სკოლის ეზოში მოწყობილი სათბური და მოსწავლეები სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად

პანდემიის დროს მარნეულის სოფელ მარადისში სკოლის მოსწავლეები თავიანთი შრომით მოპოვებული ფულით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ.

სამი წლის წინ მარნეულის სოფელ მარადისში სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს გარემოსდაცვითი კლუბის ჩამოყალიბების იდეა გაუჩნდა. იდეა დამრიგებელს გააცნო და ლამარა ბოლქვაძეც, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, თავის მოსწავლეებთან ერთად ბევრი საინტერესო და სოფლისთვის მნიშვნელოვანი ამბის თანამონაწილე გახდა.

ეკოკლუბის ჩამოყალიბების იდეის ავტორმა და მისმა თანატოლებმა სკოლა უკვე დაამთავრეს. ახლა მათ საქმეს ცხრა უფროსკლასელი მოსწავლე აგრძელებს. ეკოჯგუფი, ძირითადად, გარემოსდაცვითი ხასიათის საქმიანობებსა და პროექტებზე მუშაობს, თუმცა რამდენიმე თვის წინ საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებაც გადაწყვიტეს. დაიწყეს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარება.

სკოლის ეზოშივე მოწყობილ სათბურში ოქტომბრიდან დღემდე მოსავალი ოთხჯერ აიღეს.

პანდემიის პირობებში, სხვადასხვა სახეობის ყვავილებისა და ბოსტნეულის გაყიდვის შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და სათამაშოები მიუტანეს. ასევე, გეგმავენ, დაეხმარონ სტუდენტს, რომელსაც უნივერსიტეტში გადასახდელი თანხის შეგროვება უჭირს.

„ამ ყველაფერში სოფლის მოსახლეობაც გვიჭერს მხარს, მუდმივად გვეხმარებიან და ცდილობენ, ჩვენთან ერთად იყვნენ ჩართული მსგავს საქველმოქმედო საქმიანობაში“, – ამბობს 16 წლის მარიამ პაქსაძე, ეკოკლუბის ერთ-ერთი წევრი.

სკოლის მოსწავლეებს მომავალშიც ბევრი იდეა აქვთ. მასწავლებელთან ერთად ცდილობენ, მოუარონ სკოლასთან გაკეთებულ სკვერს და მათივე ძალისხმევით იქვე დარგულ ხე-მცენარეებს; დაგეგმილი აქვთ ეზოში კინოკლუბის მოწყობა, სადაც მათთან ერთად, სოფლის სხვა მოსახლეებიც ისარგებლებენ; ასევე, მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ მეორადი მასალებისგან გამოსადეგი და საჭირო ნივთების შექმნაზე და, რაც მთავარია, აპირებენ, იქვე მცხოვრებ და მიმდებარე სოფლებში მყოფ ადამიანებს გაუწოდონ დახმარების ხელი.
————————————-

მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების” ფარგლებში.