პაციენტთა უმეტესობას არავინ აკითხავს - კვლევა საქართველოში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე

ლიკა ზაკაშვილი

ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ მიერ ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შესაფასებლად ჩატარდა კვლევა.

კვლევის მიზანი იყო, გაერკვია ქვეყნის მასშტაბით  ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და მომსახურების ხარისხი.

მკვლევრები ქვეყნის მასშტაბით 11 სტაციონარულ დაწესებულებაში იმყოფებონდნენ და სულ 251 გამოკითხვა ჩაატარეს.

მოძველებული ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვისთვის ხელმშემწყობი აქტივობების სიმწირე, ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სომატური დაავადებების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, რეფერალი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში ყოველდღიურად აწყდებიან.

კვლევის შედეგების მიხედვით, დღის აქტივობები მწირია ყველა დაწესებულებაში და პაციენტები დროს ძირითადად ტელევიზორის ყურებაში ატარებენ.

პრობლემაა მობილობაშეზღუდული პაციენტების გადაადგილება და ტუალეტით სარგებლობა, მათ შორის გარემონტებულ დაწესებულებებში.

დაწესებულებების უმეტესობაში ჭურჭელი მეტალისაა, არ იყენებენ ჩანგლებს, მაგიდებზე არ არის ხელსახოცი.

დაწესებულებები, სადაც გრძელვადიანი პაციენტები მკურნალობენ, პრობლემაა ტანსაცმლით მომარაგება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ტანსაცმლის შეძენა, პაციენტთა უმეტესობას არავინ აკითხავს, პაციენტებს არ აქვთ ადეკვატური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საშინაო ფეხსაცმელი, თეთრეული და ღამის ტანსაცმელი.

„პაციენტები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან არიან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა ნორმალური ტანსაცმელი ჰქონდეთ. ეს სტაციონარი ასრულებს სამკურნალო დაწესებულების ფუნქციასაც და ამავე დროს აქ ადამიანები ხანგრძლივად ცხოვრობენ. უცვთებათ ტანსაცმელი, სჭირდებათ ახალი. პროგრამა არ ითვალისწინებს ტანსაცმლით უზრუნველყოფას, ვინაიდან ეს არის სამკურნალო და არა სოციალური დაწესებულება“, – განუცხადა „პუბლიკას“ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ნანა ზავრდაშვილმა.

მისი თქმით, ტანსაცმლით უზრუნველყოფის პრობლემა ყველა იმ დაწესებულებაში დგას, სადაც პაციენტები ბინის არქონის ან ოჯახისგან უარყოფის გამო დაწესებულებაში დიდი ხნით რჩებიან.

„ტანსაცმლის პრობლემა დგას ყველგან, სადაც ადამიანები ხანგრძლივად არიან. უცვთებათ ტანსაცმელი, აცვიათ ძველი, დახეული. ეს ძალიან მძიმე სანახავია. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო პროგრამით, ვინაიდან სტაციონარულ მომსახურებაზე მყოფი პაციენტები წლობით და თვეობით წვანან დაწესებულებებში, შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, შეიძინონ სამოსი პაციენტებისთვის. დღეს ამ პროგრამით ამას ვერ ახერხებენ, რადგან ეს პროგრამა მხოლოდ მედიკამენტებითა და კვებით უზრუნველყოფას გულისხმობს“,  – ამბობს ნანა ზავრადაშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კვლევისას გამოიკვეთა, სტაციონარულ დაწესებულებაში იმ პაციენტების რაოდენობაა, რომლებსაც აღარ ესჭიროებათ სტაციონარული სერვისი, მაგრამ ჭერის არქონის გამო უწევთ იქ ხანგრძლივი დაყოვნება და სტაციონარი მათთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს.

„ეს  ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც სისტემა დღეს დგას. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა 40% არ საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.

საჭიროებენ სოციალური ტიპის დაწესებულების მომსახურებას, ან სახლში ყოფნას ადეკვატური მხარდამჭერი გარემოს შემთხვევაში.

ასეთ პაციენტებს ან სახლი არ აქვთ, ან ოჯახში არ აქვთ მხარდამჭერი გარემო, ამიტომ თავს აფარებენ ამ სტაციონარებს. რაც პრინციპულად არასწორია. საწოლების 40% დაკავებული აქვს პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ასეთ მომსახურებას. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ამ მომსახურებას საჭიროებენ, საწოლების არქონის გამო დაწესებულებამ შეიძლება უარი უთხრას“, – ამბობს ნანა ზავრადაშვილი.

მისივე თქმით, ეს პრობლემა არ უდგათ ზოგადი პროფილის დაწესებულებების ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებებს, სადაც პაციენტების საშუალო დაყოვნება 2 კვირას არ აღემატება. საქართველოში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში სულ ოთხი მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებაა.

