პანდემიაზე ჩემი პირველი წერილი 13 მარტს გამოქვეყნდა, ბოლო კი 28 ივლისს. სულ ხუთი იყო. ამ პერიოდში უმკაცრესი ჩაკეტვებიც გავიარეთ, გათავისუფლებაც, მარტოობის გემოც გავიგეთ და მონატრებულ მეგობრებსაც შევხვდით. ხან სოფელში ვიყავით, ხანაც ქალაქში, ხალვათობაც ვნახეთ და ხალხმრავალი თავყრილობებიც – რელიგიური თუ საპროტესტო. არჩევნებიც კი ჩატარდა.
ზაფხულში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ერთხელ ჩავიკეტებოდით. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ იზოლაციაში მომიწევდა პანდემიაზე მორიგი წერილის დაწერა. საერთოდ, არც ვაპირებდი ამ თემაზე კვლავ მუშაობას. მინდოდა ყველაფრის დასრულების, განკურნების შემდეგ მშვიდად გამეაზრებინა ეს ამბავი. დასკვნებზე მერჩივნა წერა.
ბოლოს მაინც ცხელ გულზე წარსულის მაგალითების ძიება ვამჯობინე და მორიგ ტექსტს მივადექი, ეპიდემიის კიდევ ერთ ლიტერატურულ პირველსახეს, 1722 წელს დაწერილ, დანიელ დეფოს „შავი ჭირის დღიურებს” (A Journal of the Plague Year, ზუსტად რომ ვთარგმნოთ, „შავი ჭირის წელიწადის დღიურები”), სადაც ავტორი უმკაცრესი სტილითა და გონიერი მთხრობელის ხმით უმძიმეს ამბებს გვიყვება. მიუკერძოებლად, ზედმეტი ხატოვანების გარეშე. სხვათა შორის, არიან ადამიანები, ვინც თანამედროვე, ე.წ. ჟურნალისტური რომანის ფესვებს დეფოს ამ ტექსტშიც ეძებენ.
მთხრობელი/ავტორი შიგადაშიგ სულ გვახსენებს, რომ უნდოდა უფრო გულში ჩამწვდომი სიტყვებით აღეწერა მოვლენები, მკითხველის ასაფორიაქებლად, ფიქრთა ასამღვრევად, თუმცა მაინც ისევ ისე, ძველებური სიმტკიცითა და ლაკონურობით გადმოგვცემს დანიელ დეფო უმთავრეს სათქმელს.
ამბავს ვინმე ჰ.ფ. (H.F.) გვიყვება, უაითჩეპლში მცხოვრები მეუნაგირე, წარმოშობით ნორთჰემპტონშირიდან. უფრო მეტად ესაა რაღაც კოლექტიური გმირის, ლონდონელების ამბავი, ვიდრე ერთი ცალკე აღებული ადამიანის ისტორია. აქ საზოგადოების ყველა ფენაა წარმოდგენილი, განსხვავებული საქციელებით, მყისიერი თუ დაგვიანებული რეაქციებით კრიზისსა და კატასტროფაზე – შიშები, იმედები, სიფრთხილე, უიმედობა, გაბედულება, თავგანწირვა, რწმენა, სინანული, რისხვა და რაც მთავარია, სიგიჟე და უგონობა.
1665 წელს თავად დეფო ძალიან პატარა იყო, 5–6 წლის, ამიტომ 1722 წელს, 50-ს გადაცილებული, ვერ ენდობოდა მხოლოდ ბუნდოვან ბავშვურ მეხსიერებას. ლიტერატურატურათმცოდნეები აუარება წყაროს ასახელებენ, რითაც ავტორმა ისარგებლა (მათ დაგუგვლითაც ადვილად იპოვით) და სხვათა შორის, მთხრობელიც, H.F.-ც ამჟღავნებს, რომ ტექსტი მოვლენებიდან დიდი ხნის შემდეგ დაიწერა.
დაკვირვებული მკითხველი, რა თქმა უნდა, ადვილად აღმოაჩენს მსგავსებებს დეფოს ყველაზე ცნობილ ტექსტთან, „რობინზონ კრუზოსთან”. დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლა, მარტოობა, იზოლაცია, გადარჩენისთვის ბრძოლა, რომელიც არ არის მხოლოდ გადარჩენა, არამედ ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. და აქ უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ერთის მარტოობაა ეს, თუ კოლექტიური (დროა დავუშვათ ასეთი ცნებაც, კოლექტიური მარტოობა).
