„თბილისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად გახდება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, – ეს სიტყვები თბილისის მერს, კახი კალაძეს ეკუთვნის, რომელიც 2020 წლის მაისში მთაწმინდის ფერდობზე დაგეგმილი ახალი პროექტის პრეზენტაციისას წარმოთქვა.
თბილისის არჩეული მერის ეს სიტყვები გავიხსენოთ და დავსვათ შეკითხვები – აქვს კი თბილისს პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი? როგორია თბილისში მწვანე საფარის, რეკრეაციული სივრცეების კუთხით არსებული რეალობა? რა გაკეთდა „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მწვანე სივრცეების კუთხით ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?
რა იყო და სად ვართ
ერთ სულ მოსახლეზე ქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც ქალაქების მწვანე სტატუსს აფასებს.
როგორც ამბობენ, თბილისი ამ ინდიკატორის მიხედვით კარგად არც საბჭოთა კავშირის დროს გამოიყურებოდა და საბჭოთა კავშირში დადგენილ ნორმას ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.
ნორმატიული აქტების მიხედვით, რომლებიც საბჭოთა დროს არის მიღებული, ქალაქში სადაც 0.5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, სავალდებულო გამწვანებული ადგილი ერთ მოსახლეზე 15 მ2-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
თბილისის შემთხვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი 13.0მ2-ს (1983წ.) არასოდეს აღემატებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი თბილისში ბევრი რამ შეიცვალა. გაიზარდა განაშენიანებული სივრცეების რაოდენობა და მნიშვნელოვნად შემცირდა მწვანე და ღია სივრცეები ქალაქში.
მწვანე სივრცეების პრობლემა რომ მასშტაბურია და საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ეკოლოგიური საკითხები სხვადასხვა საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მწვავე და პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალშია.
ქალაქში გამწვანებული სივრცეების რაოდენობასა და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ყველაზე ახალ ინფორმაციას ქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტი იძლევა.
გენგეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის თითოეულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის ფართობი 10 კვადრატულ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.
გეგმის ავტორები საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს თბილისის ურბანიზებულ ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა.
მწვანე და ღია სივრცეების ნაწილში ქალაქში არსებული პრობლემებიდან ექსპერტები და აქტივისტები სამ ძირითად საკითხს გამოყოფენ – ახალი მშენებლობები; არსებული პარკების არასწორი რეაბილიტაცია; და მწვანე საფრის ხმობა, რომელიც, მათი შეფასებით, მერიისთვის ადეკვატური ზრუნვის საგანი ვერ გახდა.
მწვანე სივრცეები vs სამშენებლო გადაწყვეტილებები
როგორია რეალური პოლიტიკა საჯარო განცხადების მიღმა და არის თუ არა ახალი მშენებლობების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დროს პრიორიტეტი მწვანე სივრცეები.
„მწვანე აქტივისტები“, ადამიანები, რომლებსაც თბილისში მწვანე სივრცეების დაცვისა და ქალაქის განვითარებისთვის საზიანო განაშენენიანებების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ერთხმად ამბობენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის პოლიტიკის დონეზე მწვანე სივრცეები პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა.
იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელია ამბობს, რომ ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც 2019 წელს იქნა მიღებული, ქალაქში არ ახალისებს ახალ განაშენიანებას და მწვანე სივრცეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული.
ქალაქის განვითარების ცენტრალური დოკუმენტი ამბობს, რომ ქალაქს ეკოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულება უნდა შეუნარჩუნდეს, ასეთ სივრცეებში ახალი განაშენიანება არ უნდა მოხდეს, მწვანე სივრცის შენარჩუნება კი პრიორიტეტად უნდა იქცეს.
ანანო ცინცაბაძის თქმით, ქალაქის ადმინისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ცდილობს, გამოვიდეს პარკების ქომაგი, მისი ყოველდღიური სამშენებლო გადაწყვეტილებები საპირისპიროს მეტყველებს.
„ზოგადად თბილისის მუნიციპალიტეტის პრობლემაა ის, რომ კანონის ზოგადი დებულებები მათ არ მიაჩნიათ სახელმძღვანელო პრინციპად. ეს მათთვის რაღაც ჩანაწერია. ბევრს შეიძლება წაკითხულიც არ ჰქონდეს გენგეგმის სახელმძღვანელო პრინციპები. ამას უყურებენ, როგორც ფორმალურ ჩანაწერს, რომელიც კანონის შესავალში უნდა იყოს და პრაქტიკული მნიშვნელობა უგულებელყოფილია.
ეს ჩვენ გვაჩვენა მშენებლობის არაერთმა ნებართვამ, რომლებიც სკვერსა და პარკში გაიცა ბოლო წლებში, კალაძის ადმინისტრაციის დროს.
თამარაშვილის 10 ნომერში სკვერის განაშენიანების პროცესი, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა, ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ნუცუბიძის 77-ში მდებარე სკვერის ამბავი – ნუცუბიძის 77-ში მცხოვრები სამეზობლო თემი წლებია, იბრძვის მათ მიერ გაშენებული და მოვლილი საჯარო სივრცის-სკვერის შესანარჩუნებლად. სკვერი მერიამ კერძო პირზე გაასხვისა და საკრებულოში დასამტკიცებლად მასშტაბური საცხოვრებელი კორპუსის მშნებელობისათვის აუცილებელი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია გადააგზავნა. აქ ამ მშენებლობის დაშვება, რაც გამანადგურებელი იქნება, დღემდე განიხილება.
მტკვრის კალაპოტზე არსებული დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, სადაც გამწვანებული სარეკრეაციო სივრცეა, მკაცრი დაცვის ზონებით, საშინელი ეკოლოგიური კატასტროფა შექმნა მტკვრიდან ლამის ამომღებმა კომპანიამ, რომელიც ამ სამშენებლო ნარჩენებს ნიადაგზე ყრის და ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. არაერთხელ მივამრთეთ მერიას, მაგრამ სრულიად უშედეგოდ“, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.
არსებული პარკების რეაბილიტაცია მწვანე საფარის უგულებლყოფით
ბოლო წლებში ქალაქში უკვე არსებული პარკების რეაბილიტაციით ქალაქის ადმინისტრაცია ხშირად იწონებს თავს, თუმცა, როგორც ჩანს, არც ამ ნაწილშია მერიის მიდგომა უნაკლო. მწვანე აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი რეაბილიტაციის დროს მწვანე საფარის უგულებელყოფა ხდება.
ასეთი რეაბილიტაციის მაგალითად ანანო ცინცაბაძეს იპოდრომის რეაბილიტაციის პროექტი მოჰყავს.
მისი თქმით, სადავოა იპოდრომის პარკის რეაბილიტაციისთვის წარმოდგენილი ხედვა, სადაც ჩანს, რომ მწვანე საფრის გაქრობის ხარჯზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება.
არსებული ბაღ-პარკების რეაბილიტაციის პროცესს კრიტიკულად აფასებს ირაკლი მაჭარაშვილიც. ის ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ მუშაობს.
„თბილისში არის ასეთი ტენდენცია – ხდება, ე.წ. სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა. რაში მდგომარეობს სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა? ჯერ ისედაც მწირ გამწვანებებს, რომელიც კორპუსებს შორისაა – მივლენ, დაასხამენ ბეტონს, ხელოვნურ საფარს გააკეთებენ, დადგამენ საქანელებს, სკამებს და ვითომ სარეკრეაციო სივრცე იქმნება, რაც ასევე საჭიროა ადამიანებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ბირჟები, სავარჯიშო ადგილები მწვანე სივრცეების შემცირების ხარჯზე კეთდება.
