„კაფე მიულერში“ – ხათუნა მზარელუას წიგნი თანამედროვე და კლასიკური ქორეოგრაფიის შესახებ.
წიგნი, რომელიც ახლახან დაიბეჭდა სტამბა „სეზანში” და რომლის შესახებაც მოგითხრობთ, ჩემთვის სუბიექტურად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ საინტერესო გამოცემას. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა და მკვლევარმა, ხათუნა მზარელუამ, რომელიც წლების წინ ჟენევის უნივერსიტეტში თანამედროვე და კლასიკური ქორეოგრაფიის ისტორიას სწავლობდა, გადაწყვიტა, თავისი მრავალწლიანი გამოცდილება წიგნად ექცია.
ვისაც ახსოვს, 2011-2014 წლებში, თბილისში, ევროპის სახლში წაკითხული მისი ლექციების ციკლი თანამედროვე ევროპული და კლასიკური ქორეოგრაფიის შესახებ („მრავალსახოვანი ევროპა XX და XXI საუკუნეების ბალეტის ფონზე“), მისთვის წიგნი „კაფე მიულერში“ ამ ლექციების ერთგვარი შეხსენება და შევსება იქნება. ხოლო, ვინც ცეკვის ჯადოსნური სამყაროს შესახებ პირველად ამ წიგნში ამოიკითხავს, ბევრად მეტი აღმოჩენა ელის…
როცა ხათუნა მზარელუას „კაფე მიულერს“ (წერილები ცეკვაზე) კითხულობთ, შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს ჟანგბადით მდიდარ დაბურულ ტყეში იხეტიალეთ ან ეგზოტიკურ, დენდროლოგიურ პარკში გაისეირნეთ. თქვენს თვალწინ იშლება კლასიკური თუ თანამედროვე ქორეოგრაფიის ყველაზე საინტერესო ფურცლები და მითოლოგიური სახელებითა და სახეებით მოპირკეთებული სინატიფეც. გარდა ამისა, წაკითხვისას თანამედროვე ცეკვის მძლავრ, გაბედულ, ზოგჯერ დაუნდობელ, ზოგჯერ კი ირონიულ სოციალურ და პოლიტიკურ ქვეტექსტებს იგრძნობთ.
ჩვენში საკმაოდ მწირია ინფორმაცია და მითუმეტეს, წიგნები თანამედროვე ცეკვისა თუ ბალეტის შესახებ. ამდენად, „კაფე მიულერით“ (სათაური ცხადია, უკავშირდება თანამედროვე გერმანელი ქორეოგრაფის, პინა ბაუშის ამავე სახელწოდების ცნობილ ოპუსს) ქორეოგრაფიითა თუ თანამედროვე ცეკვით დაინტერესებული მკითხველი ნამდვილ საჩუქარს მიიღებს.
შეიძლება, ითქვას, რომ „კაფე მიულერში“ ეს არის თანამედროვე ცეკვის დადგმებისა თუ კლასიკური ბალეტების ახალი ვერსიების შესახებ წიგნის შექმნის ერთ–ერთი პირველი მცდელობაა, რომელიც ქრონოლოგიურად გვიჩვენებს ცეკვის განვითარების თანამედროვე გზას.
წიგნი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და სულ 17 წერილისგან შედგება. პირველი ეთმობა თანამედროვე ცეკვის ზოგად მიმოხილვას, ხოლო დანარჩენები – თანამედროვე ქართულ და უცხოურ ბალეტებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის დადგმები: „გურჯი ხათუნი“ და „ბეატრიჩე“. ასევე, კლასიკური ბალეტების – „ჟიზელის“, „კოპელიას“, „სილფიდების“ ახალი ქორეოვერსიები.
მკითხველი გაეცნობა ისეთ საინტერესო და ჩვენთვის თითქმის უცნობ დადგმებს, როგორებიცაა: იაპონელი მოდერნისტის, საბურო ტეშიგავარას „პარა დისე“; ალბანური წარმოშობის ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟის „მედეას სიზმარი“ და „ფრესკა“; ალჟირელი ფრანგის, რაშიდ ურამდანის „ღამის გადალახვა“; სახელოვანი რუსი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ვაცლავ ნიჟინსკის ბალეტს „ფავნის დასვენება შუადღეს“ (რომელიც მან ფრანგი პოეტის, სტეფან მალარმეს ლექსის მიხედვით დადგა).
გამორჩეული და ცალკე წერილი ეთმობა ასევე ბრონისლავა ნიჟინსკას ბალეტს „ცისფერი მატარებელი“, რომელიც მან ჟან კოკტოს სცენარის მიხედვით შექმნა და რომლის სცენოგრაფიაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველმა მხატვარმა ალექსანდრე შერვაშიძემ. მან ამ სპექტაკლისათვის სასცენო ფარდა პიკასოს ნახატის მიხედვით შექმნა.
ხათუნა მზარელუა წიგნს ორი წლის განმავლობაში (2019 – 2021) წერდა. დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა ფოტოების შერჩევას და საავტორო უფლებების მოპოვებასა და გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ფრანგმა, შვეიცარიელმა და ავსტრალიელმა ფოტოგრაფებმა წიგნის ავტორს სრულიად უსასყიდლოდ მისცეს საკუთარი ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება.
წიგნი უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია მოქმედი თუ მომავალი მოცეკვავეებისათვის, ცეკვის სფეროს წარმომადგენლებისა თუ ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესებულთათვის. შესაბამისად, განსაზღვრული რაოდენობა უფასოდ გადაეცემათ სახელოვნებო სასწავლებლებს: ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის აღსაზრდელებს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას, ილიას სახელობის უნივერსიტეტს, ქუთაისის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს…
გამოცემის მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომლის გარეშეც ავტორის თქმით, წიგნი „კაფე მიულერში“ დღის სინათლეს ვერ იხილავდა. პრეზენტაცია გაიმართება 2023 წლის იანვარში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.