ნანას, გულოს და მაკას თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში შევხვდი. ცხოვრება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად და გამოწვევები, რომლებსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაწესებულებებთან თუ ადამიანებთან ურთიერთობაში შეხვდნენ. თითოეულის ისტორიაში არის ეპიზოდები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის საზოგადოებაში ყოფნა არასათანადო მხარდაჭერის გამო რთული გახდა.
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისგან ნაწილი ინსტიტუციაში დიდხანს ყოფნის გამო და ნაწილიც დასაქმების სივრცეებში არასათანადო დამოკიდებულის გამო საზოგადოებისგან გარიყული არიან.
გულო
„2008 წლის 20 ივნისიდან აქ ვარ. 12 წელი გაუსვლელად, როგორც სახლში ისე ვარ. არაფერი მაკლია – არც საჭმელი, არც სითბო და არც ტანსაცმელი“, – იწყებს ჩემთან საუბარს გულო.
ჰყვება აქ გატარებული წლების შესახებ, იხსენებს სახლიდან წამოსვლას და იმისთვის, რომ ჩემთან შეხვედრის მიზანი დააზუსტოს, შეკითხვას მისვამს – „თქვენ ჩემი ისტორიის მოსმენა გსურთ, ხომ?“
თანხმობის შემდეგ საუბარს აგრძელებს. ყველაზე მეტს საკუთარ ოჯახზე საუბრობს. ამბობს, რომ დედ-მამის ოჯახში, სადაც დაიბადა და გაიზარდა თავისი ოთახი აქვს, რომელიც ეგულება და როცა სრულად გამოჯანმრთელდება, აუცილებლად დაბრუნდება. დროებით წასვლა არ უნდა, სახლში წასვლაზე დასმულ ყველა შეკითხვას კატეგორიულად პასუხობს – „დროებით წასვლა არ მინდა. თუ წავალ სამუდამოდ. ისე, რომ აქ აღარ დავბრუნდე“, – ამბობს გულო.
გულო თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარია. 12 წელია, ე.წ. გლდანის ფსიქიატირულის ეზოს გარეთ არ გამოსულა. ამბობს, რომ მისი სამყარო პალატაა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სურვილი არ აქვს, არც ქალაქში გასვლა სურს და შესაძლებლობის შემთხვევაში სხვა საცხოვრისში გადასვლასაც არ დასთანხმდება.
„არა, არ მინდა. მე თუ გავედი აქედან – მკურნალობის დამთავრების მერე. მინდა, ვიყო ეკლესიის მგალობელი, განვიცდი უეკლესიობას. ვიცავ მარხვებს. თუ წავალ – სახლში. იცით, როგორ მინდა? სამუდამოდ რომ დავბრუნდე, აქ რომ აღარ მოვბრუნდე დასაწოლად, იქ ჩემი ოთახი მაქვს. იმედი მაქვს, ისე გამოვჯანმრთელდები, რომ სახლში დავბრუნდები“, – ამბობს გულო.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოხვედრამდე სახლში ძმასთან, რძალთან და ძმისშვილებთან ერთად ცხოვრობდა. კონსერვატორიის კურსდამთავრებული ორ სკოლაში ასწავლიდა მუსიკას, ამბობს, რომ მისი ცხოვრება მეუღლესთან დაკავშირებული ამბის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„მეუღლემ მიმატოვა. ის რომ მახსენდებოდა, ნერვიულ სტრესს იწვევდა ჩემში. მეგობარ ქალთან წავიდა და 30 წელია ველოდები. მაშინ 21 წლის ბავშვი ვიყავი. ვფიქრობდი მასზე, მაკლდა, არ იყო ჩემ გვერდით, ამან ჩემზე იმოქმედა. აქ რომ მოვხვდი, 40 წლის ვიყავი. უკვე სერიოზულად დამეძაბა ნერვები და მკურნალობას მოითხოვდა. მე არ მინდოდა სხვა, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი“.
ერთ დღესაც ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და ასათიანზე გადაიყვანეს. ამბობს, რომ თავად დააშავა და ნანობს ოჯახის წევრებთან მისი დამოკიდებულების გამო. ახლა თვეში ერთხელ რძალი ნახულობს, მამაც ხშირად დადიოდა გარდაცვალებამდე.