ეს წიგნი ყოველდღიურობის ლუკმებადაა დანაწევრებული, იგი ნაბიჯ-ნაბიჯ წრთობის შედევრია, სადაც ავტორი არ ერიდება ყველაზე დეტალურ აღწერებს და საოცარ ყურადღებას ავლენს იმ უზარმაზარი სხეულის მიმართ, რომელსაც ლონდონის მოსახლეობა ჰქვია. ასეთმა ხედვამ ძალიან ბევრ დიდ ლიტერატურულ ნაწარმოებს მისცა დასაბამი, სადაც საზოგადოების თუ ერთი კონკრეტული სხეულის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა ყველაფრის განმსაზღვრელი. აქ რამდენიმე პურის გამოცხობა უფრო მნიშვნელოვანია და მეტ ზრუნვას იმსახურებს, ვიდრე რაღაც დიადი იდეები და გიგანტური პროექტები.
დაავადების გავრცელება
როგორ ვრცელდებოდა დაავადება? პირველ რიგში უცოდინრობით, უყურადღებობით, იზოლაციის შემდეგ კი მსახურთა მეშვეობითაც, რომლებიც სურსათზე და სხვა აუცილებელ საყიდლებზე გადიოდნენ (ასეთ სოციალურ დეტალებს ვერ გავექცევით). გარდა ამისა, ამხელა ქალაქში მხოლოდ ერთი-ორი იზოლირებული ბარაკი ყოფილა, ჩვენებურად, საწოლფონდი – ბანჰილ ფილდზე და ვესტმინსტერში.
სნეულების გავრცელების მთავარ მიზეზად მოსახლეობის სიმჭიდროვე ქცეულა. მერეც, ჭირს არაერთხელ ადარებდნენ ხანძარს, რომელიც სულ მალე დაატყდება ლონდონს თავს. ხანძარი აქ მხატვრული ხერხიცაა და დოკუმენტური დასკვნაც 1665 წლის მოვლენებისა. აქაც, მთავარია მიმდებარეობა, სიმჭიდროვე და განცალკევების შესაძლებლობები. მიჯრით მიწყობილი სახლები ხომ ყველანი ერთად იწვიან.
ხალხი ქუჩაში, ადამიანი სახლში
ეპიდემიის საწყის ეტაპზე ქუჩები ხალხით იყო სავსე, თუმცა ადამიანები შენობებისგან მოშორებით დადიოდნენ. შენობები დიდი საფრთხე იყო, ფანჯრებთან, კარებებთან, ყველგან დაავადება იყო ჩასაფრებული. საერთოდაც, იმ დროში ლონდონი ძალიან გაიზარდა (100 000-ზე მეტი ადამიანი), დაავადებამ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში იფეთქა, ჭარბი მოსახლეობა კი შავი ჭირის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. პირველივე შემთხვევის შემდეგ არაერთი შეძლებული ოჯახი გაეცალა ქალაქს, თუმცა უმრავლესობა დარჩა და ბედს შეეგუა ან შეერკინა. შავი ჭირი ამ უმრავლესობაში დატრიალდა.
სიმრავლემ განმარტოების აუცილებლობა გააჩინა. თემურმა, კოლექტიურმა ცხოვრების წესმა იზოლაციამდე მიიყვანა ხალხი.
მთხრობელს ძველი მაგალითებიც მოჰყავს, მაგ. რომაელთა ალყა იერუსალიმში პასექის დღესასწაულის დროს, როცა მტრის შემოსვლა ხალხმრავლობას დაემთხვა.
შორს ჩვენგან
ადამიანები ცდილობდნენ დაავადება მაქსიმალურად შორს წარმოედგინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ხედავდნენ სნეულებას (მაშინ ლონდონი არ იყო ამხელაზე გადაჭიმული). მაგ. თუკი შავი ჭირის შემთხვევებზე უაითჩეპლში ჰყვებოდნენ, ე.ი. ამბავი სენტ-ჯაილზში მოხდა, საუთუარკში სიტის ამბები ვრცელდებოდა და პირიქით. ხშირად ამ ისტორიებში დეტალებიც კი მეორდებოდა, ლამის ეპიკურ ფორმულებად იქცა ზოგიერთი წვრილმანი. ეს ილუზია გარკვეული პერიოდი მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით შავმა ჭირმა ყველგან შეაღწია.
