განვითარებადი ქვეყნების არაერთი მაგალითი მიუთითებს, რომ სამთავრობო პარტიები ხშირად ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის სოციალური დახმარების პროგრამებს პოლიტიკური მიზნით იყენებენ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს და უახლოეს წარსულში არსებობს სოციალური ხარჯების გაწევის შემთხვევები, რომლის საბოლოო მიზანიც ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაა.
კვლევა მიზნად ისახავდა, სტატისტიკურად დაედგინა, მანიპულირებდა თუ არა სამთავრობო პარტია სოციალური ხარჯებით საარჩევნო პროცესების დროს.
ანგარიშში შესწავლილი მონაცემები ხაზს უსვამს რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენციას, რომლებიც დაკავშირებულია სოციალური დახმარების მიმღებებსა და საარჩევნო ციკლებთან.
კვლევის შედეგებმა აჩვენა ტენდენცია, რომ არჩევნების წლებში, არასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული რაოდენობა მზარდია.
უფრო კონკრეტულად კი, 2012, 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული მაჩვენებელი იზრდებოდა, წინა სამწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს მატება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 2016 და 2020 წლებში გამართული არჩევნების შემთხვევაში, რაც მიუთითებს შესაძლო კავშირზე საარჩევნო ციკლებსა და სოციალურ ხარჯებს შორის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო არაერთგვაროვანი შედეგებით ხასიათდება.
ამ ტიპის არჩევნების დროს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის მაღალკონკურენტული არჩევნების დროს, თუმცა ეს შესაძლოა, COVID-19-ის სოციალური ხარჯების გავლენითაც იყოს განპირობებული.
საინტერესო ტენდენცია აჩვენა კვლევამ იმ კუთხითაც, რომ საარჩევნო პერიოდები, განსაკუთრებით კი საპარლამენტო არჩევნები, მჭიდრო კორელაციაშია საარსებო შემწეობებზე დანახარჯის მაღალ დონესთან.
ანალიზის თანახმად, არჩევნების დროს, როგორც წესი, სადაც მაღალი პოლიტიკური კონკურენციაა, როგორც ბენეფიციართა, ასევე ფულადი ტრანსფერების რაოდენობა იზრდება.
აღნიშნული შესაძლოა, მიუთითებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სტრატეგიული სოციალური პოლიტიკის გავლენაზე.
არჩევნები და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილება – ძირითადი მიგნებები
როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, სამთავრობო პარტიის მიერ მიღებული ხმების წილი, ხშირ შემთხვევაში, კორელაციაშია საარსებო შემწეობაზე გამოყოფილი ფინანსური რესურსების ზრდასა და ბენეფიციართა რაოდენობასთან, თუმცა ეს დამოკიდებულება, მიმართების კომპლექსურობითა და კონტექსტით, განსხვავდება სხვადასხვა საარჩევნო წლისა და ტიპის მიხედვით.
ურთიერთმიმართება განსაკუთრებით თვალსაჩინოა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში.
ზოგჯერ, პოლიტიკურად დაძაბულ და მაღალკონკურენტულ მუნიციპალურ არჩევნებში, ასევე შედარებით მეტ სოციალურ რესურსს იზიდავენ მაღალი კონკურენციის მქონე საარჩევნო ოლქები, თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ეს მიმართება უნივერსალური არ არის და საჭიროა უფრო დეტალური კვლევა ამ მიგნებების დასადასტურებლად.
კვლევის შედეგები მიუთითებს კიდევ ერთ საინტერესო ტენდენციაზე, კერძოდ – სოციალურ-გეოგრაფიული ფაქტორები, როგორიცაა ეთნიკური შემადგენლობა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიმჭიდროვე და გეოგრაფიული მახასიათებლები (მაგალითად, ზღვის დონიდან მდებარეობა) მნიშვნელოვან როლს თამაშობს საარჩევნო წლებში სოციალური პროგრამების რესურსების განაწილებაში.
რეგიონებში, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის წილი უფრო მაღალია და ურბანიზაციის დონე დაბალი, როგორც წესი, უპირატესობას მმართველ პარტიას ანიჭებენ და იღებენ უფრო დიდ ფინანსურ მხარდაჭერას.