აშშ-ის ზოგიერთ შტატში არის ასეთი რეგულაცია – კერძო პირს თავის ტერიტორიაზეც კი არ აქვს უფლება, მიწათდაფარულობა 25%-ზე მეტით შეცვალოს. ეს რას ნიშნავს? ბევრმა რომ შეცვალოს მიწის დაფარულობა 25%-ზე მეტით, შეიცვლება წვიმის დროს წყლის ჩამონადენის მონაცემები. წვიმა აღარ ჩაიჟონება მიწაში და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სტიქიური მოვლენა. როცა მიწა ბეტონით იფარება ეს გავლენას ახდენს კლიმატზე“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, მწვანე საფრის შემცირებას ხელს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობაც უწყობს. მაგალითად კი მოჰყავს კანონი თბილისში გამწვანებული ტერიტორიების შესახებ.
„ამ კანონის მიხედვით, რომელიც ვახსენე. თბილისის გამწვანებულ ტერიტორიებზე – გარემოზე ზემოქმედებად ითვლება ხის მოჭრა და მის ადგილას რამის აშენება. მაგრამ თუ არის მინდორი, სადაც ხე არ არის და ბუჩქებია – იმას არაფერი იცავს. ხეც რომ არ მოჭრა და ცარიელ მინდორზე დაასხა ბეტონი და სახლი ააშენო, ესეც ხომ ზემოქმედებაა? ასეთ ზემოქმედებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კიდევ არაერთი ხვრელია კანონმდებლობაში, რომელსაც მშენებელი თავის სასარგებლოდ იყენებს.
მაგალითად, არის ხეებით დაფარული ტერიტორია, რომელიც კერძო პირმა მშენებლობისთვის შეისყიდა. მშენებლობას ისე იწყებენ, რომ ამ ხეების მოჭრის ნებართვას არ იღებენ. მშენებლობა ბოლოში რომ გავა, მერე შედიან ინიციატივით [ერთ-ერთი მიუხლია, რომელიც ამის უფლებას აძლევს]. ამ კანონის მიხედვით ხის მოჭრა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს უშლის კანონიერად აშენებული შენობის ფუნქციონირებას ან საფრთხეს უქმნის მას. სახლს ამ ხესთან ახლოს აშენებენ, მერე იტყვიან, რომ ეს შენობა კანონიერად აშენდა, ხეები კი კანონიერად აშენებული შენობის ფუნქციონირებას უშლის ხელს და ამ ხეს ჭრიან“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
გამხმარი ხეები
მწვანე აქტივისტების შეფასებით, მწვანე საფრის დაავადებებით დაზიანებას მერიის მიერ სათანადო ყურადღება არ ექცევა და ეს თბილისში მწვანე საფართან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ბოლო წლებში ფიჭვები და სხვა წიწვოვანი ნარგავები დაზიანდა, გაუჩნდა დაავადებები, რაც სხვა მცენარეებზეც გავრცელდა.
ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ მერიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საერთო წერილით მიმართეს, რათა სასწრაფო ზომები მიეღოთ და ამ დაავადებულ ხეებთან დაკავშირებით რაიმე ეღონათ.
„ბოლო წლების განმავლობაში სულ იყო ფიჭვნარის ხმობის ტენდენცია. 2015 წლის წინა პერიოდში, გაზაფხულზე იყო ძლიერი წვიმები, რამაც გამოიწვია სოკოვანი დაავადებების გავრცელება, რომლებმაც ყველაზე მაღალი სიმჭიდროვის ფიჭვის კორომებში წიწვების, ტოტებისა და მთლიანად ხის საწყისი გაყავისფერება გამოიწვია. გახმა ხეების მნიშნველოვანი ნაწილი. რაც გახმობას გადაურჩა, იმას ქერქიჭამია ხოჭოები ადვილად მოერივნენ. საჭირო იყო ყველა დაზიანებული ხის მოჭრა/ გადატანა და რიგი ღონისძიებების გატარება“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაში ჩართული ლექტორების, მოწვეული ლექტორებისა და მეცნიერების საერთო წერილში, რომელიც მერიაში 2015 წელს გაიგზავნა, ვკითხულობთ – იმისთვის, რომ შემცირდეს სოკოსა და მწერების შემდგომი გავრცელება, ფიჭვის ყველა ტყეში, ასევე ქალაქის გამწვანებულ ადგილებში უნდა განხორციელდეს სანიტარული ჭრა; დაზიანებული ტოტები, წიწვები და თუ საჭიროა, მთლიანი ხეებიც დაუყოვნებლივ უნდა გამოტანილ იქნას და დაიწვას უსაფრთხო ადგილას, სადაც არ არსებობს ბუნებისა ან ადამიანის დაზიანების რისკი.
ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, აღნიშნულ პრობლემას დღემდე არასათანადო ყურადღება ექცევა ქალაქის მერიის მხრიდან.
თბილისის ფერდობებზე მწვანე საფრის გაჩეხის ისტორია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იწყება. როგორც ამბობენ, სწორედ ამ პერიოდში გაჩეხილა თბილისის ფერდობები თბილისში მცხოვრები წვრილმანი ხელოსნების მიერ, მენახშირეები ჭრიდნენ ხეებს, აკეთებდნენ ნახშირს და ქალაქში ყიდდნენ. ხეების გაჩეხას მოჰყვა ის, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის დიდი ნაკადი გროვდებოდა და თბილისი იტბორებოდა.
„კომუნისტების დროს ამისგან დასაცავად დაიწყეს თბილისისა და მთაწმინდის ფერდობების გამწვანება. რთული იყო, ვინაიდან ნიადაგი, რომელიც ცოტა იყო, ამ კლდიდან ჩამოირეცხებოდა. მერე ამ კლდეებს აფეთქებდნენ და ისე რგავდნენ ფიჭვნარს, რომლის გაზრდასაც წლები სჭირდებოდა. ახლა უკვე ხმება და დროზეა საჭირო მისი ჩანაცვლება/ განახლება. ასეთი რამ ბევრგან უნდა გაკეთდეს თბილისში“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
მისი თქმით, თბილისის მწვანე საფრისთვის მნიშვნელოვანია, თვითონ მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის საკითხი.
“მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციის თანახმად, კლიმატის ცვლილებების შერბილების ერთ-ერთი ღონისძიებაა ხელოვნური წიწვოვანი ნარგავების თანდათან ფართოფოთლოვანი მცენარეებით ჩანაცვლება და შერეული და ფოთლოვანი კორომების ჩამოყალიბება.
ფართოფოთლოვანი მცენარეები, ტყეები, ხეები უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს და უფრო მეტ ნახშიროჟანგს შთანთქავს, ვიდრე წიწვოვანები. ზოგს ჰგონია, რომ რახან ფოთლოვან ხეებს ზამთარში ფოთოლი სცვივათ, ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ. სინამდვილეში – პირიქითაა.
ეს ფოთლოვანი ხეები უფრო პროდუქტიულია, იმისთვის, რომ საზრდო მისცეს სხვადასხვა ცხოველს. ბევრი ფრინველი იკვებება იმ ნაყოფით, რომელიც ფართოფოთლოვან ხეებს აქვთ.
ნელ-ნელა უნდა გამოიხშიროს დაზიანებული ფიჭვები და მათ შორის შესაძლებლობა მიეცეს ბუნებრივად აღმოცენებულ ფართოფოთლოვან ხეებს, რომ ზრდასრულობას მიაღწიონ“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
როგორ პასუხობს მერია მწვანე საფრის კუთხით ქალაქში არსებულ გამოწვევებს?
