რობერტ სტურუას პესიმისტური საპრემიერო ვნებები სოციალური ქსელების მიღმა.
რუსთაველის თეატრის საპრემიერო სპექტაკლზე მინდა მოგითხროთ, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართა და რომელიც რობერტ სტურუამ დადგა. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, მისი პირადი „სპექტაკლი“ სოციალურ ქსელებში გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და საგანგაშო სიგნალებითაც გამოირჩეოდა. ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც საკუთარი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური თუ სექსუალური ცხოვრების ყველაზე ინტიმური შრეები ჩვენივე სისულელის გამო ნებით გამოვამზეურეთ და საჯიჯგნად სოციალურ ქსელებს მივუგდეთ. დაუდევრობაში გადასული ეს საჯარო ფსიქოანალიზი თუ ეგზჰიბიციონისტული ვნება კი გაცილებით საშიშ ინსტრუმენტად იქცევა საზოგადოების ხელში, ვიდრე რუტინად ქცეული პროფესიული საქმიანობის შეფასება ან კრიტიკა.
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ მითოლოგიურ წარსულსა და ისტორიაში შესულ სპექტაკლებს ბათქაშჩამოცვენილი ატლანტის სვეტივით ამაგრებს, დღეს ღიად ადანაშაულებენ ფავორიტი მსახიობის, ბესო ზანგურის მფარველობაში. გახმაურებული ძალადობისა და სკანდალის ფონზე, ეს ისტორია არც უხამსი ანეკდოტივით მოსასმენია (რაღა ახლა გაახსენდათ11 წლის წინ მომხდარი ცემის ფაქტი ცნობილი მსახიობის მონაწილეობით?) და არც პოლიტიკური თუ ესთეტიკური კონიუნქტურასავით ელასტიური (სტურუა ხომ ყველა დროში დიდია და თან დისიდენტი რეჟისორია!). ისე, ძაალიან საინტერესოა, რა გაგრძელება ექნება ყველა როლიდან მოხსნილი მსახიობის, ბესო ზანგურის ისტორიას და უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში, დააბრუნებს თუ არა მას რობერტ სტურუა სცენაზე. თუ სტურუა საერთოდ დაიცდის მანამდე.
რობერტ სტურუას დღემდე ცოცხალი, მაგრამ მაინც შთამბეჭდავად მოძველებული ეპიკურ-პოლიტიკური- კარნავალური თეატრი ცხადია, ინახავს საუკეთესო შექსპირულ მოგონებებს, მინავლებულ ბრეხტიანულ კარნავალებსა თუ ნებით განაყოფიერებულ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ დრამატურგიას (ნოდარ წულეისკირი, თამაზ ჭილაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ლაშა ბუღაძე). თუმცა თეატრალებმაც და „განსმდგომმა შუაკაცებმაც“ ლამის დაიზეპირეს რეჟისორის სამეტყველო, ვიზუალური და სააზროვნო ენა – დამღლელი, ცოტა პროვიკალიული, აპოკალიფისის მაუწყებელი, მაგრამ ყოველთვის ირონიული და დღეს უკვე ნაკლებდ თვითირონიული.
ეს არის რეჟისორის შემოქმედებაში მესამე უსიტყვო სპექტაკლი სახელწოდებით „ერთხელ… მხოლოდ“. შეგახსენებთ, რომ პირველი იყო იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენით“ ინსპირირებული „იაკობის სახარება“ 90-იან წლებში, შემდეგ უკვე „სტიქსი, 2003 წელს, რომელშიც სტურუა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ პოლიფონიადა თუ კაკაფონიას გია ყანჩელის მუსიკით აღწერდა და აი, მესამე და ჩემი აზრით, ყველაზე სუსტი, ნაჩქარევი და ყველაზე პესიმისტური ოპუსი. ამჯერადაც რეჟისორი აღარ ენდობა დრამატურგის ტექსტს და საკუთარ იდეებსა და ფანტაზიას რუსთაველის თეატრის ოცამდე ცნობილ თუ სრულიად ახალგაზრდა მსახიობს ანდობს.
ახალ წარმოდგენაში მსუბუქი ამ მძიმე წონის ირონიისთვის (და მითუმეტეს, თვითირნიისთვის) ადგილი აღარ რჩება. როგორც თეატრალური აფიშა გვაუწყებს, ესაა „ზმანება ერთ აქტად“, რომელშიც იმდენი უსიყვარულობა, ქაოსი და სასოწარკვეთაა, ისეთი სოციალური, პოლიტიკური კრიზისი თუ პიროვნული თვითგამანადგურებელი აქტებია აღწერილი, რომ თეატრში გატარებული 75 წუთი 75 შემზარავ საათად მოგეჩვენებათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რეჟისორს არა აქვს მომავლის რწმენა და თითქოს მოშლილი აქვს ზნეობრივად გამამართლებელი საყრდენი, რომელიც მას ტოტალური პესიმიზმიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემდა.