„რძალი დადის ხშირად, ადრე მამა დადიოდა, ახლა გარდაიცვალა და რძალი მოდის მარტო თვეში ერთხელ. ჩემი მეურვეა. ძმა მუშაობს. ოჯახში ერთადერთი ბიჭი გვყავს, ვინც მუშაობს. ცოლი ბავშვებს უვლის. სულ პაწაწინები დავტოვე და ჯერ არ მინახავს. 12 წელია აქ ვარ. ახლა მკურნალობის ქვეშ ვარ, ანალიზებს ვიკეთებ ყოველ კვირა. ნამდვილად არ მინდა სახლში წასვლა, ისე კარგად ვგრძნობ თავს ამ განყოფილებაში“.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში თავის ცხოვრებას დადებითად ახასიათებს. ამბობს, რომ აქ ყველაფერია, რაც სჭირდება. დღის განმავლობაში რეცხავს, საქმიანობს, ტელევიზორს უყურებს, დარჩენილი დრო კი საწოლში წევს. სხვა საცხოვრისში გადასვლის შიში აქვს და დამოუკიდებელ ცხოვრებასთან მიბრუნებაც არ სურს, თუმცა მისი ეს დამოკიდებულება სწორედ ინსტიტუტციის მძიმე გავლენაზე მიანიშნებს. ინსტიტუციაში ცხოვრება ადამიანის სამყაროსთან კავშირს ართულებს და მისი რესოციალიზაცია რთულდება.
კითხვაზე არიან თუ არა ცენტრში ადამიანები, რომლებიც სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებენ, გვპასუხობს – „კი, არიან ასეთები. აქ ბევრი უპატრონოა. ზოგი საჭმლის გამო მოდის“.
ნანა
თითქმის 17 წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად ცხოვრობს, ამბობს რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მქონე თითქმის ყველა დაწესებულებასთან ჰქონია კავშირი.
საუბრისას გაოცებას იწვევს ის, რომ ზედმიწევნით ახსოვს ინფორმაცია ყველა კლინიკის, ამბულატორიისა და ექიმების შესახებ – ადგილმდებარეობა, დაწესებულების სრული სახელი, გატარებული დღეების რაოდენობა, ექიმებისა და პერსონალის სახელი, გვარი, სამკურნალო მედიკამენტების მიღების გამოცდილება, უკუჩვენებები და დადებითი ეფექტები.
ყველაზე მეტს ექიმებთან და პერსონალთან ურთიერთობებზე საუბრობს. ბევრის მიმართ მადლიერებას გამოხატავს, თითოეულის ნათქვამი სიტყვა, რეპლიკა და რჩევა ახსოვს და ხშირად ხაზს უსვამს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის მათ გარშემო მყოფი ადამიანების დამოკიდებულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები პირველად მე-11 კლასში იგრძნო. გამოცდების სამზადისში მყოფი მოსწავლე, საგამოცდო საკითხებზე ღელავდა, რის ნიადაგზეც უძილობა დაეწყო. უძილობა გაგრძელდა და ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ოჯახის ნაბოლარა წევრს ექიმი მხარდაჭერა სჭირდებოდა.
„დედა და მამა მიხვდნენ პირველად. ჩემი დიაგნოზია ბიპოლარული აშლილობა, ახლა ხომ ჩვეულებრივად ვარ, მაგრამ შეიძლება უცებ ისეთი დეპრესია დამეწყოს, რომ მათქმევინოს – რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას“, – ჰყვება, რომ 18 წლამდე ოჯახის ნაცნობი ფსიქიატრის რჩევით „ასათიანზე არ დაწვა“ და მხოლოდ წამლებს იღებდა.
„18 წლის ასათიანზე გავხდი. იქ როგორ პირობებში ვიყავი, იცი? ჩამონგრეული იყო ყველაფერი. მე სულ ეზოში ვიყავი და ხშირად ვეხმარებოდი სხვადასხვა საქმეში იქაურ პერსონალს. თვეები ვრჩებოდი ხოლმე, ერთი თვე ან ორი კვირა. ოჯახის ნაცნობმა ფსიქიატრმა ურჩია ჩემებს, რეჟიმში იქნება და გაითავისებს წამალი როგორ და რანაირად უნდა მიიღოსო“, – ჰყვება ნანა.
ამბობს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა ისწავლა. მალევე ხვდება სიმპტომს, რომელიც მისი შეფასებით მდგომარეობის შესაძლო გამწვავებაზე მიანიშნებს და თავისი ფეხით მიდის შესაბამის დაწესებულებაში.