როგორ გეგმავს ქალაქის მერია თბილისის გენგეგმით მწვანე სივრცეებთან მიმართებით დასახული ამოცანების შესრულებას და რას ხედავს ქალაქში მწვანე სივრცეების ნაწილში მთავარ გამოწვევად – ამ საკითხზე საბა ფიფიას, მერიის გამწვანების სამსახურის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.
საბა ფიფიას თქმით, გენგეგმა, გამწვანებული ტერიტორიების მიმართულებით გამოყოფს ქალაქის მასშტაბით პერსპექტიულ საპარკე არეალებს, რომლებიც სარეკრეაციო ფუნქციით უნდა განვითარდეს.
ასეთი სულ 5 ტერიტორიაა:
- თემქის ხევი [ზღვის უბანში] – 20 ჰექტრამდე ტერიტორია;
- დიღმის ჭალები – მინდელის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორია;
- ვაზის უბნის ხევი;
- მტკვრის ჭალები ფონიჭალაში;
- დირსი ჭალები.
მისი თქმით, გენგემის მიღებიდან ერთი წლის თავზე დაიწყეს თემქის ხელის პარკის მშენებლობა, დიღმის ჭალების პარკის მშენებლობა კი მომავალ წელს იგეგმა. ანუ 5 პერსპექტიული არეალიდან 2-ის შემთხვევაში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
„რაც შეეხება დირსის არეალს – ის კერძო საკუთრებაშია და ეს არის თვითონ დირსის ვალდებულება. ნაწილი საპარკედ განვითარებულია და მეორე ნაწილის განვითარებაც იგეგმება, რომელსაც კერძო კომპანია განახორციელებს, რადგან, როცა პრივატიზაცია განხორციელდა, ამ ვალდებულებით გადაეცა ეს ტერიტორია.
რაც შეეხება ფონიჭალაში მტკვრის ჭალებსა და ვაზის უბნის ხევის – ამ ნაწილში ჯერჯერობით კვლევები და პროექტირება არ დაწყებულა. მომავალი წლისთვის განისაზღვრება სტრატეგიულად ამ სივრცეების განვითარება“, – ამბობს საბა ფიფია.
მისი თქმით, მათი სამსახური მხოლოდ გენგეგმაში მონიშნული არეალებით არ შემოიფარგლება და იმის მიღმა ბევრ სხვა პროექტსაც ახორციელებს. აქტიურია არსებული სივრცეების რეაბილიტაცია/განახლების მიმართულება.
შეკითხვაზე – როგორია თბილისში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცეების მაჩვენებელი და 10-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თუ არა გენგეგმით განსაზღვრული ამოცანის შესრულება? – გვპასუხობს, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ თბილისში მწვანე სივრცეების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ფართობია ქალაქში გამწვანებული ტერიტორიისა ერთ სულზე. ამიტომ, არასწორი იქნება კონკრეტული ციფრის დასახელება.
მისი თქმით, ქალაქში მწვანე სივრცეების ინვენტარიზაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, განავითაროს ის საპარკე არეალები, რომლებიც გენგეგმამ გაწერა და ამის შემდეგ იგეგმება ქალაქში ურბანიზებულ სივრცეებში მწვანე სივრცეების რაოდენობის დათვლა.
„ჩვენ პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ ეს საპარკე არეალები განვავითაროთ, რომ ამათი ჩათვლით მოხდეს სარეკრეაციო საჯარო სივრცეების აღწერა, რათა გავიგოთ, რა რეალობა გვაქვს“, – ამბობს საბა ფიფია.
საბა ფიფია ბოლო წლებში არსებული პარკების რეაბილიტაციასა და ახალი პარკების გაშენებაზე გვესაუბრა. მისი თქმით, ყველა ეს პროექტი ადასტურებს, რომ მერიისთვის პრიორიტეტი წვანე სივრცეების განვითარებაა.