უსაფრთხოების წესები
პირველი შემთხვევების შემდეგ მალევე დადგინდა უსაფრთხოების წესები, რომლებიც ქალაქელებს უნდა გაეთვალისწინებინათ. პირველ რიგში დავიმოწმოთ ოფიციალური განკარგულებები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ეს წესები პროფესიებისა და საქმიანობის მიხედვით. სიას მეთაურობდნენ მზირები, იგივე მეთვალყურეები (Examiners). თითოეულ „ჭირიან“ სახლზე 2 მეთვალყურე იყო მიჩენილი, დღისა და ღამის მზირები, რათა არავის, მიზეზისა თუ პირობის მიუხედავად, არ შეეღწია ამ სახლში. ისინი დაავადებულების განკარგულებებსაც ასრულებდნენ, ეგზავნებოდნენ სურსათზე და ა.შ.
შემდეგ იყვნენ გამსინჯველები (Searchers), გნებავთ ექთნები დაარქვით, რომლებიც ათვალიერებდნენ, სინჯავდნენ ავადმყოფებს. ყველა ქალს, ვინც ამ საქმიანობაში იყო ჩართული, ეკრძალებოდა საზოგადოებრივი სამუშაოები – დუქანში, სამრეცხაოში და მომსახურების სხვ. სფეროებში დასაქმება.
სიას აგრძელებდნენ ქირურგები და მომვლელი–მესასთუმლეეები. გამოყოფილი იყო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ღონისძიება:
- დაავადებულთა იზოლაცია.
- ნივთების განიავება.
- სახლების გამოკეტვა.
- მიცვალებულთა დამარხვა – ეს ხდებოდა აუცილებლად ან გამთენიამდე ან მზის ჩასვლის შემდეგ, ეკლესიის მამასახლისისა და კონსტებლის თანხმობით. ცხედრის გაცილების უფლება არავის ჰქონდა და საფლავის სიღრმე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 6 ფუტისა.
იკრძალებოდა ბაღებში და პარკებში მოსაქმება (შეგახსენებთ, ეს წესები ძირითადად სიტიში და მის შემოგარენში ვრცელდებოდა, ქალაქის ცენტრში), მოსახლობას მოუწოდებდენენ არ შეეძინათ ძველი ხორცი და თევზი, კრძალავდნენ უხარისხო ხორბლისა და დამპალი ხილ-ბოსტნეულის გაყიდვას. ლუდსახარშებს და სამიკიტნოებს რეგულარულად ამოწმებდნენ ჰიგიენაზე. ასევე აკრძალეს სიტიში კატები, ძაღლები, ბატკნები, მტრედები, კურდღლები და ღორები.
იკრძალებოდა დღესასწაულები – განსაკუთრებით ამქართა დღეობები, ხალხმრავალი ნადიმები დუქნებსა და სალუდეებში, რომლებიც მხოლოდ საღამოს 9 საათამდე მუშაობდნენ.
აი, მაგ., როგორ იცავდნენ თავს ვინმე ჯონ ჰეიუორდი (ერთ-ერთი ეკლესიის დარაჯის თანაშემწე) და მისი ცოლი: ქმარი გამუდმებით ეწეოდა და პირიდან არ იცილებდა ნივრის კბილსა და ტეგანს (სურნელოვანი მცენარეა, Ruta), მისი ცოლი კი თავს სულ ძმრით იბანდა და ძმრითვე ჟღინთავდა თავსაკრავს. ავადმყოფებთან ურთიერთობისასაც სულ ძმარს ისუნთქავდა ან ძმრიანი პირბადით მუშაობდა.
ერთგან დეზინფექციის პროცესიცაა დეტალურად აღწერილი ფულის გადახდისას. ერთ-ერთი მოქალაქე საფულეს დენთს მოაყრის, შემდეგ ბილიკივით გამოიყვანს ცოტათი მოშორებით, ცეცხლს წაუკიდებს, ბოლომდე დაწვავს საფულეს, ფულს წყლიან სათლში ჩაცლის, გაავლებს და მხოლოდ ამის შემდეგ კიდებს ხელს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ-ერთ გამოსავლად ითვლებოდა მდინარეში გემებზე ცხოვრება. თითო გემზე რამდენიმე ოჯახი ეტეოდა, ამიტომ გარკვეულ დროს ბევრმა ტემზას შეაფარა თავი, შეძლებულებმაც და ღარიბებმაც. მათ, ვინც მდინარის ზედა წელში ასვლა მოახერხეს, ნაპირზეც გადადიოდნენ და აფრებისგან კარვებს შლიდნენ, თუმცა ღამე ისევ გემებსა და ნავებს უბრუნდებოდნენ. საკვებს ადგილობრივი მოსახლეობა აწვდიდა, ოღონდ დაცულ ტერიტორიაზე, სოფლებში, დაბებში და მით უმეტეს, თავიანთ სახლებში, გამოქცეულ ქალაქელებს არ უშვებდნენ.