„ორი დღეც რომ არ დამეძინოს, ჩემი ფეხით მოვდივარ საავადმყოფოში, რომ დერპესიაში არ გადამეზარდოს. 15 წლიდან დღემდე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ვარ. ამაში ხშირად გარემოს გამოცვლაც მეხმარება“, – ჰყვება ნანა, რომელიც სამცხე ჯავახეთში ცხოვრობს და ჰოსპიტალში კურსის მისაღებად თბილისში ჩამოდის ხოლმე. მისი თქმით, თბილისში 2 ან 3 კვირა რჩება, შემდეგ სახლში ბრუნდება და შესაძლოა წელიწადში ერთხელ მოუწიოს აქ ჩამოსვლა.
ამბობს, რომ პირობები დამაკმაყოფილებელია, უჩივის ინფრასტრუქტურას და ამბობს, რომ ლოგინები არაკომფორტული, ზოგიერთი სართული კი სარემონტოა.
საკუთარ მდგომარეობაზე საუბრისას ხშირად ახსენებს დასაქმების სურვილს და შესაძლებლობას, რომელიც ჯერ მის ცხოვრებაში არ გაჩენილა. საქმე, სადაც შესაბამისი მხარდაჭერა ექნება, უფრო საინტერესოს გახდიდა მის ცხოვრებას.
ჰყავს 5 წლის შვილი, რომელსაც მხარდამჭერი ზრდის და სოციალურ მუშაკთან ერთად ნახულობს ხოლმე. შვილის სურვილებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფული სჭირდება და ამიტომ დასაქმება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„რომ არ ვიმუშაო, ძალიან ცუდ პირობებში ვიქნები, მინდა, რომ ჩემი ჰონორარი მქონდეს. ის 164 ლარი არ მაკმაყოფილებს, ჩემი შვილი გაისად სკოლაში უნდა წავიდეს. მე დედ-მამას რატომ უნდა მოვთხოვო ის პენსია, რომელიც მთავრობამ დაუნიშნა. იმათი ფულიც ჩემია და რადგან ჩვენ ერთად ვართ ჩაწერილი, დახმარებასაც არ მიკეთებენ. 7 თვის ფეხმძიძე მიმატოვა ქმარმა, წავიდა ესპანეთში და არ დაბრუნებულა. ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ ყველა და ამიტომ არ მაძლევენ დახმარებას“, – ამბობს ნანა.
მაკა
მაკა, გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარია. სტაციონარში არ წოლილა. მკურნალი ექიმი გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ჰყავს, სახლში მობილური ჯგუფის მომსახურებას იღებს და ამბობს, რომ მათი მხარდაჭერით მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მობილური ჯგუფის წევრები, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობის ადამიანისგან შედგება [ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი] გარკვეული პერიოდულობით აკითხავენ ბენეფიციარს სახლში და ადგილზე უწევენ კონსულტაციას, ამარაგებენ მედიკამენტებით და ეხმარებიან სხვადასხვა სირთულეებთან გამკლავებაში.
მობილური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე დაფუძნებული სერვისებიდან ერთ-ერთია, რომელიც სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის სტაციონარში არასაჭირო დაყოვნება და სახლში/ საზოგადოებისგან მოწყვეტის გარეშე გაეწიოს მომსახურება.
მაკა თავის ისტორიაზე საუბარს სტუდენტების პირველი წლების გახსენებით იწყებს. ამბობს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მძიმე შფოთვა აწუხებდა, მის ცხოვრებაში მიმდინარე ამბებს ძალიან მძაფრად აღიქვამდა.
„სკოლის დამთავრების შემდეგ მქონდა ნევროზი, დავიწყე ნევროპათლოგთან სიარული, სულ გაღიზიანებული ვიყავი, თითქოს ყველაფერი ინგრეოდა ჩემ გარშემო. პატარა ფაქტსაც კი ტრაგიკულად ვიღებდი, დრამატულად, მძიმე, შავ ფერებში. ერთი პერიოდი თითქოს გამიარა, მერე ისევ გამომჟღავნდა. ბოლოს, როცა ისევ ნევროპათოლოგთან მივედი, მითხრა, რომ სტაციონარული მკურნალობა მჭირდებოდა“, – ჰყვება მაკა და ამბობს, რომ მისი მდგომაროება მნიშვნელოვნად გართულდა ოჯახში სოციალური ფონისა და ბავშვების აღზრდასგან დაკავშირებული გამოწვევების გამო.
სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ოჯახს ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ბავშვების საჭიროებები დღითიდღე იზრდებოდა. ამბობს, რომ ოჯახის წევრები, კონკრეტულად კი მეუღლე მის მდგომარეობას სერიოზულად ვერ ეკიდებოდა.
„5 წლის წინ მომიწია სტაციონართან შეხება 38 წლის ასაკში. ვგრძნობდი, რომ შინაგანად ყველა ორგანო მტკიოდა. მუცლის ღრუში მქონდა ტკივილი. მოვედი აქ, ყველამ ცალ-ცალკე გაიარა კონსულტაცია ჩემთან – ფსიქოლოგმაც, ფსიქიატრმაც, მიიღეს დასკვნა, რომ არის ქრონიკული დეპრესია, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
დამიწყეს მკურნალობა სახლში და ჩამსვეს მობილურ ჯგუფში. მხოლოდ ერთხელ გამიმწვავდა. სტაციონარში გადამიყვანეს, მაგრამ მალევე დავტოვე კლინიკა. სტაციონარი რომ დავინახე, კიდევ უფრო დავითრგუნე და გავღიზიანდი.
მობილური ჯგუფით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყურადღებასა და პატივისცემას იჩენენ.
ასეთი ადამიანებისთვის სითბო, სიყვარული და ყურადღებაა მნიშვნელოვანი. ეს მეტ სტიმულს გაძლევს, ვიდრე კონკრეტული წამალი“, – ამბობს მაკა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„თავიდან არ ესმოდათ და ახლაც რომ გითხრათ, რომ ბოლომდე აცნობიერებენ-მეთქი, მოგატყუებ.
ოჯახის წევრებს ჰგონიათ, რომ აღარ უნდა ვინერვიულო და ამით ამოიწურება პრობლემა. ჩემი მდგომარეობა კი ასე მარტივად არ გამოიყურება.
როცა ცუდად ვარ, სასოწარკვეთლება მეუფლება და ვგრძნობ, რომ ცხოვრება დამთავრდა, ყველაფერი დასრულდა, უსასრულობისკენ მივდივარ და ვეღარ ვბრუნდები უკან. ასეთი შეგრძნებები მეუფლება“, – ამბობს მაკა.
მაკა ამბობს, რომ მისი მდგომარეობის სიმძიმე სოციალურ ფონთანაა დაკავშირებული. ამიტომ არაერთხელ სცადა მუშაობის დაწყება, თუმცა მისი საჭიროებების შესაბამისი გარემო არსად დახვდა. სოციალური შემწეობითა და ოჯახის პენსიონერი წევრების პენსიით თავის გატანა უჭირს და დასასაქმებლად საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს.
„დავიწყებდი მუშაობას, თუ დარწმუნებული ვიქნებოდი გარემოცვაში და თუ დაცულად ვიგრძნობდი თავს, რადგან ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მუშაობა უფრო ეხმარება. სამუშაო სიტუაციაში გავიწყდება გარკვეული საკითხები და ეს პრობლემის გადალახვაში გეხმარება“, – ჰყვება მაკა.
საუბრის ბოლოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ექიმთან მისვლის შიშზე ვისაუბრეთ. მისი თქმით, სპეციალისტთან მისვლის არავის უნდა შეეშინდეს და მკურნალობით საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც უფრო მისაღები ხდები.
თებერვალში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებზე ახალი კვლევა გამოქვეყნდა.
მოძველებული ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვისთვის ხელმშემწყობი აქტივობების სიმწირე, ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სომატური დაავადებების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, რეფერალი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში ყოველდღიურად აწყდებიან.
კვლევისას გამოიკვეთა, სტაციონარულ დაწესებულებაში იმ პაციენტების რაოდენობაა, რომლებსაც აღარ ესჭიროებათ სტაციონარული სერვისი, მაგრამ ჭერის არქონის გამო უწევთ იქ ხანგრძლივი დაყოვნება და სტაციონარი მათთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. კვლევის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა 40% არ საჭიროებს სტაციონარულ მომსახურება.
თებერვალში, სახალხო დამცველის აპარტმა განცხადება გამოაქვეყნა. ომბუდსმენმა „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს.
„პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ.
სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები“,- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.