„2018 წლიდან გაკეთდა მასშტაბური რეაბილიტაცია გოძიაშვილისა და კიკვიძის პარკის, გაშენდა ახალი პარკი გლდანში. ასევე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ვარკეთილში ალექსიძის ქუჩაზე მეორე ახალი პარკი შენდება. მიმდინარეობს გლდანის ტბის პარკის პროექტირება და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაგეგმილია ვაკის პარკის მასშტაბური/ სრული რეაბილიტაციაც. გამოცხადებულია კონკურსი ვერის პარკის რებილიტაციაზეც. მიმდინარეობს თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირება. სადაც გადატანილია ზოოპარკი, ამის აღმოსავლეთ ნაწილზე, 160 ჰექტრაზეა საუბარი. თემქის ხევის პარკის 20 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე შენდება. დიღმის ჭალები უკვე დაპროექტებულია და მომავალ წელს დაიწყება“, – ამბობს საბა ფიფია.
თბილისში მწვანე სივრცეების ნაწილში არსებული გამოწვევებზე საუბრისას ის ვადაგასულ მწვანე საფარს ასახელებს და მწვანე აქტივისტების კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ მერია ამ პრობლემაზე ზრუნავს და 2018 წელს მიღებული „ტყის მდგრადი მართვის“ 10-წლიანი გეგმის მიხედვით მოქმედებს.
„საუბარი არაა ერთ ან ორ ხეზე. საუბარია მილიონობით ხეზე. კლიმატური ცვლილებების ნაწილში – ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს რა ხეებსაც დავრგავთ, შეიძლება 50 წელიწადში კლიმატი ისე შეიცვალოს, რომ იმ ხეებმა ვეღარ გაუძლონ. ამიტომ ეს უნდა იყოს მედეგი სახეობები. თქვენ ხედავთ და არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით ფიჭვებთან მიმართებაში მდგომარეობა საგანგაშოა. ფიჭვების 80% გამხმარია. სწორედ იმიტომ, რომ არსებულ კლიმატურ პირობებს ვეღარ უძლებს“, – ამბობს საბა ფიფია და დასძენს, რომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის დივერსიფიცირება მოხდა და ერთი და იგივე სახეობის ხეები ერთმანეთის მიყოლებით მასობრივად აღარ ირგვება.
„ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ორი განზომილება – ერთი ეს არის ტყეები [თბილისის შემოგარენი] და ურბანული სივრცეები. ტყეებს რაც შეეხებათ, აქ ჩვენ გვაქვს გეგმა – 2018 წელს თბილისმა განახორციელა ტყის ინვენტარიზაცია. ავღწერეთ 120 ათასი ჰექტარი ტყე და ამ აღწერის საფუძველზე შემუშავდა ტყის მდგრადი მართვის 10-წლიანი გეგმა. ჩვენ ეს გეგმა მივიღეთ და დავამტკიცეთ. ამ გეგმაში გაწერილია, რომელ ფერდობზე რა ღონისძიებები და სანიტარული მუშაობაა ჩასატარებელი. მათ შორის ზოგან ტარდება სანიტარული ჭრა, ზოგან განახლება, ზოგან ბუნებრივი ხელშეწყობის საჭიროებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემოღობო, რომ თავისთავად განახლდეს, პატარა ხეები რომ თავისით წამოვიდნენ. რაც შეეხება ურბანულ სივრცეებს, აქ სხვა ტიპის გამწვანებას ვატარებთ – აქ დავამტკიცეთ თბილისისთვის დამახასიათებელი ხე-მცენარეების ნუსხა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის დაირგას, რომელიც თბილისის კლიმატს გაუძლებს და მედეგი იქნება. ეს ბიუჯეტზე გვაქვს მიბმული. წელიწადში იხარჯება 5 – 10 მილიონამდე.
ფერდობებზე სხვა პროექტები გვაქვს. მივყვებით ტყის მართვის გეგმას, რომელშიც წერია, რომელ ფერდობზე რა უნდა გაკეთდეს“.