ყველაზე ფრთხილი მოქალაქეები ყოველთვის ანიავებდნენ ოთახებს, ჩაკეტილ ოთახებში კი საკმეველს აკმევდნენ, დაფნის ფოთოლს, კანიფოლს ან კვარს წვავდნენ, გოგირდსაც. შემდეგ კი დენთის მცირე რაოდენობის აფეთქებით წამში გაჰყავდათ ჰაერი ღია ფანჯრებიდან.
ძლიერი ცეცხლი კიდევ ერთ გამოსავლად ითვლებოდა. ავტორი იქვე გულდაწყვეტილი წინსწრებით შენიშნავს, რომ ცეცხლით განწმენდა ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ლონდონს, მომდევნო, 1666 წელს. მაგრამ ჯერ 1665 წელია, შავი ჭირი ბობოქრობს ქალაქში და მთხრობელი საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს ცეცხლიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგ. იგი დარწმუნებულია, რომ ბუხრიან თუ ღუმლიან ოთახებში გაცილებით უსაფრთხოდ იყვნენ ის და მისი მსახურები და იქვე გმობს ალკოჰოლს, ამბობს, რომ მაგარ სასმელს და ღვინოს ერიდება. ერთი მეცნიერი ექიმის ამბავიც მოჰყავს, ვინც ისე მიეჩვია ნუნუასეულ სამკურნალო საშუალებებს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ლოთად დარჩა.
ცეცხლის გარდა, კიდევ ერთი სტიქია იყო ჩართული საქმეში. წყალი. მაგ. ერთმა დაავადებულმა ტემზა გადასცურა ღამით, მოქცევის დროს. შემდეგ დიდხანს ირბინა ქუჩაში შიშველმა, სიცივეში და როდესაც მოქცევა დასრულდა, ისევ მდინარეში გადახტა. ხელახლა გადალახა იგი, სახლში დაბრუნდა, ლოგინში შეწვა და მეორე დღესვე გამოჯანმრთელდა. როგორც მაშინდელი ექიმები ხსნიდნენ, ცურვის დროს ხელების და ფეხების შეუჩერებელი, აქტიური მოძრაობა გახდა მიზეზი იმისა, რომ დაავადების კერები, სიმსივნური კოპები (swellings) იღლიებსა და საზარდულებში გაიჭიმა, გაიხსნა და ჩირქმა გარეთ გამოაღწია. ცივ წყალს კი თურმე ტემპერატურა დაუგდია. ასეთი მაგალითები კიდევაა მოყვანილი წიგნში და ზოგიერთი ამბის დასასრულ მთხრობელი დასძენს, მხოლოდ გაგონილს გიყვებით, ჩემი თვალით არ მინახავსო.
ჭირისთვის მზადება, სურსათი
მთხრობელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სურსათის მომარაგებაზე, იმდენად, რომ თავის მარაგებსაც დეტალურად აღწერს და გვაუწყებს, თუ რამდენი ალაო შეიძინა ლუდისთვის, რამდენი ფქვილი პურისთვის, ზეთი, ჩეშირული ყველი და სხვა (არანაირი ხორცი, რადგან ყასბებთან უკვე მძვინვარებდა შავი ჭირი).
ყველაზე დიდ საფრთხეს სურსათის საყიდლად გამოსვლა წარმოადგენდა, როგორც ვთქვით. თანაც თავად პროდუქტი შეიძლებოდა ყოფილიყო მომწამლავი. მართალია ვაჭრობისას ბევრი იცავდა უსაფრთხოების წესებს, ფულს ძმრიან ჯამში ყრიდნენ, ცდილობდნენ უხურდავებლად ევაჭრათ, პროდუქტს არ ეკარებოდნენ, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ ჰქონდა.
იზოლაცია და გაქცევები
ქალაქის იმ რაიონებში, რომლებშიც განსაკუთრებით იმძლავრა დაავადებამ, უმრავლესობა იზოლაციაში აგრძელებდა ცხოვრებას, ზოგიერთი ნებაყოფლობით, სხვები კი იძულებით. ყველაზე გამაგრებული და დაცული სახლები ჰოლანდიელი ვაჭრებისა ყოფილა, ნამდვილი ციხესიმაგრეები, სადაც არათუ სტუმრობა, სათოფეზე მიკარებაც კი აკრძალული იყო. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს კეტავდნენ. ქუჩებში გაისმოდა საკუთარ სახლებში დატყვევებულთა გადაძახილები, ყვირილი, ლანძღვა-გინება, გოდება, ხვეწნა-მუდარა. გახშირდა დარაჯებზე თავდასხმა და შინაპატიმრობიდან თავის დაღწევის შემთხვევები: მაგ. გააგზავნიდნენ დარაჯს საყიდლებზე, ექიმთან ან სასაფლაოს ფორნის მოსაყვანად და ამ დროის მანძილზე იზოლირებულნი ან მეორე გასაღებით აღებდნენ კარს, ან საკეტს და ურდულს ამტვრევდნენ და გარბოდნენ, ანდა სულაც ფანჯრიდან მიძვრებოდნენ. ისეც ხდებოდა, რომ ავადმყოფებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბედის ანაბარა ტოვებდნენ, ხშირად მომვლელ ქალთან ერთად.