მონაცემთა ანალიზი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში, რომლებიც მხარს უჭერენ მმართველ პარტიას, ადამიანები ნაკლებ სოციალურ დახმარებას იღებენ, როგორც ფულადი თვალსაზრისით, ასევე ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით.
ეს წინააღმდეგობრივი მონაცემი ამცირებს ეროვნულ დონეზე სოციალური ხარჯების ზოგადი გავლენის მაჩვენებლებს.
კვლევის ავტორთა შეფასებით, წარმოდგენილი დასკვნები ხაზს უსვამს საარჩევნო პროცესების, სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკური მდგომარეობის ურთიერთკავშირს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ციკლი მუდმივად ახდენს გავლენას საარსებო შემწეობების განაწილებასა და მასთან დაკავშირებულ დაფინანსებაზე, სოციალური-გეოგრაფიული ფაქტორებიც მნიშვნელოვნად აისახება შედეგებზე.
რა სტრატეგიას მიმართავენ სოციალური დახმარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში პოლიტიკოსები?
როგორც კვლევის ანგარიშშია გაანალიზებული, თეორიული მასალა და მტკიცებულებები მიუთითებს სტრატეგიების მრავალფეროვნებაზე.
ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა რესურსების შერჩევითად განაწილება.
ეს ის შემთხვევაა, როცა რესურსები შერჩევითად მიემართება კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფზე ან რეგიონებზე, რითაც წახალისებულია ამ ჯგუფის მხარდაჭერა და შესაბამისად, ზრდის წარმატების შანსს არჩევნებზე.
სოციალური დახმარების ან ფინანსური რესურსების გაცემის დრო შესაძლოა, დაემთხვეს არჩევნებს, რათა შეიქმნას პოზიტიური აღქმა სამთავრობო პარტიის ან კანდიდატის მიმართ.
აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას. პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური კეთილდღეობის პროგრამები ლოიალური მხარდამჭერების დასაჯილდოებლად.
პოლიტიკურმა აქტორებმა შესაძლოა, სოციალური დახმარების პროგრამები გამოიყენონ მიზნობრივი ჯგუფების დასარწმუნებლად, რომ ისინი პირადად არიან პასუხისმგებელნი ამ პროგრამების არსებობაზე, რითაც საარჩევნო პროცესში მათ მიმართ მოსახლეობის კეთილგანწყობას ზრდიან;
კიდევ ერთი სტრატეგიაა ამომრჩევლის მოსყიდვა. უკიდურეს შემთხვევებში, თანამდებობის პირებს შეუძლიათ სოციალური სერვისებით პირდაპირ ამომრჩეველთა ხმებზე ვაჭრობა, რითაც მიმართავენ უკანონო და/ან არაეთიკურ პრაქტიკას არჩევნებში გასამარჯვებლად.
კვლევის ავტორთა შეფასებით, სოციალური დახმარების პროგრამების გამოყენება საარჩევნო მანიპულაციის ტაქტიკაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მმართველობასა და კანონის უზენაესობას.
უფრო მეტიც, ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა, შეარყიოს საარჩევნო პროცესების სამართლიანობა და გააძლიეროს კორუფცია.
ამ გამოწვევების დასაძლევად საჭიროა რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური დახმარების პროგრამების სამართლიან და გამჭვირვალე ადმინისტრირებას, ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე.
კვლევა ცდილობს წარმოაჩინოს, თუ რამდენად აქვს ადგილი საქართველოში არჩევნებისას პოლიტიკურ მანიპულაციებს. მიუხედავად ამისა, კვლავის ავტორთა განმარტებით, კვლევის სფერო შეზღუდულია მონაცემთა და რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც ხელს უშლის უფრო ფართო მიზეზ-შედეგობრივი მონაცემების ანალიზს.
ამის გამო, კვლევის ავტორთა განმარტებით, კვლევა ფოკუსირებულია მიზნობრივი საჯარო რესურსებისა და სოციალური დახმარების გაცემის დროით ანალიზზე, და ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ ადმინისტრაციულ მონაცემებს.