ნანა ზავრადაშვილის თქმით, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების ბენეფიციარებს არც სომატური დაავადებების მართვის კუთხით აქვთ პრობლემები, რადგან განყოფილებასთან ახლოს არის სხვა სპეციალობის ექიმები და მათ ძირითადად სომატური ჩივილების შემთხვევაში ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

თუმცა მდგომაროება განსხვავებულია იმ დაწესებულებებში, რომლებიც მონოპროფილურია. აქ პრობლემაა ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის სომატური ჩივილების მართვა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება.

„მონოპროფილური დაწესებულებები ზოგადსამედიცინო სისტემას მოწყვეტილია და იქ პრობლემაა სომატური მომსახურება. ფსიქიატრიული ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს სომატურ მომსახურებას, ეს უნდა დაფაროს ან საყოველთაო ჯანდაცვამ, ან კერძო დაზღვევამ, ან ჯიბიდან უნდა გადაიხადონ. სტომატოლოგიური მომსახურება რომ დასჭირდეთ, შეიძლება საჭირო გახდეს თავმდგომი, ტრასპორტირება და ეს განპირობებულია იმით, რომ  საავადმყოფო შესაძლოა მოწყვეტილი იყოს და ვერ უზრუნველყოფდნენ გადაყვანას. განსაკუთრებული პრობლემაა გეგმური ამბულატორიული მომსახურება“, – ამბობს ნანა ზავრდაშვილი.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც კვლევაშია აღნიშნული, პაციენტების ნარკოლოგიურ დაწესებულებაში რეფერალის პრობლემაა.

კვლევის ავტორთა თქმით, ხშირად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფონზე ფსიქიკური დარღვევებით პაციენტები ფსიქიატრიულის მიმღებში მიჰყავთ და როცა ასეთ პაციენტს ნარკოლოგიურ სტაციონარში ამისამართებენ, ხშირად არ აწვენენ, რადგან ნარკოლოგიაში არანებაყოფლობით მკურნალობა არ არის.

ფსიქიატრიაში კი, თუ ფსიქიატრიული სტაციონარის მიმღებში მოყვანილ პაციენტს  აღენიშნება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, მდგომარეობა გადაუდებლად მიიჩნევა და ის აკმაყოფილებს არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმებს.

შესაბამისად კვლევის ავტორები სვამენ კითხვას: რატომ არ არის მაღალი სოციალური რისკის ნარკოტიკული ფსიქოზი ან დელირიუმი არანებაყოფლობითი მკურნალობის საფუძველი?

„თუ ფსიქოზური პაციენტის მკურნალობა შესაძლებელია მისი ნების გარეშე, როცა საკუთარ თავს ან სხვას საფრთხეს უქმნის, რატომ არ შეიძლება ამავე პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობა ნარკოლოგიურში?

ეს საკითხი რომ დარეგულირებულიყო, პაციენტს მიიღებდა ის განყოფილება, რომელშიც ის საჭიროებდა მკურნალობას. თუ ფსიქოზი ნარკოტიკით არის გამოწვეული, მას სჭირდება შესაბამისი მართვა და ნარკოლოგი, რომელიც პირველივე დღიდან უნდა მოემსახუროს“, – ამბობს ნანა ზავრადაშვილი და ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის იზოლირებულად განვითარებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ნარკოლოგია და ფსიქიატრია ერთმანეთს დაშორებულია, რაც კორდინაციას ართულებს და ეს განსაკუთრებული პრობლემაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ნარკოტიკების ავადმოხმარება და ფსიქიატრიული პრობლემები ერთად აწუხებთ.

„ასეთ სიტუაციაში სასწრაფოც იბნევა: არ იცის, სად წაიყვანოს პაციენტი, შეიძლება ფსიქიატრიულმა არ მიიღოს, უთხრას, რომ ნარკოლოგიური ფსიქოზიაო; იქ შეიძლება ნარკოლოგიურმა არ მიიღოს და ეს საბოლოოდ ჯამში პაციენტზე ცუდად აისახოს, რადგან უჭირს გარკვევა, რა სჭირს და რა სჭირდება. ეს პრობლემა გადასაჭრელია, სპეციალისტები უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს სიტუაცია პაციენტზე ცუდად არ აისახოს“, – ამბობს ნანა ზავრდაშვილი.

რეკომენდაციები

რეკომენდაციების ნაწილში საუბარია სტაციონარული მომსახურების სტანდარტის შემუშავების საჭიროებაზეც, ასევე მცირე ზომისა და ზოგადი პროფილის კლინიკებში ინტეგრირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებაზე და ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის ინტეგრაციაზე.

რეკომენდაციებაში ასევე საუბარია პაციენტებითვის საოჯახო და რეზიდენტული ტიპის დაწესებულებების განვითარების საჭიროებაზე. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაზე.