მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და ცვლილებების ნუსხა გამოაქვეყნა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.
ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა კომპონენტს შეეხო.
რამდენიმე ცვლილებას სასკოლო საზოგადოებაში ბევრი განხილვა მოჰყვა. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, სკოლებს თავად შეუძლიათ, შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში.
სამინისტროში განმარტეს, რომ აქამდე, ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით მკაცრად იყო ჩამოყალიბებული განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების კომპონენტები – საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებები. შესაბამისად, მოსწავლის ნიშნები საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ დავალებებში იწერებოდა, რაც საბოლოოდ სემესტრულ და წლიურ ნიშანს განსაზღვრავდა.
ამასთანავე, მკაცრად იყო განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა. შეფასების განსხვავებული სისტემა საჭიროებდა სამინისტროსთან შეთანხმებას.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით აღარ განისაზღვრება საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულოობა, შესაბამისად, სკოლა უფლებამოსილია, საგნების მიხედვით თავად განსაზღვროს შეფასების სემესტრული თუ წლიური ნიშნის დაანგარიშების სისტემა.
სკოლა თავად განსაზღვრავს, მოსწავლეთა ინტერესებიდან და საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ რა ფორმებს გამოიყენებს – პროექტის შეფასება, შემაჯამებელი წერა, დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, საკლასო სამუშაოები თუ სხვ. აქედან გამომდინარე, შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას.
განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცვლილებათა ჩამონათვალი, საერთო ჯამში, შეიძლება დადებითად შეფასდეს, როგორც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. რადგან, მისი შეფასებით, მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა არის გადატვირთული, ზედმეტად რეგულირებული, უფრო მეტად სკოლების თავისუფლების შემზღუდველი, ვიდრე მრავალფეროვნების წამახალისებელი.
თუმცა, მისი შეფასებით, აქვე მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ის კომპონენტებიც, რომლებიც გამოქვეყნებული ცვლილებების გარდა, კვლავ ზედმეტად რეგულირებული დარჩება ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ეს დეტალები კი უფრო ცხადად დოკუმენტის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებისას გამოჩნდება, რაც ცვლილებების შესაფასებლად უფრო სრულყოფილ სურათს შექმნის.
„ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმების ისტორიას, 2007 წელს, როცა შემოვიდა პირველი სასწავლო გეგმა, იქ იყო ვალდებულება, რომ განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები ყოფილიყო, მაგრამ არ იყო დაზუსტებული, თუ რომელი. ანუ თავისუფლება ჰქონდათ სკოლებს, რომ თვითონ განესაზღვრათ, რა კომპონენტებით შეაფასებდა თითოეული კათედრა ან საგანი თავის მოსწავლეებს და თავადვე შეეძლოთ ამ შეფასებისთვის წონა მიენიჭებინათ“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ 2010 წელს მასწავლებლების პრობლემების საპასუხოდ, რომელთაც უჭირდათ სხვადასხვა კომპონენტისთვის სხვადასხვა წონის მინიჭება და ხშირად მიმართავდნენ სამინისტროს დახმარებისთვის, სამინისტრომ დააწესა სტანდარტული კომპონენტები სტანდარტული წონებით, თუმცა, მისივე შეფასებით, სამინისტროს მაშინდელი გადაწყვეტილება არ იყო სწორი.
„დღეს ისევ უბრუნდება პირვანდელ ვერსიას იმ გაგებით, რომ თვითონ შეუძლიათ, განსაზღვრონ, თუ რა კომპონენტები იქნება და რა წონით, მაგრამ არ ვიცით, ვალდებულება ექნებათ თუ არა სკოლებს, რომ ერთზე მეტი კომპონენტით შეაფასონ თითოეულ საგანში, შეიძლება ასეთი ვალდებულებაც არ ჰქონდეთ, ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს ამ ჩანაწერებიდან.
თუ სკოლები გააგრძელებენ მოსწავლეების მრავალკომპონენტიან შეფასებას, იქნება კარგი, მაგრამ თუ ეს ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ სკოლები დაიწყებენ ბავშვების ისე შეფასებას, როცა ერთი ნიშანი იწერებოდა და არავინ იცოდა, ეს ნიშანი რისთვის იყო და რისგან შედგებოდა , ეს არ იქნება მაინცადამაინც სასარგებლო მოსწავლეებისთვის, მოსწავლეს უნდა შეეძლოს, საკუთარი სწავლა დაინახოს ბევრი სხვადასხვა კუთხით…“
კიდევ ერთი ცვლილებით, ახალი ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს, რომელიც დასაბუთებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე კი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ ეს ცვლილება არა მხოლოდ მცირეკონტინგენტიან სკოლებზე იმოქმედებს, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმონ საათობრივი ბადე, არამედ ისეთ სკოლებზეც, რომლებსაც სურთ, გარკვეული მიმართულებებით გააძლიერონ სწავლება.
აქამდე მოქმედებდა სისტემა, როცა სახელმწიფო თავად აწესებდა, თუ რომელი სკოლები მიიჩნევა გაძლიერებული სწავლების სკოლებად, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ცვლილება იძლევა საშუალებას, სხვა სკოლებმაც დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ გარკვეული მიმართულებით თავიანთი სწავლება.
„მაგრამ აქ ცხადია დგება რესურსების საკითხი,- აქვს თუ არა სკოლას საკმარისი რესურსი, რომ ვთქვათ დამატებითი საათები ჰქონდეს სასწავლო გეგმაში? ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭიროზე მეტი ასწავლონ, სასურველზე მეტი საათები ჰქონდეთ მოსწავლეებს კვირის განმავლობაში? სამინისტროს ეყოფა თუ არა რესურსი იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით მოთხოვნები გადაამუშაოს, რათა ასეულობით სკოლის სასწავლო გეგმები შეითანხმოს?“
ჯანაშია ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის ხელმძღვანელს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სასკოლო საათობრივი ბადის განაწილების საკითხები. და თუკი დემოკრატიული არ იქნება სკოლის მართვა, მაშინ შესაძლოა, პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვიოს და ზოგიერთ სკოლაში საათების გადანაწილების დროს გაუჭირდეს სკოლის ადმინისტრაციას, დაასაბუთოს, თუ რატომ ანაწილებს საათებს ისე, როგორც ანაწილებს. რადგან აქამდე ამ ლეგიტიმაციას ისინი ეროვნული სასწავლო გეგმისგან იღებდნენ.
„სხვადასხვა გარემოში არის ეს გამოცდილება შესწავლილი, რომ თუ არსებობს რაღაც რეკომენდებული მაშინ, როცა უჭირთ სხვა რაიმე ლეგიტიმაციის წყაროს პოვნა, მიჰყვებიან სწორედ ამ რეკომენდებულ ვერსიებს. და მხოლოდ ის სკოლები, სადაც უფრო გაბედული მმართველები ჰყავთ, დგამენ მრავალფეროვნებისკენ ნაბიჯებს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც არსებობს სისტემები, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენთანაც შემოღებულიყო. მაგალითად, ლატვიაში იყო ადრე ასეთი სისტემა, როცა სკოლები უთანხმებდნენ სამინისტროს განსხვავებულ სასწავლო გეგმას, სამინისტრო ამტკიცებდა და აქვეყნებდა ამ შეთანხმებულ სასწავლო გეგმებს და მერე როცა სხვა სკოლები ხედავენ, რომ არსებობს სამინისტროს მიერ დამტკიცებული განსხვავებული სასწავლო გეგმა, მათაც უჩნდებათ შესაძლებლობა, ამ ალტერნატივის მიხედვით მოაწყონ თავიანთი სასწავლო პროცესი.
ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს შეთანხმებები, მაგალითად, კერძო სკოლები დღესაც უთანხმებენ განსხვავებულ სასწავლო გეგმებს სამინისტროს, მაგრამ ეს გეგმები არსად არ ქვეყნდება და სხვა სკოლებისთვის არაა მათი შინაარსი ცნობილი.
ბევრ სკოლას ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლებოდა სხვანაირად გაეკეთებინათ ორგანიზება საათებისა თუ საგნობრივი გადანაწილების. მე მგონია, რომ ასეთი სისტემის შემოღება იქნებოდა სასარგებლო, როდესაც შეთანხმებული სასწავლო გეგმებიც ქვეყნდება ოფიციალური სასწავლო გეგმის პარალელურად.“
სკოლების რა ნაწილი არის დღესდღეობით მზად ცვლილებებისთვის? სიმონ ჯანაშია განმარტავს, რომ საერთაშორისო მასშტაბით დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ცვლილებებისთვის მზადყოფნა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც მნიშვნელოვანია გარკვეული ინსტიტუციური კულტურა, რომელიც ყალიბდება ხოლმე თავად სკოლის შიგნით.
სკოლები მეტწილად მიჰყვებიან ამ დამკვიდრებულ ინსტიტუციონალიზებულ გზას და ინოვაციები მაინცდამაინც არ ხდება-ხოლმე სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი განხორციელების თავისუფლება შეიძლება ჰქონდეთ.
„თვითონ სკოლების მართვა დღეს არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული. თავისუფლება კი მოითხოვს დემოკრატიულ მართვას, იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღონ სკოლებმა ავტონომიის პირობებში.
ავტონომიის გადაცემა ერთი მხრივ კარგია იმ სკოლებისთვის, რომლებსაც აქვთ რესურსები და რომლებსაც უნდათ რომ განავითარონ ინოვაციური სასწავლო გეგმები. მეორე მხრივ არის ხოლმე ინსტრუმენტი სახელმწიფოსგან სკოლებზე პასუხისმგებლობის გადაბარების.
მაინცდამაინც კარგი შედეგები არ მოაქვს ამ თავისუფლების გადაცემას აბსოლუტურად ყველა სკოლისთვის. მე მგონია რომ შეიძლებოდა ჩვენთანაც გარკვეული პირობებით გადაცემულიყო სხვადასხვა სკოლისთვის, მაგალითად იგივე ავტორიზაციის პროცესი შეიძლებოდა მებმოდა ამას, რომ ის სკოლები რომლებიც აკმაყოფილებენ რაღაც კრიტერიუმებს მათთვის უფრო მეტი ავტონომია ყოფილიყო ვიდრე სხვა სკოლებისთვის, რომლებიც აჩვენებენ რომ ჯერ შეიძლება მზად არ იყვნენ.“
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ განვითარებისთვის ორი რამაა საჭირო, პირველი – განვითარების შემაფერხებელი ბარიერების მოხსნა – რისთვისაც აღნიშნული ცვლილებები დადებით ნაბიჯად შეიძლება შევაფასოთ, მეორე ფაქტორი კი განვითარების წახალისებაა.
წახალისება კი მაგალითად შეიძლება მოხდეს იმით, რომ სკოლას ჰქონდეს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ მრავალფეროვნება დაინერგოს სასწავლო გეგმებში, იმისთვის რომ დაამატონ ახალი საგნები, მოიძიონ ახალი კადრები და ა.შ.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რატომ მოხდა წლების განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმის ზედმეტად რეგულირება? მისი განმარტებით, ამ რეგულაციების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო თავად სკოლებისა და მასწავლებლების მოთხოვნით, ზოგიერთ შემთხვევაში, რომ რაღაც საკითხები კარგად ყოფილიყო განმარტებული, ის საკითხები, რომლებზეც თვითონ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება.
უფრო მეტიც, ეს იყო გამოწვეული იმითაც, რომ ზოგადად განათლების პოლიტიკა „დასჯაზე იყო ორიენტირებული და არა წახალისებაზე“, ამიტომ ფრთხილობდნენ სკოლის ხელმძღვანელები განსხვავებული ინიციატივის გამოჩენას.
„საინტერესოა, ახლა რას გააკეთებს სახელმწიფო საიმისოდ, რომ სკოლებმა დაიჯერონ, რომ არ დაისჯებიან განსხვავებული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მაინცდამაინც სტანდარტული.
მაგალითად, ავტორიზაციის ექსპერტი რომ მივა სკოლაში და აღმოაჩენს, რომ სკოლა სრულიად სხვანაირად არის ორგანიზებული, ამას დადებითად შეაფასებს თუ გადახვევად ჩამოყალიბებული ტრადიციისგან, ნორმისგან? სამომავლოდ ეს იქნება მნიშვნელოვანი.
იმისთვის, რომ სკოლები თამამად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ბევრი რამეა გასაკეთებელი მათ შორის გაძლიერებაა საჭირო სკოლის ხელმძღვანელების, ჩვენ რასაც ვხედავთ იმავე დირექტორების არჩევნების დროს, ეს პროცესი მაინცდამაინც არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფოს უნდოდეს, გააძლიეროს სკოლის მმართველი“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
გარდა ზემოთ აღწერილი ცვლილებებისა, სამინისტროს ცნობით, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება; განისაზღვრა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები; ამასთანავე, დაკონკრეტდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება; დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა; ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ა.შ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებას მხარდამჭერი ღონისძიებები მოჰყვება სამინისტროს მხრიდან.