მეთვალყურეებს ხანდახან კლავდნენ კიდეც, ან დაჭრიდნენ და ისე გარბოდნენ. თუმცა ზოგჯერ დარაჯი 2 კვირის მანძილზეც კი ვერ ხვდებოდა, რომ ცარიელ სახლს მეთვალყურეობდა. რა თქმა უნდა, დარაჯებიც სცოდავდნენ, უყურადღებოდ იყვნენ, ბევრს სვამდნენ, ტოვებდნენ ადგილს და ა.შ.
ცრურწმენების დრო
დიდ უბედურებებს დიდი ცრურწმენებიც ახლავს თან. ჯერ იყო და რამდენიმე თვით ადრე კომეტა გამოჩნდა (რომელმაც თავისი ქროლვა 2 წლის შემდეგაც გაიმეორა, ლონდონის დიდი ხანძრის წინ), როგორც უბედურების მაცნე, შემდეგ კი, დაავადების გავრცელებასთან ერთად წამოიჩიტნენ ნაირ-ნაირი მკითხავები და შარლატანები. ხავერდის კამზოლებში და შავ მოსასხამებში გამოწყობილი ჯადოქრები, რომლებსაც ხალხი ქუჩა-ქუჩა დასდევდა და გადარჩენას თხოვდა, ათას შეკითხვას უსვამდა. ისინი რჩევებს უფასოდ იძლეოდნენ, თუმცა შემდეგ მამასისხლად ყიდდნენ თავიანთ წამლებს. ამაზე წიგნში ერთი ეპიზოდია, სადაც უპოვარი ქალი ამბობს, „გამოდის თქვენ უფასოდ ურჩევთ თქვენივე წამლის ყიდვასო”.
მკითხავები დიდხანს ურევდნენ თავგზას დაზაფრულ მოსახლეობას, თუმცა ეპიდემიის დასრულების შემდეგ საერთოდ ვეღარ ნახავდით მათ. H.F. გვაუწყებს, რომ ეს წინასწარმეტყველები, მარჩიელები, ასტროლოგები, ექიმბაშები თუ სხვა მეფოკუსეები ერთიანად გაქრნენ. ამბობდნენ, დიდი ფულის შოვნის იმედად (არადა, თავიდან თურმე მართლაც კარგად იხეირეს ლონდონელების უმეცრების გამო) ისინი ქალაქში დარჩნენ და შავმა ჭირმა წარხვეტა, ვერ იწინასწარმეტყველეს საკუთარი ბედიო.
შავი ჭირი და სარწმუნოება
ეპიდემიის წელს ძვრები მოხდა სარწმუნოებაშიც, თუმცა მთხრობელი (რომელიც ავტორის აზრსაც გამოხატავს) თავიდანვე ცხადად ემიჯნება ზეციური სასჯელის, ღვთის რისხვის და მსგავს ცნებებს და უცოდინრობად, რეგილიური ეგზალტაციის ნაყოფად მიიჩნევს მას. შავმა ჭირმა დაპირისპირებაში მყოფი ძალების შერიგებაც კი გამოიწვია. არაერთი, ე.წ. დისიდენტი (Dissenters) სასულიერო პირი თუ მქადაგებელი მსახურობდა ამ დროს ეკლესიაში, რადგან მრევლი ბევრმა ადგილობრივმა მვდელმა მიატოვა. შეშინდნენ და სოფლებს შეაფარეს თავი. ხალხს უკვე აღარც აინტერესებდა ვინ კითხულობდა ქადაგებას, მათთვის ნუგეში იყო მთავარი.
ეკლესიის კარები ყოველთვის ღია იყო. თუმცა, დასრულდა თუ არა ეპიდემია, ყველაფერი ძველ წყობას დაუბრუნდა, დისიდენტები ისევ განდევნეს, გაქცეული მღვდლები კი დაბრუნდნენ.