ადრინდელი სპექტაკლების სხარტი, მნიშვნელოვნი, გამორჩეული და დამცინავი ირონიიდან დღვანდელ „ზმანებას“ ელეგანტურობის და ზომიერების ნაშთები აღარ შემორჩა (რითაც სხვათა შორის, ნამდვილად გამოირჩეოდა „სტიქსი“, რომელიც ფატობრივად, გია ყანჩელის ჩუმი მუსიკის ხმამაღალი და პოლიტიკური განაცხადი იყო). წარსულისა და აწმყოს კოშმარული ხილვებით ნაკვები სიზმრისეული სამყარო ისევ გვექაჩება ავბედით სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში, საიდანაც გამოსავალის კონტურებიც არ ჩანს.
სპექტაკლი „სტიქსი“ შემთხვევით არ გვიხსენებია. სხეულების მუდმივი დაცემა-განადგურება-აღდგენა, ანუ ათასჯერ გამეორებული სიკვდილისა და სიცოცხლის მეტაფორა იქ ბევრად შთამბეჭდავად იყო გადმოცემული და იდეურადაც გამართლებული. ამჯერად მხოლოდ შავ-თეთრი კოსტიუმებით შემოსილი სხეულების მექანიკური ქმედება-გამეორებას ვხედავთ, რომელთაც ვერ შველით ვერც საკმაოდ ცოცხალი ქორეოგრაფიული მონახაზი (ქორეოგრაფი -კოტე ფურცელაძე) და ვერც ეფექტური კოსტიუმები და სცენოგრაფია, როელიც ანა ნინუამ შექმნა. რუსთაველის თეატრის გიგანტური ცარიელი სივრცე და მისი გაშიშვლებული რკინის კონსტრუქციები კი ჩვენს დეკონსტრუირებულ და განადგურებულ გარემოს უფრო აწერენ.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში კლასიკური მუსიკის ლამის ყველა ჰიტი ჟღერს. გეგონება ვიღაცას კლასიკური FM-რადიო დარჩა ჩართული – ბეთჰოვენით და ჩაიკოვსკით დაწყებული, შტრაუსითა და ფალიაშვილით დამთავრებული. პლუს ხალხური სიმღერები და ჰიტები დები იშხნელების რეპერტუარიდან. გამაყრუებლად ხმამაღალ მუსიკას დროდადრო ენაცვლება „საფირმო“ ჭექა-ქუხილი, რომელსაც სტურუა „მეფე ლირიდან“ მოყოლებული, თითქმის ყველა სპექტაკლში იმეორებს.
ციტატები მისი ადრეული თუ გვიანდელი სპექტაკლებიდან ამით არ ამოიწურება: საორკესტრო ორმოში განუწყვეტლივ ვიღაცეები ჩადიან და ამოდიან, წიგნი ჭერიდან სცენაზე ისევ ეცემა, რომელსაც მერე ვიღაც აუცილებლად გადაშლის, დირიჟორის ჯოხით შეიარაღებული დიქტატორები ერთმანეთს ენაცვლებიან, ოქროსფერი გვირგვინებისთვის დაუნდობელი ბრძოლაა გაჩარებუი, შავი ქოლგები სინქრონულად იხსნება და იკეცება, სცენის სიღმეში ვიღაცის აჩრდილი აუცილებლად დაძრწის, რათა ავანსცენაზე უკვე მთავარ გმირად მოგვევლინოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ყველას წინააღმდეგოა: ქალები, კაცები, უბრალოდ გამვლელები, შლეგი დიქტატორები, დირიჟორები, მოკლევადიანი გმირები, ფსევდო-მეამბოხეები, ზომბირებულ ხალხი, ისინი ერთმანეთს ადგილს უცვლიან, განუწყვეტლივ ერთმანეთს კლავენ და ანადგურებენ, თითქოს მრავალჯერ გამეორებულ კოშმარულ სიზმარს ვხედავდეთ…
დაბოლოს, გალაკტიონით ფრაზით შთაგონებულები („ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია“) სტურუას შავ-თეთრ „ზმანებას“ დაახლოებით ასე თარგმნიან: სხეული ჩვენი უშავესი სიზმრის ფერია.