისა და გააზრების პროცესის სირთულეებს მოიაზრებს და აბა როგორ შეიძლება მსგავსი ეგრეთ წოდებული „პრობლემის“ მქონე ქალების ნდობა. მეორე მხრივ კი შესაბამისი ცოდნის გარეშე, ინტელექტუალური დარღვევის მქონე ქალები შესაძლოა, ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედება ძალადობაა.

კვლევების თანახმად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ყოველი მესამე გოგონა სექსუალური ძალადობის ობიექტი ასევე 18 წლამდე ხდება.  მოძალადეები ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი ადვილად ხელმისაწვდომნი არიან და რამდენადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების ნაწილს ვერბალური კომუნიკაციის სირთულეები აქვს, მოძალადეებმა ასევე შეიძლება ჩათვალონ, რომ ბავშვები ძალადობის შესახებ ვერავის ეტყვიან, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულის ჩადენის რისკს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი მითი არსებობს. მაგალითად, მითია, რომ ძალადობის ობიექტი თავად იწვევს მოძალადეს თავისი ქცევით ან გარეგნობით. თუმცა, სექსუალური ძალადობა ყოველთვის ძალაუფლების დემონსტრირების სურვილით არის განპირობებული. შესაბამისად, მოძალადეც დანაშაულის ობიექტს იმის მიხედვით ირჩევს, ვისზეც უფრო ადვილად მოიპოვებს კონტროლს. სწორედ ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ქალები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა, თუმცა ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ არც მშობლებს აქვთ. ამის გამო ისინი ხშირად თავს არიდებენ აღნიშნულ თემას და თავად იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რისი ცოდნაა მათი შვილებისთვის შესაფერისი და რისი არა. მშობელთა დამოკიდებულებები იმის მიხედვითაც განსხვავდება, შვილი ბიჭია თუ გოგო.

როგორც ერთერთ კვლევაში ჩემმა რესპოდენტმა მითხრა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭის მშობლებს უფრო ხშირად აინტერესებთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც სექსუალური აქტივობის დაწყების ეგრეთ წოდებული „შესაბამისი ასაკი“ მოვა, გოგოების სექსუალობის გამოხატვის თავისუფლება კი მთლიანად შეზღუდულია. მაშინაც კი, როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ინტერესი არსებობს, ინფორმაცია ქართულ ენაზე თითქმის არ მოიპოვება და ხშირად, არც შესაბამისი სერვისის მიმწოდებლებს აქვთ ამ მიმართულებით კომპტენეცია.

ამ პოდკასტის მიზანი არ არის იმის წარმოჩენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების და ქალების სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ძალადობრივ ხასიათს ატარებს, რომ ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება მხოლოდ სექსუალური ძალადობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირებისთვის არის საჭირო.

საკუთარ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, პირველ რიგში, ადამიანის უფლებას წარმოადგენს. ერთი უფლება კი მეორეზე უპირატესი არ არის. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლება, რადგან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჩვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სექსუალობა მოიცავს გენდერულ იდენტობასა და როლებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეროტიულობას, სიამოვნებას, ინტიმურობას და გამოიხატება ადამიანის ფიქრებში, სურვილებში, დამოკიდებულებებში, ურთიერთობებში. მაგრამ შესაძლოა ის არც გამოხატული იყოს და არც განცდილი. შესაბამისად წარმოდგენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს სექსუალობა არ გააჩნიათ, თავიდანვე მცდარია. მიზეზი, რის გამოც ისინი ამას შეიძლება არ გამოხატავდნენ, ხშირად არა მათი პირადი არჩევანი, არამედ საზოგადოებაში გავრცლებული სტერეოტიპული დამოკიდებულებებია. საზოგადოების დიდი ნაწილი კი თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობა ადამიანისთვის ეგრეთ წოდებული „პრობლემა“ ან „ტვირთია“, რომელიც ინტიმური სივრცისთვის ადგილს არ ტოვებს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ სექსუალურად აქტიურები, ისევე როგორც გინეკოლოგთან ვიზიტი არ გულისხმობს სექსუალური ცხოვრების ქონას. თუმცა, საკუთარ სხეულთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ყველას უნდა შეეძლოს, რაც ასაკის შესაბამისი, სწორი ინფორმაციისა და შენს საჭიროებებზე მორგებული სერვისების არ არსებობის პირობებში შეუძლებელია. თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მომდევნო პოდკასტში ვისაუბრებ.

დასასრულს კი მინდა, ძალიან მარტივი აქტივობის მაგალითი გაგიზიაროთ, რომელიც ნებისმიერი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არ მქონე ბავშვთან შეგიძლიათ გამოიყენოთ.

წინასწარ გამოჭერით, ან დახატეთ ასაკის და სქესის შესაბამისი ადამიანის სხეულის სურათი. შემდეგ, დაადეთ თითი სხეულის რომელიმე ნაწილს და ჰკითხეთ ბავშვს, შეუძლიათ თუ არა სხვა ადამიანებს სხეულის ამ ნაწილზე მათი შეხება. დადებითი და უარყოფითი პასუხების მოსანიშნად, შეგიძლიათ მწვანე და წითელი სტიკერები გამოიყენოთ.

რა თქმა უნდა ამ სავარჯიშოს ბავშვის საჭიროების მიხედვით ადაპტირება და მისი გაშლა ძალიან ბევრი კონტექსტის მიხედვით შეიძლება, ვინ არიან ეს სხვა ადამიანები ან ვის აქვს უფლება წითელ სტიკერიან ადგილას შეგვეხოს ან როდის. ან, შეიძლება, კითხვა შევაბრუნოთ და ბავშვებს ავუხსნათ, სად არ შეიძლება ჩვენთვის უცხო ან ნაცნობ ადამიანებს შევეხოთ. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ეს აქტივობა ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების ნაწილია, განათლებისა, რომელიც გვასწავლის ჩვენს სხეულთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას; რომელიც ეხმარება ბავშვებს, არ დაუმალონ მშობლებს მათი მისამართით განხორციელებული მათი ენით რომ ვთქვათ, „უზრდელობები“; იმ განათლებისა, ასე ხშირად რომ ეძახიან „გარყვნილების პროპაგანდას“. ამ ცოდნის გარეშე ცხოვრება არაერთ ადამიანს ტოვებს დაუცველს ძალადობის პირისპირ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგოებს, რადგან როგორც ჩემი ეტლით მოსარგებლე  რესპონდენტი იტყოდა, შენ გაიქცევი მაინც და აბა მე რომელ მოძალადეს უნდა გავასწროო.