შიში და სიგიჟე
სიგიჟე ზემოთაც ვახსენე. შავი ჭირის ფსიქოლოგიაზე თუ ფსიქიატრიაზე დიდხანს შეიძლება საუბარი, ბევრი მაგალითი არსებობს. ჩვენი კოვიდის შემთხვევაშიც, ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ეს მომენტია ალბათ, დაავადებულების თუ თვითმხილველების ფსიქიკური მდგომარეობა, უგონობა ან უგნურება. ასე იყო ყოველთვის, უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანის გონება ხშირად ვერ უძლებდა ასეთ გამოცდას. მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ და ყველაზე ზუსტ ლიტერატურულ ტექსტში, სადაც ასეთი ეპიდემიით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებია აღწერილი, ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებისათვის”, ვკითხულობთ:
„შიშით მუნჯქმნილნი ბუტბუტებდნენ მკურნალნი ჩუმად, <…>
აზრის აღრევა, სევდა-შიშის მონაცვლეობა,
წარბთა შეჭმუხვნა, არეული, გიჟური ხედვა, <…>
სიკვდილის მიჯნის მოახლებით ზარდაცემულნი
სასქესო ასოს ბასრი რკინით იჭრიდნენ ხოლმე, <…>
მეხსიერება დაჰკარგვიდა ზოგს იმ ზომამდე,
აზრს გადამდგარნი თავის ცნობას ვერ ახერხებდნენ”.[1]
თავს ვერ ცნობდნენ ლონდონის დიდი ჭირიანობის დროსაც. უმწეონი, როცა ხედავდნენ თავიანთი შვილების ან სხვა ოჯახის წევრების უბედურებას, ჭკუიდან გადადიოდნენ, შიშით კვდებოდნენ, ფანჯრებიდან ან სულაც ხიდებიდან ხტებოდნენ, თავს იკლავდნენ ან წყალს ეძებდნენ, ტკივილების შესამსუბუქებლად და სიმხურვალის ჩასაქრობად. ქუჩებში სულ გაისმოდა შეშლილთა კივილის და გოდების ხმა. გაგიჟებული დედები შვილებს ხოცავდნენ, ზოგი ქვავდებოდა, შტერდებოდა, სხვები კი სომნამბულიზმში ან აგრესიულ სიშლეგეში ვარდებოდნენ. ეს ყველაფერი ფიზიკურადაც ცვლიდა ადამიანებს. სიგიჟე ხეიბრობას, სიმუნჯეს და ბევრ სხვა დაავადებას იწვევდა.
გაგიჟდნენ დარაჯები და მომვლელებიც, შიმშილით ხოცავდნენ გამოკეტილებს ან გუდავდნენ, წვავდნენ. თუკი სახლში ერთადერთი ადამიანი რჩებოდა ცოცხალი, იმას ხანდახან მალევე უსწრაფებდნენ სიცოცხლეს და დასამარხად მიაქანებდნენ, რათა ზედმეტი დრო არ დაეკარგათ ამ ერთი გადარჩენილის სადარაჯოდ.
ხშირი ყოფილა ფეხმძიმე ან მშობიარე ქალების გარდაცვალების და ახალშობილთა დედის რძით ან სხვა გზით დაავადების შემთხვევები.
ფსიქიკური აშლილობის ყველაზე რთული შემთხვევა იყო სხვების მიზანმიმართული დასნებოვნება, ვირუსის გაცნობიერებულად გადადება. ბევრის აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ დაავადება არამხოლოდ ფიზიკურ ზიანს აყენებდა ადამიანს, არამედ მის ბუნებასაც ცვლიდა, დაახლოებით ისე, როგორც ცოფი ცვლის ძაღლის ხასიათს. იყო ამ საქციელის სხვა ახსნებიც. ისეთებიც იყვნენ (და მათ რიცხვს მთხრობელიც უნდა მივაკუთვნოთ), ვინც ვერ იჯერებდა ამგვარი შემთხვევების არსებობას, თუმცა იქვე შევხვდებით ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა ქალი შოკისგან (და არა დაავადებისგან), როცა გაიგო, რომ ვიღაც გამვლელი, ვინც მას ფიზიკურად შეეხო და ძალით ჩაკოცნა, მძიმედ იყო დაავადებული.
