ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორი კიმ კი დუკი ლატვიის დედაქალაქში კოვიდ- 19-ით გარდაიცვალა.
კრიტიკოსების მიერ ლამის საკულტოდ შერაცხული სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი კიმ კი დუკი, რომელიც მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული თუ პრიზიორია, რიგაში ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში, კოვიდით – 19-ით გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო.
ბალტიის ახალი ამბების სამსახურმა, ლატვიაში მცხოვრები რუსი კინოდოკუმენტალისტის, რიგის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების დირექტორის, რეჟისორ ვიტალი მანსკის განცხადება გაავრცელა, რომელმაც დაადასტურა ცნობილი რეჟისორის სიკვდილი. თუმცა, დეტალები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული. ცნობილია მხოლოდ, რომ კიმ კი დუკი რიგაში დეკებრის პირველ დღეებში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ფესტივალის ერთ-ერთ შეხვედრაში. დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა.
კიმ კი დუკის გარდაცვალება ასევე დაადასტურა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეულში: „სამხრეთ კორეელი რეჟისორი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც კოვიდ -19-ით მკურნალობდა, ლატვიის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში… გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა 11 დეკემბერს გამთენიისას“. უცნაურია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი შეიკავა რეჟისორის ვინაობის დაესახელებინა და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.
კინომანებისა და კრიტიკოსების ნაწილი რეჟისორის ფილმებს შედევრებად მიიჩნევდა, თუმცა ასეთივე მიუღებელი იყო მეორე ნაწილისათვის და ეს ორმხრივი რადიკალიზმი ადვილი გასაგებია. მისი ფილმები ბნელი, სასტიკი, მისტიკური განწყობითა და პირქუში ატმოსფეროთი გამოირჩევა. მაგალითად, 2000 წელს გადაღებული „კუნძული“, რომელმაც პირველი დიდი აღიარება მოუპოვა რეჟისორს საერთაშორისო მასშტაბით, კერძოდ, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
რეჟისორი განსაკუთრებით გააკრიტიკეს ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის გამო, თუმცა თავად ამობობდა, რომ ეს მის ქვეყანაში რეალურია. ფილმი სამხრეთ კორეის გაქირავებში ვერ მოხვდა, ხოლო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, ვენეციაში, ტორონტოში თუ სიდნეიში, ზოგიერთ მაყურებელს სეანსის დროს გული წაუვიდა. დიდ ბრიტანეთში „კუნძული“ საერთოდ, დისტრიბუციაშიც ვერ მოხვდა და შესაბამისად, მაყურებელმა ვერ ნახა.
კრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით, „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… გაზაფხული“ (2003) რეჟისორის საუკეთესო ფილმია, რადგან პირველქმნილი ბუნების შეურყვნელი სახე და ტბის უამაზესი პეიზაჟები წელიწადის ყვველა დროს, ერთგვარ კონტრაპუნქტად აღიქმებოდა სასტიკი სიუჟეტის ფონზე. 2004 წელს მისი ახალი ფილმი „სამარიტელი გოგონა“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს, სადაც „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურისთვის.
2007 წელს კიმ კი დუკს კანის კინოფსტივალმაც დაუფასა გარჯა და ფილმი „სუნთქვა“ ძირითად საკონკურსო პროგრამაში უჩვენა, სადაც რამდენიმე პრიზით დააჯილდოვეს. 2012 წელს კი ტრიუფალურად დაბრუნდა ვენეციის კინოფესტივალზე: მისი ახალი ფილმი „პიეტა“ (შურისძიებისა და დამსახურებული სასჯელის იგავი, რომელიც რეჟისორის საფირმო სისასტიკის „საკმაზებითაა“გაჯერებული) ფესტივალის მთავარი ჯილდოთი, „ოქროს ლომით“ აღინიშნა.
კრიტიკოსთა ზოგჯერ გადაჭარბებული შეფასების მიუხედავად, არის თემები, რომელსაც კიმ კი დუკი აშკარად სპეციალურად და მაყურებლის გასაღიზიანებლად მიმართავს. მაგალითად, ქალთა მიმართ აშკარად გამოხატული ძალადობა, გაუპატიურების სცენები თითქმის ყველა ფილმში და კასტრაციის სცენები, რომლებიც ძირითადად, ქალთა მონაწილეობით ხდება, ან სულაც მათი მორალური „დასჯის“ გამოა აქცენტირებული.
სხვათა შორის, ვენეციის 2012 წლის კინოფესტივალის დამთავრების შემდეგ, სეულში, რეჟისორის ბინაში მისულმა პოლიციამ მას ბრალი წაუყენა ფილმის გადაღებისას ქალთა მიმართ ძალადობაში. თუმცა, თავად მსახიობმა ეს ფაქტი რეჟისორის დავალებითა და სცენარში მოთხრობილი ეპიზოდით ახსნა.