დემონები აბობოქრდნენ

დავით ბუხრიკიძე

დაახლოებით ოთხ-ნახევარი წლის წინ, 2018 წლის გაზაფხულზე, სამეფო უბნის თეატრში დაიდგა ცნობილი თანამედროვე შვედი დრამატურგის, სცენარისტისა და რეჟისორის, ლარს ნურენის პიესადემონები“. (სხვათა შორის, ავტორი 2021 წლის იანვარში, 76 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა). 

სპექტაკლის  რეჟისორიმიხეილ ჩარკვიანი, თარგმანიდავით გაბუნია, სცენოგრაფია და მხატვრობაქეთი ნადიბაიძე. მთავარ როლებში: კახა კინწურაშვილი (ფრანკი), ნატუკა კახიძე (კატარინა), თორნიკე გოგრიჭიანი (თომასი), ქეთა შათირიშვილ (იენა). ვიტყოდი, საკმაოდ რთულად მოსანელებელი, არაგასართობი და ფსიქოლოგიური წიაღსვლებით აღსავსე ნახევარდრამა თუ ნახევარკომედია იყო, უფროშავი კომედია“, ფსიქოდრამის ელემენტებით. 

დემონებმა თითქოსშვედური კვარტეტისუგრძნობი, მაგრამ გაუწონასწორებელი  წევრები ბრძოლაში გამოიწვიეს და მათ ბოლომდე მოსვენებას არ აძლევენ. სრულიად ჯანმრთელ ზრდასრულ კაცებსა და ქალებს ხან სძულთ და ხან უყვართ ერთმანეთი; ხან ლაღად ოხუნჯობენ, ხანაც მზად არიან ერთმანეთი გაანადგურონ. ერთერთ სცენაში ფრანკი და თომასი ერთმანეთს კოცნიან, თუმცა ვნებას მალევე უარყოფა და ზიზღი მოსდევს.

გამოხდა ხანი და ზედაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, ქოცურტროლურმა მედიამმიაკვლიასპექტაკლის ჩანაწერსვიდეოს, სადაც კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გმირები ერთმანეთს კოცნიან. დაურთო მას ამაზრზენი, ფსევდომორალური კომენტარები, რასაც სინამდვილეში, სრულიად მიზანმიმართული ჰომოფობიური და პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა. 

საქმე ისაა, რომ კახა კინწურაშვილმა, რომელმაც შთამბეჭდავი როლები განასახიერაახალი თეატრისადა სამეფო უბნის თეატრის სცენებზე (პლუს სერიალიტიფლისი“), რამდენიმე თვის წინათ გააკრიტიკაქართული ოცნებისპოლიტიკა. სრულიად მოზომილად, ვიტყოდი მსუბუქადაც კი, მაგრამ ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა ტროლბოტების დაქოქვისა და ამაზრზენი კომენტარებისათვის. რაც ალტინფობნელეთისა და ათასი ჯურის ვითომკონსერვატორული მიმღებლობის მქონე პუბლიკისთვის ასევე სიძულვილის წამახალისებელი იყო.

იმის ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შეამციროს, ხელისუფლება და  მისი მხარდამჭერი მედიამომხრეებში სიძულვილის ენას კიდევ უფრო აღვივებენ, ახალისებენ. წესით, საზოგადოება და მედია საერთოდ არ უნდა აჰყვეს პოსტტივის აჯენდას, ქოცების მედიაგეგმას და მისი მიზანდასახული სიგიჟეები ყურადღების მიღმა უნდა გაატაროს. მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელიც მსახიობი კაცების კოცნაზე გაცილებით მნიშვნელოვანია: პირველივე, რისი მტკიცებაც ამ პროვოკაციის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში დაიწყო, არის ის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სცენაზე ხდება; რომ კოცნა მსახიობების პროფესიული ვალია, თორემ ისინიც ჩვეულებრივი კაცები არიან! უბრალოდ, ასეთიროლებიერგოთ.

ვინც დარწმუნებული ჰომოფობია, მისთვის არანაირი არგუმენტი არ გასჭრის. ამიტომ, ამის მოფიქრება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სცენაზე ხდება, რომ მაყურებელი მაინც ზომიერწესიერია და ის უბრალოდ, „თეატრალურ გრძნობებსაფასებს, თორემ სინამდვილეში ზნეობრიობის მომხრეა, ძალიან საზიანო და სახიფათოა.

რეალურად ეს ნიშნავს, რომ ოთხი წლის წინანდელი ვიდეონაგლეჯის აფრიალება, მხოლოდ სცენაზე თამაში გარანტიაა, ან რაღაცის ალიბია (მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებვინც ჰომოფობია, მისთვის სცენისა თუ არტისტის არგუმენტიც მაინც არ ჭრის). ამდენად, პოსტტივის შეკვეთა, თუ მიზანდასახული ბოროტი სიშლეგე მაინც გასაგები მესიჯის მატარებელია: ვინც სცენაზე ერთმანეთს კოცნის, მართალია ლიბერასტია, მაგრამ ჯანდაბას, ეს რაღაცნაირად. მაინცთამაშია“; აი, ვინც მართლა და ცხოვრებაშიც ამას აკეთებს, ის გაცილებით საშიშია და  მას ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ასცდება. ამდენად, დემონების გამოღვიძებააბობოქრება ისევ კარგად  ნაცადი საშუალებაა ადამიანთა დასაშანტაჟებლად.

მოკლედ, ტყუილად არ დაუდგამს ორიოდე თვის წინ, ნინია ხარატიშვილს თავისი ახალი პიესა – „ფედრა ცეცხლის ალში“, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე, სადაც 17 მაისისა და 5 ივლისის შიშები კიდევ უფრო შემზარავი ფორმით  ტრანსფორმირდებაფედრას ნამდვილ გრძნობას მისი მომავალი სარძლოპერსეა აღვიძებს. სწორედ ამის გამო ისჯებიან ისინი სამაგალითოდ და სწორედ, ანტიკური მითის ეს ახლებური რაკურსი ანიჭებს დადგმას მძაფრად დრამატულ განზომილებას. ასე რომ, პოსტტივის შესაძლოა, საქმე ისევ მიეცეს…