და ბოლო ეტაპი – სრული გულგრილობა. როცა, ე.წ. თურქული „ბედისწერულობით”, ფატალიზმით ხვდებოდნენ ადამიანები დაავადებას (არსებობდა მაშინ ასეთი ცნება, Turkish predestinarianism, რომელიც ეფუძნებოდა თურქების დამოკიდებულებას დაავადებისადმი. ისინი თურმე არ ერიდებოდნენ ავადმყოფებთან ურთიერთობას, არანაირ უსაფრთხოების წესებს არ იცავდნენ და ახლად გარდაცვლილების ტანსაცმელსაც კი ატარებდნენ).
დამარხვა და სასაფლაოები
ზემოთაც ვთქვი, რომ სამარხების სიღრმე 6 ფუტზე (დაახლ. 3 მეტრი) ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მარხავდნენ ღამღამობით, ტანსაცმელსა და სხვა ნივთებსაც ღამით წვავდნენ. გარდა ამისა, არსებობდა უმკაცრესი მითითებები, რომ არავინ მიეშვათ ამ ორმოებთან, მით უმეტეს, რომ ეპიდემიის პიკზე გახშირდა შემთხვევები, როცა ტკივილით გაწამებული ადამიანები თავიანთი ფეხით მიდიოდნენ და ხტებოდნენ ამ ორმოებში. ასეთ ორმოებთან თავად მთხრობელიც არაერთხელ მისულა.
იყო შემთხვევები, როცა ცოცხალი, ჯანსაღი ადამიანებიც წაუსვენებიათ საერთო სასაფლაოებისკენ. ასეთია ერთი მეგუდასტვირეს ისტორია, ვისაც, როგორც ჩანს, ზედმეტი ასვეს დუქნებში და ბოლოს კოლმენ სტრიტზე იმდენი დაამატებინეს, რომ სადღაც კრიპლგეიტთან გაითიშა, დავარდა და წაუძინა. ამ დროს გამოიარა მიცვალებულებით დატვირთულმა ფორანმა და ეს მეგუდასტვირეც ხელს გააყოლა. გზაში კიდევ არაერთი გვამი მოუწვინეს, უფრო სწორად, ზემოდან დაადეს მეგუდასტვირეს, მთელი ამ დროის მანძილზე სასწაულით გადაურჩა გაგუდვას და სასაფლაოზე მისვენებულს, ხმამაღლა გაღვიძებია, ისე, როგორც მეგუდასტვირეს ეკადრება.
სიღატაკე, ვაჭრობა, ქურდობა
სოციალური თემა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანია დეფოსთან. აქ ბევრ ღარიბ-ღატაკს ნახავთ, თუმცა ისეც ხდება, რომ შეძლებული კაცი ოჯახს სოფელში ისტუმრებს, მსახურებს დაითხოვს და მარტო რჩება ქალაქში, ბედის ანაბარა.
ქურდობებიც არაერთხელაა ნახსენები. განსაკუთრებით მომრავლებულან თურმე მომპარავი ქალები. აუარება მუშახელი საქმის გარეშე დარჩენილა. ყველაზე მეტად კი შემდეგი პროფესიის ადამიანები დაზარალებულან:
1) ხელოსნები, განსაკუთრებით თერძები, დურგლები, ფეიქრები, საგალანტერიო ნივთების გამყიდვლები, მეწაღეები, მექუდეები, მეხელთათმანეები, მეშუშეები.
2) ლამის მთლიანად შეჩერდა სამდინარო ნაოსნობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები. მხოლოდ ტემზის ზემო წელში თუ გაბედავდნენ შეცურვას. შესაბამისად, უსაქმოდ დარჩნენ მეზღვაურები, საბაჟოს თანამშრომლები, მენავეები, მუშა-მზიდავები, გემთმშენებლები, იარაღის ოსტატები და სხვ.
3) მშენებლები – მეაგურეები, ხუროები, მღებავები, მჭედლები და ა.შ.
4) მომსახურე პერსონალი (ლაქიებიდან – დარაჯებამდე).
როგორც შემდეგ გაირკვა, ბევრი დაავადებით კი არა, შიმშილით გარდაცვლილა. ხშირი ყოფილა თვითმკვლელობებიც.
მარტო სტეპნიში, ერთი წლის მანძილზე 116 მესაფლავე გარდაცვლილა სნეულებით.
ბევრი ღატაკი ქალაქიდან გარბოდა, ცდილობდა, რაც შეიძლება დაშორებოდა ჩვეულ გარემოს და ტყეში ან მინდორში ეპოვა განსასვენებელი. ასეთებს ლონდონის გარშემო სოფლების მაცხოვრებლები პოულობდნენ მომაკვდავებს და ხშირად საკვებიც მოჰქონდათ მათთვის, სიახლოვეს ტოვებდნენ, თუმცა მეორე დღეს საჭმელი ხელუხლებელი ხვდებოდათ, მოხეტიალე კი – გარდაცვლილი. სოფლის მოსახლეობა გრძელი ჭოკებით მიათრევდა გვამს უკვე გამზადებული ორმოსკენ და შორიდან აყრიდა მიწას. ასე მარხავდნენ. თან ქარის მიმართულებას აქცევდნენ ყურადღებას, რათა გვამის ოხშივარი თუ რაცაა, საპირისპირო მიმართულებით წასულიყო.
ხოცავდნენ ცხოველებსაც. ციფრებიც კი არსებობს: 40 ათასი ძაღლი და ხუთჯერ მეტი კატა (მაშინ თურმე ერთ ოჯახზე 5–6 კატა იყო მიკედლებული).
სანამ ჯანზე იყვნენ, ძალიან უყურადღებოდ იქცეოდა თურმე უბრალო ხალხი, ისინი ნებისმიერ საქმეზე მიდიოდნენ, ოღონდ ცოტა სარჩო ეშოვათ, არაფერს ერიდებოდნენ, ყველაზე სახიფათოსაც. ხოლო შემდეგ, უკვე დაავადებულები ქუჩებში გამოდიოდნენ და თავიანთ გასაჭირზე გაჰყვიროდნენ.
სხვათა შორის, ლონდონის ჭირით კარგად უსარგებლიათ ფლანდრიელებს და ჰოლანდიელებს. ისინი ჯანსაღ რეგიონებში იძენდნენ საქონელს, ჰოლანდიაში და ფლანდრიაში გადაჰქონდათ, შემდეგ კი უკვე ესპანეთში და იტალიაში, როგორც საკუთარ ნაწარმს, ისე ასაღებდნენ.
ზღვით მხოლოდ ორნაირი ვაჭრობა მიდიოდა – ხორბლით ვაჭრობა პორტებში და ქვანახშირით – ნიუკასლიდან.
მთხრობელი 1666 წლის ხანძარსაც რთავს ეკონომიკურ ჯაჭვში და ამბობს, რომ პირველმა უბედურებამ (შავმა ჭირმა) დაასუსტა და გააჩანაგა ქვეყანა, მეორემ კი, (ხანძარმა) დანაკარგები აანაზღაურაო – ყველაფერი დაიწვა და ამ მოვლენამ ისე გააცხოველა საქმიანობა სამეფოში, რომ მთელი მოსახლეობის დასაქმების მიუხედავად, მოთხოვნილებებს ძლივს აკმაყოფილებდნენო. საჭირო გახდა ახალი ნივთები, წამოიწყეს მშენებლობები და ა.შ.
განკურნების უგონობა
ბოლო, გამოჯანსაღების ეტაპიც, შავი ჭირის გაუჩინარების პერიოდიც საკმაოდ რთული იყო. ხალხი იმდენად იყო შოკირებული სიტუაციის გაუმჯობესებით, რომ სიგიჟის ახალი ტალღა დაიწყო ქალაქში. დარდის, ტრაგედიის, ტანჯვის სიშლეგე და უგონობა სიხარულის სიგიჟემ და უგნურებამ შეცვალა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ეს ნაცნობი ვნებაა და ლიტერატურაშიც არაერთხელ ასახულა, ანტიკურობიდან მოყოლებული. თავად დეფოსთან, სხვა ტექსტებშიც გვხვდება ასეთები. მაგ. „რობინზონ კრუზოში”, სადაც ვკითხულობთ: „უეცარი სიხარული, ისევე როგორც უბედურება, გონებას ამღვრევს, აშფოთებს”. ან ეს სიტყვები: „მოულოდნელი სიხარულისგან (surprise) ლამის იყო გონება დავკარგე”. და ხალხიც იმდენად იყო აღტყინებული, რომ გახსნეს დახლები, დუქნები, დაბრუნდა ქუჩაში საუბრები, ახლო კონტაქტები, გაუფრთხილებლობა, უყურადღებობა. სიხარულის ამ აფეთქებისგან ადამიანები იმდენად გათამამდნენ, სიკვდიალიანობის შემცირების შემდეგ ისე აენთნენ, რომ საერთოდ ვერ აღიქვამდნენ ახალ საფრთხეებს, იმას, რომ საშიშროება ჯერ კიდევ არსებობდა.
ეს განკურნების უგონობა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იმედია მომავალ წელს მაინც შევალთ ამ მდგომარეობაში.
[1] VI, 1179- 1214, პანტელეიმონ ბერაძის თარგმანი ლათინურიდან.